ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

უბრუნდება თუ არა ქართული თხილის ექსპორტი ძველ ნიშნულს?

თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. 2010-2020 წლებში თხილის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.4% შეადგინა(საქსტატი, 2021 წ.). 2013 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს, 30 ათას ტონას მიაღწია, შემდეგ წლებში კი 19 ათას ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2016 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 27 ათასი ტონა შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში (2010-2020 წწ) სიდიდით მეორე მაჩვენებელი იყო (იხ. დიაგრამა 1).

თხილი არამხოლოდ საექსპორტო თვალსაზრისითაა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, არამედ დასაქმების კუთხითაც. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის თანახმად, თხილის წარმოებაში 107,247 შინამეურნეობაა ჩართული და მათი უმრავლესობის კეთილდღეობა სწორედ ამ საქმიანობაზეა დამოკიდებული. 2017 წელი თხილის სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა: გავრცელდა სხვადასხვა სოკოვანი დაავადება, ხოლო აზიური ფაროსანას შემოჭრამ კიდევ უფრო დაამძიმა სექტორში არსებული სიტუაცია. შედეგად, გაუარესდა როგორც წარმოებული თხილის ხარისხი, ისე შემცირდა წარმოებული რაოდენობაც. 2017 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თხილის მწარმოებელთა შემოსავლებიც, რაც წარმოების შემცირებამ განაპირობა: 2016 წელთან შედარებით თხილის წარმოების დონე 27%-ით შემცირდა. 2019 წელს დაიწყო თხილის სექტორმა აღდგენა დაიწყო: 2018 წელთან შედარებით თხილის წარმოება 41%-ით გაიზარდა. შედეგად, თხილის ექსპორტი გაიზარდა და ექსპორტის რაოდენობით საქართველო შევიდა მსოფლიოს თხილის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. რეიტინგი ასე გამოიყურებოდა: თურქეთი (59.7%), იტალია (8%), აშშ (7.1%), აზერბაიჯანი (7.0%) და საქართველო (3.8%) (UNCOMTRADE, 2021).

2020 წელი კარგი წელი იყო თხილის სექტორისთვის მოსავლის მხრივ: 2019 წელთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა გაიზარდა 35%-ით, ხოლო ექსპორტირებული თხილის ღირებულება - 44%-ით (იხ. დიაგრამა 1). ამასთან, 2020 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 34%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2016 წელს და 7%-ით ნაკლები, ვიდრე 2010 წელს.

დიაგრამა 1. ექსპორტირებული თხილის რაოდენობა და ღირებულება

ევროკავშირის ქვეყნები ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარს წარმოადგენენ. 2010-2020 წლებში ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს თხილის მთლიან ექსპორტში დაახლოებით 65%-70%-ს შეადგენდა, ხოლო ქართული თხილის 18% დსთ-ის ქვეყნებში გადიოდა. მეტიც, 2020 წელს ქართული თხილის 26.7% გავიდა იტალიაში, ხოლო 26.3% - გერმანიაში (იხ. დიაგრამა 2).

დიაგრამა 2. ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზრები 2020 წელს

2020 წელს არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო თხილის მოსავალი შემცირდა თხილის ორ უდიდეს მწარმოებელ ქვეყანაში: თურქეთსა და იტალიაში. უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული თხილის წარმოებამ 2020 წელს დადებითი დინამიკა აჩვენა: თხილის წარმოებაცა და ექსპორტიც გაიზარდა. მეტიც, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) თანახმად, საქართველოში თხილის სექტორი სწრაფად ვითარდება და მომდევნო ოთხი წლის მანძილზე თხილის წარმოების მიზნობრივი მაჩვენებელი 120 ათასი ტონის მიღწევას წარმოადგენს. მიმდინარე მოვლენების გამო, საქართველომ შეიძლება ისარგებლოს და გააძლიეროს პოზიცია საერთაშორისო ბაზრებზე.


შემდგომი ნაბიჯები

ამ თემაზე ჩვენს წინა ბლოგში ”რაც არ გკლავს… ანუ თხილის ამბავი”, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, განვიხილეთ სექტორში არსებული გამოწვევები. წინა ბლოგში განხილული ყველა შეზღუდვა დღესაც აქტუალურია, რადგან თხილის სექტორი იგივე სისტემური გამოწვევების წინაშე დგას. თხილის სექტორში არის ე.წ. „მანკიერი წრე“: ფერმერებს აკლიათ ცოდნა და უნარები, რაც ფერმერული საქმიანობის არასწორ მიდგომებს აყალიბებს და საქმიანობისადმი არასწორ დამოკიდებულებას აძლიერებს. ფერმერები ვერ აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ნიადაგის ანალიზი სასუქის საჭირო დოზების დადგენასა თუ ეკონომიკური სარგებლიანობისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში. კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა საქართველოში საშრობი და სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება. ხშირ შემთხვევაში, სასაწყობე მეურნეობები შორს არის სოფლებიდან, ფერმერებს კი არ შეუძლიათ თხილის სათანადო პირობებში შენახვა და ამის გამო მალევე უწევთ აღებული მოსავლის გაყიდვა. თუ საწყობები ხელმისაწვდომია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფერმერები თავს იკავებენ იქ პროდუქციის შენახვისგან, არის ნდობის ფაქტორი - ისინი არ ენდობიან გადამამუშავებლებს და არ სურთ, ისარგებლონ გადამამუშავებელი ქარხნების მიერ შეთავაზებული საშრობი ან შენახვის მომსახურებით. შესაბამისად, ბევრი მათგანი არ აშრობს ან სწორად არ ინახავს თხილს, ამიტომ თხილის ხარისხი უარესდება.

არსებობს სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, რომლებიც ხელს უშლის სექტორის განვითარებას. ესენია მექანიზაციის ნაკლებობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. თუმცა, „ფაროსანას კრიზისის“ შემდეგ ოპტიმიზმის გარკვეული ნიშნები გაჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, „ფაროსანას კრიზისმა“ ერთგვარი დადებითი გავლენა მოახდინა ფერმერთა მიდგომებზე. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თანახმად, „ფაროსანას კრიზისის“ დროს ფერმერებმა უფრო მეტი ისწავლეს თხილის მოვლაზე. შესაბამისად, გაუმჯობესდა პროდუქტის ხარისხი, ამაღლდა ქართული თხილის რეპუტაცია და საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დადებითი ცვლილებები სახეზეა, ისინი შეიძლება თანაბარზომიერი არ იყოს. ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ძირითადი ინსტრუმენტებია კარგი და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მნიშვნელობის შესახებ ფერმერების ცნობიერების ასამაღლებლად.

თხილის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ფერმერები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საშრობი და სასაწყობე მომსახურებით. სოფლებში მცირე სასაწყობე მეურნეობებისა და პატარა საშრობი დანადგარების გავრცელებამ შეიძლება შეუქმნას ფერმერებს ამ სერვისების გამოყენების მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებასა და, შესაბამისად, შემოსავლების ზრდას.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 28 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners