მთელი მსოფლიო ინტენსიურად არის გადართული ტექნოლოგიურ ინოვაციისადმი სწრაფვაზე. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. ადგილობრივი უნივერსიტეტები ცდილობენ, შექმნან ფაბ-ლაბები (ფაბრიკაციის ლაბორატორიები – მცირე ზომის სახელოსნოები, სადაც ადამიანს ციფრული ფაბრიკაციის საშუალება ეძლევა), მთავრობამ კი დააარსა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რათა ხელი შეუწყოს სტარტაპების და ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას. გარდა ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობით (60-ზე მეტი) ყოფილი საბჭოთა სამეცნიერო ინსტიტუტი არსებობს, რომლებიც დამოუკიდებლად ან სხვადასხვა საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტების ბაზაზე ფუნქციონირებენ. მიუხედავად სამეცნიერო ინსტიტუტების ასეთი დიდი რაოდენობისა, საქართველოს, როგორც წესი, საკმაოდ დაბალი ადგილი უჭირავს რეიტინგებში სამეცნიერო პუბლიკაციებისა და ერთ სტატიაზე ციტირებების (რაც, h-ინდექსით იზომება) რაოდენობის მიხედვით. საქართველო, უმეტესად, რეიტინგის შუაშია და ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობას. გარდა ამისა, ჯერჯერობით ინოვაციურ სექტორში ჩადებული ინვესტიციები არ გადაქცეულა წარმატების ისტორიებად, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში და რომლებიც ახალი თაობის დიდ ნაწილს იზიდავს. საბუნებისმეტყველო მეცნირებებში ან ინჟინერიაში ბაკალავრის ხარისხს მხოლოდ 27% იღებს, მაგისტრისას კი – მხოლოდ 20%.
მიუხედავად ამ მძიმე ფონისა, არსებობს მაგალითები, რომლებიც სწორი მიმართულებით მოძრაობენ. ერთი ასეთი მაგალითი გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტია. ინსტიტუტმა შეძლო გადარჩენოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ტრავმულ გარდამავალ პერიოდს და შეენარჩუნებინა სამეცნიერო პროფილი მსოფლიოში. გასული ხუთი წლის განმავლობაში ორ ათეულზე მეტი პუბლიკაციით საერთაშორისო ჟურნალებში ინსტიტუტი თავისი კვლევითი მიმართულებით მსოფლიოში დღესაც ავტორიტეტული კვლევითი ცენტრია. ელიავას ინსტიტუტის მაგალითი კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ნელ-ნელა ახერხებს თავისი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას და ამით წვლილი შეაქვს საკუთარი ბიზნესმოდელის მდგრად განვითარებაში.
უკვე 90 წელზე მეტია, რაც ინსტიტუტის კვლევის მთავარი მიმართულებაა ბაქტერიოფაგების შერჩევა და განვითარება. ეს ერთადერთი ინსტიტუტია მსოფლიოში ასეთი გამოცდილებით. ბაქტერიოფაგები არის ვირუსები, რომლებიც კონკრეტულ ბაქტერიას ესხმიან თავს, ისე, რომ არ აზიანებენ ადამიანს (ცხოველს ან მცენარეს). ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ბაქტერიებს გაცილებით უჭირთ ბაქტერიოფაგების მიმართ რეზისტენტულობის გამომუშავება. ჩვენ გარშემო უამრავი ფაგია, სწორედ ამიტომ, ბაქტერიამ რეზისტენტულობა კიდეც რომ გამოიმუშაოს, მკვლევრები მის წინააღმდეგ მარტივად გამოიყენებენ იმ ფაგს, რომლის მიმართაც ბაქტერიას იმუნიტეტი არ აქვს. თანამედროვე სამყაროსთვის სულ უფრო პრობლემური ხდება ანტიბიოტიკების რეზისტენტულობა. ინსტიტუტმა ამ ფონზე, როგორც ჩანს, ძალიან კარგ ნიშას მიაგნო.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
ინსტიტუტის ისტორია დაგვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ მათი წარმატების მიზეზებს. ინსტიტუტი დააარსა ბაქტერიოფაგიის კვლევის ორმა პიონერმა: ქართველმა გიორგი ელიავამ და ფრანგ-კანადელმა ფელიქს დერელმა. ამ ორმა მეცნიერმა საქართველოში შექმნა ფაგის კვლევისა და ფაგის თერაპიის მსოფლიო ცენტრი. სამწუხაროდ, ინსტიტუტის აშენების შემდეგ მისი ქართველი დამფუძნებელი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა და ის სიკვდილით დასაჯეს 1937 წელს. მისი სიკვდილის შემდეგ პროფესორი ფელიქს დერელი აღარ დაბრუნებულა საქართველოში. მიუხედავად ასეთი ტრაგიკული მოვლენებისა, ბაქტერიოფაგული კვლევა გაგრძელდა და გახდა ანტიბიოტიკების ეფექტური ალტერნატივა იმ დროს, როდესაც რკინის ფარდის მიღმა მწირი რაოდენობით შემოდიოდა ანტიობიოტიკები. ამ დროს ინსტიტუტი ექვემდებარებოდა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას და ძალიან კარგ დაფინანსებასაც იღებდა. 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში, ინტიტუტის დაფინანსება მკვეთრად შემცირდა, რამაც საფრთხე შეუქმნა მის ფიზიკურ გადარჩენას. მიუხედავად უდიდესი სირთულეებისა, ელიავას ინსტიტუტის მეცნიერებმა მოახერხეს, შეენარჩუნებინათ ინსტიტუტის მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი და ნელ-ნელა დაიწყეს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ძიება, სხვადასხვა გრანტის მისაღებად განაცხადების შეტანა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობებისა და პარტნიორობების დამყარება. გარდა სამეცნიერო თანამშრომლობისა, მკვლევრებმა გააფართოვეს ინსტიტუტის პორტფელი და შემოსავლის წყაროები. დაიწყეს დიაგნოსტიკური მომსახურების გაწევა, ბაქტერიოფაგების გასაყიდად წარმოება და პაციენტების მკურნალობა, რითაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შექმნეს პირველი წარმატებული მაგალითი მეცნიერების კომერციალიზაციისა. 2000-იანი წლების დასაწყისიდან თბილისში მთელი მსოფლიოდან დაიწყო ხალხმა ჩამოსვლა, რათა ემკურნალათ ანტიობიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციებისთვის. ეს ყველაფერი დაეხმარა ინსტიტუტის მეცნიერებს, გაეგოთ მათ კვლევასთან დაკავშირებულ რომელ ძირითად სერვისებს ჰქონდა განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი.
„ელიავას ინსტიტუტის მოდელის“ განვითარება
იმისათვის, რომ უზრუნველეყო საქმიანობის სიცოცხლისუნარიანობა და მომსახურების გაწევა, ინსტიტუტმა დაიწყო მეცნიერების კომერციალიზაციის მოდელის დანერგვა და გამოიყენა ვისკონსინის უნივერსიტეტის მაგალითი (ვისკონსინის ტექნოლოგიური ინოვაციების ინიციატივა). ეს მოდელი გულისხმობს მომგებიანი ორგანიზაციების კონსორციუმის შექმნას, რომელიც საქმიანობს არამომგებიანი ფონდის ქოლგის (ამ შემთხვევაში, ელიავას ფონდის) ქვეშ. ფონდი, თავის მხრივ, დაარსებულია ინსტიტუტისა და მისი მეცნიერების მიერ. დღეს ელიავას კონსორციუმი შედგება შემდეგი ერთეულებისგან: (i) „ელიავა ბიოპრეპარეიშენს” – აწარმოებს ბაქტერიოფაგებს, (ii) „ელიავა მედია პროდაქშენს“ – აწარმოებს ბიოლოგიურ ნიადაგებს, (iii) ელიავას ანალიტიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი – უწევს დიაგნოსტიკურ მომსახურებას პაციენტებს, (iv) ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – უწევს პაციენტებს მკურნალობას კონკრეტული ბაქტრეიოფაგებით, და (v) ელიავას ინსტიტუტის ავტორიზებული აფთიაქი – ყიდის ინსტიტუტის მიერ შექმნის და “ბიოპრეპარეიშენსის” მიერ ნაწარმოებ პრეპარატებს.
მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტი წარმატებით გაუმკლავდა გარდამავალი პერიოდის სიძნელეებს და საქმიანობის ფუნქციონალური მოდელი შეიმუშავა, მის წინაშე მდგარი გამოწვევები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დღეს ინსტიტუტი შემოსავალს იღებს ადგილობრივი და საერთაშორისო პაციენტების მკურნალობიდან და წამლების ადგილობრივად დამზადებისგან, თუმცა ამ ტიპის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შედარებით შეზღუდულია და არ იძლევა მასშტაბის მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობას. ეს კი საჭიროა გრძევადიანი სიცოცხლისუნარიანობისთვის. სწორედ ამიტომ ელიავას ინსტიტუტის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს საკუთარი საერთაშორისო ბრენდის გამოყენება და პროდუქტებისა და მომსახურების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა. გლობალურ ბაზარზე ბაქტერიოფაგების გატანა იოლი საქმე როდია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე მას კონკურენციას უწევს ანტიბიოტიკების ინდუსტრია. ელიავას ინსტიტუტი უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ცდილობს, შეერთებული შტატების და ევროკავშირის ბიუროკრატიული პროცედურები გაიაროს, რათა მათგან მიიღოს უფლება ფაგოთერაპიით მკურნალობის პრაქტიკაზე.
ერთ-ერთი ხელშემწყობი რამ იქნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ მათთვის დახმარება, დაეძლიათ გლობალურ ბაზრებზე ბაქტერიოფაგების კომერციალიზაციის წინაშე არსებული სირთულეები. მეორე ინიციატივა, რაც დაეხმარებოდა ინსტიტუტს, არის ბაქტერიოფაგების სხვადასხვა დარგში (ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ვეტერინარია და სხვ.) გამოყენების პოპულარიზაცია საქართველოში.
მიღებული გაკვეთილები
ელიავას ინსტიტუტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მნიშვნელოვანია ინოვაციურ სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და მომსახურებების კომერციალიზაციისთვის იმედისმომცემი ნიშების მიგნება სამეცნიერო კვლევითი ინიციატივების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. პროდუქტებისა და მომსახურების მომგებიან ნიშურ ბაზრებზე გაყიდვა ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევას და უზრუნველყოფს სამეცნიერო ინსტიტუტის გადარჩენას გრძევადიან პერიოდში, მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს განსაკუთრებული სახელმწიფო ან კერძო მხარდაჭერა. ეს გაცილებით სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიაა იმ სიტუაციებში, სადაც მწირია კერძო და საზოგადოებრივი დაფინანსება. ეს უკეთესია, ვიდრე საჯარო სახსრების ისეთ მიმართულებებში დახარჯვა, რომლებსაც არ გააჩნიათ რაიმე სახის შედარებითი უპირატესობა. მეორე საინტერესო გაკვეთილი ელიავას ინსტიტუტის მაგალითად არის ის, რომ დაარსდა არამომგებიანი ქოლგა ორგანიზაცია, რათა გააკონტროლოს იმავე მეცნიერების მომგებიანი საქმიანობა, რომლებიც სამეცნიერო ინსტიტუტში მუშაობენ (ამგვარად, ისინი ინარჩუნებენ კონტროლს ნოუჰაუზე და მათი კვლევისგან მიღებული მოგების ნაწილზე). შედეგად, მეცნიერებს მეტი მოტივაცია აქვთ, იმუშაონ მთელი ორგანიზაციის საკეთილდღეოდ. ბოლო გაკვეთილი კი ის არის, რომ, როდესაც ელიავა ინსტიტუტის მსგავსი ორგანიზაცია წარმატებული აღმოჩნდება, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს მას პროდუქტებისა და სერვისების კომერციალიზაციაში. მრავალ „ინოვაციურ იდეას“ შორის გამარჯვებულის გამოვლენას (რაც მთავრობას ყოველთვის არ შეუძლია) სჯობს, დავეხმაროთ „დამწყებ გამარჯვებულებს“, ეროვნულ საზღვრებს გაცდნენ და საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში მეცნიერების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს მის ეკონომიკურ განვითარებას.
Comments