ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ღირს თუ არა, შევინარჩუნოთ COVID-19-ის მიერ მოტანილი ზოგიერთი იძულებითი სიახლე პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც?

 „დიდი კრიზისი შობს დიდ შესაძლებლობას,“ – ალბერტ აინშტაინი

პანდემიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. უკიდურესად გაართულა მრავალი ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაც. მოიტანა აურაცხელი ადამიანური ტრაგედია, სოციალური კონტაქტების პარალიზება, ეკონომიკური კრიზისი და, გარკვეულწილად, კულტურული შოკიც კი.

ამ კულტურული შოკის ნაწილია უმძიმესი სიტუაციიდან გამოსავლის სახით მიღებული ის არაერთი ახლებური პრაქტიკა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი. მაგრამ ახლა, როდესაც უკვე ამდენი თვეა პანდემიასთან ერთად ვცხოვრობთ და იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს სიტუაცია გაუმჯობესდება, დროა, დავფიქრდეთ იმაზე, რომელი ‘ახლებური პრაქტიკის’ შენარჩუნება შეიძლება აღმოჩნდეს უპრიანი ჩვენი საზოგადოებისათვის პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც.

შესაძლებლობები უმაღლესი განათლების სისტემაში: მართალია, COVID-19-მა არაერთი რისკი მოუტანა, დაწესებულმა შეზღუდვებმა კი მძიმე დარტყმა მიაყენა განათლების სისტემას მთელ მსოფლიოში, მაგრამ უნივერსიტეტების წინაშე ახალი და საინტერესო ჰორიზონტი გადაიშალა და სექტორის თვალსაწიერიც გაფართოვდა. აკადემიური პროცესის წარმართვის ალტერნატიული გზები მხოლოდ საინტერესო თეორია აღარ არის და უკვე პრაქტიკაში გამოიცადა. თუკი ონლაინ სწავლება გახდა ერთადერთი იძულებითი შესაძლებლობა და გამოსავალი, რომ უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და სკოლებში შუა სასწავლო წელს (იგულისხმება 2020 წლის თებერვალ-მარტი) არ შეწყვეტილიყო სასწავლო პროცესი, დღეს ეს მეთოდი უკვე პოსტ-პანდემიურ საგანმანათლებლო სისტემაშიც სასურველ ელემენტად გვესახება. მაგალითად, დღეს შეიძლება საქართველოში იმყოფებოდე და საზღვარგარეთ, რომელიმე უნივერსიტეტში სწავლობდე (და ასეთი ასეულობით ქართველი სტუდენტია). ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებს მიეცათ საშუალება, თავისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარონ კურსები საზღვარგარეთ ერთობლივ „ვირტუალურ საკლასო ოთახში".

COVID-19-ის რეალობაში 2020 წლის ივნისში საქართველოს უმაღლესი განათლების კანონში შევიდა მისასალმებელი ცვლილება და ჰიბრიდული სასწავლო მოდელი კანონით გახდა შესაძლებელი. ამასთან ერთად, განვითარებულმა ტექნოლოგიებმა და დღეს უკვე ჩვეულმა ვირტუალურმა პროცესმა ქართულ უნივერსიტეტებს უცხოურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის სრულიად ახალი განზომილება გაუხსნა. მაგალითად, წელს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) სტუდენტებს 5 (ახალი?) სასწავლო საგანი შესთავაზა პრაღის CERGE-EI-ისთან გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში. იგეგმება, რომ მომავალ წელს ასეთი კურსების რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იქნება. ISET უკვე მუშაობს, მსგავსი სასწავლო კურსები სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლასა და კიევის ეკონომიკის სკოლასთან ერთადაც მოამზადოს. ამგვარი პრაქტიკა, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს, მხოლოდ ონლაინ პრაქტიკის და ჰიბრიდული პროგრამის წყალობით გახდა შესაძლებელი.

ახალი ნიშნები ქალაქის კულტურაში: თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ურბანულ კულტურაზე პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა. იმედია, მის პოზიტიურ მხარეებს საზოგადოება პოსტპანდემიურ პერიოდშიც შეინარჩუნებს: მაგალითად, სუფთა ჰაერზე სეირნობის კულტურა, რომელიც ბოლო 2-3 ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო სრულიად დაიკარგა თბილისში. დღევანდელმა კარჩაკეტილი ცხოვრების რეგულაციებმა და სახლში გატარებულმა ხანგრძლივმა პერიოდმა კვლავ გამოაცოცხლა ადამიანებში სუფთა ჰაერზე მწვანე გარემოში სეირნობაზე მოთხოვნა. კუს ტბა, ლისის ტბა, ვაკის პარკი, მზიურის პარკი, ძველი იპოდრომის ტერიტორია თუ სხვა რეკრეაციული ზონები დღის ნებისმიერ მონაკვეთში ხალხითაა სავსე. ეს დადებითი მოვლენაა, ქალაქის სიჯანსაღისკენაა მიმართული და, იმედია, ამ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე თბილისსა და მის შემოგარენში გაიზრდება მწვანე ტერიტორიებიც და უფრო სწრაფად მოხდება ქალაქის კულტურაში მათი ინტეგრაცია.

მეორე პოზიტიური მაგალითია ჰიგიენის ნორმებისადმი გაზრდილი საყოველთაო ყურადღება და პრაქტიკა. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მეტად სასურველია ამის პანდემიის შემდგომაც შენარჩუნება, რასაც ერთობლივი ძალისხმევა დასჭირდება და რაც არსებული ინერციისა თუ ერთობლივი შეთანხმების კომბინაციითა შესაძლებელი.

მესამეა 1-2-მეტრიანი დისტანცია მაღაზიებში, სავაჭრო ობიექტებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. პანდემიის შემდეგ ჯანდაცვის თვალსაზრისით დისტანციის დაცვის საჭიროება აღარ იარსებებს, თუმცა კარგი შესაძლებლობა მოგვეცემა, მივყვეთ ინერციას და ინდივიდუალური სივრცის პატივისცემის სტანდარტი გავაუმჯობესოთ. უნდა ვაღიაროთ, საქართველოში რიგსა თუ ერთ ‘მწკრივში’ დგომა არასოდეს გვეხერხებოდა. ბანკომატთანაც კი ადამიანები მჭიდროდ დგებიან იმ ადამიანის გვერდით თუ გარშემო, ვინც იმ მომენტში პირად ფინანსურ ოპერაციას ასრულებს. სალაროსთან დაწესებული სავალდებულო სოციალური დისტანციის დაცვა პანდემიის დროსაც კი გვიჭირს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ 1-მეტრიანი დისტანციის სტანდარტის შენარჩუნებას პანდემიის შემდგომაც მოვინდომებთ და შევძლებთ.

მეოთხე, საზოგადოებამ „იძულებით“, მაგრამ აქტიურად დაიწყო გადაადგილება ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით – სკუტერით, ველოსიპედით და სხვ. იმედია, მათი პოპულარობა პოსტ-პანდემიურ პერიოდში არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შემდგომ განვითარებასაც ჰპოვებს. ეს დაგვეხმარება, განვტვირთოთ ქალაქის ქუჩები და მცირედით მაინც შევაჩეროთ ჰაერის ხარისხის მზარდი დაბინძურება. არ შეიძლება არ ვახსენოთ ელ. კომერცია (ე.წ. E-Commerce), რომლის მასშტაბებიც უპრეცედენტოდ გაიზარდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ეს პროცესი პოზიტიური მოვლენაა ეკონომიკისა და ქალაქის ფუნქციონირების თვალსაზრისით. დიდი ალბათობით, ეს დინამიკა პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნდება.

საინტერესოა ისიც, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სუბურბანიზაციის ტენდენციაც გააძლიერა. როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს, პოსტ-საბჭოთა პერიოდის თბილისში ეს ფენომენი არცთუ ისე ძლიერად გამოიხატა. ახლა კი, COVID-19-ის ფონზე, თბილისის მოსახლეობის ნაწილმა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ქალაქგარეთ კეთილმოწყობილ საზაფხულო აგარაკებს მიაშურა, სადაც სუფთა ჰაერია, სახლიდან ეზოში გასვლა შეუზღუდავად შეიძლება და თავისუფალი დროის უფრო ეფექტურად და ჯანსაღად გამოყენების მეტი შესაძლებლობა არსებობს. ქალაქგარეთ ცხოვრებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აისახა მიწის ფასებზე თბილისის შემოგარენში – ოქროყანა, წავკისი, ტაბახმელა თუ საგურამო ამის სარწმუნო მაგალითებია. რას ნიშნავს ეს თბილისისათვის – ნიშნავს ეს, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა შედარებით განიტვირთვება? ნიშნავს ეს, რომ სუბურბანული ცხოვრების სტილის პოპულარობა გაიზრდება და პანდემიის შემდგომაც შენარჩუნდება?

ინსტიტუციური კულტურის ახალი რეალობა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებმა და ვირუსის გადაცემის რისკებმა ინსტიტუციური კულტურა და ორგანიზაციების ფუნქციონირება უპრეცედენტო რეალობის წინაშე დააყენა მთელ მსოფლიოში. მრავალი თვეა მილიონობით ორგანიზაცია, საჯარო თუ კერძო, დისტანციურ რეჟიმში ამუშავებს თავის პერსონალს სხვადასხვა ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმის საშუალებით. ის, რაც მხოლოდ მულტინაციონალური კორპორაციების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყოვლდღიური ბიზნეს-კულტურის ნაწილი იყო, ახლა ყველას ‘new business-as-usual’, ანუ ახალი ჩვეული-საქმიანობის-სტილი გახდა. ამასობაში არაერთმა ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ამ პრაქტიკას ხელი არ შეუშლია მუშაობის ეფექტურობისთვის და არც მის შედეგებსა თუ ხარისხზე მოუხდენია უარყოფითი გავლენა.

გამოიწვევს თუ არა ეს გამოცდილება ახლებური მიდგომების ინსტიტუციონალიზაციას და დააფიქრებს თუ არა ორგანიზაციების მმართველებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დისტანციური მუშაობის რეჟიმის სასიკეთოდ გამოყენება მომავალშიც? რას ნიშნავს ეს მსხვილი, საშუალო და მცირე ფირმებისა და ორგანიზაციებისათვის პოსტ-პანდემიურ პერიოდში? ნიშნავს ეს ახლებურ (უფრო პრაქტიკულ თუ კრეატიულ) ორგანიზაციულ მენეჯემენტს? გამოიყენებენ ისინი ამ პრაქტიკას შემდგომაც და ამით დაზოგავენ თანხას საოფისე ფართზე, სხვა სერვისებსა თუ ინფრასტრუქტურაზე? შეუქმნის ეს ახალი პრაქტიკა ადამიანებს შრომით ბაზარში ჩართვის მეტ შესაძლებლობას (მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ან მცირეწლოვანი ბავშვების დედების ინტეგრაციისათვის და სხვ.)? გახდის ეს ახალი პრაქტიკა შრომით ბაზარს უფრო გლობალურს? დღეს, როდესაც ორგანიზაციებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს და ადაპტაციის უნარი ფართოდ გამოიყენეს, დავუბრუნდებით ჩვეულ, სამსახურში ყოველდღიური სიარულის რეჟიმს, თუ გადავალთ ახალ, უფრო მობილურ, უფრო ეფექტურ რეჟიმზე, რათა დავზოგოთ დრო და რესურსები იმ საქმის გასაკეთებლად, რასაც სტანდარტულად ვაკეთებდით? მეტიც, თუ გარკვეული საქმიანობები შეიძლება დისტანციურად გაგრძელდეს, შეიძლება ეს დიდი ქალაქების დიდი პრობლემების გადასაჭრელად იქნას გამოყენებული, თუნდაც ქალაქში ყოველდღიური მობილობის შესამცირებლად?

ჯანდაცვის სისტემის კომპეტენტურობა: ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი პანდემიის დროს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენის გარანტია. პანდემიის შემდგომ საქართველოში დაგვრჩება შედარებით უფრო კომეპეტენტური და უფრო მაღალი იმიჯის მქონე ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ მიერ არცთუ სათანადოდ დაფასებული ექიმები და მედპერსონალი ქვეყნის ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნილი არმია აღმოჩნდა. ბევრი გულითადი მადლობა ვუთხარით მათ, როგორც პირადად, ისე მედიაში. მაგრამ ეს ვერასოდეს გამოხატავს იმ მადლიერებას, რაც მათ ჩვენგან ეკუთვნით გმირული ყოველდღიური თავდადებისათვის. ქვეყნის ინტერესებშია ჯანდაცვის სისტემის მზარდი კომპეტენტურობისა და გაუმჯობესებული იმიჯის შენარჩუნება-ხელშეწყობა და ამისათვის, სასურველია, დავსვათ ორი შეკითხვა: პირველი, იღებენ თუ არა ექიმები, ექთნები და სანიტრები სათანადოსთან მიახლოებულს-მაინც გასამრჯელოს ამ შრომისათვის? ციფრებს არ მოვიყვან, მაგრამ მერწმუნეთ, რიცხვები სავალალოდ გამოიყურება. მეორე, ჩვენი თანამემამულე ექიმები უცხოეთიდან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ მედიის საშუალებით და ჩვენ მათი გამოჩენა იმედს გვმატებდა. ძნელია (ან სულაც შეუძლებელი) ისინი დავაბრუნოთ საქართველოში სამუშაოდ, მაგრამ ხომ შეგვიძლია სახელმწიფო პრიორიტეტებში შევიყვანოთ ქართველი ახალგაზრდების მიერ საზღვარგარეთ სამედიცინო განათლების მიღება? ეს აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი კონტრაქტებით, რათა გაგზავნილი ახალგაზრდები მიღებული პროფესიული ცოდნით სამშობლოში დაბრუნდნენ და აქ იმუშაონ, საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრონ და ცოდნა გაუზიარონ კოლეგებსაც. რადგან პანდემიამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა ყველას, რომ ჯანდაცვის სისტემის სიძლიერე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ნაწილია, ინვესტიცია უნდა ჩაიდოს სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მთელ ციკლში – სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან დაწყებული, სათანადო ანაზღაურებით დამთავრებული.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Guest - sati on სამშაბათი, 20 ივლისი 2021 14:34

Click here for more info on Windows 11

Click here for more info on Windows 11
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners