ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ზეგანაკვეთური შრომა საქართველოში: შრომის კულტურა, მომხვეჭელობა თუ უმუშევრობის შიში?

  

ზეგანაკვეთური შრომა… 

2014 წელს საქართველოში დასაქმებულთა 22% აცხადებდა, რომ უწევდა ზეგანაკვეთური შრომა, ანუ მუშაობდა კვირაში 40 საათზე მეტს. ერთი შეხედვით, ეს მაინცდამაინც შემაშფოთებლად არ ჟღერს, მაგრამ, როგორც ყველა საშუალო მაჩვენებელი, ესეც მალავს ზეგანაკვეთური შრომის გეოგრაფიულ ვარიაციას. ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს ისეთ ადგილებში, სადაც თითქმის არ არსებობს სამსახურები, მაგალითად კახეთსა და რაჭაში. სამაგიეროდ, დასაქმებულთა ნახევარზე მეტს უწევს ზეგანაკვეთური შრომა დინამიურად განვითარებად თბილისში და 44%-ს დედაქალაქის მოსაზღვრე ქვემო ქართლში.

დღეში 8 საათზე მეტხანს მომუშავე ამდენი ადამიანის პირობებში, ზეგანაკვეთური შრომა უკვე ნორმად იქცა და ზოგიერთ პოზიციაზე სავალდებულოდაც კი მიიჩნევა. მაგალითად, საკმაოდ ბევრ სამთავრობო ორგანიზაციაში შეხვედრები და კონსულტაციები რეგულარულად ტარდება სამუშაო საათების შემდეგ და ხშირად შუაღამემდეც კი გრძელდება. ამ ორგანიზაციებში სამუშაოს დასაწყებად კანდიდატებს უკვე უწევთ, „მოქნილობა“ გამოიჩინონ ზეგანაკვეთური შრომის ასპექტში.

ქართველებმა, რომლებსაც ზარმაცი ერის რეპუტაცია აქვთ, შეიძლება დაიმსახურეს კიდეც ზეგანაკვეთური შრომა. ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ დომინანტი ქართველი მამაკაცებისათვის დღეში 12-15 საათიანი შრომა მათთვის პროტესტანტული ეთიკის სწავლების კარგი მეთოდია, მაგრამ ეს მხოლოდ რაღაც მომენტამდე გაამართლებდა.  გარდა იმისა, რომ ზეგანაკვეთური შრომა არ გახლავთ სამართლიანი, ხანგრძლივი მუშაობა აქვეითებს შრომისუნარიანობასაც. ამასთან, არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამუშაოსთან დაკავშირებული მუდმივი სტრესის გამო, ზეგანაკვეთურად მომუშავეთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაც უარესდება.

მაშინ რატომ ვმუშაობთ ზეგანაკვეთურად?


შრომის კულტურა, მომხვეჭელობა თუ უმუშევრობის შიში?

დასაშვებია, რომ ზოგიერთი ჩვენგანი ვორკაჰოლიკია, ანუ სამსახურში გატარებული ყოველი დამატებითი საათით მხოლოდ სიამოვნებას იღებს. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ თბილისელ დასაქმებულთა ნახევარს მონური შრომა სიამოვნებდეს.

იქნებ, ეს ხალხი ზეგანაკვეთური შრომით დამატებითი შემოსავლის მიღებას ცდილობს?! მაგალითად, 2014 წელს საქართველოში ზეგანაკვეთური მშრომელები 246 ლარით მეტ ხელფასს იღებდნენ თვეში, რეგულარულ სრულ განაკვეთზე მომუშავეებთან შედარებით. საერთო ჯამში ამ სხვაობას იმიტომ ვხედავთ, რომ ზეგანაკვეთურ მუშაკთა უმრავლესობა თბილისსა და მის შემოგარენში ცხოვრობს, სადაც ხელფასები (და ცხოვრების ხარჯებიც) გაცილებით მაღალია დანარჩენ საქართველოსთან შედარებით. ისევ განსხვავებული სურათი იხატება, როცა რეგიონულ დონეზე ვცდილობთ მდგომარეობის შეფასებას. თუკი რეგიონშივე დავაკვირდებით, განსხვავებები ზეგანაკვეთურ და განაკვეთურ მომუშავეთა ანაზღაურებებს შორის უმნიშვნელოა. მაგალითად, თბილისში ეს განსხვავება სტატისტიკურად უმნიშვნელოა, ქვემო ქართლში კი მხოლოდ 59 ლარს შეადგენს თვეში. აქედან ცხადი ხდება, რომ ზეგანაკვეთურ მშრომელთა უდიდესი ნაწილის შრომა სათანადოდ არ ფასდება.  

თუკი ქართველების უმეტესობა არც ვორკაჰოლიკია და არც ზეგანაკვეთური შრომა ფასდება მაინცდამაინც, ამ ფენომენის მთავარ ახსნად რჩება ის, რომ მეტისმეტი მუშაობა უბრალოდ სამსახურის შენარჩუნების სტრატეგიაა. სავარაუდოა, რომ ზომაზე მეტი შრომით დასაქმებულები დამსაქმებლებზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობენ და აჩვენებენ მათ, თუ როგორი ბეჯითები და თავდადებულები არიან. ეს ერთგვარი სიგნალია, რომელიც დამსაქმებელს არწმუნებს, რომ მარტივი არ იქნება ამ კადრის უმუშევართა არმიიდან აყვანილი ნებისმიერი კადრით ჩანაცვლება. 

აღნიშნულ ჰიპოთეზას მხარს უჭერს რეგიონულ უმუშევრობასა და ზეგანაკვეთურ შრომას შორის ურთიერთდამოკიდებულებაც (იხ. გრაფიკი). ზეგანაკვეთური შრომის ხდომილება (რომელსაც მთლიან დასაქმებულთა შორის წილით ვზომავთ) დადებითად უკავშირდება რეგიონში უმუშევრობის დონეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია უმუშევრობა, მით უფრო მეტი დასაქმებული მუშაობს ზეგანაკვეთურად. ერთადერთი გამონაკლისი ამ ტენდენციიდან არის ქვემო ქართლი, რომელიც რიგით მეორეა თბილისის შემდეგ ზეგანაკვეთური შრომის თვალსაზრისით (43%) და არცთუ მაღალი უმუშევრობით ხასიათდება. თუმცა ეს გამორჩეულობა მხოლოდ ამყარებს ჩვენს ჰიპოთეზას. ქვემო ქართლელი ზეგანაკვეთურად დასაქმებულების დიდი ნაწილი (მაგალითად, რუსთავიდან), ფაქტობრივად, ყოველდღიურად მგზავრობს თბილისში და, შესაბამისად, იმავე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უწევს მოქმედება, როგორც თბილისელ მომუშავეებს. 

ის, რომ არასასურველ უმუშევრობას დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდა შეუძლია, ახალი ამბავი არაა ეკონომიკაში. მაგალითად, კარლ შაპიროსა და ჯო შტიგლიცის (Equilibrium Unemployment as a Worker Discipline Device) აზრით, უმუშევრობა შეიძლება იყოს ფირმების მენეჯერთა შეუთანხმებელი გადაწყვეტილების შედეგი, გაზარდონ ხელფასები კონკურენტულ მაჩვენებელზე მაღლა. იკითხავთ, რატომ? მაღალი ხელფასები დასაქმებულებს სამუშაოსთვის თავის არიდების სტიმულს უკარგავს არა სინდისის ქენჯნის გამო, არამედ იმიტომ, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახურის დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეულია. თუ ყველა ფირმა ასე მოიქცევა, დასაქმებულები უფრო მაგრად (და ხანგრძლივად) იმუშევებენ, ახალ წონასწორობაში კი მაღალ (არასასურველ) უმუშევრობას მივიღებთ. შედეგად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა მომუშავე თანაბარ ხელფასს მიიღებს, უმუშევრობა ითამაშებს დასაქმებულთა დისციპლინის წარმმართველი მექანიზმის როლს.


მაინც რამდენი უნდა ვიმუშაოთ?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, 40-საათიანი სამუშაო კვირა ნორმად ითვლება ქვეყნების 41%-ში. ჩვენ და ჩვენი უფროსები მიჩვეულნი ვართ 8-საათიან სამუშაო დღეს და ეჭვიც კი არ შეგვაქვს მის მართებულობაში. რა არის ასეთი „მაგიური“ ამ რიცხვში? 

ფაქტია, რომ შვედეთის ბოლოდროინდელი გადასვლა 6-საათიან სამუშაო დღეზე ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენი საათი მუშაობაა ოპტიმალური დასაქმებულთა მოტივაციისა და შრომისუნარიანობისათვის. რა თქმა უნდა, მოკლე სამუშაო დღე ადამიანებს საკუთარ ოჯახებთან მეტი დროის გატარების, პირადი და სოციალური ცხოვრების გამრავალფეროვნების საშუალებას აძლევს. შედეგად, ისინი უფრო კმაყოფილები და ბედნიერები არიან ცხოვრებით. თუმცა, როგორც იმ შვედი დამსაქმებლების გამოცდილება აჩვენებს, რომლებმაც მთავრობის დადგენილებამდე 10 წლით ადრე დანერგეს მოკლე სამუშაო დღის პრაქტიკა, ამან შეიძლება მოიტანოს კადრების უფრო დაბალი დენადობაც, მაღალი შრომისუნარიანობაც და მაღალი მოგებაც კი. 

40-საათიანი სამუშაო კვირა ნამდვილად დიდი მიღწევა იყო XX საუკუნეში. პირველი ბიზნესი, რომელმაც აღნიშნული პრაქტიკა დანერგა, „Ford Motors” იყო. 1914 წელს ჰენრი ფორდმა განაცვიფრა მსოფლიო არამხოლოდ სამუშაო დღის 8 საათამდე შემოკლებით, არამედ თანამშრომელთა ხელფასების გაორმაგებითაც. ბევრისთვის გასაოცრად, კომპანიის მოგება ორ წელიწადში გაორმაგდა, რამაც სხვა ბიზნესებსაც მისცა სტიმული, თავადაც დაენერგათ წარმატებული პრაქტიკა 

8-საათიანი სამუშაო დღე ზედგამოჭრილი აღმოჩნდა XX საუკუნისათვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის შენარჩუნებული უნდა იყოს XXI საუკუნეშიც: 24/7 მომუშავე რობოტების, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და კომპიუტერების ეპოქაში. გაუგებარია, რატომ უნდა შევინარჩუნოთ 8-საათიანი სამუშაო დღე საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავტომატიზაციის, სწრაფად განვითარებადი სამუშაო გარემოსა და ადამიანური კულტურის პირობებში. 

*     *      *

ჯონ მეინარდ კეინსი, თავის წიგნში „ეკონომიკური შესაძლებლობები ჩვენი შვილიშვილებისათვის“ წინასწარმეტყველებდა, რომ მატერიალური კეთილდღეობის ეპოქაში, რომლისკენაც მივისწრაფით, ადამიანები ძირითადად დაკავებულნი იქნებიან საკუთარი ცხოვრების აზრის ძიებით. როგორც ის წერდა ჯერ კიდევ 1930 წელს, „დღეში 3-საათიანი მუშაობა სავსებით საკმარისი იქნება თითოეულ ჩვენგანში ძველი ადამის დასაკმაყოფილებლად!“ 

დღევანდელ საქართველოზე ძნელი სათქმელია, რომ მატერიალური კეთილდღეობის ეპოქას უკვე მივაღწიეთ, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა, ზოგჯერ საკუთარი თავისთვის გვეკითხა: ვცხოვრობთ შრომისთვის თუ ვშრომობთ უკეთესი ცხოვრებისთვის?!

Rate this blog entry:
0 Comments

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners