ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

რა შეიძლება ვისწავლოთ ბოლო ათწლეულის ქართული რეფორმებისგან. ფიქრნი ცის პირას

ქართული რეფორმები იქცა საერთაშორისო ვაჭრობის საგნად. ყოფილი ქართველი რეფორმატორები, რომლებსაც სამშობლოში სათანადოდ არ აფასებენ და აღარ სჭირდებათ,  მაღალი ანაზღაურების ფასად, კონსულტაციებს უწევენ მონღოლეთს, ცენტრალურ აზიას, უკრაინას, მოლდავეთსა და კიდევ უფრო შორეულ განვითარებად ბაზრებს. დაინახა რა ბიზნეს-შესაძლებლობა, ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსანთა ერთმა ჯგუფმა, ქართული რეფორმების სულისჩამდგმელი კახა ბენდუქიძის თავკაცობით, ახლახანს დააარსა საკონსულტაციო სააგენტო „რეფორმატორები“ (Reformatics).

„რჩეულებმა“, როგორებიც არიან, მაგალითად, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო კვიტაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე, დაიწყეს მეორე პოლიტიკური ცხოვრება – არც მეტი, არც ნაკლები – უკრაინაში. სიას სათავეში უდგას მიხეილ სააკაშვილი (რომელიც, საქართველოში იძებნება), ამჟამად პრეზიდენტ პოროშენკოს არაფორმალური მრჩეველი და უკრაინის რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე.

საქართველოში ჩამოსული უკრაინული დელეგაციის მასპინძლობის წყალობით ISET-საც ხვდა წილად, წვლილი შეეტანა ამ საქმეში. ეს დელეგაცია საქართველოში ჩამოიყვანა თბილისში დაფუძნებულმა პატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ კავკასიურმა სახლმა, რომელსაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში უმდიდრესი გამოცდილება აქვს. ამ ოთხშაბათს კიევსა და თბილისს შორის ცაში დაახლოებით 8 საათი გავატარე,  რათა სიტყვით გამოვსულიყავი ფორუმზე „ეკონომიკური რეფორმები და რა ვისწავლეთ საქართველოს მაგალითზე“. უკანა გზაზე თბილისისკენ, სანამ ჩემი თვითმფრინავი  მიაპობდა ცას უკრაინისა და დიდი კავკასიონის თავზე, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. და მაინც, რეალურად რა შეიძლება ისწავლოს უკრაინამ საქართველოს გამოცდილებიდან.

უკრაინის აღფრთოვანებას საქართველოთი და ქართული რეფორმებით განაპირობებს ორი მიზეზი. ერთი ის, რომ საქართველო არის ცოცხალი დასტური იმისა, რომ ცვლილება შესაძლებელია, რომ ახალბედა ქვეყნებს შეუძლიათ პოსტ-საბჭოურ კრიმინალსა და კორუფციასთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევა და თანამედროვე, მოქნილი და ეფექტური ქვეყნის შექმნა. მეორე, ქართველებს პატივს სცემენ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარად დაცვისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

არგუმენტი ასეთია, თუ საქართველოს შეუძლია, უკრაინაც შეძლებს.


საქართველოს ეკონომიკური რეფორმების ამბავი ორ ჩარტად

ვინაიდან ეს ბლოგი ეკონომიკაზეა, მე, ძირითადად, შევეხები უკრაინის „საქართველომანიის“ რეფორმების მასშტაბებს.

10,000 მეტრი სიმაღლიდან საქართველოს რეფორმების ამბავი შეიძლება შეაჯამო ამ ორი ჩარტით. პირველი, მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი ჩარტი გვიჩვენებს, რომ 2003-2013 წლებში კარგი მმართველობის ყველა ინდიკატორის მიხედვით, საქართველოს რეიტინგები მკვეთრად გაუმჯობესდა.


graph1

წყარო: მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (WGI)

ჩარტში მოყვანილი ციფრები მიუთითებს იმ ქვეყნების პროცენტულ რაოდენობას მსოფლიოში, რომელთაც საქართველოზე დაბალი რეიტინგი აქვთ. უფრო მაღალი ციფრები გვიჩვენებს მმართველობის უკეთესი სისტემის მქონე ქვეყნებს. როგორც ვხედავთ, 10 წელიწადში, საქართველომ ორჯერ გააუმჯობესა თავისი რეიტინგი მმართველობის ყველა მიმართულებით. გაითვალისწინეთ, რომ საქართველომ იგივე აჩვენა თითქმის ყველა სხვა მსოფლიო ინდექსში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდიკატორების მიხედვით.

მეორე ჩარტი გვიჩვენებს საქართველოს მშპ-ის ზრდას 1988 წლიდან დღემდე.


graph#2

წყარო: მსოფლიო ბანკი.

საქმე იმაშია, რომ, მიაღწია რა თავის პიკს 1994 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა (უაღრესად მცირედიდან) თითქმის ერთი და იგივე წლიური მაჩვენებლით 1995-2003 (კრიმინალისა და კორუფციის ფონზე) და 2004-2013 (ძალიან კარგი ინსტიტუციების ფონზე) წლებში.

როგორ შეიძლება, რომ „კარგი ინსტიტუციები“ არ ცვლიდეს არაფერს, თუნდაც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით?


კარი ღიაა, ვის სურს შემოსვლა?

უპირველეს ყოვლისა, უნდა განვმარტოთ, რომ საქართველოს რეფორმები არ არის მითი, ეს არის აქ მცხოვრები და მომუშავე ადამიანების ყოველდღიური სინამდვილე. საქართველო წარმოუდგენლად უსაფრთხო ქვეყანაა. თითქმის არ არსებობს ქუჩის კრიმინალი, რისი აღნიშვნაც ეღირებოდა. ფაქტობრივად, გაქრა პოლიციის მხრიდან ძალადობა და წვრილმანი კორუფცია. მიუხედავად ყოველგვარი ფორმალობის არსებობისა, ბიზნესის კეთება უდავოდ ძალიან მარტივია. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას აქვს ყველაზე „რბილი“ საზღვრები მთელ რეგიონში. ექსპორტიორებისთვის, იმპორტიორებისა და მოგზაურებისთვის შემოსვლა და გასვლა ძალიან მარტივია. საბაჟო პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სასაზღვრო პოლიცია პროფესიონალი და კეთილგანწყობილია (აქამდე ბოთლი ღვინით ხვდებოდნენ სტუმრებს). ქართველი ხალხის ტრადიციული სტუმართმოყვარეობა იქცა უკეთეს ბრენდად, ვიდრე თავად ქართული რეფორმები. სახელმწიფო ბიუროკრატია საკმაოდ მოქნილი და პროფესიონალურია. საჯარო მოხელეების უმრავლესობა საუბრობს ინგლისურად, რაც იწვევს დონორების, უცხოელი დიპლომატების, ინვესტორებისა და, არც მეტი, არც ნაკლები, ისეთი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების აღტაცებას, როგორიცაა, მაგალითად, Fitch and Moody’s.

რაც ქართველმა რეფორმატორებმა მოახერხეს წარმოუდგნელად მოკლე დროში, არის ეკონომიკური საქმიანობის გზაზე არსებული ყოველგვარი წინააღმდეგობების მოშორება და ქვეყნის საზღვრების გახსნა უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელებისთვის – თავისუფალი გრაფიკით მომუშავე ადამიანებით დაწყებული, რომლებიც ქვეყანაში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია, ინვესტორებით, კორპორატიული იურისტებით, აგრონომებით, პროფესიონალი ფერმერებით, ინგლისური ენის მასწავლებლებითა და ეკონომისტებით დამთავრებული. ესაა ხალხი, ვისაც შეუძლია საქართველოს ეკონომიკის წინსვლაში წვლილის შეტანა. 2012 წლამდე ღია კარის პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, საქართველოს სახელმწიფო რელიგი იყო.

თუმცაღა, რაც საქართველოს რეფორმების პროცესში ვერ გაითვალისწინეს, ისაა, რომ ღია კარის პოლიტიკა არც აუცილებელი და არც საკმარისი პირობა არ არის მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი ინვესტიციების მოსაზიდად.

„ღია კარი“ არ არის აუცილებელი პირობა, რადგან ინვესტორები მაინც მოახერხებენ მათთვის სასურველ კარში შეძვრომას, თუ იქ ბიზნესის კეთების შესაძლებლობას ხედავენ, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, გაზითა და ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის შემთხვევაში.

„ღია კარი“ ნამდვილად არ არის საკმარისი პირობა. სერიოზული რისკების არსებობის პირობებში, ინვესტორებმა შეიძლება ისიამოვნონ ქვეყნის სტუმართმოყვარეობით, მაგრამ არ დააბანდონ თავიანთი ფული უახლოეს მომავალში.

მთავარი პრობლემა, რაც ჯერ კიდევ თან სდევს საქართველოს, ისაა, რომ საქართველოში ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკები აჭარბებს ბევრ ლოკაციურ და ადვილად ბიზნესის კეთების უპირატესობას, რასაც ქვეყანა სთავაზობს ინვესტორებს. ალბათ პარადოქსია, მაგრამ შემცირების ნაცვლად, ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკები ქართულ ეკონომიკაში გაიზარდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ.

ახლა, უფრო მეტი ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკების წინაშე ვდგავართ.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ბაზრისა (შიდა და გარე) და მუშახელის სიმცირე წარმოადგენს მნიშვნელოვან კომერციულ რისკს ნებისმიერი პროექტისთვის, რომელიც ცდილობს აწარმოოს და/ან გაყიდოს თავისი პროდუქცია საქართველოში. ვერცერთი ღია კარის პოლიტიკა ვერ შეცვლის ამ უტყუარ ფაქტს. რუსული ბაზრის დაკარგვა 2006 წელს და შეღავათიანი სავაჭრო შეთანხმებები ევროპასთან, შეიძლება ითქვას, აბალანსებს ერთმანეთს, მაგრამ ქართული ეკონომიკას დასჭირდება დრო (და მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნარ-ჩვევებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში), რათა მოახერხოს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ შემობრუნება.

უკრაინას, საბედნიეროდ, არ აქვს „მცირე ბაზრის“ პრობლემა. თუმცა საქართველოს მსგავსად, მასაც მოუწევს წელებზე ფეხის დადგმა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ შემობრუნების მტკივნეულ გზაზე, საგანმანათლებლო და პროფესიული უნარ-ჩვევების, წარმოების ტექნოლოგიებისა და ექსპორტის სტრუქტურის, ბრენდინგისა და მარკეტინგის თვალსაზრისით.

მეორეც, უნდა გავითვალისწინოთ გეოპოლიტიკური რისკებიც. საქართველოს ახალი მთავრობის აგრესიულმა რიტორიკამ და ქვეყნის მთლიანობის აღდგენის აქტიურმა მცდელობებმა სწრაფად გადააქცია საქართველო ვაჭრობის საგნად რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში. გეოპოლიტიკური დაძაბულობები, ერთის მხრივ, კარგი საშუალებაა დასავლური საჯარო სახსრებისა და „ტექნიკური დახმარების“ მისაღებად, მეორეს მხრივ კი, არის წითელი დროშა  კერძო სექტორის გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს საოცარი ბიზნეს-შესაძლებლობები, რაც საქართველოს შემთხვევაში ძალიან ცოტაა. სექტორები, რომლებშიც ბოლო წლებში საქართველომ მიიზიდა მნიშვნელოვანი გრძელვადიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არის ტრანსპორტი, ენერგო-რესურსები და – არც მეტი, არც ნაკლები – თხილი. საქართველოს მიერ 2007 წელსა და 2008 წლის პირველ ნახევარში მიღებულმა შედარებით დიდმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (რამაც განაპირობა მშპ-ის მცირედით ზრდა) ძალიან მცირედით შეძლო გრძელვადიანი პროდუქტიულობის, ექსპორტისა და სამუშაო ადგილების წახალისება. უფრო სწორად, ამან მხოლოდ გამოკვება უძრავი ქონების სპეკულაციური საპნის ბუშტი.

ცხადია, უკრაინის ეკონომიკური აღორძინება შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ ინვესტორებს ექნებათ მოლოდინი, რომ დონბასში ისევ იფეთქებს არეულობა, რომელიც, ღმერთმა დაიფაროს და, შესაძლოა, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის რუსულენოვან ნაწილებშიც გავრცელდეს. ამის გათვალისწინებით, უკრაინის მიზანი უნდა იყოს მიმდინარე კონფლიქტის გაყინვა და ინვესტორების დარწმუნება, რომ პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტა არც კი განიხილება.

მესამე, საქართველომ საკმაოდ ცუდი შედეგი აჩვენა ინვესტორების საკუთრების უფლებების უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ  ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის დროს მოიპოვა განუზომელი ძალაუფლება, რამაც ეს ორი ინსტიტუცია ეფექტურად დააყენა კანონზე მაღლა. სასამართლო სისტემამ, პარლამენტმა და სამოქალაქო საზოგადოებამ დაკარგა კონტროლი ამ უწყებებზე. ინსტიტუციური მექანიზმები და სამართლებრივი ნორმები, რომლებიც კრიმინალისა და კორუფციის აღმოფხვრის მიზნით იქმნებოდა, მოგვიანებით (2007 წლის შემდეგ) უკვე იმ პოლიტიკური ოპონენტებისა და ბიზნესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა, რომლებიც ქედს არ უხრიდნენ მათ. ისინი იქცა კომპანიებისა და ბიზნესმენების დაბეგვრის იარაღად (მაგალითად, ჩვენებისა და ფულის „ლეგალურად“ მოპოვების მიზნით, წინასწარ პატიმრობაში დაკავებისა და საპროცესო შეთანხმების მექანიზმის გამოყენება). დღეისთვის, საქართველო ცდილობს, აღადგინოს სამართლიანობა ქონების კონფისკაციის, უსამართლო დაპატიმრებისა და წამების ათასობით საქმეზე.

უკრაინული ეკონომიკის (და რეგიონული პოლიტიკის) ყველაზე მნიშვნელოვან აქტივებს „ოლიგარქები“ აკონტროლებენ, ამიტომ სამართლიანობის აღდგენის, რეპრივატიზაციისა და ნაციონალიზაციის გზაზე უკრაინის მმართველებს მოუწევთ უამრავ სირთულესთან გამკლავება. რისკი იმისა, რომ უკრაინული სასამართლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ინვესტორთა საკუთრების უფლებების დაცვას, ამ მცდელობების პირობებში, შეიძლება გახდეს კიდევ ერთი დიდი გამოწვევა უკრაინული ეკონომიკისთვის.

დაბოლოს, საქართველოს ჯეროვნად განუვითარებელმა დემოკრატიულმა ინსტიტუციებმა ვერ მოახერხეს, გადამწყვეტი როლი ეთამაშათ პრობლემების აღმოფხვრაში დაჩქარებული (მაგრამ საშინლად საჭირო) რეფორმების განხორციელების  პროცესში, რამაც წარმოშვა სავალალო პოლიტიკური რისკები ეკონომიკაში. სააკაშვილის ადმინისტაციის ღიად კონფრონტაციულმა მიდგომამ „ჩვენ უკეთ ვიცით“ და „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“ ყოფილი მოკავშირეები მტრებად აქცია, რამაც გამოიწვია უამრავი პოლიტიკური დაძაბულობა და პროტესტი. ქვეყნის საბედნიეროდ, საქართველოს რეფორმატორებს ეყოთ სიბრძნე, ეღიარებინათ პოლიტიკური მარცხი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ძალაუფლება მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაებარებინათ.

უკრაინის ასეთი დაინტერესება ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმებით გასაგებია. თუმცა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა (და მათმა ქართველმა მრჩევლებმა) უნდა იცოდნენ, როდის გაჩერდნენ და მოძებნონ კონსენსუსი, როდის არჩიონ დომინირებას კომპრომისი. მიუხედავად გარკვეული უპირატესობებისა, ფრიად მაცდური მიდგომა „ან ახლა ან არასდროს!“ პოლიტიკური რისკების წყაროცაა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას რეფორმების მთელ პროცესს საშუალოვადიან პერსპექტივაში.

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Guest - George Mikuchadze on კვირა, 19 აპრილი 2015 15:58

You make progress in Georgian Politics, Congrats Eric!

You make progress in Georgian Politics, Congrats Eric!
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners