COVID-19-ის პანდემიამ არაერთი მიმართულებით შეცვალა ჩვენი ცხოვრება და შეხედულება იმაზე, თუ რამდენად ვაფასებთ უშუალო ურთიერთობებს, პერსონალური სივრცის მნიშვნელობას, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას და ა.შ. ამ დამოკიდებულებებისა და სოციალური ცვლილებების ნაწილი შეიძლება პანდემიის შემდეგაც დარჩეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად. საინტერესოა, რომ ხანგრძლივმა შეზღუდვებმა უამრავ ადამიანს დაანახა ეკონომიკური ცხოვრების მანამდე „დაფარული“ ერთი მხარე, რასაც ეკონომისტები არაანაზღაურებად ზრუნვას ვუწოდებთ. როდესაც არაანაზღაურებად შრომაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმ ყოველდღიურ საქმიანობას, რასაც ადამიანები ოჯახებში ასრულებენ: საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, პროდუქტების შეძენა, გადასახადების გადახდა, ოჯახის ხანდაზმულ წევრებსა და ბავშვებზე ზრუნვა. როგორც წესი, ადამიანები ამ სამუშაოს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ასრულებენ, ამიტომ მისი ღირებულება მშპ-ში (შედეგად, „ფარულ“ ეკონომიკურ ცხოვრებაში) არ აისახება. თუ დაფიქრებულხართ, დღეში მაინც რამდენ დროს გვართმევს ასეთი შრომა? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვინ ასრულებს ამ სამუშაოს ჩვენს ოჯახში?
არაანაზღაურებადი საოჯახო შრომის განაწილება კაცებსა და ქალებს შორის პანდემიამდე
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული უახლესი გამოკითხვები საინტერესო შედეგებზე გვიყვება: მსოფლიოში არაანაზღაურებადი ზრუნვის შრომის ¾-ზე მეტს (76.4%-ს) ქალები ასრულებენ, კაცებზე კი მხოლოდ 23.6% მოდის. განვითარებულ ქვეყნებში არაანაზღაურებად შრომაში ქალების წილი ნაკლებია (65%, კაცების წილი – 34.5%), განვითარებად ეკონომიკებში კი ასეთი სამუშაოს 80.2%-ს ქალები ასრულებენ. როგორც ვხედავთ, განვითარებულ ქვეყნებშიც კი ქალებზე არაანაზღაურებადი საოჯახო შრომის 2/3-ზე მეტი მოდის. დღესდღეობით არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს ტვირთი პროპორციულადაა განაწილებული ქალებსა და კაცებს შორის.
რას ნიშნავს ეს რეალურად ქალებისთვის? ამ არაანაზღაურებადი ზრუნვის პასუხისმგებლობის გამო:
1) ქალებს ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ (რაც თვითგანათლებისთვის არის საჭირო)
დიდ ბრიტანეთში, 2018 წელს შეგროვებული მონაცემების თანახმად, კაცებს კვირაში 5 საათით მეტი დრო აქვთ დასვენებისთვის, ვიდრე ქალებს. Pew-ის კვლევამ დაადგინა, რომ აშშ-შიც კაცებისა და ქალების დასვენების დროებს შორის სხვაობა, საშუალოდ, 4.7-საათია.
2) ქალები უფრო ხშირად მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე, ვიდრე კაცები
მიზეზი კი საოჯახო ვალდებულებია. ამ ვალდებულებების გამოა, რომ ქალები ხშირად არც კი მუშაობენ. საქართველოს 2019 წლის სამუშაო ძალის გამოკვლევა საინტერესო დასკვნებს გვთავაზობს. ქართული მონაცემების თანახმად, ქალების 22% ამბობს, რომ სახლის მოვლის, ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნვის პასუხისმგებლობები არის მიზეზი, რის გამოც ისინი ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ. ამ მიზეზს კაცების მხოლოდ 1.4% ასახელებს. გამოკითხული ქალების 58% ამბობს, რომ ბავშვებსა და მოხუცებზე/შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გამო არ შეუძლია მუშაობა, როცა იმავე გარემოებაზე კაცების მხოლოდ 5% საუბრობს.
3) ქალებს ნაკლებს უხდიან, თუნდაც სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ და/ან საპასუხისმგებლო სამუშაოს ასრულებდნენ. ევროპაში „ნედლი“ გენდერული სახელფასო სხვაობა (განათლებასა და სხვა მახასიათებლებთან დაკორექტირების გარეშე) დაახლოებით 15%-ია, საქართველოში ეს მაჩვენებელი 17.7%-ს აღწევს. კვალიფიკაციების, პირადი მახასიათებლებისა და შერჩევის მიკერძოების (უკეთესი განათლების მქონე ქალები უფრო მიდრეკილნი არიან, რომ შრომის ბაზარზე შევიდნენ) გათვალისწინების შემდეგაც კი ქალისა და კაცის ხელფასებს შორის რჩება „აუხსნელი“ სხვაობა, რაც 12%-ს შეადგენს. ამ სხვაობას დისკრიმინაცია ან შრომის ბაზრის ჩვენთვის უცნობი მახასიათებლები უნდა იწვევდეს. ევროპისთვის გენდერული სახელფასო სხვაობის აუხსნელი ნაწილი უხეშად თითქმის 11.5%-ია.
რატომ არის ეს საზოგადოების პრობლემა?
წინა თავში მოყვანილი სამი ძირითადი პუნქტი გვიჩვენებს, რომ შრომის არათანაბარი განაწილება არ არის უსამართლობა მხოლოდ ქალების მიმართ. ეს ტენდენცია უარყოფითად მოქმედებს კაცებზეც, ბავშვებზეც და, ზოგადად, ოჯახებზეც.
საოჯახო შრომის არათანაბარი განაწილებისადმი დამოკიდებულებამ შეიძლება ურთიერთობაში უკმაყოფილებამდე, დეპრესიასა და განქორწინებამდე მიგვიყვანოს (შვედეთისა და აშშ-ის მონაცემების მიხედვით). მეტიც, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს არა თავად სამუშაოს მოცულობა, არამედ მისი არათანაბარი განაწილება იწვევს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საოჯახო ვალდებულებების განაწილებაში მხოლოდ გენდერის მიხედვით შედარებითი უპირატესობის „მინიჭება“ ეკონომიკურადაც არაეფექტიანია: თუ ქალის შესაძლებლობები პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაგრამ იძულებულია (სოციალური მიზეზების გამო), თავისი დროის დიდი ნაწილი საოჯახო შრომას დაუთმოს, საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობა მცირდება. დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შრომის ბაზარზე ქალების დაბალი მონაწილეობა და სახელფასო დისკრიმინაცია ზრდის იმის ალბათობას, რომ ქალები (განსაკუთრებით მარტოხელა დედები და ქვრივები) სიღარიბეში აღმოჩნდნენ და დარჩნენ ღარიბებად, რაც სიღარიბისა და უთანასწორობის მანკიერ წრეს ქმნის ამ ქალებისთვის, მათი ოჯახებისა და შვილებისთვის (მაგ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშით, მსოფლიოში დასაქმებული ღარიბების 70% ქალია). სხვა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რასაც გენდერული უთანასწორობა ქმნის, განხილულია შემდეგ თავში.
აქვთ თუ არა ქალებს „ბუნებრივი“ შედარებითი უპირატესობა საოჯახო შრომაში?
ადამიანების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ქალი „ბუნებრივად“ უფრო მიჯაჭვულია ოჯახსა და ბავშვებზე და რომ მას ოჯახის წევრებზე ზრუნვა უფრო აბედნიერებს, ვიდრე ფული. ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი დამოკიდებულების გამო (რაც ხშირად მათ განათლების მიღების არჩევანსაც განსაზღვრავს) ქალები ან არ მუშაობენ, ან დაბალანაზღაურებად სამუშაოზე თანხმდებიან და ამგვარად აძლევენ კაცებს საშუალებას, ოჯახში ფულის შემომტანები იყვნენ. არადა ქალებს ამ მოსაზრებების შეფასება რომ ვთხოვოთ, შეიძლება სრულიად განსხვავებული სურათი მივიღოთ. კერძოდ, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მთელ მსოფლიოში უფრო მეტ გენდერულ თანასწორობას დიდი მხარდაჭერა აქვს. აშშ-ში, ქალებიცა და კაცებიც აცხადებენ, რომ „ურჩევნიათ, თანაბრად გაინაწილონ ანაზღაურებადიც და არაანაზღაურებადი შრომაც“. მეტიც, აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, გამოკითხული ბავშვების 80%, რომელთა დედებიც მუშაობენ, ფიქრობენ, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია. აღსანიშნავია, რომ ასევე ფიქრობს დიასახლისი დედების შვილების თითქმის 50%.
საქართველოში ქალების, როგორც ოჯახზე „ბუნებრივად“ მზრუნველის, როლისადმი დამოკიდებულება გაყოფილია: CRRC-ის გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% ეთანხმება განცხადებას, რომ სახლსა და ოჯახზე ზრუნვა ქალებს ისევე აბედნიერებთ, როგორც ანაზღაურებადი სამსახური. გამოკითხულთა 47% ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ასეთი დამოკიდებულება და არჩევანი გენდერული ნორმებისა და ქალის როლის საზოგადოებაში მიღებული შეხედულებისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ხშირად უთანასწორობა ადრეული ბავშვობიდან მოდის. უნარ-ჩვევები, რასაც ბავშვობაში გვასწავლიან, ხშირად ხდება ჩვენი „შედარებითი უპირატესობა“ ზრდასრულობის დროს. მაგალითად, CRRC-ის მიერ აზერბაიჯანში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ქალების დაახლოებით 96%-ს ბავშვობაში ასწავლიან საჭმლის მომზადებასა და სახლის დალაგებას. საქართველოში ქალების დაახლოებით 90%-მა განაცხადა, რომ საჭმლის მომზადება, დალაგება და რეცხვა ასწავლეს, მაშინ როდესაც იმავეს კაცების მხოლოდ 30% აცხადებს.
ქალების განათლებისადმი დამოკიდებულებამ, სამუშაოსთვის შესაფერისობამ ან, ზოგადად, მუშაობის უფლებამ შეიძლება განსაზღვროს, თუ რა ტიპის სამუშაოზე აქვთ ქალებს წვდომა ზრდასრულ ასაკში. ეს კი გავლენას ახდეს იმაზე, თუ ვის უფრო მეტი „შედარებითი უპირატესობა“ აქვს საოჯახო შრომის განაწილებისას. ადამიანის განვითარების ანგარიშის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ადამიანების 18% ამჟღავნებს გენდერულად განსხვავებულ დამოკიდებულებას განათლების მიღების მნიშვნელოვნების შესახებ (სრულად ან მეტნაკლებად ეთანხმება მოსაზრებას, რომ უნივერსიტეტის დიპლომი ბიჭისთვის უფრო მნიშვნელოვანია), მაშინ როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი 26%-ია. საქართველოში ადამიანების 67%-ს მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს ქალებისა და კაცების ეკონომიკური საქმიანობის მიმართ (ეთანხმება მოსაზრებას, რომ კაცები უკეთესი ბიზნესის აღმასრულებლები არიან ან რომ კაცს უფრო მეტი უფლება უნდა ჰქონდეს სამსახურზე, ვიდრე ქალს). მსოფლიოში ამავე მიკერძოების მქონე ადამიანთა წილი 57%-ია.
ცოტა ხნით გვერდზე რომ გადავდოთ უბრალო დაკვირვება, რომ ქალები შეიძლება სულაც არ იყვნენ „ბუნევრივად“ მიდრეკილნი საოჯახო საქმეებისადმი ან რომ შეიძლება სულაც არ გამოსდიოდეთ ეს საქმე მეტნაკლებად უკეთ, არსებობს უამრავი სხვა გარემოება, რის გამოც არაანაზღაურებადი შრომის არათანაბარი განაწილება უსამართლობაა ქალებისადმი და ცუდი ზოგადად საზოგადოებისთვის.
„სპეციალიზებული” შინამეურნეობები: რატომ უქმნიან ისინი ქალებს პრობლემებს?
მაშ, რატომ არის უსამართლობა, თუ კაცები და და ქალები ოჯახში ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი ტიპის სამუშაოში „სპეციალიზდებიან“? მარტივი პასუხი შეიძლება იყოს ოჯახში ეკონომიკური ძალაუფლების ბალანსი. ეჭვგარეშეა, რომ ანაზღაურებადი შრომა ბევრად უფრო მოქნილია, ვიდრე არაანაზღაურებადი. დასაქმებულს შეუძლია შეიცვალოს კომპანია, თუ ანაზღაურება ან სამუშაო პირობები არ აკმაყოფილებს. არაანაზღაურებადი შრომის შემთხვევაში კი ასე არ ხდება. დიასახლისი, ფაქტობრივად, სამუდამო სამუშაოს „აწერს ხელს“. როგორც კი იგი ამ ვალდებულებას თავის თავზე იღებს, მას ბევრად ნაკლები ძალაუფლება აქვს, გადახედოს და ხელახლა მოილაპარაკოს „დასაქმების“ პირობები ან სულაც გამოიცვალოს „სამსახური“. სწორედ ამიტომაა, რომ უამრავ ქვეყანაში ქალები ხშირად დაუცველები არიან – ნაკლებად წყვეტენ საოჯახო საქმეებს, ნაკლებად აქვთ გავლენა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე (მათ შორის ფინანსურზე), ნაკლებად არიან ფინანსურად დამოუკიდებელნი ქმრებისგან და ნაკლებად დაცულნი არიან ოჯახური ძალადობისგან. დასაქმებულ ქალებს ანაზღაურებაც ნაკლები აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიასაც ნაკლებს იღებენ. სწორედ ამიტომაა, რომ მარტოხელა ქალები (განსაკუთრებით ქვრივები და მარტოხელა დედები) სოციალურად და ეკონომიკურად უფრო დაუცველები არიან, რაც მათი სიღარიბის რისკებს ზრდის, განსხვავებით კაცებისგან ასეთსავე სიტუაციაში.
როგორ შეცვალა COVID-19-მა მსოფლიოში გენდერული ბალანსი არაანაზღაურებად საოჯახო შრომაში?
COVID-19-ის კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა არაანაზღაურებადი ზრუნვის შრომაზე, რაც, ძირითადად, ზრუნვის ფორმალურ სერვისებზე წვდომის შემცირებამ განაპირობა. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დამატებითი შრომის ტვირთის დიდი ნაწილი ლოქდაუნის პერიოდში სწორედ ქალებს დაეკისრათ. სკოლების დროებით დახურვამ და ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლამ ბევრ ოჯახს ახალი ვალდებულება გაუჩინა – „ჰოუმსქულინგი“. როგორც ჩანს, ეს ახალი საქმეც მხოლოდ დედების პასუხისმგებლობაა და ზრდის არაანაზღაურებადი ზრუნვის ტვირთს ქალებისთვის. შედეგად, მომუშავე დედები ნაკლებ დროს ხარჯავენ ანაზღაურებად სამუშაოზე და მეტ დროს უთმობენ საოჯახო შრომას, თუნდაც ასეთი ქალები უფრო მეტ შემოსავალს იღებდნენ. არაანაზღაურებადი საოჯახო შრომის ტვირთი მნიშვნელოვნად იზრდება იმ დაბალშემოსავლიანი შინამეურნეობების შემთხვევაშიც, სადაც ბევრი დამოკიდებული წევრია.
დადებითი მხრიდან რომ შევხედოთ, COVID-19-ის პანდემიის გამო მოქნილმა სამუშაომ და/ან სახლიდან მუშაობამ შესაძლებლობა მისცა მამებს, მეტი დრო დაუთმონ საოჯახო შრომას. ესპანეთის მონაცემებმა აჩვენა, რომ მამები ოდნავ უფრო აქტიურად ჩაერთვნენ საოჯახო საქმეებში (მაგ. დადიან საოჯახო საყიდლებზე). დიდ ბრიტანეთშიც გაიზარდა მამების ჩართულობა ბავშვის მოვლაში – ქვეყანაში ბავშვის მოვლაში გენდერული სხვაობა 31-დან 27%-მდე შემცირდა.
თურქეთში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ წყვილების შენიმეურნეობებში კაცების მიერ საოჯახო შრომაზე დახარჯული დრო თითქმის ხუთჯერ გაიზარდა. ზრდა ყველაზე მაღალი იმ კაცების შემთხვევაში იყო, ვინც ლოქდაუნის დროს სახლიდან მუშაობდა. ეს მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ კაცების მოქნილ სამუშაო გრაფიკს შეიძლება დადებითი ეფექტი ჰქონდეს საოჯახო საქმეების განაწილებაზე.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არაანაზღაურებადი ზრუნვის შრომის გენდერულ განაწილებაზე პანდემიის გავლენის შესახებ არსებული მტკიცებულებები არაერთგვაროვანია. თუმცა, ესუნა დუგაროვას მიერ 2020 წელს ჩატარებულ კვლევას თუ დავეყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში საოჯახო შრომის გენდერულ განაწილებაში დადებითი ცვლილებები შეინიშნება იმ ოჯახებში, სადაც: (1) კაცებმა ლოქდაუნის გამო სამსახური დაკარგეს; (2) კაცები სახლიდან მუშაობდნენ ან მოქნილი სამუშაო გრაფიკი ჰქონდათ; და (3) ლოქდაუნის დროს ქალები ჯანდაცვის ან სხვა პირველადი მომსახურების სფეროში მუშაობდნენ.
როგორ შეცვალა COVID-19-მა გენდერული ბალანსი საქართველოში?
გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოკვლევის თანახმად, COVID-19-მა არაანაზღაურებადი ზრუნვის ტვირთი გაზარდა ორივე სქესის შემთხვევაში, თუმცა ქალების შემთხვევაში უფრო მეტად. უფრო მეტმა ქალმა განაცხადა, რომ მეტ დროს უთმობს სახლის დალაგებას (ქალების 35%, კაცების 24%), საჭმლის მომზადებას (ქალების 31%, კაცების 25%), ბავშვების მოვლას (ქალების 61%, კაცების 44%). საერთო ჯამში, ქალების 57%-მა და კაცების 61%-მა განაცხადა, რომ მეტ დროს ხარჯავს სულ მცირე ერთ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეზე. საოჯახო შრომა განსაკუთრებით გაიზარდა ბავშვიანი ოჯახებისთვის, რაც, სავარაუდოდ, სკოლების დახურვამ გამოიწვია. სამწუხაროდ, გამოკვლევამ ვერ შეაფასა, რამდენად გაიზარდა არაანაზღაურებად ზრუნვის შრომაზე დახარჯული დრო კაცებისა და ქალების შემთხვევაში.
თუმცაღა ბევრის მთქმელია ის ფაქტი, რომ ქალების 31%-ს დასვენების დრო შეუმცირდა (კაცების შემთხვევაში მაჩვენებელი 23%-ია). უფრო მეტი კაცისთვის (30%) გაიზარდა დასვენების დრო ლოქდაუნის პირობებში, ვიდრე ქალისთვის (21%). ამავდროულად მნიშვნელოვანი გენდერული სხვაობა არ დაფიქსირებულა საათობრივი შრომის ანაზღაურებაში (ხელფასიანი დასაქმებულებისთვის). ამ დასკვნებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ „ორმაგი ტვირთი“ ქალებს უფრო დააწვათ, ვიდრე კაცებს: ჯამში ქალებმა კაცებზე მეტი დრო დაუთმეს ანაზღაურებად და არანაზღაურებად შრომას ერთად აღებულს.
რეკომენდაციები წინსვლისთვის: როგორ შევამციროთ ზრუნვის გენდერულ განაწილებაში არსებული სხვაობა პანდემიის დროს და მის შემდგომ
იმისათვის, რომ ქალების ზრუნვის გაზრდილ ტვირთზე COVID-19-ის გავლენა შემცირდეს, პოლიტის გამტარებლებმა შეიძლება იფიქრონ ისეთი დამხმარე ზომების გატარებაზე, რაც არაანაზღაურებადი შრომის დაფასებას ისახავს მიზნად. ასეთი ზომები შეიძლება იყოს:
• ხელფასის შემცვლელი სუბსიდიები იმ დასაქმებულებისთვის, რომელთაც ბავშვებზე ზრუნვის გამო არ შეუძლიათ მუშაობა ან ნაკლებ საათს მუშაობენ, რადგან პანდემიის გამო სკოლები და ბაღები დაიხურა;
• დამატებითი ფულადი დახმარების სქემების შემოღება იმ დასაქმებულებისთვის, რომელთაც დატოვეს სამსახური, რათა პანდემიის გამო არაანაზღაურებადი ზრუნვის შრომაში ჩაერთონ;
• ზრუნვაში მხარდაჭერის შეთავაზება კრიტიკული დასაქმებულებისთვის და ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვის სერვისების დაფინანსება;
• ანაზღაურებად საოჯახო შვებულებასა და ანაზღაურებად ავადმყოფობის შვებულებაზე წვდომის გაზრდა.
თუ გავითვალისწინებით, რომ საქართველოში თვითდასაქმების წილი მაღალია, განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა ჩაიდოს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა იდენტიფიცირებაში, რომლებიც პანდემიის დროს საოჯახო ვალდებულებების ზრდის გამო იძულებულნი გახდნენ, სამსახური მიეტოვებინათ.
თუმცა ის ზომები, რაზეც ბლოგში ვსაუბრობთ, მოკლევადიანია და პანდემიის დროს გაზრდილი არაანაზღაურებადი შრომის კომპენსაციისკენ არის მიმართული. არაანაზღაურებადი შრომის პრობლემის გრძელვადიან პერიოდში საფუძვლიანად მოგვარებისთვის, როგორც მაკენზის გლობალური ინსტიტუტის კვლევა გვთავაზობს, საჭიროა ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ცნობს არაანაზღაურებად შრომას, ამცირებს მას და თავიდან ანაწილებს ქალსა და კაცს შორის.
ქართულ კონტექსტში პრობლემის მოგვარების ინსტრუმენტი შეიძლება იყოს:
• სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნას ბავშვზე ზრუნვის პროფესიული ინდუსტრია. ეს უამრავ ქალს მისცემს საშუალებას, იმუშაოს და დასაქმების შესაძლებლობა (ანაზღაურებადი ზრუნვის შრომის სახით) შეუქმნას სხვასაც; ასეთი რამ გააკეთა შვედეთმა, სადაც ოჯახები მნიშვნელოვან სუბსიდიებს იღებენ ბავშვის მოვლის კერძო სერვისით სარგებლობისას;
• უნდა შემუშავდეს საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ორივე მეუღლის მუშაობას წაახალისებს (მაგ. „საქორწინო ბონუსი“, „წყვილების ბონუსი“ საგადასახადო მიზნებისთვის). თუმცა ეს პოლიტიკა უნდა გატარდეს სხვა პოლიტიკასთან კომბინაციაში, რათა ქალებს შრომის „ორმაგი ტვირთი“ არ შეხვდეთ;
• ინვესტიციები უნდა ჩაიდოს ოჯახზე მორგებულ პოლიტიკაში, რაც დაეხმარება კაცსაც და ქალსაც, შეინარჩუნონ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. ეს შეიძლება მიღწეულ იქნას საქართველოში დედობისა და მამობის შვებულების კანონდებლობაში ცვლილებების შეტანით. დღესდღეობით ქართული კანონმდებლობა, ძირითადად, დედობისა და მშობლის შვებულების, ძუძუთი კვების, დისკრიმინაციისა და სამუშაოზე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს არეგულირებს, თუმცა ვერ ახერხებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებისა და ევროკავშირის დირექტივების ზოგიერთი დებულების აღსრულებას. კერძოდ:
o დედობის შემწეობა კერძო სექტორში დასაქმებულთათვის არ არის საკმარისი დედისა და ბავშვის არსებობისთვის დედობის შვებულების დროს – ერთ თვეზე დაანგარიშებით, მოქმედი კომპენსაცია საშუალო საარსებო მინიმუმს ძლივს უტოლდება. დედობის შემწეობის გაზრდით პოლიტიკის შემქმნელები არამხოლოდ დასაქმებული ქალების არაადეკვატური კომპენსაციის პრობლემას მოაგვარებენ, არამედ, დიდი ალბათობით, გაზრდიან კიდეც ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობას;
o მამებს არ აქვთ არანაირი ფინანსური სტიმული, მშობლის შვებულებით ისარგებლონ. მამობის შვებულება კი საერთოდ არც არსებობს. მშობლისა და მამობის ანაზღაურებადი შვებულების შემოღება წაახალისებს ბავშვის მოვლის საქმეში კაცების მონაწილეობას და შეიძლება გენდერული ნორმების გრძელვადიანი ცვლილებაც გამოიწვიოს, რადგან ქალებიცა და კაცებიც თანაბრად პასუხისმგებელნი იქნებიან ბავშვზე ზრუნვაზე. ეს დადებით გავლენას იქონიებს ანაზღაურებადი დასაქმებისა და არაანაზღაურებადი ზრუნვისა და საოჯახო შრომის განაწილებაზე.
გარდა ამისა, პანდემიის პერიოდი შეიძლება შესაძლებლობად ვაქციოთ და გადავიაზროთ/შევცვალოთ სოციალური ნორმები და გენდერული სტერეოტიპები, რათა მომავალში კაცებსა და ქალებს შორის არაანაზღაურებადი შრომის უფრო თანაბარი განაწილება წავახალისოთ. ლოქდაუნისა და კომენდანტის საათის დროს ბევრი მამა იღებს საკუთარ თავზე ბავშვზე ზრუნვისა თუ საოჯახო საყიდლებზე სიარულის პასუხისმგებლობას, რისი შედეგიც ისაა, რომ ისინი უფრო ახლოს არიან საკუთარ შვილებთან და მათზე ზრუნვის მეტ გამოცდილებას იღებენ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც უფრო მეტი ბიჭი ატარებს დროს სახლში პანდემიის დროს, მით მეტ მშობელს აქვს შესაძლებლობა, მათაც ასწავლოს აუცილებელი საოჯახო საქმეები.
* * *
ბლოგი დაიწერა ქეა კავკასიის ”COVID-19-ზე რეაგირებისა და ადაპტაციის პროექტის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია CARE International-ის საგანგებო დახმარების საერთაშორისო ფონდის მიერ. დოკუმენტი შეიქმნა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ქეა კავკასიის გუნდების მჭიდრო თანამშრომლობით. ბლოგის შინაარსი მხოლოდ ავტორების მოსაზრებას გამოხატავს და შეიძლება არ ასახავდეს CARE International-ის შეხედულებებს.
Comments