ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

კოორდინაციის თამაშები

რამდენიმე წლის წინ, მამაჩემმა, რომელიც ენთუზიასტი ბლოგერია, დაწერა სტატია კიევის უწესრიგო რეკლამების პრობლემაზე, რამაც წალეკა ქალაქი. კედლები, ღობეები, განათების ბოძები, ავტობუსის გაჩერებები და ტროტუარებიც კი აჭრელებული იყო განცხადებებით, რომლებიც რეკლამას უკეთებდა ყველაფერს დედამიწის ზურგზე. ქაღალდისა და წებოს ნარჩენებით მოსვრილი ჩვენი კორპუსის შესასვლელი სევდიანი სანახავი იყო.

ჩვენი მეზობელი, ასაკიანი ქალი გმირულად იბრძოდა კედლებისა და ფანჯრების ჩარჩოების ჩამოსარეცხად, რაც სიზიფეს შრომა უფრო იყო. სუფთა კედლები თითქოს მაგნიტივით იზიდავდა ახალ განცხადებებს და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად.

ერთ დღეს მამაჩემმა გადაწყვიტა, სხვა ხერხისთვის მიემართა. ფანერის ნაჭრითა და ფიცრებით ააწყო განცხადებების კუსტარული დაფა და კორპუსის შესასვლელთან დაკიდა. სასწაულმაც არ დააყოვნა და რამდენიმე დღეში დაფაზე გაჩნდა პირველი განცხადება, კორპუსის კედელი და კარი კი ხელუხლებელი იყო...

მამა ენათმეცნიერია და ეკონომიკისა ბევრი არაფერი გაეგება, თუ სტუდენტობისას წაკითხულ კარლ მარქსის  „კაპიტალს“ არ ჩავთვლით. თუმცა ამჯერად ის ჭეშმარიტი ეკონომისტივით მოიქცა – ეკონომიკური სტიმულის შემოღებით გადაჭრა პრობლემა, რომელიც ეკონომიკაში კოორდინაციის თამაშთა კატეგორიას მიეკუთვნება. განცხადებების დაფა გახდა ის, რამაც „მოთამაშეებს“ (ამ შემთხვევაში კორპუსის მაცხოვრებლებსა და განმცხადებლებს) ქცევის შეცვლისკენ უბიძგა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კორპუსისთვის განცხადებების დაფა აღმოჩნდა მარტივი და ჭკვიანური ალტერნატივა, რამაც წარმატებით ჩაანაცვლა „იდუმალი“ განმცხადებლების დევნისა და დასჯის შრომატევადი საქმე.

ამ ზამთარს, როდესაც კვლავ ვესტუმრე მშობლებს, კიდევ ერთხელ შემახსენა თავი საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებისას ეკონომიკური სტიმულის გამოყენების ძალამ. ძაღლის ყოლა დღეს ძალიან პოპულარულია კიევში. ძაღლებს, ძირითადად, ჩვენ მეზობლად მდებარე ტბის გარშემო ბილიკებზე ასეირნებენ. პრობლემა ისაა, რომ ძაღლების პატრონები იშვიათად თუ იწუხებენ თავს „ნარჩენების“ დასასუფთავებლად, რაც მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის, რომ აღარაფერი ვთქვათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეზე. თუმცა ამჯერად ტბის მიმდებარე ტერიტორია შეცვლილი დამხვდა. უწინდელზე ბევრად სუფთა იყო. გაჩნდა მწვანე პოსტები ზედ მიმაგრებულ რკინის ყუთებითა და ფერადი ნიშნებით. რკინის ყუთები ორი სახისაა, ერთში პოლიეთილენის პარკები დევს, მეორე ნაგვისთვისა. პოსტზე მიმაგრებული ნიშნები ძაღლის პატრონებს უხსნის მოწყობილობის გამოყენების წესებს და მოუწოდებს პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი შეგნებისკენ.

ვერ აღგიწერთ, როგორი გახარებული ვიყავი, როგორც ეკონომისტი და როგორც მოქალაქე.  როგორც ეკონომისტი, გავხდი ზოგადი კოორდინაციის პრობლემის ელეგანტურად გადაწყვეტის მოწმე. როგორც მოქალაქე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლისკენ ხშირად მცირე ძალისხმევაც საკმარისია. ადამიანები ქვეცნობიერად მიდრეკილნი ვართ სილამაზისა და წესრიგისკენ, თუმცა ხშირად უბრალოდ გვეზარება მცირე ძალისხმევის გამოჩენა.

დღეს უკვე თბილისში ვარ, ყოველდღე დავდივარ ვაკესა და ვერაზე. ორივე საშუალო კლასის უბანია, სადაც ძაღლის ყოლა სულ უფრო პოპულარული ხდება. ძაღლების „ნარჩენები“ აქაც პრობლემაა, რაც მოსალოდნელიც იყო. მე, რა თქმა უნდა, მაღიზიანებს ძაღლების პატრონები, რომლებიც თავს არ იწუხებენ, თან ატარონ პარკი ცხოველების მოსაქმებულის ასაღებად. თუმცა იმასაც ვხვდები, რომ ასეთი ქცევის დასჯა არ არის პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა. იქნებ „ძაღლების სადგომები“ იყოს გამოსავალი? შეიძლება! თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, მთავრობისა და ქალაქის მერიის ლოდინს არავითარი აზრი არ აქვს. საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეებზე, რომლებიც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საზოგადოებასა და გარემოს. პასუხისმგებლობის აღება რთულია, მაგრამ სცადეთ, საოცარი გრძნობაა!

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners