აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა საქართველოს აგროდაზღვევის რეფორმის მარეგულირებელი კანონმდებლობის ზემოქმედების შეფასება და წარმოადგინა რეკომენდაციები ქვეყანაში მდგრადი აგროდაზღვევის ბაზრის შექმნისთვის საჭირო პოლიტიკის სხვადასხვა ვარიანტზე.
2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო მოსავლის დაზღვევის საპილოტე პროგრამა, რომელსაც უნდა მოემზადებინა საფუძველი ქართველი ფერმერებისთვის მოსავლის დაზღვევის უფრო ფართო პროგრამის ამოქმედებისთვის. საშუალოდ, დაზღვევის თანხების 94%-ს მთავრობის სუბსიდიები ფარავდა. 2015 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო მოსავლის დაზღვევის განახლებული საპილოტე პროგრამა, რომლის სუბსიდირების დონე მნიშვნელოვნად დაბალია და, საშუალოდ, 55%-ს შეადგენს. საპილოტე პროექტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
ამ საპილოტე პროექტის პარალელურად, საქართველოს მთავრობა მუშაობს მდგრადი, გრძელვადიანი მოსავლის დაზღვევის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე. ახლო მომავალში მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ მოდელზე, რომელიც გამოიყენება აგროდაზღვევის პროცესის სამართავად საქართველოში.
Deloitte consulting-ის დაკვეთით, APRC-მა შეაფასა დაზღვევის მოდელის მარეგულირებელი კანონმდებლობის ზემოქმედება და წარმოადგინა რეკომენდაციები საუკეთესო პოლიტიკის ვარიანტის შესახებ.
აღნიშნულმა კვლევამ გააანალიზა პოლიტიკის 2 ვარიანტი:
• ვარიანტი 1 (საბაზისო სცენარი): მთავრობა აგრძელებს აგრო-დაზღვევის არსებულ საპილოტე პროექტს. პროგრამას მართავს სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტო.
• ვარიანტი 2 (ალტერნატიული სცენარი): მთავრობა ქმნის სასოფლო-სამეურნეო რისკების მართვის ეროვნულ სააგენტოს – საჯარო-კერძო პარტნიორობას, რომელშიც აგროდაზღვევის ეროვნული სქემის ორგანიზება და მართვა განაწილდება საჯარო და კერძო სექტორებს შორის.
ჩვენ, სხვადასხვა კრიტერიუმის გამოყენებით, ერთმანეთს შევადარეთ ეს ორი ვარიანტი, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე.
ძირითადი დასკვნა ის არის, რომ საჯარო-კერძო პარტნიორობის შემოღებას შეიძლება უფრო მაღალი პოტენციალი ჰქონდეს საქართველოში აგროდაზღვევის ბაზრის გრძელვადიან განვითარებისთვის. თუმცა ეს დამოკიდებულია ყველა ჩართული მხარის მზაობაზე, ჩაერთოს ამ გრძელვადიან პროცესში და ჩართოს საჭირო რესურსები (ფინანსური თუ ინტელექტუალური).
პუბლიკაციები
Regulatory Impact Assessment (RIA) on the crop insurance reform of Georgia_Final Report
Regulatory Impact Assessment (RIA) on the crop insurance reform of Georgia_Workshop_1
მთავარი მკვლევრები
ფატი მამარდაშვილი
ნორბერტო პინატი
სალომე გელაშვილი
მაკა ჭითანავა
ია კაცია
დონორები და პარტნიორები
USAID/Governing for growth and Deloitte Consulting LLC