ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ორგანული ნარჩენების ოპტიმალურად მართვა – არსებული გამოწვევების გადაჭრის პოტენციური გზები საქართველოსთვის

ნარჩენების დაგროვების მასშტაბი დროთა განმავლობაში იზრდება და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. ნარჩენები შეიძლება მრავალი დაავადების სათავე გახდეს, ის გამოყოფს დიდი რაოდენობით მეთანს (სათბურის ეფექტის გამაძლიერებელ აირს) და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. მსოფლიო ბანკის შეფასებით, გადაუდებელი ჩარევის გარეშე, 2050 წლისთვის გლობალური ნარჩენების ამჟამინდელი დონე 70%-ით გაიზრდება.

გრაფიკი 1. ნარჩენების წარმოქმნის გლობალური პერსპექტივა რეგიონების მიხედვით 2016-2050 წლებში

ნარჩენების სათანადო მართვამ შეიძლება მნიშვნელოვანად შეამსუბუქოს არსებული მდგომარეობა. ნარჩენების მართვის ოპტიმალური მეთოდების განხილვისას საჭიროა ნარჩენების სახეობების კატეგორიზაცია და თითოეული კატეგორიის ცალკე განხილვა. ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენები, მაგალითად, მინერალები, პლასტმასი, ბოთლები, ქაღალდი ან ელექტრონული ნარჩენები. ნარჩენების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა ბიოდეგრადირებადი, ე.წ. ორგანული ნარჩენები, რომლებიც ბუნებრივი ტიპის ბიოდეგრადირებადი ნარჩენია, ის მცენარეებისგან ან ცხოველებისგან არის მიღებული. აღსანიშნავია, რომ გლობალური ნარჩენების ჯამური ოდენობის 44% ორგანულ მასალაზე (მსოფლიო ბანკი, 2018) მოდის. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის, ასევე სამხრეთ აზიისა და ცენტრალური აფრიკის რეგიონების განვითარებად ქვეყნებს ყველაზე დიდი წილი უკავიათ ორგანული ნარჩენების წარმოებაში. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მათი შეფასებით, დაბალშემოსავლიანი ქვეყნები ორგანული ნარჩენების ყველაზე მსხვილი მწარმოებლები არიან; მაგალითად, 2016 წელს ორგანული ნარჩენების 57% წარმოიქმნა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია საქართველოში, სადაც, მკვლევარების შეფასებით, ორგანული მასალები მთლიანი ნარჩენების 60%-ს შეადგენს (Heinrich Böll Stiftung, 2020).


ორგანული ნარჩენების მართვა საქართველოში

საქართველოში ამჟამად არ არსებობს სისტემური მიდგომა ორგანულ ნარჩენების შეგროვებასთან ან მათ დახარისხებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არ არსებობს ნარჩენების დახარისხების მასშტაბური სისტემები და სხვადასხვა ტიპის ნარჩენები ერთადაა თავმოყრილი ნაგავსაყრელებზე. ამის მიუხედავად, საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ხდება ნარჩენების დანაწევრება და გადამუშავება. ძირითადად, ეს ეხება ქაღალდის, პლასტმასის, მინისა და საბურავების გადამუშავებას. აღსანიშნავია, რომ გადამუშავების უდიდესი ნაწილი ქაღალდის ნარჩენებზე მოდის. საქართველოს ნარჩენების მართვის სტრატეგია (2016-2030 წწ) მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ქვეყნის სრულად ფუნქციონირებული ნარჩენების მართვის სისტემით უზრუნველყოფას, ხოლო 2030 წლისთვის – ქაღალდის, მინისა და პლასტმასის 80%-სა და ლითონის 90%-ს გადამუშავებას. ეს ძალზედ ამბიციური მიზნებია, რომელთა ნაწილი ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებზე უფრო მაღალ მოთხოვნებს აყენებს. ამასთან, სტრატეგიაში არ წარმოდგენილი ორგანული ნარჩენების გადამუშავების მიზნები.

საქართველოში ნარჩენების მართვის არსებული პოლიტიკის თანახმად, ორგანული ნარჩენების კონსერვაცია უნდა მოხდეს ნაგავსაყრელებზე. ორგანული მასალები, როგორც წესი, სწრაფად იშლება და ბაქტერიების მიერ დაშლის შემდეგ იქმნება ბიოგაზი (LFG), რომელიც შედგება რამდენიმე აირისგან – მეთანისგან, ნახშირორჟანგისა და მცირე დოზით ორგანული ნაერთებისაგან. პრობლემა ის არის, რომ ეს აირები საშიშია ეკოსისტემებისთვის, რაც პოტენციურად იწვევს როგორც მიწისქვეშა წყლების, ისე ჰაერის დაბინძურებას, რაც გავლენას ახდენს კლიმატზეც.

კვლევის თანახმად, რომლებიც ჩატარდა ხელმისაწვდომ შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით, ბიოგაზის ემისიები საქართველოში არსებული მსხვილი ნაგავსაყრელებიდან 2030 წლისთვის 418.26 მილიონ ტონა CO2-ს ექვივალენტს მიაღწევს (SEA Pilot Project Team, 2015). იმავე კვლევის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა გამოიყენებს გარკვეულ შემამსუბუქებელ ღონისძიებებს (მაგალითად, გაზის შეგროვებას და დაწვას), ემისიის დონე 2030 წლისთვის შეიძლება შემცირდეს 291,76 მილიონ ტონა CO2-ს ეკივალენტამდე.

გლობალური დათბობის ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით, ყველა ქვეყანა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას. ამის მიუხედავად, საქართველოში არ არსებობს აქტიური პოლიტიკა, რომელიც უშუალოდ მიმართულია ორგანული ნარჩენების მართვისა და ბიოგაზის ზემოქმედების შემცირებისკენ (Heinrich Böll Stiftung, 2020). საქართველოში ორგანული ნარჩენების დიდი რაოდენობის გამო, ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ორგანული ნარჩენების მართვის ოპტიმალური პოლიტიკის შემუშავება.


ორგანული ნარჩენების გადამუშავების ფართოდ გავრცელებული მიდგომები

საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა კლასიკური მიდგომის უგულებელყოფა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების სასარგებლოდ, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი გამოყენებისთვის მრავალფეროვანი ნარჩენების მაქსიმალური ოდენობის გადამუშავებას. ამ მოსაზრებას ზურგს უმაგრებს თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, რომლებიც გვთავაზობს ნარჩენების მინიმალური დანახარჯით გადამუშავების ან გარდაქმნის საშუალებას. მეცნიერებმა შეიმუშავეს ორგანული ნარჩენების მართვის რამდენიმე მეთოდი და ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ორ ყველაზე ფართოდ მიღებულ საერთაშორისო მიდგომას, რომელთა ადაპტირებაც საქართველოში შესაძლებელია.

კომპოსტირება არის ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესი, რომელიც ხორციელდება კონტროლირებად პირობებში და ნედლეულის დასაშლელად გამოიყენება ორგანული ნივთიერებები და ნიადაგში ბუნებრივად არსებულ მიკროორგანიზმები. კომპოსტირების დროს, სხვადასხვა მიკროორგანიზმი, მათ შორის ბაქტერიები და სოკოები, ორგანულ ნარჩენებს მარტივ ნივთიერებებად შლიან. თავად კომპოსტი არის ნეშომპალას მსგავსი მასალა, რომლის დამუშავება და შენახვა მარტივი და უვნებელია და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ნიადაგის განოყიერებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესებისთვის. კომპოსტირებისთვის საჭიროა ნარჩენების კატეგორიზაცია, რადგან მისი დამზადების პროცესში ყველა სახის ნარჩენი (მაგალითად, ქიმიურად დამუშავებული ხის პროდუქტები) არ გამოიყენება. კომპოსტირებისთვის ორგანული ნარჩენების გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნაგავსაყრელებზე ადგილის დაზოგვას, აგრეთვე ამცირებს მეთანისა და ბიოგაზის ემისიებს, რომლებიც, ძირითადად, ორგანული ნარჩენებისგან მიიღება.

სურსათის ნარჩენებიდან მიღებულ ბიოგაზს ახასიათებს ბიომეთანის მაღალი შემცველობა, ამიტომ შესაძლებელია მისი განახლებადი ენერგიის წყაროდ გამოყენება ორგანული საწვავის ნაცვლად. ბიოგაზის წარმოებისთვის ორგანული ნარჩენების გამოყენება ითვლება ბიოსაწვავის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე ენერგოეფექტურ, ენერგო-ეკონომიურ და ეკოლოგიურად სუფთა გზად. მსოფლიო მასშტაბით, ბიოგაზის წარმოებაში ლიდერობენ ჩინეთი, შეერთებული შტატები, ტაილანდი, ინდოეთი და კანადა, საერთაშორისო გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ქვეყნები უფრო მეტად ზრდიან ბიოგაზის წარმოებას.


გამოწვევების გადაჭრის პოტენციური გზები საქართველოსთვის

მიუხედავად იმისა, რომ ორგანულ ნარჩენებთან დაკავშირებულმა ზემოაღნიშნულმა მიდგომებმა შეიძლება მოგვცეს გარკვეული გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სარგებელი, მათ თან ნაკლოვანებებიც ახლავს და მათი განხორციელება ხშირად რთულია. მაგალითად, ბიოგაზის წარმოება არაეფექტურია იმ ადგილებში, სადაც არ ხდება ნარჩენების დახარისხება და ყველა ტიპის ნარჩენი ერთად გროვდება. საქართველოში არ ხდება ნაგავსაყრელებზე მოხვედრილი ნარჩენების დახარისხება, ამიტომ ამ მიდგომის გამოყენება ამჟამად ტექნიკურად შეუძლებელია. ასევე, ბიოგაზის წარმოება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე, ეს პროცესი ყველაზე ეფექტურია, როცა ტემპერატურა აღემატება 15 გრადუს ცელსიუსს. ფაქტობრივად, ბიოგაზის ზამთარში წარმოებისთვის საჭირო იქნება დამატებითი ენერგიის მიწოდება, რაც შესაძლოა ეკონომიკურად მომგებიანი არ იყოს.

კომპოსტირება ორგანული ნარჩენების დამუშავების შედარებით მარტივი და იაფი ტექნიკაა. კომპოსტის ურნების გამოყენებით, კერძო პირებსა და წარმოებებს დაუყოვნებლივ შეუძლიათ კომპოსტირების დაწყება დამატებითი ინვესტიციების გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ კომპოსტი ქიმიური სასუქების კარგი შემცვლელია, ეს საგრძნობლად შეამცირებს ხარჯებს სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის, რაც შეიძლება ეკონომიკურად სასარგებლო იყოს ფერმერებისთვის. მეტიც, კომპოსტი ამდიდრებს ნიადაგს ხანგრძლივი პერიოდით, წყლისა და ჰაერის შენარჩუნების გზით. მაგალითად, არსებული ლიტერატურის თანახმად, ნიადაგის ორგანული შემადგენლის ერთპროცენტიანი ზრდა ხელს უწყობს ჰექტარზე 20,000 გალონი წყლის შენარჩუნებას (Bhadha, 2018).

არსებული ნარჩენების კატეგორიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, აგრეთვე შეზღუდული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, კომპოსტირების წახალისება ქვეყნისთვის ყველაზე ეფექტური პოლიტიკის ალტერნატივაა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნებისმიერი პოლიტიკის წარმატებით განხორციელება მოითხოვს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი კანონმდებლობის განსაზღვრას, ძლიერი ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას და სათანადო დაფინანსების მოპოვებას. საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა ნარჩენების შეგროვებასა და პირველად დახარისხებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუნიციპალური ნარჩენების მართვაში. ამიტომ აუცილებელია, რომ საზოგადოება იყოს სრულად ინფორმირებული პრობლემის არსებული მასშტაბის, მოსალოდნელი საფრთხეების, დაგეგმილი პოლიტიკისა და მათი პოტენციური როლის შესახებ ნარჩენების მდგრადი მართვის სისტემების შექმნაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების დახარისხების საჭიროების შესახებ, რადგან ნარჩენების მართვის ზოგიერთი ყველაზე ეფექტური მიდგომა ვერ განხორციელდება ნარჩენების კატეგორიზაციის გარეშე. შესაბამისად, მთავრობამ, მის მიერ შერჩეული პოლიტიკის გატარებასთან ერთად, უნდა იმოქმედოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხითაც და მიაწოდოს მოქალაქეებს ყველა შესაბამისი ინფორმაცია.


გამოყენებული ლიტერატურა

Bhadha, J. (2018). Raising Soil Organic Matter Content to Improve Water Holdin Capacity. University of Florida.

National SEA Pilot Project Team. (2015). SEA for National Waste Management Strategy and Action Plan. Tbilisi: SEA.

World Bank. (2018). A Global Snapshot of Solit Waste Management to 2050. Washington, DC: World Bank.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 28 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners