ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მარიხუანის დეკრიმინალიზაცია?

 

ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, მარიხუანის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოწევა იწვევს ინტელექტის სერიოზულ დაქვეითებას: არამწეველებთან შედარებით, მარიხუანის მომხმარებელთა ინტელექტის კოეფიციენტი 13-38 ქულით დაბალია (მეიერი და სხვები: „მარიხუანის მუდმივ მომხმარებლებს აღენიშნებათ ნეიროფსიქოლოგიური დაქვეითება ბავშვობიდან საშუალო ასაკამდე“, PNAS 109, 2012 წ.). უფრო მეტიც, მოხმარების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, როდესაც ადამიანი თავს ანებებს მარიხუანის მოწევას, შემეცნების უნარი და მეხსიერება აღარ აღდგება.

ბოლო დროს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ცხარე განხილვების თემად იქცა საქართველოში. შეხედულებები მკვეთრად პოლარიზებულია: ერთნი მშვიდობიანი აქციებით მოითხოვენ კანონმდებლობის ლიბერალიზაციას, მეორენი კი საუბრობენ მორალურ მხარეზე და წუხან საზოგადოების ჯანმრთელობაზე. პარლამენტის წევრმა, გოგა ხაჩიძემ შეიმუშავა კანონპროექტი მარიხუნის დეკრიმინალიზაციის შესახებ, რომელიც მკაცრად დაგმო პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მარიხუანას მოხმარებას თან ახლავს ბევრად სერიოზული ჯანმრთელობის რისკები, ვიდრე ლეგალიზაციის მომხრენი ხშირად ამბობენ. ცხადია, ინტელექტის 38 ქულით დაქვეითება არ არის წვრილმანი. და მაინც, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მარიხუანის მოწევა უნდა ისჯებოდეს კანონით? მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე ხმაურიანი განცხადებები ხშირად ჭარბობს საღ ანალიზს, ამ სტატიაში შევეცდები, ვიყო მაქსიმალურად მიუკერძოებელი და საკითხს ფილოსოფიური და ეკონომიკური თვალით შევხედო.


საკუთარ სხეულზე ბატონობა

მარიხუანის ლეგალიზაცია უკავშირდება ძალიან ფუნდამენტურ საკითხს: უნდა ჰქონდეთ თუ არა ადამიანებს უფლება, ავნონ საკუთარ თავს? ფილოსოფოსი ჯონ ლოკი (1632-1704), ლიბერალური აზოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამ კითხვაზე დადებით პასუხს გასცემდა. ის კერძო საკუთრების მორალურ ლეგიტიმურობას აფუძნებს სწორედ იმ მოსაზრებაზე, რომ ადამიანებს ეკუთვნით საკუთარი სხეული. ვინაიდან მათ ეკუთვნით საკუთარი სხეული, მათ ეკუთვნით საკუარი შრომა და, შესაბამისად, მათვე ეკუთვნით საკუთარი შრომის შედეგის განკარგვის ლეგიტიმური უფლება. ვინაიდან „საკუთრების უფლება საკუთარ სხეულზე“ არის ლოკის ნააზრევის ქვაკუთხედი, რომელიც ძნელად თუ მოდის შესაბამისობაში „ადამიანის საკუთარი თავისგან დაცვის“ იდეასთან, ლიბერტარიანელები მთელ მსოფლიოში ერთსულოვნად უჭერენ მხარს მარიხუანის ლეგალიზაციას.

რეალურად მსოფლიოში ძნელად თუ იპოვით საზოგადოებას, რომელიც სრულად ეთანხმება პრინციპს, რომ ადამიანს შეუზღუდავად ეკუთვნის საკუთარი სხეული. გარდა ამისა, საზოგადოებების უმრავლესობაში საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული კანონები ძალიან შეუსაბამოა: ერთის მხრივ, ადამიანებს აქვთ უფლება, მიიღონ ალკოჰოლი, მოწიონ თამბაქო, შეიძინონ არაჯანსაღი კვებითი ჩვევები და ჰქონდეთ საშიში გატაცებები, მეორეს მხრივ კი, სახელმწიფოები, ცდილობენ, დაიცვან ადამიანიები თვითმკვლელობისგან, საკუთარი ფულის აზარტულ თამაშებში გაფლანგვისს და გარკვეული ტიპის ნარკოტიკების მოხმარებისგან.

თუნდაც ადამიანი არ ეთანხმებოდეს იდეას, რომ მასეკუთვნის საკუთარი სხეული, ეს შეუსაბამობები იწვევს სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს. რამდენად გონივრულია, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში მარიხუანის მომხმარებლებს წლობით სვამენ ციხეში, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევა მცირე დანაშაულადაც კი არ ითვლება?


გავლენა საზოგადოებაზე

სამართლებრივი შეუსაბამობები კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ვხედავთ, რომ ბევრი თვალსაზრისით მარიხუანა თამბაქოს უფრო ჰგავს, ვიდრე ისეთ მძიმე ნარკოტიკს, როგორიც ჰეროინი ან კოკაინია. ზოგი ექსპერტი მას თამბაქოზე ნაკლებ საშიშად მიიჩნევს. მაგალითად, მარიხუანა ნაკლებ დამოკიდებულებას იწვევს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი (შედარებისთვის იხ. ვეს ბოიდის ნაშრომი ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან: „მარიხუანაზე თავის დანებების ფსიქოლოგიური გავლენა ზოგადად ზომიერია“).

მარიხუანას მოყვანა შეიძლება სხვენზე, სათბურში ან თუნდაც ყვავილის ქოთანში ფანჯრის რაფაზე. ის, თუნდაც არალეგალური, ძალიან იაფია, მაშინ, როდესაც ისეთი მძიმე ნარკოტეკები, როგორცი ჰეროინი ან კოკანია, იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას, ძალიან ძვირია და და გამანადგურებლად მოქმედებს საზოგადოებაზე. ამ ნარკოტიკების მაღალი ფასები აიძლებს მომხმარებლებს, გაეხვიონ ნებისმიერი სახის არალეგალურ საქმიანობაში, ოღონდ კი შეძლონ საკუთარი ნარკოდამოკიდებულების დაფინანსება. ამის ფონზე მარიხუანის მოპოვებასთან დაკავშირებული დანაშაული თითქმის არ ფიქსირდება.

თუმცა მარიხუანის მოწევას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა სხვებზე. როგორც სამედიცინო პორტალი WebMD ამტკიცებს, მარიხუანის მოწევის მყისიერი გავლენა არის გრძნობების ცვლილება (მაგალითად, ადამიანები ხედავენ უფრო ნათელ ფერებს), აჩქარებული გულისცემა, გაძლიერებული მადა, დაქვეითებული სხეულის მოძრაობა და ზოგჯერ უსიამოვნო სიმპთომები, როგორიცაა გაღიზიანება, პარანოია და „არეული ფიქრი“. ამიტომ ადამიანი, რომელიც ეწევა მარიხუანას და მართავს მანქანას, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სხვებისთვის. მართალია, ალკოჰოლის შემთხვევაშიც ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიციას არ შეუძლია, სწრაფად დაადგინოს ადამიანმა მოწია თუ არა მარიხუანა, რადგან ტესტის ჩაატარება შესაძლებელია მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში.

მარიხუანის მოხმარების გრძელვადიანი გავლენა არ გულისხმობს მხოლოდ კიბოს რისკის ზრდას, განაყოფიერების პრობლემებსა და გულის შეტევის მაღალ რისკს, რაც თამბაქოსაც ახასიათებს, მას ახლავს ისეთი ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა შიზოფრენია და დეპრესია. ძირითადად ეს განასხვავებს თამბაქოსა და მარიხუანა მოწევას ერთმანეთისგან: სიგარეტის მოწევისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები არ ზრდის სამედიცინო ხარჯებს, რადგან, როგორც წესი, მწველები შედარებით ადრე კვდებიან. აი, ფსიქიკური პრობლემები კი ნამდვილად იწვევს დამატებით ხარჯებს.

თუმცა ნიდერლანდების სამეფოს მსგავსად, ეს ხარჯები შეიძლება დაიფაროს მარიხუანის მოხმარებიდან აღებული გადასახადებიდან. უფრო მეტიც, ექსპერტებს არ სჯერათ, რომ ამ ფსიქიკურ დაავადებებს რეალურად მარიხუანა იწვევს, მათი აზრით, ის უბრალოდ ხელს უწყობს უკვე არსებული დაავადებების გამოვლინებას. ბევრი სხვა ნარკოტიკისგან განსხვავებით, მათ შორისაა ალკოჰოლიც, რომელიც ლეგალურია, მარიხუანის ზედმეტი დოზით გამოწვეული სიკვდილის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


კრიმინალიზაციის ფასი

გონივრულია თუ არა ადამიანის ციხეში ჩასმა მხოლოდ იმიტომ, რომ მარიხუანა მოწია? მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ციხეები არის „დანაშაულის აკვანი“. ციხეებში სხვა ბინადრებთან თანაცხოვრებამ და სტიგმატიზაციამ, რაც მოჰყვება პატიმრობას, ძალიან ბევრი არსებითად უწყინარი ადამიანი აქცია „დამნაშავედ“. მოზარდობის ასაკში ჩადენილი მცირე დანაშაულის გამო უამრავ ადამიანს დაენგრა მომავალი ცხოვრება და კარიერა.

მეორე საკითხია, რამდენად ასრულებს აკრძალვა მის უმთავრეს მიზანს – მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება. ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა, სადაც მარიხუანა მხოლოდ რამდენიმე შტატშია დეკრიმინალიზებული, არ დაადასტურა დეკრიმინალიზაციის შედეგად მარიხუანის მწეველთა რაოდენობის მნიშვნელოვანი სტატისტიკური ზრდა (ვილიამსი და ბრეტევილ-იენსენი: „იწვევს თუ არა კანონის ლიბერალიზაცია, მარიხუანის მოხმარების ზრდას?“ Journal of Health Economics 36, 2014 წ.). თუმცა, როგორც ჩანს, ლიბერალური კანონმდებლობის მქონე შტატებში მომხმარებელთა განაწილებამ გადაინაცვლა ახალგაზრდებზე, რაც, ცხადია, პრობლემაა.

ერთი მეტწილად უარყოფილი არგუმენტი დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგ არის ე.წ. „კარიბჭის თეორია“. ამ თეორიის თანახმად, მარიხუანა „ნარკოდამოკიდებულების ბილიკის“ მხოლოდ პირველი ნაბიჯია  და საბოლოოდ მივყავართ უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებამდე. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ანგარიში მრავალ სხვათაგან აცხადებს: „არ არსებობს მტკიცებულება, რომ მისი ნარკოტიკული ეფექტის გათვალისწინებით მარიხუანა თამაშობს ტრამპლინის როლს“ (ჯოი და სხვები: „მარიხუანა და მედიცინა – მეცნიერული საფუძვლების შეფასება“, National Academy Press, ვაშინგტონი, 1999 წ.).

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მარიხუანა შეიძლება იყოს საგადასახადო შემოსავლის წყარო მთავრობისთვის. ნიდერლანდების სამეფომ, სადაც ათწლეულებია მარიხუანის მოხმარება ნებადართულია სპეციალური ლიცენზიის მქონე კონტროლირებულ კაფეებში (ე.წ. „ყავახანებში“), მოახერხა უამრავი ტურისტის მოზიდვა ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც ჰოლანდიაში მარიხუანის მოსაწევად ჩადიან (რადგან ბევრმა სხვა ევროპულმა ქვეყანამაც მოახდინა პოლიტიკის ლიბერალიზაცია, ამ სახის ტურიზმმა იკლო). საქართველო, რომელიც თურქებს, აზერბაიჯანელებს და ნებისმიერ სხვას, ვისაც არ აქვს კაზინოში თამაშის უფლება საკუთარ ქვეყანაში, სთავაზოს აზარტულ თამაშებს, შეიძლება მოიზიდოს (ძირითადად ახალგაზრდა) ტურისტები იმ ქვეყნებიდან, სადაც მარიხუანის მოხმარება აკრძალულია. მარიხუანაში გადახდილი თანხა, რომელიც ამაჟამად დილერების ჯიბეში მიდის, შეიძლება გახდეს შემოსავლის წყარო მთავრობისთვის.


დავუბრუნდეთ პროპორციებს!

ბოლო წლების გლობალური ტრენდი არის მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ჯერ კიდევ არის ქვეყნები, სადაც მომხარება, ქონა და წარმოება არის არალეგალური, როგორც საქართველოში, საფრანგეთსა და საბერძნეთში. თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში მოხმარება ამ ეტაპზე დეიურე თუ დეფაქტო დეკრიმინალიზებულია, როგორც ნიდერლანდების სამეფოში, ესპანეთში ამერიკის ზოგიერთ შტატსა და ავსტრალიაში. როგორც წესი, მოყვანა და რეალიზაცია ჯერ კიდევ არალეგალურია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც მარიხუანა სრულად ლეგალიზებულია, როგორც ურუგვაიში და, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეაში. საქართველოში მოხმარება, ქონა, წარმოება და გაყიდვა არის არალეგალური. გარკვეული რაოდენობით მარიხუანის განმეორებით მოხმარება და შენახვა იწვევს თავისუფლების აღკვეთას 14 წლამდე ვადით!

მართალია, შეიძლება ქართველი საზოგადოება მზად არ არის სრული ლეგალიზაციისთვის, იმის ფონზე, რომ ადამიანების ციხეში ყოფნა უზარმაზარ საზოგადოებრივ ხარჯებთან არის დაკავშირებული, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ სამართლებრივი შედეგების შერბილებაზე. დაბოლოს, რაციონალურმა მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ მარიხუანის მოხმარება, თუნდაც ყველაზე მკაცრი კრიტერიუმებით, სხვა არაფერია, თუ არა წვრილმანი დანაშაული.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners