ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

გადავარჩინოთ მეგრული ენა!

ბევრ კულტურაში არსებობს მოლოდინი, რომ ამ კულტურის წარმომადგენელი იქორწინებს თავისივე ჯგუფის წევრთან. ამ მოლოდინის არგამართლება, სულ მცირე, გამოიწვევს რეპუტაციის დაკარგვას. ეს ძალიან კარგად არის ნაჩვენები დოვერ კოსაშვილის ფილმში „დაგვიანებული ქორწინება“, რომელშიც იუმორით არის წარმოჩენილი ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ებრაელი, რომლის მშობლებსაც უნდათ, რომ მან „სწორ“ ქალზე იქორწინოს (ფილმში მოცემულია ვრცელი დიალოგები იუდეურ-ქართულად, გაქრობის პირას მყოფ კიდევ ერთ ენაზე).

რატომ ეკისრებათ ეს სანქციები ადამიანებს, რომელთაც „უცხოსთან“ ქორწინება სურთ? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ამ სანქციების გარეშე ეს კულტურები ვერ მოაღწევდნენ დღემდე.


კულტურათა ევოლუცია

ჰიბრიდული სამეცნიერო სფერო, ე.წ. მემეტიკა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ცნობილმა ბრიტანელმა ბიოლოგმა რიჩარდ დოკინზმა თავის წიგნში „ეგოისტი გენი“  (Richard Dawkins – The Selfish Gene), ცდილობს ევოლუციის კანონები მოარგოს ადამიანურ იდეებს, რელიგიებსა და კულტურებს. მემეტიკური თვალსაზრისით, დღესდღეობით არსებულ ყველა კულტურას აქვს თვითდამკვიდრების საკმარისი ძალა ადამიანების გონებისთვის ევოლუციურ ბრძოლაში, მაშინ, როცა გამქრალი კულტურები მემეტიკური თვალსაზრისით სუსტები აღმოჩნდნენ.

ადამიანთა ქცევას ნაწილობრივ განსაზღვრავს გენები (ე.წ. „hardware“), ნაწილობრივ კი – კულტურა და იდეები (ე.წ. „software“), იგივე მემეები. გენეტიკური ნაკლის მქონე ადამიანებს აქვთ გამრავლების ბევრად მცირე ალბათობა, შესაბამისად, მათი გენის ხვედრითი წილი მოსახლეობაში დროთა განმავლობაში მცირდება. იდეებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს რეპროდუქციის ალბათობაზე. იდეებს, რომლებიც ამცირებს მიმდევართა რეპროდუქციის მაჩვენებელს, ეყოლება სულ უფრო ცოტა მიმდევარი მომავალ თაობებში (თუ დავუშვებთ, რომ იდეები გადაეცემა მშობლებიდან შვილებს, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება). თუმცა, გენებსა და მემეებს შორის დიდი განსხვავებაა. გენეტიკური ფონდისგან განსხვავებით, რომელიც ყოველ ადამიანს გადაეცემა ერთხელ და სამუდამოდ და მისი გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ შვილზე (მემკვიდრეობითი გადაცემა), იდეები შეიძლება, ასევე, გავრცელდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე, თუნდაც ისინი არ იყვნენ ნათესავები (თაობებს შიგნით გადაცემა).

არსებობს მემეტიკური თვითდამკვიდრების 4 საზომი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად კარგად გავრცელდება ესა თუ ის მემე ამა თუ იმ მოსახლეობაში.

პირველი, მომგებიანია, თუ მემე ითხოვს თავისი მიმდევრებისგან მის გავრცელებას. ამისი მაგალითია ისლამი და ქრისტიანობა. ისლამში ერთ-ერთ უდიდეს საქმედ ითვლება „ქადაგება“, კერძოდ კი, სხვა რელიგიის წარმომადგენელთა მოქცევა ისლამზე. ქრისტიანებსაც მოუწოდებენ, გაავრცელონ ქრისტეს მოძღვრება. ფაქტი, რომ მსოფლიო მოსახლეობის 30%-ზე მეტი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, არის ქრისტიანების დაუღალავი მისიონერული მოღვაწეობის დამსახურება, განსაკუთრებით მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელიც ევროპული კოლონიზაციის ქვეშ იყო.

მეორე, როდესაც კულტურა ან რელიგია ვერ ახერხებს თავის რჯულზე მოაქციოს სხვა, იგი იძულებულია, განსხვავებული სტრატეგია შეიმუშაოს, ე.წ. ვიწრონათესაური გამრავლება. რაც უფრო პატარაა ჯგუფი, მით უფრო მკაცრად აკონტროლებს მის წევრებს, არ იქორწინონ სხვა ჯგუფის წარმომადგენლებზე. სწორედ ამიტომაა სანქციები ასეთი მკაცრი კულტურათშორისი ქორწინებისთვის პატარა ჯგუფებში (როგორც ოჯახური შურისძიება) და ნაკლებად მკაცრი უფრო დიდ ჯგუფებში.


ებრაელი ხალხის გადარჩენა
 

ჩვენ წელთაღრიცხვამდე V საუკუნის დასაწყისამდე დასავლური იუდაიზმი პროსელიტი რელიგია იყო, რომელიც ძალიან წარმატებული იყო თავის მისიონერულ საქმიანობაში. დადგენილია, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნისთვის რომის იმპერიის მოსახლეობის თითქმის 10% ებრაელი იყო (იხ. სუ ფიშკოფი: „სცადე, მოგეწონება: უნდა იქადაგონ თუ არა ებრაელებმა?”  Try It, You’ll Like it: Should Jews Proselytize, რომელიც გამოქვეყნდა MyJewishLearning.com-ზე). ეს ქრისტიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომ რომის იმპერატორებმა აკრძალეს ებრაელთა მისიონერული მოღვაწეობა. მოგვიანებით, შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც ქრისტიანობა იქცა დომინანტ რელიგიად, ებრაელებს ხშირად ესხმოდნენ თავს და დევნიდნენ. საკუთარი კულტურის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო „ჩრდილში დგომა“ და ნებისმიერი სახის ქადაგებისგან თავის შეკავება (გამონაკლისია მხოლოდ ხაზართა მოქცევა VIII საუკუნეში, რომელთა სამეფო ვრცელდებოდა თანამედროვე საქართველოს დიდ ნაწილში).

ქადაგების შესაძლებლობას მოკლებულ იუდეველებს სხვა გზა არ ჰქონდათ, მათ უნდა აერჩიათ ვიწრონათესაური გამრავლების სტრატეგია. იმისთვის, რომ ავხსნათ, რას ვგულისხმობთ, მოვიყვანთ მარტივ მოდელს. დავუშვათ, არსებობს მცირე, „ა“ ჯგუფი, რომელშიც პირობითად 1000 წევრია და ცხოვრობს უფრო დიდ პოპულაციასთან, „ბ“ ჯგუფთან ერთად, რომლის წევრთა რაოდენობა, 10000-ია. თუკი ქორწინების ბაზარზე მცირე ჯგუფის წევრები შემთხვევითობის პრინციპით დაწყვილდებიან უმრავლესობის ჯგუფის წევრებთან, ანუ არ მოქმედებს ვიწრონათესაური გამრავლების სტრატეგია, მაშინ (უხეშად) „ა“ ჯგუფის 10 წევრიდან 9 დაქორწინებული იქნება „ბ“ ჯგუფის წევრზე. დავუშვათ, თითოეულ წყვილს ჰყავს 2 შვილი,  ალბათობა იმისა, რომ ინტერკულტურული წყვილის პირმშო არის „ა“, არის 50%, ისევე, როგორც „ბ“, შესაბამისად, „ა“ ჯგუფის შემდეგ თაობაში იქნება მხოლოდ 950 წევრი. თუმცა, თუ „ა“ ჯგუფის ყველა წევრი დაწყვილდება თავისივე ჯგუფის წევრთან, „ბ“ ჯგუფი არ გაიზრდება „ა“ ჯგუფის ხარჯზე არც ნათესაურ და არც აბსულუტურ პირობებში.[/message_box]

მესამე, მემეტიკური თვალსაზრისით წარმატების მისაღწევად „ა“ ჯგუფმა შეიძლება ხელი შეუწყოს ან მოსთხოვოს თავის წევრებს, უფრო აქტიურად გამრავლდნენ და იგივე მემე შთააგონონ თავიანთ პირმშოებსაც. ეს ყველაზე წარმატებით გაითავისა ისლამმა. საშუალოდ, მუსლიმი ქალები გამოირჩევიან უფრო მაღალი ნაყოფიერებით ქრისტიან ქალებთან შედარებით. XXI საუკუნის მეორე ნახევარში ისლამი წაართმევს ქრისტიანობას მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი რელიგიის სტატუსს (წყარო: Pew Report in World Religions 2015). მაგრამ კათოლიკეების მიერ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების უარყოფა და იუდეურ-ქრისტიანული მოწოდება – „იყავით ნაყოფიერნი და გამრავლდით“ (დაბადება 1:27) – შთააგონებს ქრისტიანული მემეს მიმდევრებს, აქტიურად გამრავლდნენ.

მეოთხე, გარკვეული მემეები აძლევს უზარმაზარ შინაგან უპირატესობებს თავის მიმდევრებს, რაც მის წარმატებას განაპირობებს. მაგალითად, არ არსებობს საჭიროება ხალხი მოაქციო ინგლისურ ენაზე ან დასაჯო ისინი, ვინც შეწყვიტა ამ ენაზე საუბარი. ინგლისური ენის ცოდნა იმდენად მომგებიანია, რომ ადამიანები ყოველგვარი მოწოდებისა და დაძალების გარეშე სწავლობენ და ლაპარაკობენ ამ ენაზე.


მეგრული ენისა და კულტურის მომავალი

მაკა ჭითანავა, ამ სტატიის ერთ-ერთი თანაავტორი, არის ამაყი მეგრელი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბებია საუბრობდა მეგრულად, მის მეგრულს პირობითად თუ ეთქმის კარგი, სხვა მეგრელი ახალგაზრდების მსგავსად. ამის გამო მეგრული ენა მოხვდა UNESCO-ის გაქრობის პირას მყოფი ენების კატეგორიაში.


UNESCO
-ის ენათა კლასიფიკაცია
 

UNESCO-ის კლასიფიკაციის თანახმად, ენა ითვლება დაცულად თუ მასზე საუბრობს ყველა თაობა და უწყვეტად გადაეცემა მომავალ თაობებს; მოწყვლადად, თუ ბავშვების უმრავლესობა საუბრობს ამ ენაზე, მაგრამ იზღუდება რიგ შემთხვევებში (მაგ.: სახლში); უდავოდ გაქრობის პირას მყოფად, თუ ბავშვები აღარ სწავლობენ მას, როგორც მშობლიურ ენას; მკაცრად გაქრობის პირას მყოფად, თუ ენაზე საუბრობენ ბებია-ბაბუები და უფროსი თაობა, მშობლების თაობას კი ესმის, თუმცა აღარ ელაპარაკებიან ამ ენაზე თავის შვილებსა და ერთმანეთს; კრიტიკულად გაქრობის პირას მყოფად, თუ ამ ენაზე მოსაუბრე ყველაზე ახალგაზრდა თაობა არის ბებია-ბაბუა ან კიდევ უფრო უფროსი თაობა; გამქრალად, თუ ამ ენაზე აღარავინ საუბრობს.

გაქრობის პირას მყოფი ენები მსოფლიო ფენომენია. UNESCO-ის მონაცემების მიხედვით, დღეს მსოფლიოში 6000 ენაა, რომელთა 43% გაქრობის საშიშროების წინაშე დგას. ასევე, დადგენილია, რომ დღეისთვის არსებული ენების ნახევარი გაქრება XXI საუკუნის ბოლომდე. [/message_box]

მეგრული ენისა და კულტურის პრობლემა ისაა, რომ იგი სუსტია მემეს თვითდამკვიდრების ოთხივე საზომით:

    • მეგრელები არ ეწევიან პროსელიტიზმს. მოსულა ოდესმე თქვენთან მეგრელი, რომელიც ცდილობს თქვენს დარწმუნებას, მეგრელი გახდეთ?
    • მეგრელები არ სჯიან მათ, ვინც დაივიწყა მათი კულტურა და ენა.
    • უფრო მეტიც, მეგრელებს არ ყავთ სხვებზე მეტი შვილი.
    • დაბოლოს, არ არსებობს მეგრულის ცოდნასთან დაკავშირებული შინაგანი უპირატესობები.


ამ მიზეზების გათვალისწინებით, მემეტიკური ანალიზი გვეუბნება, რომ მეგრული ენა და კულტურა საკმაოდ მალე გაქრება. კენეთ ჰეილი, რომელიც ენათმეცნიერებას ასწავლის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში, ძალიან კარგად ხსნის, თუ რატომ უნდა გვაღელვებდეს მეგრული ენის ბედი ყველას, მეგრელებსაც და სხვებსაც: „როდესაც ვკარგავთ ენას, ვკარგავთ კულტურას, ინტელექტუალურ სიმდიდრეს, ხელოვნების ნიმუშებს. ეს იგივეა, ბომბი ესროლო მუზეუმს“.

სამწუხაროდ, შესაძლოა, მეგრული ენა იმ ეტაპზეა, რომელზეც მისი შველა უკვე შეუძლებელია. მემეტიკური თვითდამკვიდრების 4 ალბათობიდან ერთადერთი ყველაზე პრაქტიკული შესაძლებლობა, ალბათ, ისაა, რომ გაიზარდოს მეგრულ ენის ცოდნასთან დაკავშირებული შინაგანი უპირატესობები. უნდა არსებობდეს გარკვეული უპირატესობები, რაც დაკავშირებული იქნება მეგრული ენისა და კულტურის ცოდნასთან, რათა ახალგაზრდებს გულწრფელად უნდოდეთ ამ ენის სწავლა. თუმცა მსგავსი უპირატესობების შექმნას, შესაძლოა, კულტურულ რევოლუციაზე მეტი დასჭირდეს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება მეგრული ენის შეტანა დაწყებით და საშუალო სკოლებში. იმისთვის, რომ წავახალისოთ ახალგაზრდა მეგრელები, ისწავლონ თავიანთი მემკვიდრეობა, მათ უნდა იგრძნონ, რომ მეგრულად საუბარი „მაგარია“ და რომ მეგრული ლექსის ან სამეგრელოს ისტორიის ეპიზოდის ციტირება არის მეგობრებზე (და ტურისტებზე!) შთაბეჭდილების მოხდენის საუკეთესო გზა.

ეროვნულ დონეზე, საქართველოს შეუძლია, ხელი შეუწყოს უნიკალურ ადგილობრივ კულტურებს, რაც გულისხმობს ამ კულტურების მიერ „მემეტიკური თვითდამკვიდრების“ განვითარებას გამიზნული ქმედებების საშუალებით, რათა გამყარდეს და კომერციულად იქცეს კულტურული მრავალფეროვნება. სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებს უდავოდ აქვს უნიკალური ეთნო-ტურისტული პოტენციალი. მისი განვითარებისთვის საქართველოს შეუძლია სუბსიდირება გაუკეთოს ან სხვა ფორმით წაახალისოს ადგილობრივი კულტურის მემკვიდრეობის დაცვისა და ბრენდირების საქმე. კერძოდ კი, გახსნას მუზეუმები, მოაწყოს საჭმლის ფესტივალები, დოღები, შექმნას ცეკვის, სიმღერისა და პოეზიის ჯგუფები, წაახალისოს ტრადიციული ხელოვნება და ხელობა.

საბედნიეროდ, ამ მიმართულებით გამოცოცხლება უკვე შეიმჩნევა სამეგრელოში. ახლახანს ითარგმნა მეგრულ ენაზე ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“, სულ მალე გამოიცემა მეგრული ეპოსი „ვერამხუტუზე“, უკვე იწყება ვიკიპედიას გამოშვება მეგრულ ენაზე. მეგრული ენის სწავლა უკვე შესაძლებელია ონლაინ. რამდენიმე ენთუზიაზისტმა უკვე დაიწყო მოკლე მულტფილმების თარგმნა (მაგალითად, „ნული“ და „მოხუცი და ზღვა“) ბავშვებისთვის. როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ეს შეიძლება არც იყოს საკმარისი. მეგრული ენა შეიძლება გაქრეს და ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა ვიღონო. ეს აკვიატებად მექცა“.

დაეხმარება თუ არა ეს ყველაფერი მეგრულს, უცნობია. მემეტიკის ძალა, შესაძლოა, უფრო ძლიერი აღმოჩნდეს.

Rate this blog entry:
1 Comment

Comments

 
Guest - Shota Imerlishvili on Friday, 24 April 2015 08:39

ავტორების მეგრულ ენაზე მსჯელობა მხოლოდ ლოზუნგებზე დაფუძნებული ფანტაზიები, სამწუხაროდ, ამითვე ცოდავს ყველა, ვინც მეგრულის პრობლემებს ეხება. მარტო ფრაზა: "საჭირო იქნება მეგრული ენის შეტანა დაწყებით და საშუალო სკოლებში" რად ღირს.
საჭიროა ნორმალური ანალიზი:
1. პრობლემის ფორმულირება, მისი გამომწვევი მოზეზების განსაზღვრა და გამოკვლევა,
2. კონკრეტული და რელისტური მიზნების დასახვა (რის მიღწევა გვსურს/შეგვიძლია?),
3. კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა დავძლიოთ პრობლემა იმ ფარგლებში, რომელიც პ.2. დავსახავთ.
გავიმეორებ, აქამდე, რაც მე წამიკითხავს, ამ ტექსტის ჩათვლით, მხოლოდ პრაქტიკაში გამოუყენებელი ზოგადი მსჯელობაა. ასე, ენის ფხანით (უკაცრავად) მეგრულს არაფერი ეშველება

ავტორების მეგრულ ენაზე მსჯელობა მხოლოდ ლოზუნგებზე დაფუძნებული ფანტაზიები, სამწუხაროდ, ამითვე ცოდავს ყველა, ვინც მეგრულის პრობლემებს ეხება. მარტო ფრაზა: "საჭირო იქნება მეგრული ენის შეტანა დაწყებით და საშუალო სკოლებში" რად ღირს. საჭიროა ნორმალური ანალიზი: 1. პრობლემის ფორმულირება, მისი გამომწვევი მოზეზების განსაზღვრა და გამოკვლევა, 2. კონკრეტული და რელისტური მიზნების დასახვა (რის მიღწევა გვსურს/შეგვიძლია?), 3. კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა დავძლიოთ პრობლემა იმ ფარგლებში, რომელიც პ.2. დავსახავთ. გავიმეორებ, აქამდე, რაც მე წამიკითხავს, ამ ტექსტის ჩათვლით, მხოლოდ პრაქტიკაში გამოუყენებელი ზოგადი მსჯელობაა. ასე, ენის ფხანით (უკაცრავად) მეგრულს არაფერი ეშველება
Already Registered? Login Here
Register
Guest
Saturday, 23 November 2024

Captcha Image

Our Partners