ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

რა გავლენას ახდენს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობაზე?

2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და თანმდევ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) მოეწერა ხელი, რომელიც განსაზღვრავს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (Sanitary and Phytosanitary – SPS) ზომებს, სურსათის უვნებლობის სტანდატებსა და ტექნიკურ რეგულამენტს, რაც, ვაჭრობის თვალსაზრისით, ევროპის ბაზრებზე წვდომის აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდულია, რასაც, უამრავ სხვა მიზეზთან ერთად, სურსათის უვნებლობის კანონმდებლობასა და სტანდარტებს შორის არსებული შეუსაბამობები განაპირობებს. ამას ისიც ემატება, რომ DCFTA განსხვავდება სხვა თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებისგან და არეგულირებს როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ვაჭრობის საკანონდებლო დაახლოებასაც. შედეგად, უნდა ველოდოთ, რომ DCFTA იმოქმედებს საქართველოს ვაჭრობაზე როგორც ევროკავშირის, ისე ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (Central Asia Regional Economic Cooperation – CAREC) ქვეყნებთანაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა გავლენა იქონია DCFTA-მ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონლით ვაჭრობაზე CAREC-ის ქვეყნებთან.


უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონლის მიმოხილვა

CAREC-ის რეგიონი 11 ქვეყანას აერთიანებს. ესენია: ავღანეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, საქართველო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ამ ქვეყნების ნაწილი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ჩინეთი. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო სასოფლო-სამეურნო საქონელი არის ღვინო, ცოცხალი პირუტყვი და ხორბალი; ღვინო და ცოცხალი პირუტყვი, თავის მხრივ, არის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი და შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო, ხორბალი კი არის მთავარი საიმპორტო საქონელი.

გრაფიკი 1. ვაჭრობა CAREC-ის ქვეყნებთან


ხორბალი

საქართველოში მოხმარებული ხორბლის 80%-ზე მეტი იმპორტირებულია (საქსტატი, 2019 წ.). 2019 წელს ხორბლისა და მესლინის მთლიანი იმპორტის 88% რუსეთიდან, 10% კი ყაზახეთიდან შემოვიდა. საინტერესოა, რომ 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, CAREC-ის ქვეყნებიდან იმპორტი 90%-ით შემცირდა, რაც, მეტწილად, იმან განაპირობა, რომ საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის წილი გაიზარდა და მნიშვნელოვნად არის მასზე დამოკიდებული.

თუ სავაჭრო შეზღუდვებს შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კანონდებლობაში არ არის ისეთი ნორმები, რომლებიც რუსეთიდან ან ყაზახეთიდან ვაჭრობას შეზღუდავდა. ქვეყანას არც ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი არ აქვს, რომელიც იმპორტირებული ხორბლის ხარისხის სტანდარტსა და ტრანსპორტირების პირობებს განსაზღვრავდა. შესაბამისად, ასეთი რეგლამენტის არარსებობა იმპორტიორებს აძლევს თავისუფლებას, დაბალი ხარისხის ხორბალი შეიძინონ. იმპორტირებული ხორბლის ხარისხის მონიტორინგის პროცედურა განსხვავებულია და დამოკიდებულია ტრანსპორტირების საშუალებაზე. დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს პროდუქციის უვნებლობას და ხარისხს, სავალდებულოა მხოლოდ საზღვაო და სარკინიგზო გზით შემოტანისას. ავტომობილებით ტრანსპორტირებისთვის კი არ არსებობს სავალდებული საბაჟო დოკუმენტაციის დეტალური სია და ვალდებულებებიც ხშირად იცვლება. ამიტომ ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლები მხარს უჭერენ ინიციატივას ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის შემოღების შესახებ. ეს რეგლამენტი გააკონტროლებს როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივად წარმოებული ხორბლის ხარისხს.


ცოცხალი პირუტყვი

ცოცხალი პირუტყვის შემთხვევაში, უმთავრესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 38% მოდის. საქართველოში ხორცის წარმოება ტექნიკური რეგლამენტით კონტროლდება, რომელიც ადგენს ვეტერინარიულ და სანიტარიულ წესებს. ტექნიკური რეგლამენტი არსებობს ხორცისა და ხორცის პროდუქტების ეტიკეტირებისთვისაც. თუმცა არცერთი ეს რეგლამენტი არ არეგულირებს ცოცხალი პირუტყვით ვაჭრობას.

შესაბამისად,,ქვეყანაში არ არსებობს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებს ცოცხალი პირუტყვის ექსპორტს და ექსპორტზე გატანილი პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ იმპორტიორი ქვეყნის საკანონმდებლო მოთხოვნებს. ამგვარად, საკმარისია საექსპორტო საქონელი მხოლოდ მყიდველის მოთხოვნებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, თუკი მას საერთოდ აქვს ასეთი მოთხოვნები. მაგალითად, აზერბაიჯანელ მყიდველებს არავითარი შეზღუდვები არ აქვთ და ქართული ცოცხალი პირუტყვიც მარტივად აკამყოფილებს აზერბაიჯანულ რეგულაციებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ 2019 წლის იანვრიდან 140 კგ-ზე ნაკლები წონის ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი აკრძალა. ეს რეგულაცია 2020 წლის თებერვალში კიდევ უფრო გამკაცრდა და მინიმალური სავალდებულო წონა 200 კგ-მდე გაიზარდა.


ღვინო

საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ღვინოა. თუმცა ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. 2019 წელს რუსეთზე ღვინის მთლიანი ექსპორტის 60% მოდიოდა, მას მოჰყვებოდა უკრაინა (10%) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (8%).

ღვინოზე იმაზე უფრო მკაცრი სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ხარისხის რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე ხორბალსა და ცოცხალ პირუტყვზე. ამან საშუალება მოგვცა შეგვემუშავებინა შეზღუდვების საზომი ინდექსი, რომელიც ოთხი ინდიკატორისგან შედგება: ხარისხის სტანდარტი; ფიტოსანიტარია; ეტიკეტირების, მარკეტინგისა და შეფუთვის მოთხოვნები; სასაზღვრო-საკარანტინო ზომები. ამ ინდექსის გამოყენებით შევეცადეთ დაგვედგინა, რა გავლენა აქვს სანიტარიის, ფიტოსანიტარიისა და ხარისხის ზომებსა და სტანდარტებს ღვინის ექსპორტზე. როგორც შედეგებმა აჩვენა:

• რაც უფრო მაღალია SPSQ-ის სტანდარტის/რეგულაციის საშუალო შეზღუდვა, მით ნაკლები ღვინო გადის ექსპორტზე საანგარიშო წელს. თუმცა ეს ეფექტი არ არის მნიშვნელოვანი და ასეთი შედეგი მოსალოდნელიც არის. შეზღუდვები უარყოფითად მოქმედებს ღვინით ვაჭრობაზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საჭიროა ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარება, ღვინის ექსპორტიერების მხარდაჭერა და საბოლოო პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება.

• ეტიკეტირების, მარკეტინგისა და შეფუთვის მოთხოვნები ყველაზე პრობლემურია და ყველაზე მეტად აფერხებს ვაჭრობას;

• საქართველოს ღვინის ექსპორტი დაბალია მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვიის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ქვეყანა შედარებით იაფფასიან ღვინოს ყიდის და სწორებას შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე იღებს. რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ბაზრებზე მეტი რეკლამირების და პოპულარიზაციის საჭიროებაზე მიუთითებს.


დასკვნა და რეკომენდაციები

დასვკნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს SPSQ რეგულაციები, რომლებიც ხორბლითა და ცოცხალი პირუტყვით ვაჭრობას დაარეგულირებდა. თუმცა დაგეგმილმა ხორბლის რეგლამენტმა შეიძლება გაამკაცროს და გააუმჯობესოს საიმპორტო პროდუქტის ხარისხი და ხელი შეუშალოს დაურეგულირებელ ვაჭრობას. ამ ეტაპზე ცოცხალი პირუტყვის ექსპორტზე ერთადერთი შეზღუდვა მოქმედებს (200 კგ.), თუმცა არ არსებობს სხვა SPSQ რეგულაციები, რომლებიც ვაჭრობას შეზღუდავდა. რაც შეეხება ღვინოს, შეზღუდვების საზომი ინდექსი გაიზარდა ვაჭრობაზე დაწესებულ SPSQ-ის რეგულაციებზე. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ DCFTA-ის ფარგლებში საქართველომ უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღო. თუმცა ქართველი ექსპორტიორების აზრით, ოთხივე რეგულაცია საკმაოდ მკაცრია.

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო საქონლით CAREC-ის ქვეყნებთან ვაჭრობაზე რეგულაციების შესაძლო ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით, სახელმწიფო სააგენტოებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა:

• უნდა იზრუნონ SPSQ-ის ზომების CAREC-ის რეგიონთან ჰარმონიზებაზე;

• შეიმუშაონ სტრატეგიები, როგორ დაეხმარონ მწარმოებლებს აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;

• ჩაერთონ რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობებსა და პოლიტიკის განხილვებში;

• SPSQ-ის მიმართულებით მომუშავე პერსონალს დაეხმარონ ტექნიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაძლიერებაში.

ასევე, კერძო და საჯარო სექტორებს შორის ინტერაქცია უნდა გაიზარდოს, თუ ჩვენი მიზანი CAREC-ის რეგიონში ბაზრისა და სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის კავშირების გაუმჯობესებაა. CAREC-ის ქვეყნებმა რეგიონული დღის წესრიგი ადგილობრივ პრობლემებსაც უნდა დაუკავშირონ და რეგიონული ინტეგრაციის მიმართულებით საჯარო-კერძო პარტნიორობები (PPP) შექმნან, რაც ხელს უწყობს რეგიონულ ინტეგრაციასადა ინსტიტუციურ სტაბილურობას.

*კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნული ბლოგი დაიწერა, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა CAREC-ის კვლევითი ორგანიზაციების ქსელის (CAREC Think Tanks Network – CTTN) ფარგლებში ჩაატარა.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners