ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ჩვენ რეგულაციები არ გვჭირდება: საქართველოს რძის პროდუქტებისა და მეცხოველეობის სექტორების შესახებ

დღესდღეობით, საქართველოში რძის პროდუქტების წარმოება ცხარე განხილვის საგანია. უკანასკნელი წლებში ამ სექტორში ახალი სახელმწიფო რეგულაციები გაჩნდა, ყველაზე ფართოდ განხილვადი უკანასკნელი ცვლილება კი ყველის წარმოებისას რძის ფხვნილის გამოყენებას კრძალავს. აღნიშნული რეგულაცია 2015 წელს მიიღეს, მაგრამ 2017 წლის ივნისში მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა მომხმარებელთა ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ტერმინების ფორმალური განმარტება, როგორებიცაა „ყველი“, „კარაქი“ და „მაწონი“, წინ გადადგმული ნაბიჯია, ტექნიკური რეგულაციის განხორციელება ბევრ გამოწვევასთან ასოცირდება. ქართველ მომხმარებლებს ჯერ კიდევ სთავაზობენ პროდუქტებს, რომლებიც რძის ფხვნილის შემცველობის გამო არ შეიძლება ჩაითვალოს რძის ნაწარმად.


გამოწვევები

ყველაზე დიდი გამოწვევაა დაურეგისტრირებელი ოჯახური ფერმების მიერ წარმოებული და რეგულარულად გაყიდული ყველი. სექტორის ექსპერტების განცხადებით, ყველის 90%-ს ასეთი დაურეგისტრირებელი შინამეურნეობები აწარმოებენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის — საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში რძის წარმოების 97% საოჯახო ფერმებზე მოდიოდა. დაურეგისტრირებელი მწარმოებლები, როგორც წესი, თავიანთ პროდუქტს (ძირითადად ყველს) ეტიკეტის გარეშე, შუამავლების მეშვეობით, ღია ბაზრობებზე ყიდიან.

კიდევ ერთი გამოწვევა დარეგისტრირებულ მწარმოებლებს უკავშირდება, რომლებიც სხვადასხვა გზებს პოულობენ რეგულაციებისგან თავის ასარიდებლად და დამაბნეველ, ბუნდოვან ეტიკეტირებას იყენებენ. ყველაზე გავრცელებულია მეთოდი, როდესაც ყველის მწარმოებლები, რომლებიც რძის ფხვნილს იყენებენ, საკუთარ პროდუქტს ანიჭებენ ისეთ ეტიკეტებს, როგორებიცაა „იმერული“ ან „სახაჭაპურე“. ამ ხერხით მწარმოებელი კანონს არ არღვევს, რადგან პროდუქტის დასახელებაში არ ფიგურირებს სიტყვა „ყველი“, თუმცა მომხმარებელი მას მაინც როგორც ყველს, ისე ყიდულობს.

პრობლემაა ისიც, რომ მომხმარებლების უმეტესობა სათანადოდ ვერ აცნობიერებს სახელმწიფოს მიერ რძის ნაწარმის ტექნიკური რეგულაციების გატარებაში თავის როლის. მომხმარებლების უმრავლესობა შესაბამისად არ რეაგირებს, როდესაც აღმოაჩენს, რომ მათ მიერ შეძენილი პროდუქტი ვადაგასული ან გაფუჭებულია. მომხმარებლების ძირითადი ნაწილი პრობლემას ან მხოლოდ მაღაზიის კონსულტანტს ამცნობს ან საერთოდ არაფერს არ ამბობს და მომხმარებლების მხოლოდ მცირე ნაწილი უკავშირდება სურსათის ეროვნულ სააგენტოს (NFA), რომელიც ვალდებულია, თანამშრომლები გააგზავნოს მაღაზიაში და დააჯარიმოს აღნიშნული ობიექტი.


ცოტაოდენი სტატისტიკა...

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი ნელ-ნელა გაიზარდა, ნედლი რძის წარმოება კი ეტაპობრივად შემცირდა (იხ. გრაფიკი#1).

გრაფიკი 1. წარმოებული რძისა და იმპორტირებული ფხვნილის რაოდენობა, 2014-2017 წწ.

შედეგად, რძის წარმოება საქართველოში 2017 წელს, 2014 წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა; ხოლო რძის ფხვნილის იმპორტი იმავე პერიოდში 88%-ით გაიზარდა. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ რძის ფხვნილი რძის ნაწარმის სექტორში ჭარბად გამოიყენება.

ამავედროულად, ბოლო წლებში გაიზარდა მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტიც (იხ. ცხრილი #1).

ცხრილი 1. მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, 2015-2018 წწ.

ინდიკატორი 2015 2016 2017 2018
პირუტყვის რაოდენობა 53,005 102,363 134,134 127,139
მთლიანი პირუტყვის წონა (კგ) 10,664,000 20,503,000 19,697,000 14,857,000
მთლიანი ექსპორტის ღირებულება (აშშ დოლარი) 20,103,000 36,842,000 36,011,000 28,227,000
ერთეულის წონა (კგ/სული) 201 200 147 117
ერთეულის ღირებულება (აშშ დოლარი/სული) 379 360 268 222
ერთეულის ფასი (აშშ დოლარი/კგ) 1.89 1.80 1.83 1.90

წყარო: საქსტატი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, trademap.org

ყველაზე დიდი ზრდა მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტში 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც ექსპორტირებული საქონლის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. რაოდენობის მხრივ, კიდევ უფრო მეტი საქონელი იქნა ექსპორტირებული 2017 და 2018 წლებში, თუმცა მთლიანი ექსპორტის ღირებულება შემცირდა ერთეულზე ფასის კლების გამო.

რძის ნაწარმისა და მსხვილფეხა პირუტყვის სექტორებში არსებული ტენდენციებისა და პრაქტიკების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ქვეყანაში უსაფრთხო ნედლი რძის დეფიციტია, რაც მსხვილფეხა პირუტყვის დაბალი პროდუქტიულობითა და რძის საწარმოების მცირე მასშტაბებითაა გამოწვეული. კვების არაადეკვატური პრაქტიკები, საძოვრების ნაკლებობა და შეუსაბამო ვეტერინარული პრაქტიკა ამცირებს მაღალი პროდუქტიულობის მქონე მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობას. მცირე რაოდენობის რძის საწარმოები კონკურენციას ვერ უწევენ დაურეგისტრირებელ მეწარმეებს, რომლებიც თავიანთ პროდუქტებში რძის ფხვნილს იყენებენ და შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტს შედარებით იაფად ყიდიან. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული რეგულაციები საოჯახო ფერმებს (კერძო პირებს) რეგისტრაციისგან თავის არიდების ხარჯზე პრივილეგირებულ პოზიციაში აყენებს, რეგისტრირებულ და დაურეგისტრირებელ მწარმოებლებს შორის უსამართლო კონკურენცია მომავალშიც შენარჩუნდება.


გზა წარმატებისკენ

რძის ნაწარმისა და ხორცის პროდუქტების სექტორში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ ახლახან აკრძალა 140 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი. აღნიშნული აკრძალვის მხარდამჭერების ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის გაზრდა და შემდგომ ქვეყანაშივე ხორცის სახით გაყიდვა უფრო მომგებიანია და ადგილობრივად მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის, ვიდრე მცირე წონის დეკეულისა და ხბოს საზღვარგარეთ გაყიდვა. შესაძლოა, ეს ასეც არის, მაგრამ ახალმა რეგულაციამ ბევრი კითხვა გააჩინა თავისი ლეგიტიმურობისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან მიმართებაში.

საინტერსოა, რომ მსგავსი რეგულაციები სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა მათი შემოღების მოტივაცია, ოფიცილაურად, განსხვავებულია. მაგალითად, ახალ ზელანდიაში ცოცხალი ცხვრის ექსპორტი დაკვლის მიზნით 2003 წელს აიკრძალა, არგუმენტად კი ტრანზიტის დროს ცხოველთა მაღალი სიკვდილიანობა და ზოგიერთ მიმღებ (იმპორტიორ) ქვეყანაში პირუტყვის დაკვლის არასათანადო პრაქტიკა დასახელდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ მეცხოველეობის მიზნებისთვის ცხვრის ექსპორტი ახალი ზელანდიიდან ნებადართულია, მაგრამ მისი მაჩვენებელი ძალიან დაბალია. დღესდღეობით, როცა ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხები მსოფლიოში  (მაგ., ბრაზილია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი) უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ახალი ზელანდიის აკრძალვამ ავსტრალიას საშუალება მისცა, ბაზარზე მდგომარეობა გაუმჯობესებინა და ცოცხალი ცხვრის ექსპორტი გაეზარდა. ავსტრალიის სახელმწიფო ორგანოების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პასუხისმგებლობით ეკიდება ცხოველთა კეთილდღეობას, ცოცხალი ცხვრის ექსპორტი მისი დაკვლის მიზნით იმითაა განპირობებული, რომ ავსტრალიაში არსებული სასაკლაოების ინფრასტრუქტურა (რომელიც საქართველოს ინფრასტრუქტურაზე გაცილებით უკეთაა განვითარებული) ქვეყანაში ცხვრების მზარდ რიცხვს ვერ აკმაყოფილებს.

სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, რთული დასაჯერებელია, რომ საქართველოში ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტზე აკრძალვის დაწესება რძის ნაწარმისა და მსხვილფეხა პირუტყვის სექტორებში არსებულ სტრუქტურულ პრობლემებს აღმოფხვრის. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ აკრძალვამ შემდეგი შედეგები მოიტანოს:

• მაღალი რისკები ფერმერებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსხვილფეხა პირუტყვს საქართველოში მოუწესრიგებელი საძოვრების, გაუმართავი კვებისა და ვეტერინარული დარღვევების ფონზე ზრდიან, ფერმერებს, რომლებსაც პირუტყვი აქამდე ექსპორტზე გაჰყავდათ, ახლა საქონლის მოვლა რთულ პირობებში მოუწევთ და, შესაბამისად, ფერმერული საქმიანობის რისკებიც გაიზრდება;

• მსხვილფეხა პირუტყვის პოტენციური მყიდველების შემცირებული რაოდენობა. იქიდან გამომდინარე, რომ ფერმერობა საქართველოში არასაკმარისადაა განვითარებული, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ადგილობრივად გაყიდვა არამხოლოდ არარეგულარული, არამედ რთულიცაა. ბევრ ფერმერს არ შეუძლია საკუთარი პროდუქტის ადეკვატურ ფასებში რეალიზაცია და მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით შემოფარგვლა პოტენციურ მყიდველთა რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. გარდა ამისა, სასაკლაოებზე HACCP (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა) სტანდარტის შემოღებამ, შესაძლოა, ზოგიერთი რეგიონული სასაკლაოს დახურვა გამოიწვიოს, რაც მსხვილფეხა პირუტყვზე მოთხოვნას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს. თუ ადგილობრივი სასაკლაო ხელმისაწვდომი არ იქნება, ფერმერი პირუტყვის დასაკლავად გაყიდვიდან შემცირებულ სარგებელს მიიღებს;

• შემცირებული სავაჭრო ძალაუფლება ცოცხალი პირუტყვის ფერმერებისათვის. ვაჭრობის მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით შეზღუდვა ცოცხალი პირუტყვის ფასებს შეამცირებს, რაც, შესაძლოა, მომხმარებლებისათვის დადებითი მოვლენაა (ხორცზე ფასის შემცირებიდან გამომდინარე), მაგრამ მწარმოებლების საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს. რაც შეეხება საერთო გავლენას საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, ამის დასადგენად მეტი კვლევაა საჭირო.

ესენი გახლდათ რამდენიმე საგულისხმო ასპექტი, გარდა იმ ძირითადი ფაქტორისა, რომ ფერმერი პირუტყვის უფრო მაღალი ღირებულებით გაყიდვის შემთხვევაში მეტ სარგებელს ნახულობს. პირუტყვის გაზრდა და მისი შემდგომი გაყიდვა ფერმერისთვის უფრო მომგებიანია, თუმცა აუცილებელია, განვიხილოთ შემდეგი საკითხებიც: რატომ არ იყენებენ ფერმერები ასეთ „აშკარა“ შესაძლებლობას? რა გამოწვევებს აწყდებიან ისინი ღირებულებათა ჯაჭვში და არის თუ არა არსებული სახელმწიფო პოლიტიკა პრობლემის გადაწყვეტის სწორი გზა?


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners