ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიის პროექტი „საქართველო 2020“ მიზნად ისახავს „ეკონომიკური ზრდის მიერ მოტანილი სიკეთით ისარგებლოს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა“. თუმცა დოკუმენტის წაკითხვისას ჩნდება ბუნებრივი მილიონდოლარიანი კითხვა: როგორ შეიძლება ინკლუზიური ზრდის მიღწევა რეალობაში? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ისე, რომ ამავდროულად შეიქმნას სამუშაო ადგილები და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები ღარიბი მოსახლეობისთვის?
სანამ ამ კითხვას ჩავუღრმავდებით, მოდით გავიხსენოთ კარგად ცნობილი ალტერნატივა ეფექტიანობასა და თანასწორობას შორის. ამის გათვალისწინებით, შემოსავლის გადანაწილების აგრესიული მექანიზმებით (მაგ. გაზრდილი სოციალური დახმარებით, უფასო საბავშვო ბაღით, საყოველთაო ჯანდაცვით და ა.შ.) მეტი ინკლუზიურობის მიღწევის მცდელობამ შესაძლოა დიამეტრულად განსხვავებულ და არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამგვარი შედეგი უფრო მოსალოდნელია, თუ აღნიშნული სოციალური ტრანსფერები ინფრასტრუქტურასა და პროდუქტიულ კაპიტალში ინვესტიციების ხარჯზე ხდება. თუ ეს ასეა, გვაქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა, ნაკლები სამუშაო ადგილი და ნაკლები რესურსი როგორც ინვესტირებისათვის, ასევე ღარიბთა დასახმარებლად. შედეგად, ეკონომიკა მანკიერ წრეში ექცევა.
მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ინკლუზიური ზრდა მიუღწეველი სამიზნეა. თუმცა ის კია, რომ მთავრობას ვინმემ უნდა ურჩიოს, რომ მის მისაღწევად გადასახადებისა და ტრანსფერების უხეში მექანიზმის ნაცვლად უფრო დახვეწილ და გონივრულ მიდგომებს მიმართოს. ამგვარი მიდგომების გამოყენება საშუალებას იძლევა ბაზრებითა და ეკონომიკური ზრდით ისარგებლოს ყველამ, ღარიბების ჩათვლით.
ერთი გონივრული ალტერნატივა იქნებოდა ფინანსური სახსრების (როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო) მიმართვა კერძო სექტორისაკენ ისეთი ახალი ეკონომიკური აქტივობებისათვის სტიმულის მისაცემად, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად სასარგებლოა ღარიბთათვის. ამ ტიპის კომპლექსური ჩარევების კატეგორიაში შეიძლება მოვაქციოთ წინა მთავრობის რეგიონული განვითარების ინიციატივები სვანეთსა და წყალტუბოში. მესტიაში ახალი გზების დაგებამ და კარგად დაგეგმილმა პიარ კამპანიამ, რომელიც სვანეთს "კავკასიის შვეიცარიად" წარმოსახავდა, შეიძლება ითქვას, აამოქმედა კერძო ინვესტიციების ციკლი, რამაც შექმნა სამუშაო ადგილები და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები ამ, ერთ დროს ძნელად მისადგომ, რეგიონში.
კრიტიკოსებმა შეიძლება აღნიშნონ, რომ მიუხედავად საშუალო სვანის ეკონომიკური მდგომარეობის (შესაძლო) გაუმჯობესებისა, ეს მიდგომა ეხმარება მხოლოდ იმათ, ვისაც დახმარება არ სჭირდება და არა მოსახლეობის შეჭირვებულ ნაწილს. ძნელია იმაზე მსჯელობაც, გადააჭარბებს თუ არა სვანეთისა და წყალტუბოს მკვიდრთა სარგებელი იმ მასიურ კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციებს, რომელიც ჩაიდო. ორივე ძალიან რისკიანი წამოწყება გახლდათ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი კერძო ინვესტიცია, ასე ვთქვათ, „ხელოვნურად“ ანუ მმართველი პარტიის შემოქმედთა გასახარად იყო განხორციელებული. მეტიც, მთავრობის გარანტიები, როგორც წესი, ბიზნესების მხრიდან ნაკლებ სიფრთხილეს, არასათანადო დაგეგმვასა და სარგებლიანობისა და დანახარჯების არასაკმარის ანალიზს განაპირობებს.
ინკლუზიური ზრდის მისაღწევად მეორე ალტერნატივაა ღარიბთა მიზანმიმართული დაკავშირება არსებულ საბაზრო პერსპექტივებთან. რაკი ბევრი ღარიბი უმუშევარი ან არასაკმარისად დასაქმებულია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით უმუშევართა გადამზადების ამბიციური პროგრამა იგეგმება. პროგრამის მიზანია სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაცია შრომის ბაზარზე არსებულ სამუშაო ადგილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოიყვანოს შესაბამისობაში. ამბიციურია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმაც. კერძოდ, ევროკავშირის მხარდაჭერით (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის — ENPARD) სამინისტრო გეგმავს ფერმერთა ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობას რომლებიც დააკავშირებენ საარსებო მინიმუმზე მცხოვრებ გლეხებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე არსებულ მოთხოვნასთან.
რასაკვირველია, არც ეს მიდგომაა უალტერნატივო. მთავარი რისკი კი რეალური კერძო სექტორის (ანუ დამსაქმებლების, მომსახურების მიმწოდებლებისა და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მყიდველების) ჩართულობის არარსებობაა. მაგალითად, ადამიანების გადამზადება არასწორ პროფესიებში დასაქმებას ვერ გაზრდის. მსგავსად ამისა, იმ კოოპერატივების მხარდაჭერა, რომელთაც შეიძლება ვერც კი მოახერხონ საკუთარი აგრარული პროდუქციის გაყიდვა, სოფლის მაცხოვრებელთა საცხოვრებელ პირობებს ვერ გააუმჯობესებს. მთავარი კი ის არის, რომ ინტერვენციებისაგან, რომლებიც ურემს (გლეხებს) ცხენის (კერძო სექტორის) წინ აყენებს, ნაკლებად უნდა ველოდოთ მდგრად შედეგებს.
საბაზრო და სახელმწიფო ჩავარდნები
რეგიონის/ინდუსტრიის განვითარების მიზნით თუ ღარიბთა დასახმარებლად ბაზრის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ინტერვენცია, ცხარე იდეოლოგიური და აკადემიური დებატების თემაა. დანი როდრიკისა (ჰარვარდის უნივერსიტეტი) და ბევრი სხვა ეკონომისტის აზრით, სახელმწიფოს ჩარევა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბაზარს უკეთესად ფუნქციონირებაში დაეხმარება. თუმცა ეს არ არის საკმარისი პირობა. მთავრობას ასევე უნდა გააჩნდეს უკეთესი საბაზრო შედეგების მიღწევისათვის საჭირო ინტელექტუალური და ადმინისტრაციული რესურსი. მიუხედავად საბაზრო ჩავარდნისა, უმოქმედობა შესაძლოა მაინც სჯობდეს მთავრობის უხეშ ჩარევას და ამით გამოწვეულ საზოგადოებრივი რესურსების ფლანგვას, ბაზრების უარეს დამახინჯებასა და უარეს შემთხვევაში, კორუფციის გაბატონებასაც.
საბაზრო ჩავარდნის უამრავი თეორიული და პრაქტიკული შემთხვევა არსებობს. ამ დროს ბაზრები ოპტიმალური შედეგის მიღწევას ვერ ახერხებენ. სვანეთი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მთავრობა ეცადოს კერძო ეკონომიკურ აგენტთა შორის კოორდინაციის პრობლემის მოგვარებას. კოორდინაციის გარეგანი ეფექტით გამოწვეული ეს საბაზრო ჩავარდნა რეალობაა. წარმოიდგინეთ ინვესტორი, რომელიც ყოყმანობს ააშენოს თუ არა სასტუმრო სვანეთში. ინვესტიციის განხორციელებისათვის მას უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ სასტუმროს აშენების დროისათვის აქ იქნება გზა, წყალგაყვანილობა და ელექტროენერგია, სათხილამურო საბაგიროები, სამთასვლელო ბილიკები, კაფეები და რესტორნები. ამგვარი გარანტიების არარსებობისას კერძო ინვესტორები ხშირად სხვა პროექტებსა (და შესაძლოა ქვეყნებსაც) ამჯობინებენ.
მართლაც, მთავრობებს გააჩნიათ უნარი მსგავს შემთხვევებში, როცა იღებ ან ყველაფერს ან არაფერს, ხელი შეუწყონ კოორდინაციას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, განავითარონ შეთანხმებული სტრატეგია თუ სამოქმედო გეგმა და შექმნან ძირითადი ინფრასტრუქტურა. ინტერვენციის საჭიროება შეიძლება უფრო მეტი სიმძაფრითაც კი დადგეს, თუ საბოლოოდ ხარჯები (მაგ. ახალი გზებისა და გვირაბების აშენების) მომხმარებლებმა (მგზავრებმა და ტურისტებმა) უნდა იტვირთოს.
თუმცაღა, ამ არგუმენტსაც უამრავი თეორიული და პრაქტიკული პრობლემა გააჩნია. პირველი, კოორდინაციის ჩავარდნის მაგალითების სიმრავლის მიუხედავად, ძნელი არაა წარმოიდგინო, რომ სახელმწიფომ არასწორად აირჩიოს რეგიონი ან ინდუსტრია. რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესებიც შეიძლება შეცდნენ რისკების შეფასებაში, მაგრამ მთავრობის შეცდომის ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას არ აქვს სათანადო გამოცდილება და მისი სტიმულებიც მოკლევადიანი პოლიტიკური ქულებით შემოიფარგლება. მაგრამ საუკეთესო პროექტის შემთხვევაშიც, განხორციელებასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემაა მოსალოდნელი.
განვიხილოთ სვანეთის მაგალითი. სვანეთი არაა ერთადერთი განსავითარებელი რეგიონი საქართველოში. შესაძლებელია არსებობდეს უფრო მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობები, როგორც კერძო, ასევე საჯარო ინვესტორთათვის. ცხადია, სვანეთის არჩევით, მთავრობა სხვა შესაძლებლობებს უგულებელყოფს. მეორე, მთელი პროექტი დაჩქარებული წესით განხორციელდა, პოლიტიკური ქულების სწრაფად მოსაპოვებლად. ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია დაგეგმვისა და განხორციელების შეცდომები, საკუთრების უფლებებთან, ხელუხლებელ ლანდშაფტებსა და გარემოსთან უცერემონიო მოპყრობის ჩათვლით (ამას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ადასტურებენ). მესამე, კოორდინაციის ჩავარდნები ძალდატანებით არ უნდა მოგვარდეს. კერძო ინვესტორები, რომელთაც მონაწილეობას აიძულებდნენ, ხშირად ხოტბას ასხამდნენ ამ „ინვესტიციებს“, ფიზიკურ ინფრასტრუქტურასაც აშენებდნენ, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ იმ აქტივების მართვას, რომელიც მათთვის უინტერესო ბიზნეს პროექტებში ჰქონდათ ჩადებული.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას კოალიციამ „ქართული ოცნება“ უფრო კონსერვატიული ფისკალური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რითიც ფაქტიურად ან გაყინა ან შეამცირა სააკაშვილის წამოწყებული პროექტები, წყალტუბოსა და სვანეთის ჩათვლით. ამ გზით დაზოგილი საჯარო ფინანსების ერთი ნაწილი მიმართულია პერიოდული სოციალური დანახარჯებისაკენ: გაზრდილ პენსიებზე, უფასო საბავშვო ბაღზე, საყოველთაო ჯანდაცვასა და ა.შ. თანდათან გამოჩნდება, რამდენად ეფექტურია პირდაპირ ღარიბებზე მიმართული ახალი სამთავრობო ინიციატივები: ფერმერთა კოოპერატივები და პროფესიული მომზადება-გადამზადება. როგორც ზემოთ განვიხილეთ, ეს არის კეთილი განზრახვებით მოკირწყლული, თუმცა არა მაინცდამაინც სწორი გზა. ფრთხილი დაგეგმვისა და აღსრულების გარეშე აღნიშნული გზა ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს.
Comments