შარშან პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ თანაინვესტირების ფონდის დაარსებას გეგმავდა, და აი ერთი წლის შემდეგ ფინანსურად ძლიერი ინვესტორების ჯგუფმა დაარსეს კიდეც 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდი. მასში დაახლოებით 15% ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა, დანარჩენი 85% კი ეკუთვნის: "დაბი" ჯგუფს, რაკიას, (ორივე არაბთა გაერთაინებული საემიროებიდან) ჩინურ მაილსთოუნ ჰოლდინგს, ალექსანდრე მაშკევიჩს ყაზახეთიდან, ბადრი პატარაკაციშვილის ოჯახს, ბათუმის ინდუსტრიულ ჰოლდინგს, (ყაზტრანსოილის შვილობილი კომპანია) თურქულ ჩალიკ ჰოლდინგს, და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდს. ფონდი დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში და მიზნად ისახავს კაპიტალის უპირატესად საქართველოში დასაბანდებლად მოზიდვას.
რატომ აყალიბებენ საინვესტიციო ფონდებს?
საინვესტიციო ფონდის წევრობას ინდივიდუალურ ინვესტირებასთან შედარებით გარკვეული უპირატესობები აქვს. დიდი პროექტების ხარჯების და რისკების რამოდენიმე ინვესტორზე განანაწილება ერთი-ერთი ამ უპირატესობათაგანია. ამ გზით, შესაძლებელია ისეთი მომგებიანი პროექტების განხორციელება, რომლებიც ცალკე, ერთი ინვესტორისთვის, ზედმეტად დიდია (ზედმეტად დიდ კაპიტალს მოითხოვს). ამას გარდა თუ შევადარებთ საინვესტიციო ფონდის საშუალებით მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობით მიღებულ შემოსავალს და შემოსავალს პროექტებიდან რომლის განახორციელებაც ერთ ინვესტორს შეუძლია, მივიღებთ რომ პირველი უფრო პროგნოზირებადი იქნება.
ამასთანავე, ფონდში ფულის ჩადება იძლევა მასშტაბის ეკონომიურობას. ფონდის მართვის ძირითადი ხარჯები მეტ-ნაკლებად მუდმივია და არაა დამოკიდებული ფონდში დაგროვებული თანხის რაოდენობაზე. ფონდის მენეჯმენტი შეიძლება განაგებდეს 1 მილიარდს და შეიძლება განაგებდეს 10 მილიარდს, მაგრამ ამით მენეჯმენტის ღირებულება დიდად არ იცვლება. ასევე მომგებიანი პროექტების მოძიების და გაანალიზების ხარჯებიც არაა ფონდში არსებული თანხის პროპორციული. აქედან გამომდინარე, რაც მეტია ფული ფონდში, მით ნაკლები წილი იხარჯება მენეჯმენტზე.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაინტერესებულია ჩაერთოს ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ლოჯისტიკის სექტორებში. პროექტებში ფონდის თანამონაწილეობა განსაზღვრულია 25-დან 75 პროცენტამდე და ამასთან პროექტის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 5 მილიონ დოლარს.
ჩვეულებრივი საინვესტიციო ფონდებისგან განსხვავებით, თანაინვესტირების ფონდი პროექტების 100%-ს არ აფინანსებს. ეს ამცირებს ფონდის რისკებს ორი მიზეზით. პირველი, დანარჩენი ნაწილის დამფინანსებელი მხარეებიც დარწმუნებული უნდა იყვნენ პროექტის მომგებიანობაში, რაც ამცირებს ფონდის მენეჯმენტის მიერ პროექტის არასწორად შერჩევის რისკს. მეორე, პროექტის დანარჩენი ნაწილის დამფინანსებელი შეიძლება უკეთ იყოს გათვიცნობიერებული პროექტში. მაგალითად, განვიხილოთ კომპანია ზრდის დიდი პოტენციალით, მაგრამ გაფართოებისთვის აუცილებელი ინვესტირებისთვის არასკამარისი კაპიტალით. სავარაუდოდ ამ კომპანიამ ყველაზე უკეთ იცის თავის პოტენციალი, და თუ ის თანახმაა ჩაერთოს პროექტში მინიმუმ 25 პროცენტით, ეს იმის მანიშნებელია რომ მას მართლა სჯერა თავისი პოტენციალის და შესაბამისად მისი არსებობაც უფრო რეალურია.
ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული კრიტიკა
ფონდის პრეზენტაციის შემდეგ ჭარბად გამოთქმული მოსაზრებებიდან ზოგიერთი აშკარად მოკლებულია ეკონომიკურ საფუძველს.
ზოგი პოლიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ახალი ფონდი არ იყო საჭირო, რადგან არსებობდა ძველი მთავრობის მიერ 2012 წელს დაარსებული საპარტნიორო ფონდი. არგუმენტი უადგილოა, რადგან ამ ორ ფონდს, სიტყვა „ფონდის“ გარდა ბევრი არაფერი არა აქვთ საერთო.
საპარტნიორო ფონდი ფლობს: სს “ნავთობისა და გაზის კორპორაციის",“ელექტრო ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის", და სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" აქციათა 100 პროცენტს და “თელასის" დაახლოებით 25 პროცენტს. საპარტნიორო ფონდი მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაშია და მარტივად რომ ვთქვათ, ის საქართველოს მთავრობისთვის კომერციული აქტივობების განხორციელებების საშუალებაა.
პარლამენტში საინვესტიციო ფონდის შემქმნელებს პლაგიარიზმში დასდეს ბრალი. თითქოს ის ზუსტად იგივე იყო, რაც საპარტნიორი ფონდი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამის მტკიცება მართებული არ უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ფონდის ვებ-გვერდები ერთნაირად გამოიყურება, მათი მიზნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება. თანაინვესტირების ფონდი აბანდებს კერძო კაპიტალს იმ მიზნით, რომ მის კერძო მფლობელებს მოუტანოს მოგება, ხოლო საპარტნიორო ფონდი განაგებს სახელმწიფო კაპიტალს და ამდენად, უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესებს.
მედიაში სხვა ისეთი კითხვებიც გაჟღერდა რომლებიც საკითხის არასწორ აღქმაზე მიუთითებდა. მაგალითად, „რა საჭირო იყო ახალი ფონდი როცა უკვე არსებობდა საპარტნიორო ფონდი?“ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ორი ფონდი სავსებით განსხვავებულია ერთმანეთისგან და ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს. ასევე გაჩნდა კითხვა, „რატომ დარეგისტრირდა თანაინვესტირების ფონდი კაიმანის კუნძლებზე?“ ან „რატომ აქვთ ეს კონკრეტული მიზნები და არა სხვა?“ ამ კითხვებზე პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ფონდის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს ასე და ამ გადაწყვეტილებაში უკანონო არაფერი არაა. კერძო ბიზნეს საქმიანობა არაა აუცილებელი ამართლებდეს საზოგადოების მოლოდინებს ან ეთანხმებოდეს მის მოსაზრებებს, ერთადერთი რაც მას მოეთხოვება, კანონიერებაა.
იმედები და ეჭვები
ცხადია, რომ ახალ ფონდს შეუძლია ეკონომიკურად განავითაროს ის სექტორები, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ კაპიტალი. კერძოდ, განახორციელოს ისეთი პროექტები რომლებსაც ბანკები ზედმეტად სარისკოდ მიიჩნევენ. ეს ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს ბანკებს, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ მაღალი საპროცენტო განაკვეთებისთვის.
ის ფაქტი, რომ პრემიერ მინისტრი ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ის, რომ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსი აქტიურად იქნება ჩართული ქვეყნის კერძო ბიზნესში აჩენს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს. ესაა ყველაზე სერიოზული მიზეზი, რის გამოც შეიძლება ეჭვის თვალით შევხედოთ ფონდის დაარსებას. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გადაგომას აპირებს, ცხადია ის მაინც დარჩება გავლენიან ფიგურად ქართულ პოლიტიკაში. ეს კი მას მისცემს საინვესტიციო ფონდის პროექტების ლობირების საშუალებას.
თუმცაღა ეკონომიკა გვასწავლის, რომ ყველაფერს თავის ფასი აქვს და მათ შორის ახალ კაპიტალსაც.
Comments