ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ნაკლები ბიუროკრატია კარგია, მაგრამ არა საკმარისი!

„რატომ ვეცემით, ბრუს? წამოდგომა რომ ვისწავლოთ,“ – თომას ვეინი შვილს (ბეტმენი).

წინა წლებში საქართველოს მთავრობა ამაყობდა, რომ საქართველოს წამყვანი ადგილი ეკავა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის  ინდექსში. ინვესტორებმა, პოლიტიკოსებმა თუ ეკონომიკის მიმომხილველებმა ეკონომისტის მსგავს გამოცემებში დაიწყეს სვეტების დამატება , სადაც ნახავდით მთელგვერდიან რეკლამებს, თუ რატომ არის საქართველო „განსხვავებული“ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, როდესაც საქმე ბიზნესის კეთებას ეხება. ფრაზა „საქართველო განსხვავებულია, რადგან ბოლო 5 წელია ჩვენ ვართ  მსოფლიო ბანკის #1 რეფორმატორი ქვეყანა“ თავისთავად ამბობს ყველაფერს.

ქვეყნის სამართლებრივი დამოუკიდებლობისა და საკუთრების უფლებების უკეთ დაცვის მიზნით საქართველოს ახალი მთავრობის მიერ გატარებული ენერგიული ქმედებების შედეგად, საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში 2013 წელს #9, 2014 წელს კი #8 ადგილზე იყო. თუმცა მომდევნო ორ წელიწადში ქვეყნის რეიტინგი დაეცა და 2015 წელს #15 გადაინაცვლა, 2015 წელს კი – #24.

რა მოხდა? 


ნუთუ კონკიამ ბროლის ქოში დაკარგა?

საქართველოს მიღწევები (იხ. გრაფიკი) ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში ძალიან ჰგავს კონკიას ამბავს. 2006 წელს ქვეყანა მე-100 ადგილზე იყო, მაგრამ სწრაფი და ეფექტური რეფორმების დამსახურებით 2010 წელს მე-10 ადგილზე გადაინაცვლა და გაუსწრო ბევრ ეკონომიკურად ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიცაა გერმანია და შვეიცარია. ბოლო უკანდახევის მიუხედავად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ყველაზე სწრაფი რეფორმატორის სტატუსს ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში. მას ფეხდაფეხ მიჰყვება რუანდა (საინტერესოა, რომ რუანდის უდიდესი კიგალის ბანკის თავმჯდომარე არის ცნობილი ქართველი ბანკირი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ISET-ის თავმჯდომარე, ლადო გურგენიძე).

და მაინც, რეალურად რას ნიშნავდა ეს მიღწევები? როგორ შეიძლება, საქართველო გერმანიაზე წინ ყოფილიყო ეკონომიკური მუშაობის რომელიმე ინდიკატორის მიხედვით?

დამაჯერებელი პასუხის არქონის გამო  ბიზნესის კეთების მეთოდოლოგია ყოველთვის იყო მსოფლიო ბანკის შიდა თუ გარე წრეების მკაცრი კრიტიკის ობიექტი. უპირველეს ყოვლისა, ინდექსი ნაკლებად შეესაბამება მის სარფიანად გაყიდვად სახელწოდებას. რეალურად, 2014 წლამდე, ბიზნესის კეთება ზომავდა მთავრობისგან თავისუფლებასა და მისი რეგულაციების ეფექტურობას (კლასიკური მაგალითია ბიზნესის დარეგისტრირებისთვის საჭირო დღეების რაოდენობა). თუმცა ბიზნესის კეთების სიმარტივის შესაფასებლად (ბიზნესის რეგისტრირებისგან განსხვავებით) უნდა შევხედოთ ბევრ სხვა ფაქტორს, რომელთაც ბიზნესის კეთების ინდექსი „სიმარტივის მიზნით“ უგულებელყოფდა. ასეთებია, მაგალითად:

• ინფრასტრუქტურის ხარისხი

• წარმოების საშუალებათა და სერვისების მიმწოდებელთა არსებობა

• შიდა და გარე ბაზრების ზომა

• მუშახელის ხარისხი (უნარ-ჩვევები და ეთიკა)

• ფინანსებზე წვდომა

• საკუთრების უფლებები

დამაბრკოლებელი რეგულაციებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის მოსპობის მიუხედავად, საქართველომ ოდნავადაც კი ვერ მოახერხა პროგრესის მიღწევა „ბიზნესის კეთების“ იმ ფაქტორებთან დაკავშირებით, რომლებიც მოითხოვს გულმოდგინე მშენებლობასა და მოვლას და არა რევოლუციურ ქმედებებს. რეგულაციების გაუქმება და კორუმპირებული საჯარო მოხელეების დათხოვნა ადვილია, თუ ამისი პოლიტიკური ნება არსებობს. სამუშაო ძალის ხელახლა განათლებას კი მთელი თაობები სჭირდება.


საერთაშორისო ინდექსებში აღმასვლისა და ვარდნის სიმარტივე

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა რეფორმატორებმა მართლაც გაატარეს არაერთი უაღრესად წარმატებული და კონსტრუქციული რეფორმა, როგორიცაა, მაგალითად, თითქმის ყველა საჯარო მომსახურების გადატანა ელექტრონულ პლატფორმაზე და საოცრად ეფექტური იუსტიციის სახლების გახსნა. თუმცა უამრავი გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველოს ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ სინათლის წლებით ჩამორჩება გერმანიისას; მისი ერთი ციდა ბაზარი ჯერ კიდევ არ არის მიმზიდველი მულტინაციონალური კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარი მოგების მაქსიმიზაციას ცდილობენ. ვინც არ უნდა გადაწვიტოს საქართველოში ინვესტიციების ჩადება (ემოციური თუ სხვა მიზეზების გამო), მაინც მოუწევს ინვესტიციების ჩადება საკუთარი მიწოდების ჯაჭვისა და სერვისების შექმნაში, რადგან ადგილობრივი მიმწოდებლებისგან ბევრს არაფერს არ უნდა ელოდოს.

ბიზნეს-გარემოში არსებულმა ბევრმა ხარვეზმა ვერ შეაჩერა საქართველოს წინსვლა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის სათავეებისკენ. მათ ვერ შეაჩერეს საქართველო ერთი მარტივი მიზეზის გამო: 2014 წლამდე ინდექსი მეტწილად უგულებელყოფდა ან მხედველობაში არ იღებდა ბევრ ისეთ ფაქტორს, რაც ბიზნესებს რეალურად აინტერესებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ 2015 და 2016 წლების ინდექსის მონაცემებში საქართველოს პოზიციის გაუარესებას კარგად იყენებს ოპოზიციური პარტია საკუთარ გამოსვლებში , ერთადერთი, რასაც ეს მიანიშნებს, არის ცვლილებები მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიაში. დიახ, ეს არის ცვლილება, რომელმაც ბოლოს და ბოლოს, თითქმის ათწლიანი კრიტიკის შემდეგ, ეს ინდექსი მიუახლოვა თავისივე სახელწოდებას .

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელმა კომიტეტმა 2012 წლის ოქტომბერში გადახედა ბიზნესის კეთების მეთოდოლოგიასა და პრაქტიკას. 2013 წლის ივნისში გამოქვეყნებულ დასკვნით ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება როგორც ბიზნესის კეთების ინდიკატორების მოცულობასა და რელევანტურობაზე, ისე მისი მცდარად ინტერპრეტირების საფრთხეზეც. თუმცა კომიტეტის რეკომენდაციით, ბიზნესის კეთების ინდექსი შენარჩუნდა გარკვეული მოდიფიკაციებით მეთოდოლოგიაში, ინსტიტუციურ წყობაში, სახელწოდებასა და კომუნიკაციის სტრატეგიაში.  ბოლო 2 წლის განმავლობაში მეთოდოლოგია მართლაც განახლდა. მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები მომდევნო წელსაც.

მიუხედავად იმისა, რომ განახლებული მეთოდოლოგია ინარჩუნებს იმავე ძირითად სტრუქტურას, დამატებული იქნა ახალი ინდიკატორები (მაგ.: მიწის ადმინისტრირების სისტემების ხარისხი, მშენებლობის რეგულაციებისა და კონტროლის ხარისხი, ელექტროენერგიის მიწოდების სანდოობა და სამართლებრივი პროცესების ხარისხი). ახალი ინდიკატორები ყურადღებას ამახვილებს საკანონმდებლო თუ ინფრასტრუქტურული საკითხების ხარისხზე, რომელთა გაუმჯობესება ბევრად უფრო რთულია საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნებისთვის. მაგალითად, „საზღვრებს მიღმა ვაჭრობის“ რეიტინგში საქართველომ 78-ე ადგილზე გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც 2016 წელს ეს ინდიკატორი შეიცვალა, რათა უკეთ ასახოს ქართული ვაჭრობის რეალური სტრუქტურა.


„ბიზნესის კეთება“ მარტივი უნდა იყოს თუ რთული?

მისი სიმარტივისთვის (და ალბათ მისი წყალობით) ძველი  ბიზნესის კეთების ინდექსი ასრულებდა ერთ სასარგებლო ფუნქციას. ის მოტივაციას აძლევდა მთავრობებს, გაეტარებინათ დერეგულაციების რეფორმები და გაეუმჯობესებინათ არსებული კანონმდებლობის ხარისხი. ის ასრულებდა ამ ფუნქციას, რადგან 2014 წლამდე მოიცავდა უმეტესწილად მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ სფეროებს. მთავრობას, რომელსაც სურდა, კარგად წარმოჩენილიყო ინდექსში, შეეძლო ეს ძალიან მოკლე დროში გაეკეთებინა. და ბევრი მთავრობა, მათ შორის საქართველოსიც, ასეც იქცეოდა.

მაგალითად, საქართველოს წარმატების შემდეგ, აზერბაიჯანის მთავრობამ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ბიზნესის კეთების მიმართულებით. გახადა თუ არა ამან აზერბაიჯანი ჭეშმარიტად კარგი ქვეყანა ბიზნესის კეთებისთვის? არა, ის ისევ ისეთი კორუმპირებული და კლანურია, როგორც მანამდე. თუმცა ცოტა, მაგრამ ბევრად უფრო ეფექტური რეგულაციების შემოღება მაინც კარგი მოვლენა იყო აზერბაიჯის ბიზნესებისა და მოქალაქეებისთვის.

არც ერთ მთავრობას არ შეუძლია უცაბედად გააუმჯობესოს საკუთარი პოზიცია ისეთ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ ინდექსებში, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შექმნილი გლობალური კონკურენციის ინდიკატორები (GCI). GCI-ში პროგრესი მტკივნეულად  ნელია, რადგან მოითხოვს უამრავ ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, ინოვაციურ სისტემებში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებში და სხვ. შედეგად, GCI არ არის ისეთივე ეფექტური არაშორსმჭვრეტელიი მთავრობების მოტივირებისას, რომელთაც მხოლოდ სწრაფი შედეგების მიღწევა სურთ (მომდევნო არჩევნებამდე). ის განსაკუთრებით სუსტია საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნების მთავრობების მოტივირებაში, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევდა მოწინავე პოზიციებამდე ინფრასტრუქტურისა თუ სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ხარისხის ინდიკატორის მიხედვით.

გართულებული და უფრო რეალისტური ბიზნესის კეთების ინდექსი სავარაუდოდ დაკარგავს იმ ყურადღებას, რაც მას საქართველოსა თუ სხვა განვითარებად ქვეყნებში აქვს, სადაც ის თავის გამოჩენის ერთადერთი შესაძლებლობა იყო. და მაინც, ბიზნესის გარემოს გარკვეულ განხორციელებად ასპექტებზე ყურადღების გამახვილებით ის კვლავ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს კარგი მმართველობის რეფორმების წახალისებაში.


ერთი ნაბიჯი უკან, ორი წინ!

ბიზნესის კეთების განახლებულ ინდექსში საქართველოს უკანდახევამ შეიძლება მოუსპოს მთავრობას ტრიბუნებიდან თავის ქების შესაძლებლობა. ამავე დროს, ახალი მეთოდოლოგია იძლევა საქართველოს კონკურენციის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან სფეროებში მიმდინარე პროგრესის ხაზგასმისა და მონიტორინგის საშუალებას. ზოგიერთ ასეთ სფეროში არსებული გაუმჯობესება (ხელშეკრულების აღსრულება, სამართლებრივი პროცესების ხარისხი და ელექტროენერგიის მიწოდების სანდოობა) უკვე ასახულია ბიზნესის კეთების 2016 წლის ანგარიშში. დამატებითი პროგრესი შეიძლება მიღწეულ იქნას მჭიდრო ეკონომიკური კავშირებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო გამარტივებული „საზღვრებს მიღმა ვაჭრობით“.

მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნესის კეთების 2016 წლის ანგარიში არის არა დაბრკოლება, არამედ შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ „ისწავლოს წამოდგომა“.

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Guest - Guest on ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 14:02

ძალიან საინტერესოა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში გლობალურ კონკურენტუნარიანობის რეიტინგში-ც საქართველო 88-ე პოზიციიდან დაწინაურდა 66-ეზე.

ძალიან საინტერესოა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში გლობალურ კონკურენტუნარიანობის რეიტინგში-ც საქართველო 88-ე პოზიციიდან დაწინაურდა 66-ეზე.
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners