“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ ეს არის საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომლითაც მან 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე გამოხატა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისაკენ. მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლის, „მე მაქვს ოცნება“ მსგავსად, ჟვანიას ეს დრამატული გამოთქმა შეიცავდა ორ სურვილს: 1. გავმხდარიყავით ევროპული ოჯახის წევრები; 2. თავი დაგვეღწია რუსეთის გავლენის სფეროსთვის, როგორც პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ასევე კულტურულს, რაც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დომინირებდა საქართველოში.
2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირი გეგმავს ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთან, და ამით მოაპირკეთოს უფრო მჭიდრო პოლიტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებას თან ახლავს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების დოკუმენტი (DCFTA), რომელიც საქართველოს ავალდებულებს არც თუ მარტივი ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეფორმების გატარებას ევროპის ბაზრის უფრო ფართოდ (და არა სრულად) გასახსნელად.
ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი განხილვაც კი ძალიან მწირია, არამცთუ სიღრმისეული კვლევა DCFTA-ს ხარჯისა და სარგებლის ანალიზის შესახებ. ეს უყურადღებობა განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ არჩევანის ფორმულირებით: 1. გავხდეთ ევროპული საზოგადოების ამაყი წევრები თუ 2. დავბრუნდეთ საბჭოთა კავშირში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არჩევანი არ არსებობს.
ასეთი მიდგომა არასწორია.
პოლიტიკურისგან განსხვავებით, ეკონომიკურად საქართველოს არჩევანი არ დგას ევრაზიულ (საბჭოთა) და ევროპულ კავშირებს შორის. რეალურად, არჩევანი ასეთია: 1.შევუერთდეთ ერთ სავაჭრო კავშირს თუ მეორეს ან 2.დავრჩეთ მოქიშპე ბლოკების გარეთ და მოვახდინოთ ვაჭრობის ლიბერალიზაცია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან (ამჟამად ესენი არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და რუსეთი). თუ პირველ ვარიანტს ავირჩევთ, ეს უნდა მოხდეს შიდა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების, ფრთხილი ანალიზისა და დისკუსების საფუძველზე და არა ასე ნაუცბადევად, პოლიტიკური მიზეზების გამო.
DCFTA-ს ეკონომიკური სარგებელი გაურკვეველია
ტარიფები. საქართველო უკვე სარგებლობს დაბალი სატარიფო ბარიერებით ევროპასთან პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP+) წყალობით. შესაბამისად, საქართველოსთვის ტარიფების 75% განულებულია. თუმცა, საქართველოს უნარი გამოიყენოს GSP+, ძალზედ შეზღუდულია. 2013 წელს, ევროპაში ექსპორტმა 608 მილიონი დოლარი (მთლიანი ექსპორტის 21%) შეადგინა, საიდანაც მხოლოდ 231 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტმა ისარგებლა GSP+ პირობებით. ამათგან, თხილმა შეადგინა 60%, ხოლო GSP+ პირობებით მოსარგებლე სხვა პროდუქტები იყო სასუქი, ფეროშენადნობები და ვაშლის კონცენტრატი.
DCFTA ტარიფებს გააუქმებს 100%-ით ყველა პროდუქტზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჩათვლით, რომელიც საქართველოს ძირითად საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს; მაგალითად: ღვინო, ყველი, ცოცხალი ცხოველები, ცხვარი, თხის ხორცი, იოგურტი, შოკოლადი, ცხოველის ტყავი და ბამბა (რაც არ იფარებოდა GSP+ ხელშეკრულებით), კენკრა, ხილი და ბოსტნეული (მათ შორის დაკონსერვებული და დამუშავებული) და ხილის წვენები (რომლებიც ნაწილობრივი შეღავათებით სარგებლობდნენ GSP+ პირობებით).
ერთის მხრივ, ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა, თუმცა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ქართული პროდუქცია შეძლებს ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ ბაზარზე, რომ საქართველომ მოახერხოს ევროპასთან ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით არსებითი სარგებლის მიღება. (რამდენადაც ქართველი მწარმოებლები მზად იქნებიან მიზანმიმართულ მარკეტინგსა და ბრენდირებაში ჩადონ ინვესტიციები მიზნის მისაღწევად).
საკითხავია, რამდენად შეძლებენ ქართველი მწარმოებლების ამას. მაგალითად, საქართველოს მერძევეობის სექტორი რომ განვიხილოთ - საქართველოს არ გააჩნია საკმარისი რძე, რომ საკუთარ წარმოებას მიაწოდოს - ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი რაოდენობის რძისა და იოგურტის გატანას შეძლებს ექსპორტზე (ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში). მეორეს მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციული ქართული პროდუქტები, ღვინო, მინერალური წყლები და ჩაი, კარგად დამკვიდრებული ბრენდებია ყოფილ საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში, ქართველ მწარმოებლებს სხვა ბაზრის ძებნის სუსტი სტიმულები აქვთ.
2013 წელს, რუსეთის ბაზრის გახსნამ ძლიერ გაზარდა წარმოების მოცულობა (ახალი ვენახები ამ წუთებშიც ირგვება) და ღვინის 60% გადის რუსეთში და ევრაზიული კავშირის (პოტენციურ) წევრ ქვეყნებში როგორიცაა ბელორუსია, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. 2014 წლის პირველ ოთხ თვეში, ღვინის ექსპორტმა ევრაზიაში 79% შეადგინა, ძირითადი შემზღუდველი ფაქტორი საქართველოს წარმოების მოცულობა გახლდათ.
ეს არ არის გასაკვირი, რადგან ევრაზია არის ტრადიციული ბაზარი ქართული ღვინისა და ბევრი სხვა პროდუქტისათვის, როგორებიცაა: ჩაი, მინერალური წყლები, მწვანილი, ხილი და ბოსტნეული.. რუსეთის მხრიდან აკრძალვების მოხსნის შემდეგ, ამ სექტორებში გაშმაგებულად მოედინება ინვესტიციები, რომლებიც ნაწილობრივ, ევრაზიაში არსებული ძლიერი ქართული დიასპორის მიერ ფინანსდება. ბორჯომის შეძენა რუსული ალფა ჯგუფის მიერ მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.
თითქოს ევროკავშირს ეჯიბრებაო, რუსეთი აგრძელებს თავისი ბაზრის გახსნას ქართული ექსპორტისთვის. 2013 წლის ივნისში, მან მოხსნა შეზღუდვები „დაბალი ფიტოსანიტარული რისკის“ პროდუქტებზე (როგორიცაა ჩაი, დაფნა, გამხმარი ხილი, თხილი, ციტრუსი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი და ა.შ.). მაღალი რისკის პროდუქტები (გარეცხილი და დაფასოებული კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, კივი და კენკრა) კი ბაზარზე სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, 2014 წლის 26 მაისს დაიშვა.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო „საინტერესო“ იქნება თუ შესაძლებელი გახდა პოლიტიკური შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის შესახებ. თუ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირი აღდგება, სავაჭრო და ტურისტული კავშირები რუსეთთან და ევრაზიასთან სხვა ფაზაში გადავა.
ინვესტიციები. საქართველოს ევროპაში ექსპორტის გაზრდის პოტენციალი შეზღუდულია მოკლევადიან პერიოდში, თუმცა, შეიძლება ვიდაოთ რომ DCFTA-ს აქვს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ახალი პროდუქტების კატეგორიაში. გარკვეულწილად, ეს უკვე ხდება GSP+ ხელშეკრულების ფარგლებში. მაგალითად, თხილის წარმოებასა და დამუშავებაში იდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები 2007 წლიდან მოყოლებული (ასეთი ტიპის ინვესტიციებს შორის ყველაზე დიდია ფერეროს ინვესტიციები 3,500 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაციებში).
უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციების კაპიტალ ინტენსიურ სექტორებში ჩადებას ორი შეზღუდვა უდგას წინ. პირველი, საქართველოდან ევროპაში ექსპორტი დაექვემდებარება მკაცრ„წარმოშობის წესებს“, რაც ზღუდავს წარმოებაში იმ ნედლეულის გამოყენებას, რომელიც საქართველოში (ან სხვა FTA ქვეყანაში) არ არის ნაწარმოები. თუმცა, ამით, სწორედ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არმქონე ქვეყნებს, აზერბაიჯანს, ირანს, ჩინეთს, ექნებოდათ საქართველოში ინვესტირების სტიმული (რათა საქართველოგამოეყენებინათ ევროპულ ბაზარზე გასასვლელ პლაცდარმად). საწარმოო რესურსების შეზღუდვა ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც ინვესტიციების შემოდინების ყველაზე დიდი ალბათობაა, გადაუჭრელ თავსატეხს ჰგავს.
მეორე, საქართველოში არ არის მაღალი ხარისხის ( დახელოვნებული და დისციპლინირებული) სამუშაო ძალა, რაც საჭიროა თანამედროვე სოფლის მეურნეობის და მრეწველობის სფეროებში ინვესტიციების განსახორციელებლად. ბედის ირონიით (ან ტრაგიკულად), საქართველოს ბოლო დროინდელი კანონმდებლობა სპეციალურად ცდილობს შეაჩეროს უცხოელი მუშების და ინვესტორების შემოსვლა ქვეყანაში (მორატორიუმი მიწაზე, რომელიც კრძალავს უცხოელების მიერ მიწის შეძენას, ვიზების შემოღება და გაცემული ვიზების გახანგრძლივების შეჩერება, 90+90 წესები ყველა ვიზიტორისთვის, და ა.შ.)
DCFTA-ს ხარჯი უმნიშვნელო არ არის
ფართო საზოგადოებამ არ იცის, რომ „სტანდარტები“ რაც თან ახლავს DCFTA შეთანხმებას ეხება არა იმ პროდუქციას, რომელიც იწარმოება საქართველოში, არამედ იმას, რაც იყიდება საქართველოში, მესამე ქვეყნიდან იმპორტირებული საქონლის ჩათვლით. ეს გაზრდის სამომხმარებლო ფასებს სოფლის მეურნეობის ბევრ პროდუქტზე, მაგალითად ხორცისა და რძის პროდუქტებზე. საქმე ისაა, რომ DCFTA ემსახურება ევროკავშირის ექსპორტის ხელშეწყობას DCFTA ქვეყნებში. ეს არ არის საქველმოქმედო კამპანია, ესაა ევროპული კომპანიების ბიზნეს ინტერესები. ქართულ კომპანიებს, რომელთაც სურთ ევროპაში ექსპორტი, ეს დღესაც შეუძლიათ GSP+ ხელშეკრულებით ან მის გარეშე. მართალია, მათ ინდივიდუალურად უნდა მოახდინონ თავიანთი პროდუქციის სერტიფიცირება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ბედის ირონიით, ქართული კომპანიების პროდუქცია რაც რუსეთში და ევრაზიის სხვა ქვეყნებში გადის, არ ექვემდებარება ევროკავშირის სტანდარტებს.
ბოლოს, არსებობს დროითი განზომილება და DCFTA-ს გაწერილი შესასრულებელი პუნქტები - საქართველოს მთავრობას შეუძლია მოლაპარაკება სხვადასხვა დროით ჰორიზონტზე DCFTA-ს სხვადასხვა რეგულაციების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვოტებსა და ფასებზე კონკრეტული პროდუქტებისთვის. თუმცა საკითხავია, შესწევს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას იმის უნარი, რომ კარგად გაანალიზოს სხვადასხვა რეგულაციების ეკონომიკური შედეგები და საქართველოსთვის მაქსიმალურად სასარგებლო გარიგება წარმართოს.
დასკვნა
ზემოთ მოყვანილი ანალიზის მიხედვით, DCFTA ძალიან რთული შედგენილი ნაკრებია, მეტნაკლებად ცხადი ხარჯებით და ძალიან გაურკვეველი სარგებლით. ბედის ირონიით, პოტენციური ხარჯისა და სარგებლის ანალიზი, რომელიც ხელმისაწვდომია ქართველი პოლიტიკოსებისთვის, გაკეთდა ევროკავშირის დაკვეთით, ევროპული კვლევითი კომპანიების მიერ, რომლებიც საქართველოში არ არიან წარმოდგენილები და შესაბამისად, არ იცნობენ ადგილობრივი ეკონომიკის სპეციფიკას. მათ ანალიზში გამოყენებული მოდელი „შავი ყუთს“ წარმოადგენდა, ე.წ. თაროზე შემოდებული მზა პროდუქტს, რომელიც ნამდვილად არ ითვალისწინებდა ორ ცეცხლ შუა მოქცეული საქართველოს უნიკალურ პოზიციას.
რა თქმა უნდა, საქართველო ხელს მოაწერს DCFTA-ს და EU გაუწევს მას ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას რათა კომპენსირება მოახდინოს ზოგიერთი დაკავშირებული ხარჯის. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველომ იჩქარა ამ შეთანხმების მიღება,შედეგების ფრთხილად გაანალიზების გარეშე. ყველაზე დიდი გაურკვევლობაა 27 ივნისის მერე რუსეთის მომდევნო ნაბიჯი ამ დიდ თამაშში. საქართველოს რა თქმა უნდა არ უნდა სრულად დამოკიდებული იყოს რუსეთსა და ევრაზიაში ექსპორტზე. პირდაპირი პასუხისგან თავის არიდება არის ერთადერთი სწორი სტრატეგია, როდესაც საქმე ეხება მოსალოდნელ იზოლაციას ევრაზიული ბაზრიდან პოლიტიკური მიზეზების გამო. ამავე დროს, რუსეთი სამაგიეროს აუცილებლად გადაგვიხდის კონკურენტ სავაჭრო ბლოკში გაწევრიანების გამო და შეიძლება არ ღირდეს გარისკვა.
პოლიტიკური მიზეზების გამო, საქართველოს შეიძლება უნდოდეს იყოს ევროპის წევრი, როგორც ეს ზურაბ ჟვანიამ თქვა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეროვნული ეკონომიკური ინტერესების სიღრმისეულად განხილვის და გათვალისწინების გარეშე, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადება, შეიძლება ცუდად მოგვიბრუნდეს. ფაქტმა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას და DCFTA-ს სარგებელზე მეტი ხარჯი აქვს, შეიძლება გამოიწვიოს ევრაზიის შურისძიებით დაბრუნება, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.
Comments