ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მოგზაურობა და ტურიზმი საქართველოში: რიცხვებისა და განმარტებების მიღმა

By Rezo Geradze and Giorgi Bregadze

მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია მომსახურების სახეობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდია მთელ მსოფლიოში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემების  მიხედვით, 2012 წელს  ამ დარგის  პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან მსოფლიო შიდა პროდუქტში (2012 წლის ფასებში)   2.1 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამავე წელს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორმა 101 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყო ხელი. მისი პირდაპირი და გვერდითი ეფექტების მხედველობაში მიღების შემდეგ, WTTC-ს შეფასებით, აღნიშნული სექტორის წვლილი 2012 წლის მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში შემდეგია: მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტის 9%, ერთი ადგილი ყოველი 11 სამუშაო ადგილიდან, 5% მთლიან განხორციელებულ ინვესტიციებსა და 5% მსოფლიოს მთლიან ექსპორტში (მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის გავლენა ეკონომიკაზე 2013 წელს, წლიური განახლება, WTTC).

ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოსთვის, რომელიც, მსგავსად სხვა განვითარებადი ქვეყნებისა, ფიზიკური კაპიტალისა და ტექნიკური გამოცდილების ნაკლებობას განიცდის, მაგრამ დაჯილდოებულია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ორიგინალური ტრადიციებით, ხელუხლებელი ლანდშაფტებითა და სტუმართმოყვარე კულტურით. მართალია ტურიზმი ვერ გამოდგება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ძალად, მაგრამ მას საქართველოსნაირი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგალითად, ამ სექტორს ამჟამად დაბალკვალიფიციურ და დაბალპროდუქტიულ სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე ჭარბი მუშახელის უფრო ეფექტურად დასაქმება შეუძლია.

უკანასკნელ წლებში საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობდა  ტურიზმის სექტორის სტიმულირებას. ამ მოკლე სტატიის მიზანია ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული სხვადასხვა განმარტებებისა და მაჩვენებლების მიმოხილვა და გასაგებ ენაზე ახსნა. ვინ არიან „ტურისტები“ და რა განასხვავებთ მათ „მოგზაურებისა“ და „ვიზიტორებისგან“?  წარმოადგენს თუ არა საზღვრის კვეთის სტატისტიკა ტურიზმის დინამიკის დამაჯერებელ მაჩვენებელს? თუ არა, რა დამატებითი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და რა შეიძლება ვთქვათ ამ მასზე დაყრდნობით?


საერთაშორისო მოგზაურები, ვიზიტორები და ტურისტები

გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მეთოდოლოგიური გზამკვლევების მიხედვით, „მოგზაურობა“ გულისხმობს სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებს შორის გადაადგილებას ნებისმიერი მიზეზითა და ხანგრძლივობით. „ვიზიტორი“ ეს არის მოგზაური, რომელიც სტუმრობს მისი ყოველდღიური გარემოსგან (გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რომელშიც ადამიანი თავის ყოველდღიურ რუტინულ სამუშაოებს ახორციელებს) განსხვავებულ ადგილებს ერთ წელზე ნაკლები ხანგრძლივობით ნებისმიერი (სამუშაო, დასვენების ან სხვა პირადი) მიზნით. UNWTO ვიზიტორებს ყოფს ორ ჯგუფად: „ტურისტებად“ და „ექსკურსანტებად“. ტურისტებად ითვლებიან ვიზიტორების მხოლოდ ის ჯგუფი, რომლებიც ღამეს ათევს მოგზაურობის ადგილზე; დანარჩენები კი „ექსკურსანტებად“ იწოდებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიზიტორები წარმოადგენენ მოგზაურების, ხოლო ტურისტები - ვიზიტორების ქვეჯგუფს. ტერმინებს შორის არსებული ამ განსხვავებების ცოდნა მნიშვნელოვანია ტურიზმის სტატისტიკის გასაანალიზებლად.


საქართველოს შემთხვევა: ორი მეთოდი, განსხვავებული შედეგები

ტურისტული სტატისტიკის შედგენა საქართველოში ორი მეთოდით ხდება. პირველი მათგანი ეფუძნება საზღვრის კვეთის მონაცემებს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გროვდება. ამ მეთოდის მიხედვით, ტურისტი არის მოგზაური რომელიც კვეთს საქართველოს საზღვარს და რჩება ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

ცხრილში მოცემული მონაცემების მიხედვით აშკარაა, რომ საქართველოში 2011 და 2012 წლებში საერთაშორისო მოგზაურების ნაკადი ძალიან სწრაფად გაიზარდა. შემოსული ტურისტების რიცხვი კი, როგორც ჩანს, შედარებით დაბალი ტემპით იზრდებოდა, რამაც საერთაშორისო მოგზაურებში ტურისტების წილი 53%-დან (2010 წელი) 40%-მდე (2012 წელი) შეამცირა.

მეორე მეთოდი ემყარება UNWTO რეკომენდაციას და გამოიყენება საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA) მიერ. ტურისტების რიცხოვნობა ამ შემთხვევაში გამოითვლება საერთაშორისო ტურიზმის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით. ACT რეგულარულად ატარებს 15 წლის და უფროს საერთაშორისო ვიზიტორთა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოკითხვას ქვეყნის დატოვებისას GNTA-ის სპეციალისტების მიერ მომზადებული სპეციალური კითხვარის გამოყენებით. ინტერვიუები ხორციელდება საზღვრის კვეთის ნებისმიერი ტიპის  (სახმელეთო, აეროპორტი, რკინიგზა და პორტი) შემთხვევაში.

კითხვარი საშუალებას იძლევა გამოვარჩიოთ „ვიზიტორები“ „მოგზაურებისგან“ და „ტურისტები“ „ვიზიტორებისგან“. შეკითხვაზე „გაათიეთ თუ არა ღამე საქართველოში უკანასკნელი მოგზაურობის დროს?“ დადებითი პასუხის შემთხვევაში საერთაშორისო ვიზიტორი კვალიფიცირდება ტურისტად. აღნიშნული მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, 2013 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი 2013) ტურისტთა წილმა საერთაშორისო ვიზიტორებში 62.5% (2 536 853) შეადგინა.


იზრდება თუ არა საქართველოში ტურისტების რიცხვი?

არსებული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი ნამდვილად იზრდება. 2013 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა, რაც წინა წლების პოზიტიურ ტენდენციას აგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, გაზრდილია ტურისტთა რიცხვიც, თუმცა GNTA-ის ანალოგიური მაჩვენებლების არარსებობის გამო შსს-ს მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.


საერთო საზღვრების როლი

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია 2013 წლის იანვარი-სექტემბერის მონაცემები ძირითადი ვიზიტორი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორებში ტურისტების წილის შესახებ. მაჩვენებლები ეყრდნობა GNTA-ის გამოკითხვის შედეგებს (სხვა ქვეყნების მონაცემები შერჩევის ზომის შეზღუდულობის გამო არ არის საკმარისად საიმედო). ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს არამოსაზღვრე ქვეყნებიდან შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორებში ტურისტების წილი მაღალია - პოლონეთი (99.3%) და უკრაინა (88.9%), მაშინ როცა ანალოგიური მაჩვენებელი მოსაზღვრე ქვეყნებიდან საკმაოდ დაბალია და მერყეობს 53.4%-დან (თურქეთი) 64,1%-მდე (რუსეთი).

 

არსებული მონაცემების მიღმა არსებული მარტივი სიმართლე არის ის, რომ საქართველოს სახმელეთო გზები, რკინიგზა და საზღვაო პორტი წარმოადგენს ძირითად სატრანსპორტო კორიდორს მის ზღვაზე გასასვლელის არმქონე და პოლიტიკურად და ეკონომიკურად იზოლირებული მეზობლებისთვის.

Rate this blog entry:
0 Comments

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
Saturday, 23 November 2024

Captcha Image

Our Partners