ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საბანკო სესხის ახალი როლი ქართულ რეალობაში — შეჭირვებულ ახლობელთა ზეწოლისგან თავისუფალი დაზოგვის ალტერნატიული საშუალება

ქართულ საოჯახო მეურნეობებს, როგორც წესი, არასოდეს აქვთ საკმარისი დანაზოგი „შავი დღისთვის“. ნიშნავს კი ეს იმას, რომ ქართველები მოუთმენელნი არიან და მომავალზე არ ღელავენ? იქნებ ჩვენსავე გენებში უნდა ვეძიოთ იმის მიზეზი, თუ რატომ ვამჯობინებთ დღევანდელ კვერცხს ხვალინდელ ქათამს? შესაძლოა ჩვენივე ისტორიამ, ისტორიამ პატარა და მუდმივად გადარჩენისთვის მებრძოლი ერისა, გვასწავლა ცხოვრება ისე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელი იყოს?

მოდით ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. კულტურას, რაღა თქმა უნდა, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანთა დაზოგვისადმი დამოკიდებულებაზე (ამ საკითხს სტატიის მეორე ნაწილში დავუბრუნდებით), მაგრამ აშკარაა ისიც, რომ ქართველების უმრავლესობა საკუთარი მცირე შემოსავლით თავის რჩენას ძლივს ახერხებს და მათ შემთხვევაში დანაზოგზე საუბარიც კი ზედმეტია. 2011 წლის დამზოგველი ჩვევების შეფასების კვლევის (Saving Behavior Assessment Survey (SBAS)) მონაცემებით, ყოველი შვიდი ქართველიდან მხოლოდ ერთი (14%) ახერხებს დაზოგვას. ეს კი მაშინ, როცა ყოველი ხუთიდან ორი ბანკის მოვალეა.

უფრო საინტერესოა, რომ ქართველთა იმ მცირერიცხვოვანი ჯგუფის, რომელიც დაზოგვას ახერხებს, მხოლოდ 40% ამჯობინებს დანაზოგის ბანკში შენახვას (SBAS, 2011). ამის ერთი შესაძლო ახსნა ფინანსური ინსტიტუტებისადმი უნდობლობაა. დაახლოებით 20 წლის წინ დაკარგული ანაბრების გამო, ბევრ ქართულ ოჯახს ფულის სახლში შენახვა ან ხელშესახებ აქტივებში დაბანდება ურჩევნია. [კომიკურია, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე არსებული რეკლამა კვლავაც მოუწოდებს ხალხს დანაზოგების დიდი ხნის წინ გაუქმებულ შემნახველ სალაროში შენახვისაკენ.]

თუმცა შეიძლება არსებობდეს სხვა, ქართული საშუალო ფენისთვის დამახასიათებელი კულტურული მიზეზებიც, რაც მათ მიერ ლიკვიდური აქტივების ვადიან დეპოზიტზე ან ნაღდი ფულის სახით შენახვის სურვილსა და შესაძლებლობაზე უარყოფითად მოქმედებს. როგორც ISET-ის ახალგაზრდა თანამშრომლების იმპროვიზირებული და ნაკლებად მეცნიერული გამოკითხვიდან ირკვევა, რიგიანი ხელფასის მიუხედავად, არცერთს გააჩნია არსებითი დანაზოგი. ერთი პრობლემაა სტატუსის სიმბოლოების (მოდური მოწყობილობების, მანქანების, ა.შ.) შესყდვის ცდუნება. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბევრი მათგანის ფინანსური სახსრები უზარმაზარ ზეწოლას განიცდის უახლოესი სოციალური წრის მხრიდან, ანუ იმ ნათესავთა და მეგობართაგან, ვისაც დახმარება სჭირდება. მიზეზები მრავალფეროვანია: გარდაცვალება ან ჯანმრთელობის პრობლემები ოჯახში, მეგობრის ქორწინება ან ბავშვის დაბადება, განათლება ან კაპიტალდაბანდება უმცროსი ძმის ახლადწამოწყებულ ბიზნესში... თუმცა შედეგი ერთი და იგივეა: ჭარბი ფული, ბანკში თუ ლეიბში შენახული, საბოლოოდ მაინც სოციალური გარემოცვისაკენ მიედინება.

ISET-ელი კოლეგების ისტორიები თანხვედრაშია დამზოგველი ჩვევების შეფასების კვლევის (SBAS, 2011) უფრო ობიექტურ შედეგებთან. როგორც ქართული ოჯახები აცხადებენ, რიტუალური (ანუ ქორწილებისა და დაკრძალვების) ხარჯები მთლიანი დანახარჯების მეორე უმსხვილესი (!) კომპონენტია, საკვების შემდეგ. თითქმის ყველა ქართველი მონაწილეობს ამ ტიპის (როგორც წესი, ნათესავებისა და მეგობრებისაგან შემდგარ) ჯგუფურ ურთიერთგაცვლაში, რისი წყალობითაც „აგროვებს“ იმას, რასაც დღესდღეობით „სოციალურ კაპიტალს“ უწოდებენ. როგორც ნინო დოღონაძის ერთ-ერთ ადრინდელ ბლოგშია განხილული, ამგვარი ინვესტიცია სოციალურ კაპიტალში შეიძლება საზოგადოებრივი დაზღვევის იმ პრიმიტიულ ფორმადაც კი მივიჩნიოთ, რომელიც ადამიანებს საპენსიო ასაკის, უუნარობისა და უბედური შემთხვევებისაგან თავის დაზღვევაში ეხმარება.

სოციალური კავშირების სიძლიერე, რომელიც შესაძლოა ამავე დროს დაზოგვისა და დაზღვევის ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავების სტიმულს ახშობდეს კიდეც, შეიძლება გავიგოთ, როგორც რაციონალური საპასუხო რეაქცია დიდი ხნის განმავლობაში უფრო „ცივილური“, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი რიგიანი სოციალური უსაფრთხოების ქსელის არარსებობაზე. ასე რომ, ქართველები არც ისე ახლომხედველები არიან, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. უბრალოდ, ნაცვლად იმისა, რომ დანაზოგები პოტენციურად არასანდო ბანკებში შეინახონ, ისინი სოციალურ კაპიტალსა და კავშირებში დაბანდებას ამჯობინებენ.

ბუნებრივია, საშუალო ფენის ყველა წარმომადგენელი ვერ იქნება კმაყოფილი საკუთარი დანაზოგის მთლიანად სოციალურ კაპიტალში დაბანდებით. ამჟამინდელი სიმდიდრის მომავალში გადატანის ალტერნატიული გზებს წარმოადგენს ინვესტირება სხვა ტიპის კაპიტალში, ფიზიკურსა თუ ადამიანურში. პირველ შემთხვევაში, ყიდულობ შენობას ან მოწყობილობას, რომელიც მომავალში გაზრდილი პროდუქტულობით გაზრდის შენს შემოსავალს. მეორე შემთხვევაში კი, დანაზოგს საკუთარ ან შვილის განათლებაში აბანდებ და მომავალში „სწავლის მწარე ძირის“ ნაყოფს იმკი. მაშინ, როცა პირველი შემთხვევა საქართველოს ეროვნულ ანგარიშებში ინვესტიციად ითვლება, მეორე (ინვესტირება განათლებაში) მოხმარების კატეგორიაში შედის. მსოფლიო ბანკის ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის (ივლისი, 2013) თანახმად, საქართველოს დანაზოგები განათლების საკმაოდ მნიშვნელოვან ხარჯებსაც რომ ითვალისწინებდეს, აღნიშნული მაჩვენებელი 2%-ით გაიზრდებოდა.

გარდა ამისა, ხარჯვისა (ძირითადად, სტატუსის სიმბოლოებზე) და ახლობლების ფინანსური მხარდაჭერისადმი მიდრეკილებასთან გამკლავების სურვილმა დაზოგვის არატრადიციულ და საკმაოდ ხარჯიან ფორმებს მისცა დასაბამი. ეს არ არის რაღაც, რაც მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ჟურნალ The Economist-ის ბოლოდროინდელი სტატია მოგვითხრობს, თუ როგორ იყენებს ჩრდილოეთ ინდოეთის სოფლის მოსახლეობა ძროხებს დაზოგვის საშუალებად:

„სანტოშ ანაგოლის (პენსილვანიის უნივერსიტეტი), ელვინ ეტანგისა და დინ კარლანის (იელის უნივერსიტეტი) ახალი კვლევის თანახმად, ჩრდილო-ინდოელი გლეხები ძროხებს მიოპიური ხარჯებისათვის თავის ასარიდებლად ყიდულობენ. ინდოეთში სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს აქვს წვდომა საბანკო მომსახურებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ბევრი მათგანი ფულს სახლში ინახავს, სადაც ასე ადვილია, აჰყვე ცდუნებას და დახარჯო. როგორც ავტორები აცხადებენ, ძროხის შეძენა, რაც მარტივადაა შესაძლებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფულის შენახვის კარგი საშუალებაა. შესაძლოა იმ გლეხებმაც კი, ვისაც ხელი საბანკო მომსახურებაზე მიუწვდებათ, ანაბარს პირუტყვში ინვესტირება არჩიონ, რადგან ეს უკანასკნელი ფრიად არალიკვიდური აქტივია. ამ მხრივ, ძროხებს ეკონომისტებთან შედარებით უკეთ გამოსდით მეპატრონეთა დარწმუნება იმაში, რომ უფრო დიდი ხნით დაზოგონ.“

თავისუფლად შესაძლებელია, ძროხებმა (ან ყველმა) მსგავსი ფუნქცია შეასრულოს ქართულ სოფლებშიც. პრინციპში, ასრულებს კიდეც! თუმცა, როცა მზარდ ურბანულ საშუალო ფენაზეა საუბარი, დაზოგვის უფრო პოპულარული სტრატეგიაა ... სესხება.

მართლაც, კომერციული ბანკებიდან სესხის აღება (თანაც მეტისმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთით) უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩასადებად (ახალი სახლის შესაძენად თუ ძველის გასარემონტებლად) საკმაოდ ხარჯიანი, მაგრამ უსაფრთხო სტრატეგიაა როგორც მიოპიური ხარჯვის სურვილის დასაძლევად, ასევე ახლობელთათვის ფინანსური მხარდაჭერის თხოვნაზე დამაჯერებელი უარის სათქმელად. ასე არც ვინმეს გრძნობებს შეურაცხყოფ და საკუთარ სინდისთანაც მართალი ხარ.

უზრუნველყოფილი სესხი უკიდურესი ზომაა, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს იმისათვის, რომ საკუთარ თავს რეგულარულად დაზოგვა აიძულოს. მიმდინარე სარგებლის განაკვეთის პირობებში ეს სტრატეგია საკმაოდ ხარჯიანია, მაგრამ მაინც მუშაობს. სესხის აღებით ადამიანები საკუთარ თავს დაახლოებით ისეთი გზით აიძულებენ დაზოგვას, როგორც წონის დაკლებას მაცივრის ჩაკეტვით (თუ ამის შესახებ აქამდე არ გსმენიათ, მაცივრის ვირტუალურ ჩამკეტს შეუძლია თქვენს მეგობრებსაც კი აცნობოს იმის შესახებ, რომ მაცივარი შუაღამისას გამოაღეთ).ნკო სესხები, როგორც წესი, რეგულარული შემოსავლის და/ან კარგი გირაოს პირობით გაიცემა. ამის გამო კი, ღარიბებთა დაზოგვის სტრატეგიებს შორის მხოლოდ პირუტყვი და ყველიღა რჩება. თუმცაღა,  აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსური მხარდაჭერისთვის ბანკებზე და არა ახლობლებზე დამოკიდებულების ტენდენცია მზარდია. დამზოგველი ჩვევების შეფასების კვლევის (SBAS, 2011) მიხედვით, ქართველების 73%-ს არ უყვარს ვალი და ამის გამო, ახლობლებისგან სესხებას ერიდება. მეგობრების რესტორანში ქეიფისთვის გადახდის ტრადიციაც, რომელიც ასე პოპულარული იყო წარსულში, თანდათან დავიწყებას ეძლევა.

* * *

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სესხების ასე ძვირი სტრატეგია ინდივიდთათვის დაზოგვის კარგი მოტივაცია იყოს, ამგვარი „დანაზოგები“ ვერ ასრულებს კერძო ინვესტიციების დაფინანსების ადგილობრივი წყაროს მთავარ ფუნქციას. არც სოციალური კავშირები წარმოადგენს დაზღვევისა და ფინანსური შუამავლობის საუკეთესო გზას XXI საუკუნეში. ამის გათვალისწინებით, სწორედ სოციალური კავშირებისა და მასთან დაკავშირებული დაზოგვის არატრადიციული გზების გააზრება უნდა დაედოს საფუძვლად სოცუზრუნველყოფის, პენსიების, განათლების, ჯანდაცვისა და საბანკო სექტორის სწორი, ეფექტური და ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებას.

Rate this blog entry:
0 Comments

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
Saturday, 23 November 2024

Captcha Image

Our Partners