ერთი თუ ორი წლის წინ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, ზესტაფონში, ლავაცას (Lavazza) ყავის ჯიხური გაიხსნა. ასეთები თბილისში არცთუ ცოტაა, მაგრამ გზის პირას მსგავსი ტიპის დაწესებულება ნამდვილად სიახლე იყო. ცოტა ხანში კიდევ ერთი ასეთი ჯიხური გაიხსნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისიც ისევ ზესტაფონში. დღესდღეობით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე კიდევ უფრო მეტი ყავის გამყიდველია და მათი უმრავლესობა ისევ და ისევ ზესტაფონშია თავმოყრილი. ქუთაისისკენ ან ბათუმისკენ მგზავრობისას აუცილებლად შეამჩნევდით სხვა მსგავს დაჯგუფებებსაც, მაგალითად, როგორიცაა ჰამაკები — ხაშურში, ნაზუქი და თონის პური — სურამში, კალათები და ხის ჭურჭელი — შროშამდე და თიხის ჭურჭელი — შროშაში.
ერთი შეხედვით, ინტუიციურად ერთი და იმავე პროდუქტის გასაყიდი წერტილები დაახლოებით თანაბრად უნდა იყოს განაწილებული მთელი გზის გასწვრივ. ისე, რომ ერთი ყავის ჯიხურს რომ გაცდება მომხმარებელი, მალევე შეხვდეს მეორეც და არ დასჭირდეს ზესტაფონამდე ლოდინი.
თუმცა ამგვარი თავმოყრა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისთვის არაა დამახასიათებელი. ქალაქშიც ხშირია გვერდიგვერდ განლაგებული სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, კონკურენტი სუპერმარკეტების ქსელების ფილიალები თუ ბენზინგასამართი სადგურები.
ისმის კითხვა: რა არის კლასტერების (დაჯგუფებების) არსებობის ეკონომიკური საფუძველი და იქცევიან თუ არა მოვაჭრეები რაციონალურად, როცა ისინი კონკურენტის მეზობლად იწყებენ ვაჭრობას?
ჰოტელინგის წრფივი ქალაქი
ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა, ჰაროლდ ჰოტელინგმა (1895-1973) თავის 1929 წლის სტატიაში "სტაბილურობა კონკურენციაში" პირველად სცადა ფირმის მიერ მდებარეობის შერჩევის მოდელირება. მოდელი მარტივი და მძლავრია და ამას გარდა მისი საკმაოდ მოულოდნელი შედეგით შეიძლება აიხსნას თუ რატომ დაჯგუფდნენ ზესტაფონში ყავის კიოსკები.
სიმარტივისთვის ჰოტელინგმა დაუშვა, რომ მოვაჭრეები ერთნაირ საქონელს ყიდიან და ერთადერთი, რაც მათ განასხვავებს, ადგილმდებარეობაა. გარდა ამისა, მოდელი უშვებს,რომ მოვაჭრეები, მონაკვეთზე არიან განლაგებულნი (სიბრტყის ნაცვლად). მისი "წრფივი ქალაქის" მაცხოვრებლები განაწილებულნი არიან მონაკვეთზე და ყოველთვის იმ მაღაზიაში შედიან, რომელიც უფრო ახლოსაა. ისმის კითხვა: სად უნდა განათავსონ მოვაჭრეებმა მაღაზიები?
როგორც აღმოჩნდა, რამდენი მოვაჭრეც არ უნდა იყოს (გარდა სამისა) წონასწორულ მდგომარეობაში ყოველთვის შევხვდებით მაღაზიების კლასტერს. განვიხილოთ ყველაზე მარტივი შემთხვევა, რომელშიც გვყავს 2 მოვაჭრე (მაღაზია). თუ მაღაზია A, B-ს მარცხნივაა, მაშინ A-ში ივლის ყველა ვინც A-ს მარცხნივ ცხოვრობს და B-ში ივლის ყველა, ვინც B-ს მარჯვნივ ცხოვრობს. რაც შეეხება იმათ, ვინც ამ ორ მაღაზიას შორის ცხოვრობს, მათგან ვინც A-სთან უფრო ახლოსაა ის წავა A-ში და ვინც B-სთან უფრო ახლოსაა, ის წავა B-ში. აქედან გამომდინარე A-სა და B-ს შუა წერტილის მარცხნივ ვინც ცხოვრობს, ის ივლის A-ში, ხოლო დანარჩენები—B-ში. შესაძლებელია თუ არა, რომ წონასწორულ მდგომარეობაში ორი მაღაზია სხვადასხვა ადგილას იყოს?
დავუშვათ, A-მ გადაწყვიტა, გადაიწიოს მარჯვნივ, ასეთ შემთხვევაში, A-სა და B-ს შუაწერტილი გადაიწევს მარჯვნივ და შესაბამისად, მის მარცხნივ უფრო მეტი წერტილი იქნება.აქედან გამომდინარე A-ს ეყოლება უფრო მეტი მომხმარებელი. ანალოგიურად B-სთვისაც მომგებიანია მარცხნივ გადაიწიოს.
ანუ როგორც კი ორ მაღაზიას შორის ჩნდება მანძილი, ორივესთვის მომგებიანია შეიცვალოს ადგილმდებარეობა. აქედან გამომდინარე, თუ ჰოტელინგის ქალაქში ორი მოვაჭრეა, ნებისმიერ წონასწორულ მდგომარეობაში მოვაჭრეებს შორის ვერ იარსებებს რაიმე მანძილი, ანუ მათ ერთსა და იმავე ადგილას უნდა გახსნან მაღაზია.
პოლიტიკური მდებარეობა
ჰოტელინგის მოდელს სხვა გამოყენებებიც აქვს, მათ შორის პოლიტიკურიც. საფრანგეთის რევოლუციის მერე მიღებულია პოლიტიკური მსოფლმხედველობის მემარცხენეებად და მემარჯვენეებად დაყოფა. ამ ტერმინის წარმომავლობა უკავშირდება საფრანგეთის 1789 წლის ეროვნულ საკანონმდებლო კრებაზე ადგილების განაწილების გეგმას, რომლის მიხედვითაც მეფის მომხრეები ისხდენ მარჯვნივ, ხოლო რევოლუციონერები — მარცხნივ.
შოტლანდიელმა ეკონომისტმა, დანკან ბლექმა შემოგვთავაზა მოდელი, რომელიც განიხილავს პოლიტიკურ სპექტრს, როგორც მონაკვეთს. როგორც ჰოტელინგის "წრფივ ქალაქში", აქაც მოქალაქეები განაწილებულნი არიან მონაკვეთზე მათი პოლიტიკური შეხედულებებისამებრ და თითოეული მათგანი ხმას აძლევს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ყველაზე ახლოსაა მის პოლიტიკურ შეხედულებასთან. მაგრამ ვინაა ამ შემთხვევაში მოვაჭრე?
ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ დემოკრატიული მმართველობისას პოლიტიკოსები ცდილობენ თავისი პოლიტიკური მრწამსისა და პრინციპების ერთგულნი დარჩნენ. თუკი ასეა, უღარიბესი კლასის კეთილდღეობაზე ზრუნვაა ის, რაც უნდა აერთიანებდეთ სოციალისტებს, ხოლო კონსერვატორებისთვის საზოგადოების ტრადიციული ღირებულებები უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი. თუმცაღა, სავარაუდოდ, მიზეზები, თუ რატომ ირჩევენ პოლიტიკოსები ამა თუ იმ პოზიციას, ბევრად უფრო პროზაულია. იქნებ რეალურად მათთვის სულერთია პოლიტიკური მრწამსი და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში? ბლექის მოდელში პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ მემარჯვენეობა და მემარცხენეობა, მათთვის მთავარია ამომრჩევლებმა აირჩიონ ისინი და სულ ერთია, რომელი პოლიტიკური შეხედულებისათვის გააკეთებენ ამას.
ბლექის მიხედვით, პოლიტიკოსები იმ მოვაჭრეებს ჰგვანან, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე ვაჭრობენ. მათაც უნდა მიჰყიდონ ხალხს, ოღონდაც პოლიტიკური გზავნილები ყავის ნაცვლად. გასამრჯელო კი მათთვის მიცემული ხმაა. თუკი ჩვეულებრივი ვაჭრები ადგილის შერჩევით ცდილობენ მათი კლიენტების რაოდენობის მაქსიმიზაციას, პოლიტიკოსები პოლიტიკური პროგრამით (მიმართულებით) ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხმის მოგროვებას.
წრფივი ქალაქის მსგავსად, პოლიტიკოსების შემთხვევაშიც წონასწორული მდგომარეობა დაჯგუფებების არსებობით ხასიათდება. თუ, მაგალითად, ქვეყანაში ორ პარტიული სისტემაა, როგორც ეს შეერთებულ შტატებშია (დემოკრატები და რესპუბლიკელები), ან გაერთიანებულ სამეფოში (კონსერვატორები და ლეიბორისტები) ან თუნდაც საქართველოში ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება"), მაშინ ორივე პარტია ეცდება, ერთმანეთთან რაც შეიძლება მიახლოებული პროგრამები ჰქონდეს და ეს რომ ასეა, ამას ბევრი ქვეყნის მაგალითი ადასტურებს. მაგალითად, ანგელა მერკელის მეთაურობით, გერმანელი კონსერვატორების პროგრამა ძალიან ჰგავდა მემარცხენე პარტიის პროგრამას: მათ განავრცეს სოციალური კეთილდღეობის იდეა, უარი თქვეს ატომურ ენერგიაზე და დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება. ამ ყველაფრის ნახვა კონსერვატიული პარტიის პროგრამაში საკმაოდ მოულოდნელი იყო, თუმცა ამ სტრატეგიამ ძალიან გაამართლა. ცხადია, მემარჯვენე ამომრჩევლების უმეტესობა კონსერვატორებს მისცემდა ხმას იმ მიზეზით, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. "პოლიტიკურ წრფეზე" კონსერვატორების მარცხნივ დარჩენილი პატარა ნაწილი სოციალ-დემოკრატებმა, სოციალისტებმა და მწვანეებმა გაიყვეს. ასე რომ, ბლექის მოდელის კარგად გააზრებამ და პოლიტიკურ პრინციპებზე უარის თქმამ, კონსერვატორებისთვის გაამართლა, 2013 წლის არჩევნები კონსერვატორებისთვის ყველაზე უფრო შედეგიანი აღმოჩნდა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე.
საქართველოში, მწვავე აზრთა სხვადასხვაობაა ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მოსალოდნელია, რომ ამ ორი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებები ერთმანეთს მიუახლოვდება. მსგავსი განვითარება სასურველიც კია, განსაკუთრებით ქართული პოლიტიკისათვის დამახასიათებელი ბინძური ცილისწამებებისა და პირადი დაპირისპირებების ფონზე.
Comments