ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სოფლის მოსახლეობის დასაქმება აგრარულ სექტორში შრომის ნაყოფიერების ზრდის პარალელურად

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობის გაზრდის უამრავი შესაძლო გზა არსებობს. ცოდნის ამაღლება, ტექნოლოგიების გამოყენება, ფერმერებს შორის თანამშრომლობა და მიწის ფრაგმენტულობის პრობლემის დაძლევა მხოლოდ რამოდენიმეა იმ ექსპერტულ მოსაზრებათა შორის, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დებატებში გაჟღერდა. სწორ პოლიტიკას მართლაც შეუძლია პროდუქტიულობის გაზრდა, მაგრამ ამ უკანასკნელს, როგორც წესი, არასასურველი შედეგიც ახლავს თან,  სოფლად კიდევ უფრო მაღალი უმუშევრობის სახით. კერძოდ, ამჟამად არასრულად დასაქმებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის არმქონე გლეხებს საარსებო შემოსავლის დაკარგვის რისკის ქვეშ აყენებს.


პროდუქტიულობის ზღვარს მიღმა

პროდუქტიულობის გაზრდა ნიშნავს, რომ წარმოებული პროდუქტი ერთ მუშაკზე გათვლით იზრდება. თუ აღნიშნულის შედეგად დასაქმება შენარჩუნებული იქნება იმავე დონეზე, მთლიანი წარმოებაც იმავე ტემპით გაიზრდება. მაგალითად, თუ პროდუქტიულობა  5%-ით გაიზრდება და  იმავე წელს ეკონომიკური ზრდა 5% იქნება, ეს უმუშევრობის დონეზე გავლენას არ იქონიებს. მეორეს მხრივ, თუ პროდუქტიულობა 10%-ით გაიზარდა, ხოლო ეკონომიკა მხოლოდ 5%-ით, ამ შემთხვევაში უფრო მაღალ უმუშევრობას მივიღებთ.

ცნობილია, რომ პროდუქტიულობის მაჩვენებელი საქართველოს სოფლის მეურნეობაში განუზომლად დაბალია. სოფლად მცხოვრები დაახლოებით ორი ქართველი იგივე ღირებულების პროდუქტს ქმნის, რამდენსაც ერთი ლატვიელი; ოთხი ქართველი იმდენივეს — რამდენსაც ერთი ესტონელი და მთელი ექვსკაციანი ოჯახი საქართველოში სოფლად — მხოლოდ  ერთი ბულგარელის ოდენ ეკონომიკურ დოვლათს. თანამედროვე დასავლურ ეკონომიკებთან შედარებით, ციფრები კიდევ უფრო თვალშისაცემია: სოფლად მცხოვრები 30 ქართველი იგივე ღირებულების პროდუქტს ქმნის, რამდენსაც ერთი ფრანგი სოფლის მეურნეობის მუშაკი.

ეს ნიშნავს, რომ არსებობს პროდუქტიულობის ზრდის მრავალი შესაძლებლობა, ალბათ უფრო მეტიც, ვიდრე მთლიანი წარმოების ზრდის პოტენციალია. უდავოა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა არ დარჩება არსებულ დონეზე დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა მეორეს მხრივ, მთლიანი წარმოებული პროდუქტის რაოდენობის ზრდის ტენდენცია ნაკლებად ნათელია, რადგან ის შეზღუდულია სოფლის მეურნეობის პროდუქტზე გლობალური და შიდა მოთხოვნით. მოთხოვნას კი განაპირობებს მრავალი ფაქტორი, რომელთა უმრავლესობასაც საქართველო ვერ აკონტროლებს.

როდესაც სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესი რთულდება და უფრო კაპიტალინტენსიური ხდება, პირველი, ვინც გამოეთიშება წარმოებას არის ის, ვინც ისედაც მხოლოდ ნაწილობრივ მონაწილეობდა ამ პროცესში. ამ ტიპის გლეხებისათვის ყველაზე ძნელი იქნება გაზრდილი პროდუქტიულობის მოთხოვნებს უპასუხონ. ეს ადამიანები არიან "პროდუქტიულობის ზღვარზე" - ისინი უბრალოდ თავიანთი მინიმალური პროდუქტიულობით ირჩენენ თავს. სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების გაზრდის  შემთხვევაში, ისინი ზღვარს მიღმა აღმოჩნდებიან. საქართველოში გლეხების უმრავლესობა ამ ტიპს მიეკუთვნება და შესაბამისად, მათმა სიმრავლემ შეიძლება დიდი სოციალური პრობლემებიც კი გამოიწვიოს.


მგრძნობიარობის ანალიზი

მარტივი ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით, საქართველოს ყველა რეგიონში ჩვენ შევაფასეთ იმ მოსახლეობის წილი, რომლებიც დაკარგავენ თავიანთ არაპროდუქტიულ საქმიანობას (სამსახურს), თუკი პროდუქტიულობის დონე გაიზრდება სომხეთის ან ლიტვის დონეზე.

დარწმუნებით არავინ იცის, როგორ განვითარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მომავალში, რადგან ის შეზღუდულია გარე ფაქტორებით. გლობალიზებულ ბაზარზე მოსავლის ჩავარდნამ სამხრეთ ამერიკაში შეიძლება შეცვალოს იმერეთის ფერმების მიერ წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნა. ძალიან პესიმისტები ვიქნებით, თუ ვივარაუდებთ, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორის წარმოებაზე, თუმცა სანდო შეფასების გაკეთება ძნელია. ამიტომ შესაფასებლად ვირჩევთ სხვა მეთოდს. იმის ნაცვლად, რომ განვიხილოთ იმ გლეხთა რაოდენობა, რომლებიც საჭიროა გარკვეული რაოდენობის პროდუქტის საწარმოებლად, ჩვენ განვიხილავთ იმ მუშახელის რაოდენობას, რომელიც საჭიროა ერთი ჰექტარი სახნავი მიწის დასამუშავებლად. წარმოებული პროდუქტის რაოდენობა არის ცვალებადი, ხოლო სახნავი მიწების რაოდენობის რადიკალურად შეცვლა ნაკლებად მოსალოდნელია მომავალში.

სხვადასხვა წყაროების საჯაროდ ცნობილ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოვთვალეთ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სოფლად დამატებით დარჩებიან უმუშევრები, თუკი  მუშახელის რაოდენობა ერთ ჰექტარ სახნავ მიწაზე შეიცვლება ისე, როგორც მაგალითად სომხეთსა და ლიტვაში. შედეგები მოცემულია ცხრილში.

როგორც შედეგებიდან ჩანს, პროდუქტიულობის ზრდა იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში მოსახლეობაზე მნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება. იმერეთში უმუშევართა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასით გაიზრდება (მთლიანი დამატებითი უმუშევრობის 38%), თუ მოვლენები პირველი სცენარით განვითარდება და 192 ათასით (30.9%) — მეორე სცენარის პირობებში.  კახეთი ნაკლებად დაზარალდება, რადგან აქ ერთ ჰექტარზე გლეხთა რაოდენობა ისედაც მცირეა სხვა რეგიონებთან შედარებით. ჯამში, დაახლოებით 278 ათასი ადამიანი არის შემოსავლის წყაროს დაკარგვის რისკის ქვეშ  პირველი სცენარის მიხედვით, ხოლო დაახლოებით ორი ამდენი დარჩება უმუშევარი ლიტვის სცენარის პირობებში.  ეს რიცხვები მიღებულია უხეში გამოთვლებით და არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც  ზუსტი ეკონომიკური შეფასება, თუმცა კარგი მინიშნებაა იმისთვის, თუ რომელი რეგიონი უფრო მგრძნობიარეა მომავალში სოფლის მეურნეობის სექტორში პროდუქტიულობის ზრდის მიმართ.


საპასუხო პოლიტიკა

რა ელით მათ ვინც ვერ შეინარჩუნებს პოზიციებს სოფლის მეურნეობაში? ალბათ ის, რაც ევროპაში ინდუსტრიალიზაციის პერიოდში გამოიწვია სოფლად პროდუქტიულობის მნიშვნელოვანმა ზრდამ. იგივე ტენდენცია შეინიშნება დღესდღეობით მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, ამის პირდაპირი შედეგი კი ქალაქისკენ მიგრაციაა. ანუ მაგალითად, თუ იმერეთში წვრილი გლეხების ადგილი სოფლის მეურნეობაში აღარ იქნება, მაშინ ისინი ძალებს თბილისში მოსინჯავენ.

უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიკავებს თავს თბილისში წასვლისგან, თუ მათ საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ალტერნატიულ სამუშაო ადგილებზე რეგიონებშივე. ამიტომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდის პარალელურად. ეს არ არის შეუძლებელი, მაგრამ, როგორც ვიცით, სამწუხაროდ, მთავრობის შესაძლებლობები ეკონომიკის წასახალისებლად შეზღუდულია.

ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს არაპროდუქტიული ხალხის გადამზადება, რომელთაც სხვა ადგილებზე დასაქმების შესაძლებლობა გაუჩნდებათ. თუმცა ეს რთული იქნება უფროსი ასაკის ხალხისთვის. 35 წელზე უფროსი ადამიანისათვის რთულია ახალი ხელობის დაუფლება. მაშინაც კი თუ ის გაივლის ტრენინგებს და შეიძენს ახალ სპეციალობას, დამსაქმებლები მაინც უპირატესობას ახალგაზრდებს მიანიჭებენ. ამის გარდა, ტრენინგები ვერ დაეხმარება საზოგადოებას, თუ არ იქნება დასაქმების შესაძლებლობა. მრეწველობას, ტურიზმსა და დამამუშავებელ მრეწველობას აქვს პოტენციალი დაასაქმოს სოფლის მეურნეობაში გამოთავისუფლებული მუშახელი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია შეიქმნას საკმარისი ადგილები ამ ინდუსტრიებში.

ჩვენი გადმოსახედიდან, საუკეთესო პასუხი იქნებოდა შრომატევადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სექტორზე კონცენტრირება. ეს სექტორი (თავისი მახასიათებლების გათვალისწინებით) საკმაოდ მომგებიანია (ამის ნაწილი კი შეიძლება საზოგადოებამ გადასახადების გზით მიიღოს).

საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ის ფაქტი, რომ ბაზარზე შეთავაზებული პროდუქტი საკმაოდ არაერთგვაროვანია, ფირმებს რაღაც დონეზე საბაზრო ძალაუფლებას ანუ საკუთარი ფასების დააწესების საშუალებას ანიჭებს. ადამიანს შეუძლია იყიდოს მრავალი სახეობის ავტომობილი, მაგრამ როლს როისის ყიდვა შესაძლებელია ერთადერთი მწარმოებლისგან. რადგან ხალხი აღიქვამს როლს როისს სხვა ავტომობილებისგან განსხვავებულად, რაც იმას ნიშნავს, რომ როლს როისი და სხვა ავტომობილები არ არიან სრულყოფილი შემცვლელები. ეს ფაქტი როლს როისს აქცევს თავისი ავტომობილის წარმოებაში მონოპოლისტად. ეს კი ქმნის მაღალი მოგების შესაძლებლობას.

ქვეყანას ასევე შეუძლია იხეიროს ისეთი პროდუქტის წარმოებით, რომელიც განსხვავებული იქნება მსოფლიოს სხვა ნაწილებში წარმოებული პროდუქტისგან. კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, როგორიცაა თუთა და მოცვი აგრარულ როლს როისებად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ პროდუქტებზე მოთხოვნა შედარებით დაბალი, მაგრამ სტაბილურია და ბაზარზეც მხოლოდ რამდენიმე კონკურენტი არსებობს. მისი წარმოება ნაკლებად მექანიზებულია და სხვა აგრარული პროდუქტებისგან განსხვავებით, შრომატევადიცაა.

დასავლეთ საქართველო ამ სტრატეგიის გამოყენებით გახდა თხილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელი. მსგავსი ნიშების გამოვლენა და სუბსიდიების ამ სექტორებისკენ მიმართვა აანაზღაურებდა პროდუქტიულობის ზრდის უარყოფით გვერდით ეფექტებს.

Rate this blog entry:
0 Comments

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
Saturday, 23 November 2024

Captcha Image

Our Partners