ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მთავრობა კოორდინატორის როლში

შეიძლება გაკვირვებული დარჩეთ, როდესაც ავჭალაში, ყველაფრისგან მოშორებით, გამუდმებით მოფუსფუსე, ოთხ ჰექტარ ფართობზე გაშენებულ „ხელოსნების ქალაქს“ აღმოაჩენთ. ამ ადგილას საბჭოთა დროს ხალიჩის მწარმოებელი დიდი ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელიც საბჭოთა კავშირთან ერთად დავიწყებას მიეცა და ჭაობით შემოსაზღვრული შენობის კარკასად იქცა.

10 წლის წინ ტერიტორია ირაკლიმ გაქირავების მიზნით შეიძინა1 და კლიენტების მოსაზიდად მინიმალური პირობების შექმნას შეუდგა: გააკეთა მისასვლელი გზა, შეიყვანა გაზი და ელექტროენერგია, შეაკეთა სახურავი და სხვ. თუმცა ირაკლი აცნობიერებდა, რომ გასაქირავებელი ფასი ცუდი ადგილმდებარეობის გამო კვლავ დაბალი იქნებოდა და ფასის გასაზრდელად რაიმე ორიგინალურის მოფიქრება იყო საჭირო.

მაიკლ პორტერის ნაშრომით შთაგონებულმა ირაკლიმ გამოსავალს მალევე მიაგნო. ზოგადად, ბიზნესი უფრო წარმატებულია, როდესაც ერთ სექტორში დასაქმებული კომპანიები ერთმანეთთან გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობენ, ანუ ე.წ. კლასტერს ქმნიან. ასეთ შემთხვევაში, კომპანიების მომგებიანობა იზრდება, შესაბამისად, იზრდება ის ფასიც, რომელის გადასახდელადაც ისინი მზად არიან.

შემდეგი ეტაპი სექტორის შერჩევა იყო. ირაკლი აანალიზებდა, რომ ქალაქისგან მოშორებით მდებარე ტერიტორია, არც თუ ისე მიმზიდველი ინფრასტრუქტურით, სავაჭრო ობიექტების ან, მაგალითად, IT კომპანიებისთვის არ გამოდგებოდა. ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი ავეჯის ბიზნესი იყო. თანაც, ეს დარგი იმ დროისათვის სწრაფად იზრდებოდა ბინებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, მზარდი ურბანიზაციით, ახალი თაობების ცალკე ცხოვრების სურვილითა და ტურიზმის განვითარებით იყო განპირობებული. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ავეჯის ტრანსპორტირების ხარჯი, მის ფასთან შეფარდებით მაღალია2. ეს კი ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას იმპორტირებულთან შედარებით, ფასის მხრივ, უფრო კონკურენტუნარიანს ხდიდა.

გადაწყდა! ირაკლის ავეჯის კლასტერი უნდა შეექმნა. თუმცა თავსატეხებს ბოლო არ უჩანდა. ახლა ის უნდა მოეფიქრებინა, როგორ დაეწყო გეგმის განხორციელება ნულიდან, როგორ მოეზიდა ავეჯის სფეროში მომუშავე მეწარმეები ცარიელ ტერიტორიაზე. მწარმოებლები მასალებისა და სერვისის მომწოდებლების გარეშე არ დაინტერესდებოდნენ და პირიქით, მასალებისა და სერვისის მომწოდებლები არ მოვიდოდნენ, თუ მწარმოებლები არ დახვდებოდნენ ადგილზე. თუ ირაკლი მოახერხებდა და აქედან ერთს, მწარმოებლებს ან მიმწოდებლებს მოიზიდავდა, მეორე თავისით მოვიდოდა. ამასთან ერთად, ისიც ნათელი იყო, რომ მომწოდებლების მოზიდვა, მაგალითად, ქირაზე ფასდაკლების შეთავაზებით ან სხვა ფინანსური სტიმულებით უფრო ნაკლებ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული რადგან, როგორც წესი, ერთ მომწოდებელზე რამდენიმე მწარმოებელი მოდის.

სტრატეგიამ გაამართლა. ტერიტორიისადმი ინტერესმა იმატა და, შედეგად, გასაქირავებელი ფასებიც გაიზარდა. კლასტერი გაფართოვდა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ირაკლის მხრიდან  ჩარევას აღარ საჭიროებდა.

„ხელოსნების ქალაქი“ დღეს მასალებისა და სერვისის მომწოდებლებით დაწყებულ, მწარმოებლებით დამთავრებულ 180-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. დასაქმებულია 2,000-მდე ადამიანი. აქ თითქმის ყველა საჭირო სპეციალიზაციის პოვნას შეძლებთ: ხისა და მეტალის ღუნვა, ლამინირება, ნებისმიერი მასალის – ბუნებრივი ხის, ლამინირებული მდფ-ის, ფანრის პანელების, მარმარილოსა თუ ქვის – ზუსტი ჭრა.

რომ შევაჯამოთ, ირაკლის წარმატება მისმა მიზანმიმართულმა ქმედებებმა განაპირობა. მოქმედებისას მან ორი მთავარი პრინციპით იხელმძღვანელა: (1)  ერთ სფეროში მომუშავე კომპანიებისათვის გეოგრაფიულად ახლომდებარეობა მომგებიანია და (2) კლასტერის ნულიდან შესაქმნელად კორდინაციაა საჭირო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გეოგრაფიული კონცენტრაცია პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა; ამ შესაძლებლობის რეალიზაციისათვის კი კოორდინირებაა საჭირო3. „ხელოსნების ქალაქის“ შემთხვევაში, კოორდინირება ცენტრალურ დონეზე მოხდა, ირაკლის თაოსნობით.


რა მოხდება, თუ საქართველოს მთავრობა ირაკლის მსგავსად იმოქმედებს?

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ავჭალაში ოთხ ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორია საქართველოა. საქართველოც, ამ ტერიტორიის მსგავსად, ნაკლებად მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისათვის. და როგორც ავეჯის მწარმოებლებს არ მიიყვანდა უხილავი ხელი ავჭალაში, ისე არ მოაწყდებიან უცხოელი ინვესტორები ჩვენს ქვეყანას მაღალპროდუქტიულ სექტორებში ინვესტიციების ჩასადებად. არადა ეკონომიკის სწრაფი ზრდისთვის სწორედ რომ მაღალპროდუქტიული, ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების განვითარებაა საჭირო.

ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც  განვითარებად ქვეყნებს  მაღალტექონოლგიურ დარგებზე გადასვლა უჭირთ, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა (მაგალითად, გაცვლითი კურსის არასტაბილურობა) და სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტებია (საქართველოს შემთხვევაში, გეოპოლიტიკური რისკებიც ემატება). მაგრამ თუ ხელოსნების ქალაქის შემთხვევაში არასახარბიელო გეოგრაფიული მდებარეობა კლასტერთან დაკავშირებულმა სიკეეთეებმა გადაწონა, იქნებ ამ ტიპის სიკეთეებმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ/პოლიტიკურ არასტაბილურობაზეც დაახუჭინოს თვალი ინვესტორებს.

თუმცა იმისათვის, რომ ერთ სფეროში მოღვაწე კომპანიებმა საქართველოში მოიყარონ თავი, კოორდინირებაა საჭირო. ამგვარი საჭიროება კი განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ დარგებში დგას, რასაც შემდეგი ფაქტორები4 განაპირობებს: მაღალტექნოლოგიური წარმოება რთული პროცესია, რომელიც მრავალ შუალედურ პროდუქციას, სერვისსა თუ ტექნოლოგიას/უნარს მოიცავს. აქედან გამომდინარე, წარმოების პროცესში ბევრ სხვადასხვა აქტორთან არის საჭირო თანამშრომლობა. ამასთან, უმჯობესია, გარკვეული აქტორები გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობდნენ, რადგან ზოგიერთი საწარმოო რესურსი არავაჭრობადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი იმპორტირება მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ რესურსების წარმოება მასშტაბის ზრდადი უკუგებითაც (კლებადი ზღვრული დანახარჯებით) ხასიათდება, შესაბამისად, კომპანია თუ წარმოების მასშტაბებს არ გაზრდის, კონკურენტუნარიანი ვერ იქნება.

ერთი მხრივ, იმისათვის, რომ არავაჭრობადი საწარმოო რესურსის ადგილობრივად წარმოებას აზრი ჰქონდეს (ანუ მასშტაბის ეკონომია რომ მიიღწეს), ადგილობრივ ბაზარზე საკმარისი მოთხოვნა უნდა იყოს. მეორე მხრივ, საბოლოო წარმოების კონკურენტუნარიანობისათვის, საკმარისი რაოდენობის შუალედური პროდუქცია უნდა იწარმოებოდეს ადგილობრივად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მაღალპროდუქტიული დარგები არ განვითარდება და ეკონომიკა დაბალპროდუქტიულ, დაბალტექნოლოგიურ წონასწორობაში დარჩება.

მაგალითისათვის, ერთ-ერთი არავაჭრობადი საწარმოო რესურსი სპეციალიზირებული, კვალიფიციური მუშახელია. წარმოიდგინეთ, რომ ელექტროტექნიკის დარგის განვითარება დაისახეთ მიზნად. ელექტროტექნიკის მწარმოებელი კომპანიების შენს ქვეყანაში მოსაზიდად ელექტრო-ინჟინრები უნდა გყავდეს. ხოლო იმისათვის, რომ ადამიანებმა გადაწყვიტონ და ელექტორინჟინერიას დაეუფლონ, საჭიროა, ამ პროფესიაზე მოთხოვნა უკვე იყოს ბაზარზე. იმავე ლოგიკით, არც საგანმანათლებლო დაწესებულებები განავითარებენ ელექტროინჟინერიის შემსწავლელ პროგრამებს, თუ მათზე სწავლის სურვილი არავის ექნება. ნათელია, რომ ელექტროტექნიკის დარგის გასავითარებლად სულ მცირე ამ აქტორების კოორდინირებაა საჭირო.

რომ შევაჯამოთ, იქნებ უპრიანია, საქართველოს მთავრობამ ირაკლის მსგავსად კოორდინატორის ფუნქცია შეითავსოს? ეს სტრატეგია შედარებით დაბალ დანახარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული და შედეგსაც უფრო სწრაფად გამოიღებდა, ვიდრე, მაგალითად, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. ასევე, მას შემდეგ, რაც საწარმოო ჯაჭვი აეწყობოდა, სახელმწიფოს მხარდაჭერა აღარ იქნებოდა საჭირო, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე ხელისუფალთა გადამეტებულ ჩარევას გამორიცხავდა.


1 ისტორია დაფუძნებულია „ხელოსნების ქალაქის“ დამფუძნებელთან ჩაწერილ ინტერვიუზე.
2 გამომდინარე იქიდან, რომ ავეჯი მოცულობითია, ხოლო კონტეინერით მომსახურება სტანდარტული, ერთი ფასია, იმისდა მიუხედავად თუ რის გადაზიდვას ახდენ.
3 იხ. Rodriguez-Clare, A., Rodríguez, F. and Fischer, R., 2005. Coordination failures, clusters, and microeconomic interventions [with Comments]. Economía, 6(1), pp.1-42.
იხ. Rodrik, D., 1996. Coordination failures and government policy: A model with applications to East Asia and Eastern Europe. Journal of international economics, 40(1-2), pp.1-22.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners