დილით, შხაპის მიღებისას მიყვარს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და საქართველოს განვითარების გზებზე ფიქრი.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან ბევრი „საკომპენსაციო ზრდა“ დაგროვდა. საუბარია ზრდაზე, რომელიც ქაოსის მდგომარეობიდან ნორმალურ ეკონომიკურ პირობებში დაბრუნებისას წამოიშობა. თუმცა ქვეყანას ყოველთვის არ შეუძლია, აანაზღაუროს დაგვიანებული ზრდა. მაღალი ზრდის შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობა განვითარებადი ქვეყნისთვის, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, არის მოგებაზე ორიენტირებული ურთიერთობები დანარჩენ მსოფლიოსთან. როგორც წესი, სანამ შამპუნს ვისვამ თავზე, ვფიქრობ, რა შეიძლება მიაწოდოს საქართველომ მსოფლიოს. სწორედ აქ იჩენს თავს სირთულეები.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰორიზონტზე არ ჩანს ტექნოლოგიური რევოლუცია, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა ისარგებლებდა. წარსულის ახალი ტექნოლოგიები, ელექტრონიკა, კომპიუტერული პროგრამები და ინდუსტრიული სიახლეები იყო ხანგრძლივი განვითარების მიღწევის ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ ნავთობი. კორეამ ბოლო 50 წელიწადში შეძლო, დასწეოდა ევროპასა და აშშ-ს, რადგან მან აქცენტი გააკეთა სამომხმარებლო ელექტროტექნიკის წარმოებაზე. კორეა სწორედ მაშინ შემოვიდა სცენაზე, როდესაც სამყაროს სჭირდებოდა კომპიუტერის ჩიპების, პერსონალური კომპიუტერების, hi-fi სისტემებისა და კამერების წარმოების ადგილი. კორეამ, ბევრი აზიური ქვეყნის მსგავსად, შესთავაზა სამყაროს იაფი მუშახელი. სამწუხაროდ, საქართველოს არ შეუძლია ამ წარმატების გამეორება, მომავლის ახალი ტექნოლოგიები, ანუ ყველაფერი რაც უკავშირდება რობოტიკას, გენეტიკურ ინჟინერიასა და ხელოვნურ ინტელექტს, არ მოითხოვს წარმოების იმ საშუალებებს, რისი შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ისარგებლოს საქართველომ რომელიმე ამ ტექნოლოგიით.
რამდენიმე კვირის წინ ISET-ს ესტუმრა ისრაელის ელჩი, რომელმაც ისაუბრა საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების განვითარების გზებზე. სხვა დამსწრეთაგან განსხვავებით, მე არ ვიყავი ოპტიმისტურტად განწყობილი. ჩემი აზრით, 1990-იან წლებში ისრაელმა მიაღწია ისეთ წარმატებას ტექნოლოგიებში, რისი გამეორებაც 2010-იან წლებში შეუძლებელია. 1990-იან წლებში განვითარებად ინტერნეტის ინდუსტრიას სჭირდებოდა ზუსტად ის, რასაც ისრაელი სთავაზობდა. სახელდობრ, მაღალი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, სამეწარმეო აზროვნება და უაღრესად განათლებული ადამიანები. დღეს ინტერნეტის ინდუსტრია უკვე ჩამოყალიბებულია, მას ჰყავს ერთი დიდი (აშშ) და რამდენიმე მცირე მოთამაშე (ინდოეთი და ისრაელი). მე ვერ ვხვდები, როგორ მოახერხებს საქართველო ინტერნეტის მოწიფულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას.
არც საქართველოს შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებული ბევრი სხვა მოსაზრება არ მეჩვენა სარწმუნოდ. მართალია, საქართველოს აქვს საოცარი ბუნებრივი საგანძური და ტურიზმის პოპულარიზებაც უნდა მოხდეს (რადგან ის ქმნის სამუშაო ადგილებს მცირე გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებისთვის). მაგრამ გინახავთ ტურიზმით გამდიდრებული ქვეყანა? ქართულ სოფლის მეურნეობასაც აქვს განვითარების შესანიშნავი პოტენციალი, მაგრამ თანამედროვე სოფლის მეურნეობას სჭირდება ბევრი ტექნიკა და ტექნოლოგიები და ნაკლები მუშახელი. თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა მართლაც გაიზრდება, მაშინ რა ვუყოთ ამჟამად სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშახელის 50%-ს? როდესაც ქვეყნები ვითარდებიან, ისინი უარს ამბობენ სოფლის მეურნეობაზე. თუ საქართველოც უარს იტყვის მასზე, მაშინ საით უნდა წავიდეს?
ზოგს სჯერა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ფინანსური ჰაბი. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელია. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს არ აქვს რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა ფინანსებში. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ფინანსური ინდუსტრია სხვას არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ სხვა ეკონომიკაში (ან უცხოეთში) წარმოებულ კაპიტალსა და სიმდიდრეს ანაწილებს. საქართველოში ბევრი არაფერია, რაშიც კაპიტალის ჩადება შეიძლება. ფინანსური ინდუსტრია წარმოების გარეშე ჰგავს ქარხანას, სადაც ყველა მენეჯერია (და არავინ არაფერს არ აწარმოებს).
ამ ეტაპზე უკვე, როგორც წესი, ვტოვებ აბაზანას დ როგორც დეპრესირებული ეკონომისტი, ვიწყებ ჩემს დღეს. მაგრამ ამ დილით ცოტა მეტი ხანი გავჩერდი შხაპის ქვეშ და დავიწყე ფიქრი საქართველოს, როგორც მწარმოებლის მომავალზე...
ორ კვირაში ვერ გამდიდრდები
განვითარების ზოგიერთი ეკონომისტი ჰგავს საეჭვო დიეტის გამყიდველს, რომელიც „2 კვირაში 20 კილოს დაკლებას“ გპირდებათ, ან სპამ-მეილებს, რომელიც გთავაზობთ „კვირაში 4,000 დოლარს სახლიდან გაუსვლელად“. ეს ეკონომისტები გვარწმუნებენ, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს სწორი პოლიტიკა და საბოლოოდ გამდიდრება გარდაუვალია. ისინი ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რომ ყველა ქვეყანას, რომელმაც განვითარების კიბეზე აღმასვლა მოახერხა, ამისთვის ათწლეულები დასჭირდა.
ალბათ, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ ეს არ მოხდება რამდენიმე წელიწადში, ამას დასჭირდება ათწლეულები და, შესაძლოა, საუკუნეებიც. თუ ყველაფერი კარგად წავა, საქართველოს დღევანდელი ბავშვები მოესწრებიან არსებითად უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობას, მაგრამ მათ უკვე თავად ეყოლებათ შვილები. ეს ნამდვილად არ მოხდება 5-10 წელიწადში და, შესაძლოა, არც 20 წელიწადში.
განვითარების ეკონომიკის თამამი დაპირებები ასახულია განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკის დღის წესრიგებში, ისინი საუბრობენ „ცოდნის ეკონომიკაზე“, ფინანსურ ცენტრებზე, მაღალ ტექნოლოგიებსა და მსგავს თემებზე. მაგრამ საბაზრო სისტემაში თქვენ მდიდრდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ყიდით იმას, რაც ხალხს მოსწონს. ადამიანებს კი ყველაფერი კარგად გაკეთებული მოსწონთ. ასე რომ, საქართველომ უნდა აკეთოს ის, რაც კარგად გამოსდის. მე კი ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება იყოს ეს ცოდნის პროდუქტები, ფინანსური სერვისები ან მაღალი ტექნოლოგიები.
უბრალო საქონლის კარგად კეთება
დაახლოებით 15 წლის წინ გერმანიის მოსახლეობა შეძრა ახალმა ამბავმა. გერმანელ ექსპორტიორთა წილი მაღალი ტექნოლოგიების პროდუქტებში პირველად დაეცა 50%-ს ქვემოთ. ამაზე დიდი აურზაური ატყდა, ეკონომიკის მინისტრმა კი განაცხადა რომ „ცხოვრებაში ამაზე ცუდი ამბავი არ გაუგია“. ყველას მიაჩნდა, რომ მაღალი ტექნოლოგიების ნაცვლად უბრალო საქონლის წარმოება ეკონომიკის სისუსტე იყო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ ამბიდან გამოტანილი დასკვნები მცდარი იყო. ეს არის არა სისუსტე, არამედ სიძლიერე, როდესაც, მაღალი ხელფასებისა და მაღალი სამუშაო სტანდარტების მიუხედავად, ქვეყანას შეუძლია აწარმოოს მარტივი საქონელი.
გერმანია არის მაგალითი, რომ ქვეყანას არ სჭირდება აწარმოებდეს მაღალ ტექნოლოგიებს, რომ წარმოებით გამდიდრდეს. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტილის ინდუსტრიამ ევროპიდან თურქეთშ, ფილიპინებსა და ბანგლადეშში გადაინაცვლა, გერმანიაში ჯერ კიდევ არის კომპანიები, მაგალითად, Trigema, რომელსაც 1000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და უშვებს ექსკლუზიურად გერმანიაში წარმოებულ მაისურებსა და ჩოგბურთის ტანსაცმელს. საკმაოდ მოულოდნელია სმარტისა და გუდვილის სუპერმარკეტებში გერმანიაში დამზადებული და შემდეგ საქართველოში იმპორტირებული ძალიან ბევრი პროდუქტის ნახვა. გერმანიიდან საქართველოში შემოდის არაერთი პროდუქტი, მათ შორისაა შამპუნები (ნივეა), საწმენდი საშუალებები (Frosch), სხვადასხვა საკვები პროდუქტი, შოკოლადი (Ritter Sport), ტკბილეული (Haribo), მარმელადი (Schwartau), გაყინული პიცა (Dr. Oetker), სალათის სოუსი (Kuehne), ელექტროსაპარსები (Braun) და მარტივი პლასტმასის სათამაშოები (Playmobil). ეს სია გრძელდება. ყველა ეს ჩამოთვლილი პროდუქცია არის დაბალი ტექნიკური პროდუქტები.
ჩემი რეცეპტი
ჩემი აზრით, საქართველოს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მაღალი ტექნოლოგიების ან სხვა მოდური პროდუქტების წარმოებით ერთ დღეში გამდიდრდება. საქართველომ უნდა აწარმოოს კარგი ხარისხის საქონელი, დაეყრდნოს რესურსებს, რაც ასე უხვად აქვს – ღირსეული, შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც არ ითხოვენ მაღალ ხელფასებს.
როგორც ჩემს სტატიაში „ქართული წესიერება“ არის აღწერილი, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გამოცდილება ის არის, რომ ქართველები თითქმის არასდროს არ იტყუებიან. ეს არის ხასიათის ის თვისება, რაც იდეალურია წარმოებისთვის, რადგან თაღლითობა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რისკი ქარხნის მართვისას, რადგან თანამშრომლებმა, მაგალითად, შეიძლება მოიპარონ აღჭურვილობა. მსგავსი რამ მოხდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ისრაელმა მის მიერ აფრიკაში აშენებული ექსპერიმენტული ფერმა ადგილობრივ ოპერატორს გადასცა. ნახევარ წელიწადში ყველა მოწყობილობა მოიპარეს. საქართველოში მსგავსი პრობლემა არ შეიქმნება.
წარმოება, რაზეც ვსაუბრობ, უნდა დაიწყოს ისეთი მარტივი პროდუქტების წარმოებით, როგორიცაა ქსოვილები, ფეხსაცმელი, საკვები, მექანიკა, სამშენებლო მასალა, მარტივი ქიმიკატები, ელექტრო მოწყობილობები და სხვ. მიზანი კი უნდა იყოს დასავლელი იმპორტიორების მიერ დაკავებული ბაზრის წილის უკან დაბრუნება. ამის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა, ქართული პროდუქტები დასავლელი იმპორტიორების პროდუქტებზე იაფი ღირდეს, რითიც დააკომპენსირებს შედარებით დაბალ ხარისხს და ბრენდების არარსებობას. ტრანსპორტირებისა და წარმოების დაბალი ხარჯების გათვალისწინებით, ეს შესაძლებელია. ბევრად უფრო დამაბნეველი ის არის, რომ ამჟამად იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის ფასებს შორის სხვაობა ხშირად ძალიან მცირეა.
მარტივი პროდუქცია ქმნის სამუშაო ადგილებს უბრალო ადამიანებისთვის. მხოლოდ წარმოებას შეუძლია მიიღოს ამჟამად სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშახელის 50%.
და მომდევნო 50 წელიწადში გამდიდრებაც შესაძლებელი გახდება.
Comments