ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

შესავალი1

საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში. ამასობაში წლები გავიდა და რთულია, ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაიმე მკვეთრი ცვლილება შეინიშნება:  არც სექტორების პროდუქტიულობა გაზრდილა მნიშვნელოვნად და არც სტრუქტურული ტრანსფორმაციის ნიშნები იკვეთება (იხ. სურათი 1).

სურათი 1: საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურა: დარგობრივი დასაქმება და პროდუქტიულობა2

თუ გვინდა, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, საჭიროა, სექტორების პროდუქტიულობა უფრო მეტად გაიზარდოს ან/და მუშახელმა უფრო სწრაფად გადაინაცვლოს  მაღალპროდუქტიულ სექტორებში. ხოლო იმისათვის, რომ ზრდა ინკლუზიური იყოს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას, პროდუქტიულობა, პირველ რიგში, იმ სექტორებში უნდა გაიზარდოს, სადაც უმრავლესობაა დასაქმებული. თუ ეს მიზანი არ არის მიღწევადი, ადამიანებმა სხვა უფრო მეტად პროდუქტიულ სექტორებში უნდა გადაინაცვლონ.

აქედან გამომდინარე, პროდუქტიულობა პირველ რიგში სოფლის მეურნეობაში უნდა გაიზარდოს, რადგან ეს სექტორი ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს. წარმოებაში შედარებით ნაკლები ადამიანია დასაქმებული. შესაბამისად, ამ სექტორში პროდუქტიულობის გაზრდას ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ვერ ექნება, თუ დასაქმებული  ადამიანების რიცხვი არ გაიზარდა.

ამ სტატიაში შევეხებით თითოეული სექტორის პროდუქტიულობის ზრდის პერსპექტივებს. ასევე განვიხილავთ, რა ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება, როდესაც სექტორების მიერ უფრო მეტი მუშახელის ათვისების პოტენციალზე ვმსჯელობთ.


სექტორების პროდუქტიულობის ზრდა

სოფლის მეურნეობა

თეორიულად, რაც უფრო დიდია ფერმა, მით უფრო მაღალია მისი პროდუქტიულობა, ვინაიდან დიდი ზომის ფერმებს: (1) ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მაღალკვალიფიციური მუშახელის დაქირავებისათვის მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, (2) წარმოების დიდი მასშტაბის გამო უფრო დაბალი ფიქსირებული ხარჯი აქვთ ერთეულზე, (3) წარმოების საშუალებებს უფრო ხელსაყრელ ფასად ყიდულობენ. თუმცა პრაქტიკაში ფერმის ზომის ზრდას პროდუქტიულობის ზრდა ყოველთვის არ სდევს თან. მსოფლიო ბანკის 2017 წლის კვლევის თანახმად, როდესაც საქმე იმ ფერმერებს ეხება, რომელთაც  მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ნაკლებად აქვთ, პროდუქტიულობა იკლებს, როგორც კი ნაკვეთის ზომა 3 ჰა-ს სცდება.

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწები უმეტესად მცირე ნაკვეთებად არის დანაწევრებული: 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით, მიწის მესაკუთრეთა 73.1% ერთ ჰექტარზე ნაკლებ მიწას ფლობს და, ხშირად, ეს ერთი ჰექტარიც 2-3 ნაკვეთადაა დაყოფილი, რომელთა ზომა  0,4 ჰა-ს არ აღემატება. თუკი დავუშვებთ, რომ მცირე ფერმერების უმრავლესობას მართვისთვის საჭირო უნარები ნაკლებად აქვთ, მათი პროდუქტიულობის ამაღლებისთვის საჭირო იქნება, თითოეული ნაკვეთის ზომა 0.4-დან 3 ჰა-მდე გაიზარდოს. თეორიულად ეს შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საერთო ფართობი 2,000,494 ჰექტარია3 და აქედან მხოლოდ 787,600 ჰა ეკუთვნის შინამეურნეობებსა და კერძო სექტორს4; თუმცა ბუნდოვანია, პრაქტიკაში რამდენად განხორციელებადი იქნება, რადგან მიწის კონსოლიდაციისათვის საჭიროა, სახელმწიფო და კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობდეს.

სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ამაღლების ალტერნატიული გზა დიდი ფერმებია.

მომსახურების სექტორი

როდესაც მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მაღალპროდუქტიული და დაბალპროდუქტიული მომსახურების დარგები.  თუ ცხრილში მოცემულ პირველ ოთხ დარგს მაღალპროდუქტიულ დარგებს მივაკუთვნებთ, მაშინ გამოდის, რომ ეს დარგები მომსახურების სექტორის მხოლოდ 10.4%-ს და მთლიანი ეკონომიკის 4.7%-ს ასაქმებს (იხ. ცხრილი 1). ამრიგად, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ დარგებში პროდუქტიულობის ზრდამ ფართო მასების ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

რაც შეეხება დაბალპროდუქტიულ დარგებს, მათი პროდუქტიულობის ზრდის პოტენციალი, შრომატევადობიდან გამომდინარე, შედარებით შეზღუდულია. მაგალითად, სტილისტს უკეთესი მაკრატელი რომც მისცე, თმას 10 წუთში მაინც ვერ შეჭრის.

ცხრილი 1. დამატებული ღირებულება ერთ დასაქმებულზე მომსახურების დარგების მიხედვით, 2018 წელი

მომსახურების დარგები დამატებული ღირებულება ერთ დასაქმებულზე დასაქმების წილი (%)
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 951,979 0.6
საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები 72,416 4.4
ინფორმაცია და კომუნიკაცია 47,994 2.7
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 44,037 2.8
ხელოვნება, გართობა და დასვენება 37,559 3.7
სასტუმროები და რესტორნები 32,312 5.8
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური დაცვა 30,220 11.9
ტრანსპორტირება და დასაწყობება 25,690 10.2
საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მოტოციკლების შეკეთება 24,631 24.1
ჯანდაცვა და სოციალური სამსახურების საქმიანობები 22,887 8.5
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები  21,084 2.8
სხვა სახის მომსახურება 15,201 2.6
განათლება 10,441 20.2

წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები


ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია

როგორც უკვე აღინიშნა, ბოლო ათწლეულზე მეტია დასაქმების სტრუქტურა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სოფლის მეურნეობაში დასაქმება მხოლოდ 10 პროცენტული პუნქტით (54%-დან 43%-მდე) შემცირდა, საიდანაც გამოთავისუფლებულმა მუშახელმა უმეტესად მომსახურების სექტორში გადაინაცვლა. წარმოებაში დასაქმებულთა რიცხვი კი თითქმის უცვლელი დარჩა.

სურათი 2: დასაქმების სტრუქტურის დინამიკა

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, მოსახლეობამ დაბალპროდუქტიული სოფლის მეურნეობიდან შედარებით მაღალპროდუქტიულ სექტორებში, წარმოებასა ან/და მომსახურებაში, უნდა გადაინაცვლოს. მაგრამ ისმის კითხვა: აქვს კი ამ სექტორებს დამატებითი მუშახელის ათვისების უნარი?


სოფლის მეურნეობიდან მომსახურების სფეროში გადასვლა

როდესაც მომსახურების სექტორის მიერ უფრო მეტი მუშახელის ათვისების პოტენციალზე ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ვაჭრობადი და არავაჭრობადი დარგები. ვაჭრობადია მომსახურება, თუ მისი ექსპორტზე გატანაა შესაძლებელი. მომსახურების ვაჭრობადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნისათვის მისი მცირერიცხოვანი, დაბალმსყიდველობითუნარიანი მოსახლეობიდან გამომდინარე. მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებით მომსახურების სექტორი ვერ განვითარდება და უფრო მეტ ადამიანს ვერ დაასაქმებს.


სოფლის მეურნეობიდან ინდუსტრიაში გადასვლა

წარმოების გასავითარებლად, სექტორის ვაჭრობადობიდან გამომდინარე, მოთხოვნა ნაკლებად შემზღუდველი ფაქტორია. თუმცა ამ შემთხვევაში სხვა გამოწვევები იჩენს თავს, რაც წარმოების მზარდი ავტომატიზაციით არის განპირობებული. დენი როდრიკი სტატიაში “Are services the New Manufacturers?” აღნიშნავს, რომ „წარმოება დღეს ის აღარ არის, რაც ადრე იყო, რადგან იზრდება მოთხოვნა კაპიტალსა და მაღალკვალიფიციურ მუშახელზე. ეს კი თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზღუდავს სოფლიდან გამოთავისუფლებული მუშახელის ათვისების პოტენციალს“. მეორე მხრივ, ჩინეთის დომინანტური პოზიცია წარმოებაში რთულს ხდის სხვა ქვეყნებისათვის, მოიპოვონ და შეინარჩუნონ კონკურენტული უპირატესობა.


დასკვნა

როგორც ბოლო წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, იმისათვის, რომ ეკონომიკურმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღოს, ის სიღრმისეულ ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს, განსაკუთრებით საქართველოში არსებული შეზღუდული რესურსების პირობებში. საჭიროა, სტრატეგია  თანმიმდევრული იყოს, ურთიერთგამომრიცხავი მიმართულებების გარეშე. ამისათვის საჭიროა, თითოეული სექტორი და მათი მახასიათებლები უფრო სიღრმისეულად გაანალიზდეს. უნდა დადგინდეს, რომელ დარგებს აქვს უფრო მეტი მუშახელის ათვისების პოტენციალი და რომელს – პროდუქტიულობის ზრდის. ანალიზი უნდა ითვალისწინებდეს მიმდინარე და მოსალოდნელ ტენდენციებს ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე.


 1 ბლოგი ეფუძნება დანი როდრიკის მიერ 2016 წლის სექტემბერში საქართველოში ჩატარებულ პრეზენტაციას
2 პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთი დასაქმებულის მიერ შექმენილი დამატებითი ღირებულება რეალურ ფასებში, დოლარში, ერთ წლის განმავლობაში
3 წყარო: მსოფლიო ბანკის ინდიკატორები (2016)
4 მცირემიწიანი ფერმერების რაოდენობა 419,667 ჰექტარს შეადგენს (საშუალოდ 0.4ჰა-ის მფლობელები)
წყარო: სოფლის მეურნეობის აღწერის მონაცემები (2014)


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners