ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სასურსათო უსაფრთხოება და COVID-19 საქართველოში

სურსათის მიწოდების სისტემები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში, რადგან ამ სისტემებით მარაგდება სურსათის წარმოების უდიდესი წილი და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საარსებო საშუალებისა და შემოსავლის ძირითადი წყაროა (FAO, 2020). სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სურსათის მიწოდების ჯაჭვებს საჭირო პროდუქტები და სერვისები სტაბილურად მიეწოდებოდეს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და მათი შემოსავლებისა და საარსებო საშუალებების დაცვის  აუცილებელი პირობაა.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა არაერთი ლოჯისტიკური პრობლემა წარმოქმნა და გამოწვევების წინაშე დააყენა სურსათის მიწოდების ჯაჭვები მთელ მსოფლიოში. თითოეული ასეთი შეზღუდვა მოქმედებს სურსათის ხელმისაწვდომობაზე, ფასებსა და ხარისხზე და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არაერთ შიშს აჩენს (Barrett, 2020). საქართველოც გლობალური სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილია და მასაც შეექმნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებასთან, დასაწყობებასთან, იმპორტსა თუ გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ საქართველო იმპორტ-დამოკიდებული ქვეყანაა სურსათის თითქმის ყველა კატეგორიაში. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სურსათის იმპორტის ბაზრების უმეტესობა კონცენტრირებულია, შესაბამისად, COVID-19-მა კიდევ უფრო გაზარდა ეს რისკები.

იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა, შენარჩუნდეს სურსათის ფასების სტაბილურობა და ფერმერებს შეუმცირდეთ წარმოების საშუალებების ფასები, საქართველოს მთავრობამ დაასუბსიდირა 9 ძირითადი საკვები პროდუქტის (მაკარონი, წიწიბურა, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი, ლობიო) ფასები; შეიძინა შაქრის, მცენარეული ზეთისა და მაკარონის დამატებითი მარაგები; შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე,“ ფერმერებს კი პირდაპირი და სექტორული დახმარებები შესთავაზა. ამ ყველაფრის მიუხედავად, COVID-19-მა მაინც სერიოზული რისკები შეუქმნა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას.


სასურსათო უსაფრთხოების ინდიკატორები

ხშირად ჰგონიათ, რომ სასურსათო უსაფრთხოება მიღწეულია მაშინ, როდესაც მუდმივად არსებობს საჭმელად საკმარისი საკვები; არა მხოლოდ დღეს ან ხვალ, არამედ მომდევნო თვე და წელი. თუმცა სასურსათო უსაფრთხოება უფრო ფართო ცნებაა და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანთა ზოგად კეთილდღეობას. ეს ცნება ბევრად უფრო კომპლექსური და მრავალგანზომილებიანია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით, სასურსათო უსაფრთხოება თავის თავში აერთიანებს ოთხ ძირითად ინდიკატორს. ესენია: (1) სურსათზე ხელმისაწვდომობა, (2) სურსათზე (ფიზიკური და ეკონომიკური) წვდომა, (3) სურსათის მოხმარების სტაბილურობა და (4) სურსათის მოხმარება.

განმარტების თანახმად, საკვების ხელმისაწვდომობა მიღწეულია, როდესაც ადგილობრივი წარმოებისა და/ან იმპორტის მეშვეობით, ქვეყანაში არსებობს ჯანსაღი და სრულფასოვანი სურსათი ყველასათვის საკმარისი რაოდენობით. მეორე ინდიკატორი – სურსათზე წვდომა – მიღწეულია, როდესაც ადამიანებს აქვთ როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური წვდომა საკვებზე. ამ თეორიის თანახმად, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ისეთი საკვების შეძენა და მიღება, რაც აკმაყოფილებებს დაბალანსებული კვების მოთხოვნებს. მესამე ინდიკატორი – სურსათის მოხმარება – ზომავს ადამიანის მიერ მიღებულ საკვებში ენერგეტიკული და საკვები ნივთიერებების დონეს. ეს ინდიკატორი ამოწმებს, რამდენად ჯანსაღია  კვების პრაქტიკა, როგორ მზადდება საკვები, რამდენად მრავალფეროვანია დიეტა და როგორია ოჯახში საკვების განაწილება. მეოთხე – სურსათის მოხმარების სტაბილურობის – ინდიკატორი ამოწმებს დანარჩენი სამი ინდიკატორის სტაბილურობას დროთა განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეიძლება დღეს ჰქონდეს საკმარისი საკვები, თუმცა მაინც დაუცველად ითვლებოდეს, რადგან პერიოდულად არ ჰქონდეს სტაბილური წვდომა საკვებზე. ნეგატიურმა კლიმატურმა პირობებმა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ან ეკონომიკურმა ფაქტორებმა (უმუშევრობამ, სურსათის ფასების ზრდამ) შეიძლება იმოქმედოს სასურსათო უსაფრთხოების სტატუსზე.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება იმის განხილვა, რა შედეგი აჩვენა საქართველომ თითოეული ამ ინდიკატორის მიხედვით COVID-19-ის პანდემიის დროს. სანამ ინდიკატორების განხილვას დავიწყებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ FAO ამ მონაცემებს არარეგულარულად აგროვებს, ამიტომ ბლოგში გამოყენებული მონაცემები სხვადასხვა წელსაა შეგროვებული. რიგი მნიშვნელოვანი ინდიკატორების შემთხვევაში კი, საქართველოზე მონაცემები საერთოდ არ არსებობს. ამის მიუხედავად, შევეცადეთ, შეგვეფასებინა, რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებაზე.


სურსათის ხელმისაწვდომობა

სურსათის ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ ინდიკატორად შეიძლება განვიხილოთ, საშუალოდ რა რაოდენობის ენერგიას იღებს ადამიანი საკვებიდან. ამ ინდიკატორზე არსებული მონაცემები წარმოდგენილია 1-ელ ცხრილში.

საკვებიდან ენერგიის მიღების ადეკვატურობის დონე (კკალ ერთ სულ მოსახლეზე დღეში) გამოითვლება ქვეყნის მასშტაბით და ამოწმებს, საშუალოდ რამდენი კალორიაა მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი საკვებში. საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 100%-ზე მეტია. მარტივი კალორიების დონეზე თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ საკვების მოხმარება დამაკმაყოფილებელია. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში აზერბაიჯანსა და სომხეთში ეს ინდიკატორი ნელ-ნელა იზრდებოდა. 2017-2019 წლებში კი საქართველოში დაფიქსირდა ბოლო ათი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ამ ინდიკატორის უახლესი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაჩვენებელი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდა.

ცხრილი 1. სურსაათიდან ენერგიის მიღების ადეკვატურობის დონე

ინდიკატორი სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები
სურსათიდან ენერგიის მიღების ადეკვატურობის დონე (%, 2017-2019 წწ.) 127 129 114 128

 წყარო: FAOSTAT, 2020 წ.


სურსათზე წვდომა

მოსახლეობის შემოსავალი, რაც მთლიან შიდა პროდუქტში (მპშ) აისახება, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სურსათზე წვდომის დონეს. მე-2 ცხრილიდან ვხედავთ, რომ 2019 წელს საქართველოს შედარებით კარგი მაჩვენებელი ჰქონდა ამ ინდიკატორით.

ცხრილი 2. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე

ინდიკატორი სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, 2019 წ. (მსყიდველობითი უნარის ეკვივალენტი, 2017 წლის მუდმივი მაჩვენებელი, საერთაშორისო, აშშ დოლარი) 13,654 14,404 15,014 16,945

 წყარო: FAOSTAT, 2020 წ.

თუმცა COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) შემოსვლაზე, პროდუქტებისა და სერვისების ექსპორტსა თუ ფულადი გზავნილების შემოდინებაზე, რაც პირდაპირ აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე. პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობები და მისი შეკავების ღონისძიებები პირდაპირ აისახა მოხმარებასა და ადგილობრივ ინვესტიციებზეც. შედეგად, მთლიანი მოთხოვნის შემცირებამ და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულმა წარმოების ხარჯების ზრდამ მიგვიყვანა მშპ-ის შემცირებამდე. საქსტატის მონაცემებით, რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი პროგნოზი სექტემბრისთვის -0.7%-ია, მაშინ როდესაც წინასწარი პროგნოზით 2020 წლის პირველი 9 თვისთვის რეალური მშპ-ის ზრდა -5%-ია.

შემოსავლებში გამოხატული, ეკონომიკური ხელმისაწვდომობის გარდა, ფიზიკური წვდომაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სერიოზულად შეაფერხა საკვები პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობა, რამაც რიგი ძირითადი საკვები პროდუქტების დეფიციტი გააჩინა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე. შედეგი კი ის არის, რომ საქართველოს იმპორტ-დამოკიდებულებამ და მიუდგომელმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურამ მიგვიყვანა იმპორტირებული პროდუქტების ფასების გაძვირებამდე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო საკვები პროდუქტების წმინდა იმპორტიორია, ამიტომ მიწოდების ჯაჭვებში გაჩენილი შეფერხებები ზრდის სურსათის ფასებს. ამას ემატება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რაც კიდევ უფრო ზრდის საფასო წნეხს. პანდემიის პირველ თვეებში საქართველოში საკვებ პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ძირითადი მიზეზი არის ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში – 2020 წლის მარტ-მაისში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლარი 15.8%-ით გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებაში ლარი გაუფასურებას განაგრძობს და 2020 წლის ოქტომბერში 3.22 შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წლის ოქტომბერში, გაცვლითი კურსი 2.97 იყო (საქართველოს ეროვნული ბანკი, 2020 წ.).


სურსათის მიწოდების სტაბილურობა 

სურსათის სტაბილურობის ერთ-ერთი ინდიკატორია სურსათის წარმოების ცვალებადობა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. 2007 წელს საქართველოს მაჩვენებელი ამ ინდიკატორით 32.2 იყო და მას შემდეგ განაგრძობს კლებას, რაც დადებითი ტენდენციაა, რადგან რაც უფრო დაბალია ცვალებადობა მით უკეთესია.თუმცა უნდა ველოდოთ, რომ პანდემიის გამო კლების ტენდენცია შეიცვლება და მაჩვენებელი გაიზრდება.

ცხრილი 3. ერთ სულ მოსახლეზე სურსათის წარმოების ცვალებადობა

ინდიკატორი სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები
ერთ სულ მოსახლეზე სურსათის წარმოების ცვალებადობა (აშშ დოლარი, 2015 წ.), (მუდმივი 2004-2006 წწ. ათასი აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე) 32.1 5.7 16.7 2.6

 წყარო: FAOSTAT, 2020 წ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სურსათის მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებმა გავლენა მოახდინა გლობალური თუ ადგილობრივი სურსათის მიწოდების სტაბილურობასა და წვდომაზე. ძირითადი საკვები პროდუქტების ექსპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა გაზარდა ამ პროდუქტების ფასები. მართალია, პანდემის გამო თავდაპირველად დაწესებული შეზღუდვები დროებითი იყო, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ ქვეყნები ხელახლა არ დააწესებენ შეზღუდვებს (Espitia et al., 2020). სურსათის გაზრდილი ფასები და მიმდინარე ეკონომიკური გაურკვევლობა სურსათის სისტემის სტაბილურობაზეც ახდენს გავლენას. ვალუტის გაუფასურება კი კიდევ უფრო მეტ რისკს უქმნის სურსათის გლობალური თუ ადგილობრივი ბაზრების სტაბილურობას. პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობები და შეზღუდვები უარყოფითად აისახება იმ ინვესტორებზეც, რომელთაც ინვესტიციების ჩადება სურთ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორებში (UNCTAD, 2020b).


სურსათის მოხმარება

FAO-ის მოხმარების იდიკატორები ამოწმებს კვების სიჯანსაღესა და ჯანსაღი კვებით მიღებულ სარგებელს. სასურსათო უსაფრთხოების საკვების მოხმარების ერთ-ერთი ინდიკატორია ზრდასრულ მოსახლეობაში სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრევალენტობა. ეს ინდიკატორი ასახავს არაჯანსაღი კვების ჩვევებს. რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს, 2000 წლიდან ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 2016 წელს 21.7 პროცენტი შეადგინა, რაც 7.8 პროცენტული პუნქტით აღემატება საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების იმავე მაჩვენებელს.

საკვების მოხმარების ინდიკატორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს 5 წელს ქვემოთ ბავშვებს, რისთვისაც სამი ქვე-ინდიკატორი გამოიყენება. ესენია: სიმაღლეში ჩამორჩენა, გამოფიტვა და დაბალი წონა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ FAO-ის ბაზაში ეს მონაცემები არ არის განახლებული.

თუმცაღა შეგვიძლია გამოვიყენოთ იუნისეფის მიერ ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა 2018 წლისთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 1%-ს აღენიშნება წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა, 6%-ს აქვს ჭარბი წონა, 6% ზომიერად ან მკვეთრად ჩამორჩება სიმაღლეში, ბავშვების 2%-ს კი ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი აქვს.

ცხრილი 4. 5 წლამდე ბავშვები წონაში გამოხატული გამოფიტვით

ინდიკატორი სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები
5 წლამდე ბავშვები წონაში გამოხატული გამოფიტვით 4.4 (FAO, 2016 3.2 (FAO, 2013 1 (UNICEF, 2018) 1.8

 წყარო: FAO 2020 წ., UNICEF 2020 წ.

როგორც ვხედავთ,  მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი შედეგები ჰქონდა ამ ინდიკატორების მიხედვით, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიისა და შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, მაჩვენებლები შეიძლება გაუარესდეს.


პოლიტიკის ინსტრუმენტის გაძლიერება

2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ საფრთხე შეუქმნა ადამიანთა სიცოცხლესა და კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. საზოგადოების უღარიბესი ნაწილი კი ყველაზე ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა. ოჯახებს, რომლებიც სურსათის უსაფრთხოების პრობლემებს განიცდიან, არ აქვთ წვდომა აქტიური, ჯანმრთელი ცხოვრებისათვის საკმარის საკვებზე. COVID-19 კიდევ უფრო გაზრდის იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც სურსათის უსაფრთხოების პრობლემები აქვთ. პანდემიის გამო დაწესებულმა სავაჭრო შეზღუდვებმა გამოიწვია საკვების ხელმისაწვდომობის პრობლემებიც. უნდა ველოდოთ, რომ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა უარყოფითად იმოქმედებს წვდომის, მოხმარებისა და სტაბილურობის ინდიკატორებზეც. მართალია, სურსათზე მოთხოვნა არ არის ელასტიური, მაგრამ შემცირებული შემოსავლები შეამცირებს მოთხოვნას შედარებით ძვირადღირებულ საკვებ პროდუქტებზე (ხორცზე, რძეზე და სხვ.), რომელთაც მაღალი ნუტრიციული ღირებულება აქვთ. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ შემოსავლები შეუმცირდებათ სურსათის ბიზნესოპერატორებსაც.

იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სასურსათო უსაფრთხოება ასეთი შოკების დროს, პოლიტიკის შემქმნელებმა აქცენტი უნდა გააკეთონ შემდეგ მიმართულებებზე:

• ინვესტიციები უნდა ჩაიდოს სურსათის მიწოდების ჯაჭვებში, რათა არ შეფერხდეს სურსათის მოძრაობა ქვეყნის საზღვრებს შიგნით თუ მის გარეთ; უნდა წახალისდეს სურსათის სისტემებში ინოვაციების დანერგვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალური დისტანცირებისა და გადაადგილების შეზღუდვები კიდევ დიდხანს დარჩება, მთავრობებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა უნდა მოძებნონ გზები, როგორ წაახალისონ სურსათის მიწოდების ინოვაციური და  უსაფრთხო გზები, განსაკუთრებით ისეთები, რაც სამუშაო ადგილებს ქმნის;

• ახალი ინვესტიციები უნდა გამოიყოს სურსათის წარმოების, შეგროვების, შენახვის, გადამუშავების, მარკეტინგისა და დისტრიბუციის ეტაპებზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად; გაძლიერდეს თანამშრომლობა მთავრობასა და განვითარების პარტნიორებს შორის, რათა წახალისდეს სურსათის მიწოდების ჯაჭვებში ინოვაციების დანერგვა; ეს შეიძლება მოხდეს ტექნიკურ თუ პროგრამულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებით, შესაბამისი ბიზნეს და სავაჭრო გარემოს შექმნით იმ მცირე და საშუალო საწარმოებისა და მსხვილი ბიზნესებისთვის, რომელთაც სურთ, პანდემიისა და პოსტ-პანდემიურ პერიოდში საკუთარი წვლილი შეიტანონ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

• უნდა წახალისდეს რეგიონებს შორის ვაჭრობა, რათა შემცირდეს რისკები, მობილიზდეს ინვესტიციები და გამყარდეს სურსათის ბაზრების მდგრადობა. როგორც წესი, ბაზარზე წვდომა და გადამუშავებული საკვები პროდუქტების ტრანსპორტირების ხარჯები ყველაზე ხელსაყრელი არის იმ ქვეყნებთან, რომლებიც გეოგრაფიულად ახლოსაა. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ ბუნებრივი უპირატესობის გამოყენება შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რაც გაზრდის სავაჭრო ინტეგრაციის დონეს;

• უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი, შიდა სურსათის ბაზრები მცირე მეწარმეებისთვის და ამ ბაზრებთან მიმართებაში უნდა გაძლიერდეს სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგისა და ანალიზი ინსტრუმენტები; ინვესტიციები ჩაიდოს სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციული ჯანმრთელობის სტატუსის მონაცემების ადრეულ ეტაპზე შეგროვებაში, გაანალიზებასა და გამოქვეყნებაში, რათა გაუმჯობესდეს პოლიტიკის ინსტრუმენტის ეფექტიანობა და ეფექტურობა;

• უნდა გავაცნობიეროთ, რომ საჭიროა ქალებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებული შეზღუდვების გადაჭრაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც მათ შესაძლებლობებით უზრუნველყოფს და რესურსებზე წვდომის მოპოვებაში დაეხმარება.

* * *

ბლოგი დაიწერა ქეა კავკასიის ”COVID-19-ზე რეაგირებისა და ადაპტაციის პროექტის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია CARE International-ის საგანგებო დახმარების საერთაშორისო ფონდის მიერ. დოკუმენტი შეიქმნა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ქეა კავკასიის გუნდების მჭიდრო თანამშრომლობით. თუმცა ბლოგის შინაარსი მხოლოდ ავტორების მოსაზრებას გამოხატავს და შეიძლება არ ახავდეს CARE International-ის შეხედულებებს.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners