რეგიონულ ეკონომიკაში შორეული რყევებია, განსაკუთრებული, სპარსული საკმაზით. დასავლელ პარტნიორებსა და ირანის ლიდერებს შორის ბირთვული გაფართოების პროგრამასთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმება გულისხმობს ირანის მსოფლიო ბაზარზე გასვლასა და საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას. თუ ირანი შეასრულებს შეთანხმების პირობებს, ექსპორტ-იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მომდევნო წლის განმავლობაში გაუქმდება. ასეთი ენერგო-მწარმოებელი ეკონომიკის ავტოკრატიიდან თავისუფალ ვაჭრობაში დაბრუნება აუცილებლად მოახდენს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე. საქართველო და სამხრეთ კავკასია კი არიან ხელსაყრელ მდგომარეობაში, დიდი სარგებელი მიიღონ გაზრდილი ირანული ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმისგან.
დასავლეთის მიერ დაბმული სპარსული პანტერა კომფორტს საქართველოში პოულობს.
ირანის ეკონომიკა ლაგამამოდებული მტაცებელივითაა. ვოლ სტრიტ ჟურნალის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭოს, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ირანისთვის დაკისრებული სანქციები არის „ყველაზე მკაცრი, რაც კი მსოფლიო საზოგადოებას დღემდე რომელიმე ქვეყნისთვის დაუწესებია“. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ირანი ვერ აკმაყოფილებდა სააგენტოს უსაფრთხოების შეთანხმებას, რის გამოც გაერომ ირანს მკაცრი სანქციები დაუწესა: გაუყინა აქტივები, ემბარგო დაადო მის შეიარაღებას, დაუწესა შერჩევითი სამოგზაურო აკრძალვები, შეუზღუდა წვდომა საბანკო და ფინანსურ მომსახურებებზე და სხვ.
აშშ კიდევ უფრო შორს წავიდა და სრული ეკონომიკური ემბარგო დაუწესა ირანს. მან სანქციები დაუწესა იმ კომპანიებსაც, რომელთაც ბიზნესი ჰქონდათ ირანში, აკრძალა ყოველგვარი ირანული იმპორტი, ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები. აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის თანახმად, აშშ-ის „სანქციები მიმართულია ირანის ენერგო-სექტორისკენ, რომელიც არის ქვეყნის მთავრობის შემოსავლის თითქმის 80%. ამგვარად ცდილობს აშშ, სრულ ფინანსურ იზოლაციაში მოაქციოს ირანი“. 2012 წლის დასაწყისში აშშ-მა გაყინა მის ტერიტორიაზე არსებული ირანის ცენტრალური ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა და ირანის მთავრობის მთელი ქონება. იმავე წლის ივლისიდან ევროკავშირმა დააწესა ემბარგო ირანულ ნავთობზე და გაყინა ირანის ცენტრალური ბანკის აქტივები.
საბედნიეროდ, საქართველომ შეძლო ესარგებლა თეირანისთვის დაწესებული მკაცრი საერთაშორისო სანქციებით. 2010 წელს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ირანისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ორმხრივი ტურიზმისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისი და თეირანი შეთანხმდნენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე. პირდაპირი ფრენების დანიშვნამ გზა გაუხსნა ათასობით, ბიზნესითა თუ დასვენებით დაინტერესებულ ირანელს. ამან, ასევე, საშუალება მისცა შუამავლებს, სანქციების შემოვლის ახალი გზები ეძებნათ.
„სანქციები მწარედ იკბინება, ამიტომ ირანელები ბევრ ინვესტიციას დებენ საქართველოში,“ – წერდა ვოლ სტრიტ ჟურნალი 2013 წლის ივნისში. ჟურნალმა გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომლის თანახმადაც, ირანელების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 2012 წელს 1,489 იყო, მაშინ, როდესაც მათი რაოდენობა 2010 წელს მხოლოდ 84 იყო. ზოგიერთ ასეთ კომპანიას ირანის რევოლუციური გვარდია „სანქციებისთვის გვერდის ავლისა და ირანში მეორადი დანიშნულების ტექნოლოგიების შეტანის მიზნით“ იყენებდა. თუმცა ბევრი კომპანია რეალურად დებდა ინვესტიციას ქართული სოფლის მეურნეობის სექტორში. ირანელი მეწარმეები სარგებლობდნენ საქართველოს ლიბერალური კანონმდებლობით და ყიდულობდნენ ასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას.
ირანული ინვესტიციების აღმასვლა მოულოდნელად შეწყდა 2013 წლის ზაფხულში, როდესაც აშშ-ის ზეწოლით, საქართველოს მთავრობამ ირანული ბიზნესის შეზღუდვა გადაწყვიტა. 2013 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი, გაყინა ირანული კომპანიებისა თუ პირების მფლობელობაში არსებული 150 საბანკო ანგარიში და ირანელების კუთვნილ ინვესტბანკს ზედამხედველად საქართველოს ეროვნული ბანკი დაუნიშნა. 28 ივნისს კი საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონ-პროექტი უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის უწინდელ პოლიტიკას ირანელების (და სხვების) ჩამოყვანასა და ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით.
გარდამავალი პერიოდი: გლობალური ვაჭრობა და საქართველოს პოტენციური სარგებელი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ეკონომიკური სირთულეების ობსერვატორიის (MIT Observatory of Economic Complexity) მონაცემებით, ამჟამად ირანის მთელი ვაჭრობა მიმართულია ჩინეთის, თეირანის ერთადერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორისა და სხვა აზიური ეკონომიკებისკენ.
უახლოეს მომავალში, სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანი, სავარაუდოდ, აღადგენს მის ერთ დროს საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობას ევროკავშირთან და საკუთარი ვაჭრობის რაღაც ნაწილს დასავლეთისკენ მიმართავს. სწორედ აქ შემოდის თამაშში სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი, საქართველო, როგორც სავაჭრო გამტარი ირანსა და ევროკავშირს შორის. დღეს საქართველო ირანთან სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2005-2014 წლებში საქართველოს მიერ ირანში ექსპორტზე გატანილი პროდუქცია ქვეყნის საერთო ექსპორტის მხოლოდ 1%-ს შეადგენდა. ირანულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პიკს 2011-2012 წლებში მიაღწია, თუმცა მნიშვნელოვნად დაეცა მას შემდეგ, რაც საქართველომ ცალმხრივად გადაწყვიტა, დაეხურა კარი ირანელებისა და ირანული ბიზნესისთვის. 2013 წელს საქართველომ დაახლოებით 85,000 ირანელს უმასპინძლა, 2014 წელს კი, სავიზო შეზღუდვების შემოღების შემდეგ, ეს რიცხვი განახევრდა.
ვაჭრობა, ტრანსპორტი და ტურიზმი ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ირანის სწრაფი ზრდა კი მისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. საქართველო და სამხრეთ კავკასია შეიძლება გახდეს უსაფრთხო დერეფანი ირანიდან ევროპისკენ ენერგორესურსების, ხოლო ევროპიდან ირანისკენ (და უფრო შორეული აღმოსავლეთისკენ) ევროპული პროდუქციის გატანისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის ბაზარზე კავკასიის გზით გასვლით დაინტერესებული ირანი ინვესტიციებს ჩადებს ქართულ ინფრასტრუქტურაში, განახორციელებს ამბიციურ სარკინიგზო, საგზაო და საზღვაო სატრანსპორტო პროექტებს, განაახლებს სატრანზიტო და ლოჯისტიკურ რესურსებს.
საქართველო „არის ახალი დუბაი“, განაცხადა 2013 წელს, ვოლ სტრიტ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ამინ აკბარმა, 25 წლის ირანელმა ვაჭარმა. მართალია, საქართველო ჯერ არ არის დუბაი, მაგრამ ის ფრიად მიმზიდველი და ადვილად ხელმისაწვდომი ადგილია იმ ქვეყნების (თურქეთი, ირანი და რეგიონის სხვა კონსერვატიული მუსლიმური სახელმწიფოები) მოქალაქეებისთვის, რომელთაც მკაცრი კანონმდებლობა აქვთ ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე. მომავალში მომსახურების სფეროში შეიძლება ჩაიდოს ინვესტიციები, ბათუმი და თბილისი თავისუფლად შეიძლება გახდეს „ევრაზიის ლას ვეგასი“.
კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა საქართველოსთვის არის კულტურული კავშირების გაღრმავება. მართლაც, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სასწავლო გაცვლითი პროგრამები შეიძლება იყოს უსაფრთხო და სანდო გზა ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების დასამყარებლად, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ისარგებლოს ირანის შეცვლილი სტატუსით. მალე ირანი აღარ იქნება უწინდელი სპარსი განდეგილი და საქართველო დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს ამ თამაშში, რათა სხვამ არ დაასწროს.
Comments