ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ცარიელი მუცლების მორალი

ბერტოლდ ბრეხტის ,,სამგროშიანი ოპერის” მეორე მოქმედების ბოლოს, ბურჟუაზიის წარმომადგენლების მოწოდებაზე დაეცვათ მორალური სტანდარტები, პროლეტარი წვრილმანი კრიმინალი მაქჰითი და მეძავი ჯენი პასუხობენ: „ჯერ მაძღარი მუცელი და შემდეგ ეთიკა!“ ეს ნათქვამი კარგად გამოხატავს სადავო მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეთიკა მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანების პრივილეგიაა. განა შეიძლება მოვითხოვოთ წესიერება და კეთილშობილება ადამიანისგან, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის? ომებისა და კატასტროფების დროსაც ხომ ხშირად ხდებოდა ადამიანების საქციელი ეგოისტური, პრიმიტიული და მხეცური.

ამ მოსაზრებას ეკონომიკურ აზროვნებაში ჰყავს ტყუპისცალი, რომელიც ასე ჟღერს: ქვეყანა ჯერ უნდა გამდიდრდეს იმისათვის, რომშემდეგ შეძლოს უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება, გარემოსა და მოქალაქეების დაცვა. ამერიკელი ეკონომისტების (Michael Greenstone, John A. List, and Chad Syverson.“The Effects of Environmental Regulation on the Competitiveness of U.S. Manufacturing.” MIT CEEPR Working Paper. 2012-13) შეფასებით,1972-1993 წლებში გარემოსდაცვითი რეგულაციებით გამოწვეულმა საშუალო წლიურმა დანაკარგმა მრეწველობის სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის 8.8% შეადგინა. თუკი გარემოს დაცვა ასე ძვირი ჯდება, უნდა იფიქროს კი საქართველოსნაირმა ქვეყანამ „ეთიკურობაზე“, ეკონომიკაზე ეკოლოგიური, სოციალური და სხვა შეზღუდვების დაწესების თვალსაზრისით?

2012 წლის შემდეგ საქართველოში გამძაფრდა დაპირისპირება ეკონომიკურსა და მორალურს შორის. იმატა საზოგადოებრივმა საპროტესტო გამოსვლებმა პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით და ასევე სხვადასხვა ეკონომიკური პროექტების საწინააღმდეგოდ. სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ კაზრეთის ოქროს საბადოს მუშები, თბილისისა და ბათუმის ავტობუსების მძღოლები, მეხანძრეები...უბრალო მოქალაქეები აპროტესტებდნენ ხუდონჰესის აშენებას, საყდრისის საბადოს დანგრევას და მრავალ სხვას. აქვე უნდა ვახსენოთ „პარტიზანული მებაღეობის“ სამაგალითო პროტესტი ვაკის პარკში სასტუმროს აშენების წინააღმდეგაც.

ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ინტერესები არ ეწინააღმდეგება ხალხის მისწრაფებას იცხოვროს საზოგადოებაში, სადაც დაცულია სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პირობები, სუფთა ჰაერი, პარკები და კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ ვთვლით, რომ უმეტეს შემთხვევებში საცხოვრებლად ვარგისი და მიმზიდველი საზოგადოებისკენ სწრაფვით მიღებული გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი გადაწონის მოკლევადიან დანაკარგებს.


რაზე მეტყველებს ფაქტები?

გარდა ზემოხსენებული კვლევისა, რომელიც ადასტურებს საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას, ე.ი. უარყოფით კორელაციას რეგულაციებსა და ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის, არსებობს ემპირიული ნაშრომებიც, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. სტეფან მეიერი თავის 1995 წლის სტატიაში (“The Economic Impact of Environmental Regulation”.Journal of Environmental Law & Practice 3, pp. 4-15) წერს, რომ „1982-1992 წლებში გარემოსდაცვით რეგულაციებს არ ჰქონია მნიშვნელოვანი ან სისტემატიური ზეგავლენა არც ქვეყნის და არც შტატის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე“. მეტიც, ამერიკის განსხვავებული რეგულაციების მქონე შტატების შედარების საფუძველზე ავტორი ასკვნის, რომ „მკაცრი გარემოსადცვითი პოლიტიკისათვის დამახასიათებელია სამუშაო ადგილების არათუ კლება, არამედ ზრდა“.

ტერი ანდერსონი, რომელმაც თავის სტატიაში (“Environmental Quality”,The Concise Encyclopedia of Economics, 2008) მიმოიხილა გარემოს ხარისხის შეფასების კრიტერიუმები, ასკვნის, რომ მაჩვენებლების უმეტესობა გაუმჯობესდა ბოლო 20-50 წლის განმავლობაში და ეს მოხდა მიუხედავად ამ პერიოდში მიღწეული ეკონომიკური პროგრესისა (მსოფლიო ეკონომიკა 1960 წელთან შედარებით 7-ჯერ,ხოლო 1990წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა). მეტიც, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობის მსოფლიო ბანკის გარემოს მდგრადობის ინდექსთან შედარების საფუძველზე, ანდერსონი აჩვენებს, რომ მდიდარი ქვეყნები ნაკლებად აზიანებენ გარემოს. ერთი მხრივ, ეს თითქოს ეთანხმება მოსაზრებას, რომ ცარიელი მუცელი და მორალი ერთად ვერ თავსდება. მეორე მხრივ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯანსაღი გარემო საერთოდ არ ეწინააღმდეგება ეკონომიკურ კეთილდღეობას. უფრო მეტიც, საქმე პირიქითაა!

რა თქმა უნდა, საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრების მომხრენი იტყვიან, რომ ჯანსაღი გარემო ეკონომიკური კეთილდღეობის შედეგია. თუმცაღა, კორელაციისგან განსხვავებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიმართულების დამტკიცება ემპირიულად რთულია. დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა საპირისპიროს დასამტკიცებლადაც არაა ძნელი. რატომაც არ შეიძლება ითქვას, რომ გარემოსა და მემკვიდრეობის დაფასების, დაცვისა და მოფრთხილების ეს დამოკიდებულებაა ეკონომიკური წარმატების საიდუმლო?!


და საქართველო? 

იელის უნივერსიტეტის 2014 წლის გარემოს განვითარების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყნიდან 101-ე ადგილზეა. ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ეკოლოგიური პრობლემების მიხედვით საქართველო 73-ე ადგილზეა, ჰაერის ხარისხის მიხედვით — 110-ე, სოფლის მეურნეობის ეკოლოგიური ასპექტების მიხედვით — 126-ე და ბიომრავალფეროვნებისა და ცხოველთა და მცენარეთა გავრცელების არეალის დაცვის მიხედვით კი — 138-ე. საუკეთესო მაჩვენებელი (მე-16 ადგილი) ტყეების დაცვასა და გავრცელებაში გვაქვს.

ახლა განვიხილოთ ამ ბოლო დროს აქტუალური კონკრეტული თემები.

მალე საქართველოში აღდგება სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების სავალდებულოობა. თბილისში და მის შემოგარენში უამრავი მანქანაა, რომლებზე შეუიარაღებლი თვალით დაკვირვებაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან მათივე მძღოლებსაც და გარშემომყოფებსაც. თუ შემოწმება იქნება მკაცრი, თბილისში ასობით ტაქსის მძღოლს, ვინც ვერ შესწვდება მანქანის გამოცვლას ან სათანადოდ შეკეთებას, მოუწევს ბაზრის დატოვება. მეტიც, ბევრი რეგიონული მასშტაბის მიკროავტობუსიც შეწყვეტს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრების გადაყვანას. არცთუ დამაიმედებლად ჟღერს, მაგრამ ტექნიკური დათვალიერება განავითარებს მანქანების შეკეთების და მომსახურების დარგს. ამ სექტორის განვითარება დიდად შეიძლება წაადგეს საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მეორადი მანქანების რეექსპორტის სექტორსაც. ცხადია, ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ავტომობილების რეექსპორტით მიიღება, ბევრად უფრო მეტი იქნება, თუ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაყვანას მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაც დაემატება.

ყოველ წელს მეღვინეობის მთავარი რეგიონი, კახეთი ზარალდება სეტყვით. ეს ხშირ შემთხვევაში იწვევს მოსავლის დიდი ნაწილის განადგურებას. საბჭოთა პერიოდში სეტყვისგან თავს სეტყვის საწინააღმდეგო „რაკეტებით“ იცავდნენ. მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ მავნე გავლენა აქვს გარემოზე. უნდა დავაბრუნოთ ეს მეთოდი? ამ მეთოდზე უარის თქმით ქვეყანა ბიძგს აძლევს პრობლემის ალტერნატიული, ინოვაციური გადაჭრის გზების ძიებას. ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ ადგილობრივი კომპანია დაამზადებს ბადეს, რომლითაც დაიფარება ვენახები. ეს გზა ბევრად სჯობს „რაკეტებს“ არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ბევრ კვლევაში დადასტურებული ზოგადი დაკვრივებისამებრ, მკაცრი რეგულაციები ხელს უწყობს ეფექტურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს.

სასტუმრო ვაკის პარკში შექმნის რამდენიმე ახალ სამუშაო ადგილს და ცოტაოდენ საგადასახდო შემოსავალსაც. თუმცა,მოკლევადიან პერიოდშიც კი, ეს სარგებელი საკმარისი არაა პარკებისა და დაცული ტერიტორიების მთლიანობის დარღვევის პრეცედენტის შექმნის გასამართლებლად. გამწვანების სიმწირე და დაბინძურებული ჰაერი ბევრი მაცხოვრებლის თვალში თბილისს არაჯანმრთელ და არასასიამოვნო საცხოვრებელ ადგილად წარმოაჩენს. თბილისი, 230 ქალაქს შორის „მერსერის“ ქალაქების შარშანდელი რეიტინგის ბოლოში აღმოჩნდა. ბევრმა თბილისელმა ეს უსამართლობად ჩათვალა, თუმცა ქალაქის ცუდი რეპუტაციის გამომწვევი მიზეზები რეალურია. პარკების და გამწვანებული ზონების ფართობის შემცირება თბილისის რეიტინგს კიდევ უფრო გააუარესებს. ეს კი მაშინ, როცა ქალაქს აქვს ამბიცია იყოს რეგიონის ცენტრი — ტურისტების, საერთაშორისო და რეგიონული სათაო ოფისების მასპინძელი. ამ მიზნის მიღწევას თბილისის არაჯანსაღი და არამიმზიდველი გარემო აუცილებლად შეუშლის ხელს.

ანალოგიური არგუმენტების მოყვანა შეიძლება გარემოსდაცვისაგან განსხვავებულ საკითხებთან დაკავშირებითაც, როგორიცაა თუნდაც საყდრისის ოქროს საბადო და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების სტანდარტები.

ტერი ანდერსონის ზემოხსენებულ სტატიაში აღწერილია ემპირიული დაკვირვება, რომლის მიხედვითაც, როცა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე აღწევს დაახლოებით 4000$-ს, ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად იწყებს კლებას. თუ ეს სიმართლეა, მაშინ საქართველო, 3500$ შემოსავლით ერთ სულ მოსახლეზე, ეკოლოგიურ საზოგადოებად გადაქცევის გარდამტეხ მომენტშია. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდოთ აღნიშნული განვითარება, მითუმეტეს უსაფუძვლო ეკონომიკური არგუმენტის საფუძველზე, თითქოს ცარიელი მუცელი ამორალურობის გამართლებაა.

Rate this blog entry:
0 Comments

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
Saturday, 23 November 2024

Captcha Image

Our Partners