ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საქართველოს რეგიონების „ცხოვრებადობის თავსატეხი“

ჩვენს ერთ-ერთ ბოლო ბლოგში ლუკ ლერუსმა საქართველოში სივრცითი დანაწევრების ცნებაზე ისაუბრა. ამ ბლოგით ავტორი შეეცადა, პასუხი გაეცა კითხვაზე, შეეჩვივნენ თუ არა ადამიანები დისტანციურად მუშაობას ახლა, როდესაც COVID-19-ის კრიზისმა მათ ეს ახალი შესაძლებლობა მისცა. თუ ასეა, შეიძლება თუ არა ამან დედაქალაქში მიგრანტების შემოდინება შეანელოს, რაც, თავის მხრივ, თბილისის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას შეამცირებს. რამდენად მოსალოდნელია, რომ ადამიანები პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ სოფლად ცხოვრებასა და დისტანციურად მუშაობას? თუ რეგიონული უთანასწორობის ჭრილში ეს მოლოდინი არარეალურია? გადავწყვიტეთ, ეს საკითხი სიღრმისეულად შეგვესწავლა და მიმოვიხილეთ რამდენიმე რეგიონული ინდიკატორი, რომელიც საქართველოს რეგიონებში „ცხოვრებადობის“ შესაძლებლობასა და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხს ზომავს.

როგორც ჩვენს წინა ბლოგებში აღვნიშნეთ, 2014 წლიდან თბილისის მოსახლეობა სტაბილურად იზრდება. თუმცა საინტერესოა, რა ხდება ამ დროს რეგიონებში. საქსტატის რეგიონული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად მცირდება, გარდა აჭარის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთისა. მონაცემებიდან ისიც ჩანს, რომ ამ რეგიონებშიც ეს ტენდენცია, ძირითადად, ბათუმის, რუსთავისა და მცხეთის ხარჯზე ხდება.

განვითარებად ქვეყნებში სწრაფი ურბანიზაცია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა; ეს არ არის გასაკვირი, რადგან, როგორც წესი, ადამიანები ისეთი ადგილებისკენ მიილტვიან, სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები მეტია და ცხოვრების დონეც მაღალია. ეს ტენდენციები განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის პოლიტიკის შემმუშავებლებს: სწრაფი ურბანიზაცია იწვევს ურბანული ინფრასტრუქტურის დასაშვებზე მეტად დატვირთვას, ზრდის გამონაბოლქვს, აზიანებს გარემოს, ქმნის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და ამცირებს ქალაქების მდგრადობას. სოფლის მოსახლეობის შემცირების პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა ერთობ მნიშვნელოვანია, რადგან ამ პრობლემის გადაჭრა საქართველოს და მსგავს ქვეყნებს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგითა და Horizon Europe-ის (2021-2027) კვლევებისა და ინოვაციების ამბიციური პროგრამით გათვალისწინებული მიზნების შესრულებაშიც დაეხმარება. თუმცა ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, პოლიტიკის შემმუშავებლებმა გააცნობიერონ ამგვარი ტენდენციების მამოძრავებელი ფაქტორები: რა უჩენს ხალხს გადასახლების სურვილს? როგორ შეიძლება რეგიონული განვითარება დიდ ურბანულ ცენტრებს მიღმა? დაბოლოს, მოახდენს თუ არა გავლენას (თუ კი, როგორს) COVID-19 ურბანიზაციის ამჟამინდელ ტენდენციებზე? შესაბამისად, საქართველო შეიძლება საინტერესო მაგალითი იყოს ევროპისა და სხვა ქვეყნების მკვლევრებისთვის.

თბილისს აქვს ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე, რომელსაც სხვა რეგიონები ამა თუ იმ ხარისხით ჩამორჩებიან; ამასთან, დედაქალაქს აქვს ყველაზე დივერსიფიცირებული ეკონომიკა. 2013 წელს საქართველოში რეგიონული უთანასწორობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ (Fuenfzig, 2013) გამოავლინა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული შემოსავლების სხვაობას, ძირითადად, ურბანიზაციის მაჩვენებელი განაპირობებს: შემოსავლები უფრო მაღალია მეტად ურბანიზებულ და მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. თუმცა იმავე კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ შინამეურნეობების შემოსავლებში უთანასწორობა ნებისმიერი ცალკე აღებული რეგიონის ფარგლებში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე შემოსავლების უთანასწორობა რეგიონებს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უთანასწორობა უფრო გადანაწილებულია და, როგორც ჩანს, სიღარიბე არ არის კონცენტრირებული კონკრეტულ რეგიონებში ან რეგიონების ჯგუფებში. ამ შედეგებს ეხმიანება საქართველოში შემოსავლების უთანასწორობის კიდევ ერთი კვლევა, რომელიც მოამზადეს ბინსტოკმა, ბაბიჩმა და სხვ. (Beenstock, Babych et al.) 2016 წელს. მათმა კვლევამ დაადგინა, რომ საქართველოს რეგიონები საკმაოდ ერთგვაროვანია შემოსავლის განაწილების თვალსაზრისით და რეგიონებს შორის უთანასწორობა საკმაოდ დაბალია; საერთო უთანასწორობის 94% რეგიონების შიგნით არსებული უთანასწორობით აიხსნება. მეტიც, კვლევამ (რომელიც 2014 წლამდე არსებული მონაცემებს იყენებს) დაადგინა, რომ შემოსავლების განსხვავება ქალაქსა და სოფელს შორის საერთოდ არ იყო მაღალი. სინამდვილეში, ცხოვრების ხარჯების კორექტირების შემდეგ, თბილისი დასახელდა ქვეყანაში ერთ-ერთ „ყველაზე ღარიბ“ რეგიონად, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ნაკლებად მიმზიდველია საცხოვრებლად.

ამ დასკვნების გათვალისწინებით, ჩვენ ვაწყდებით ამოუცნობ რამეს: რატომ ხდება სოფლებიდან ქალაქებში, კერძოდ კი, პერიფერიიდან თბილისში ადამიანების გადასვლა? (როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლამდე არსებულ მონაცემებში ამ ტენდენციას ვერ ვხედავთ, როცა 2014 წლიდან გამოკვეთილ სახეს იღებს). შესაძლოა, ქალაქსა და სოფელს შორის შემოსავლებში სხვაობა გაიზარდა, რამაც ქალაქები, განსაკუთრებით თბილისი, უფრო მიმზიდველი გახადა სოფლის მაცხოვრებლებისთვის. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ახსნა: შესაძლოა, ჩვენ სათანადოდ ვერ ვითვალისწინებთ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომელიც გავლენას ახდენს მობილობის შესახებ გადაწყვეტილებებზე: საცხოვრებელ პირობებსა და ცხოვრების ხარისხში სხვაობა ქალაქად და სოფლად, აგრეთვე დედაქალაქსა და პერიფერიაში. ახლა, როდესაც COVID-19-მა ხალხს შესაძლებლობა მისცა, დისტანციური მუშაობის გამოცდილებაც მიეღოთ, საკმარისი იქნება არსებული საცხოვრებელი პირობები იმისთვის, რომ მათ დედაქალაქის გარეთ დარჩენა გადაწყვიტონ?

რამდენად დიდია საცხოვრებელ პირობებში სხვაობა თბილისსა და დანარჩენ საქართველოს შორის? პირველ რიგში, განვიხილოთ ე.წ. „რბილი ინფრასტრუქტურის“ ბოლოდროინდელი (2019-2020 წწ) მაჩვენებლები – მაგალითად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სკოლების რაოდენობა თითოეულ რეგიონში – რათა შევაფასოთ საბაზისო განათლების მქონე ახალგაზრდების ხელთ არსებული შესაძლებლობები. როგორც 1-ლი გრაფიკიდან ჩანს, თბილისში 80 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული სასწავლებელია, როდესაც, მაგალითად, გურიაში არის მხოლოდ 4. თბილისის შემდგომ მოდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც გვხვდება 22 ასეთი დაწესებულება, რომელთა უმრავლესობა ბათუმშია თავმოყრილი; მესამე ადგილზეა იმერეთი, აქაც უმრავლესობა ქუთაისშია განლაგებული.

გრაფიკი 1. უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებების რაოდენობა რეგიონების მიხედვით

სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი კრიტიკული ფაქტორია გარკვეულ ტერიტორიაზე დასახლების საკითხის გადაწყვეტისას. რა განსხვავებაა ჯანდაცვის სერვისებში რეგიონების მასშტაბით? მე-2 გრაფიკიდან ჩანს, რომ დედაქალაქსა და დანარჩენ საქართველოს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. თბილისში 120 საავადმყოფო და სამედიცინო ცენტრი და 17,3 ათასი ექიმია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – მხოლოდ ოთხი საავადმყოფო და სამედიცინო ცენტრი და 0,2 ათასი ექიმი1.

გრაფიკი 2. სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობა საქართველოში

ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში არსებული განსხვავებების გათვალისწინებით, მე-3 გრაფიკი აჩვენებს ორ ინდიკატორს თითოეული რეგიონიდან: ესენია ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების პროცენტული მაჩვენებელი და წყალმომარაგება სახლებში. თბილისი თითქმის სრულად არის დაფარული (ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა – 96.2%, წყალმომარაგების მაჩვენებელი – 98.7%), თუმცა რეგიონები სხვადასხვა ხარისხით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ თბილისთან ახლოს მყოფი რეგიონებიც კი, რომლებიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილნი არიან ფიზიკური ინფრასტრუქტურით, კვლავ კარგავენ მოსახლეობას2.

გრაფიკი 3. ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა და წყალმომარაგება რეგიონების მიხედვით

დაბოლოს, უნდა ვისაუბროთ არანაკლებ მნიშნელოვან მამოძრავებელ ფაქტორად უნდა მოვიაზროთ კულტურული ღონისძიებები და სოციალური შესაძლებლობები, რომელსაც ქალაქი გვთავაზობს. კულტურული აქტივობის განსხვავებულობის შესაფასებლად, ჩვენ შევადარეთ თეატრების რაოდენობა 100,000 ადამიანზე ყოველ რეგიონში. აქ ლიდერობს თბილისი (2.1 თეატრი 100,000 კაცზე), მეორე ადგილზეა სამცხე-ჯავახეთი (1,9), მესამეზე კი – იმერეთი (1,6).

გრაფიკი 4. თეატრების რაოდენობა 100 ათას ადამიანზე რეგიონების მიხედვით

ერთი სიტყვით, ეკონომიკური შესაძლებლობები ნამდვილად მოქმედებს ადამიანების მიერ ამა თუ იმ ადგილას დასახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობამ, ჯანდაცვის სერვისებმა და საცხოვრებელი პირობების სხვა, ნაკლებად ხელშესახებ ასპექტებმა, შეიძლება არათუ იმდენივე, არამედ ზოგჯერ მეტი სტიმულიც შეუქმნას ხალხს, დატოვონ თავიანთი სახლები და დასახლდნენ უფრო „ცხოვრებად“ ადგილებში (მაგალითად, თბილისში).

აღწერილი ოთხი ინდიკატორი „ცხოვრებადობის“ რთული კონცეფციის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, თუნდაც ამ შეზღუდული მაგალითით თუ ვიმსჯელეთ, თბილისსა და დანარჩენ საქართველოს შორის საცხოვრებელ პირობებში განსხვავება საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ მოსახლეობის ამჟამინდელი მობილობის ტენდენციის შენელებას ველოდეთ, მიუხედავად COVID-19-ით გამოწვეული სტიმულისა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონებს შიგნით სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებული უთანასწორობა, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ მაღალია და, სწორი სტიმულების შემთხვევაში, საქართველოს პატარა ქალაქებიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ეკონომიკური კონცენტრაციის წერტილები. როგორი შეიძლება იყოს ეს სტიმულირება მხოლოდ ერთია იმ უამრავი კითხვიდან, რომელიც შეიძლება მომავალში საფუძვლად დაედოს საინტერესო კვლევას საქართველოში მდგრადი განვითარების მომავლის თაობაზე.


[1] თბილისის შემდეგ მოდის იმერეთი 39 ობიექტით და 4000 ექიმით. აჭარა მეოთხე ადგილზეა 18 საავადმყოფოთი და სამედიცინო ცენტრით და მესამე ადილზე 2.7 ათასი ექიმით.
[2] კახეთი მეორე ადგილზეა ბუნებრივ გაზზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რადგან შინამეურნეობების 92.2%-ს აქვს წვდომა ბუნებრივ გაზზე. სამცხე-ჯავახეთში შიდა წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 75.7%. აჭარა მესამე ადგილს იკავებს შიდა წყალმომარაგებით (74.1%), მაგრამ ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობა არც თუ ისე მაღალია (67.6%).


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners