ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ახალი კანონი წამლების რეცეპტით გაცემაზე: დასავლური შეცდომების გამეორება

დღემდე, ბევრი ქართველი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელო პრობლემებს არაბიუროკრატიული გზით უმკლავდებოდა. რჩევას, იმის შესახებ, თუ რომელი მედიკამენტი მიეღოთ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, ექიმთან კონსულტაციის მაგივრად, მეგობრებისგან, ნათესავებისგან, ინტერნეტიდან და სხვა ალტერნატიული წყაროებიდან იღებდნენ. შემდეგ კი, ამ გზით მოგროვებული ინფორმაციით და დამატებით ფარმაცევტის დახმარებით აფთიაქში ყიდულობდნენ წამალს, რომელიც, მათი აზრით, სასურველ შედეგს გამოიღებდა.

თუმცა, 2014 წლის სექტემბრის შემდეგ, ამ მეთოდის გამოყენება შეუძლებელი ხდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც მეორე ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, ტკივილგამაყუჩებლები და ანტიბიოტიკებიც, აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე გაიყიდება. ერთი შეხედვით, ადვილი დასანახია, რამ გამოიწვია აღნიშნული რეფორმის გატარების აუცილებლობა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეგობრებისა და ნათესავებისგან მიღებული რჩევები ვერ ჩაითვლება საიმედო წყაროდ. დიაგნოზი ხშირად შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს და წამლები, რომლებიც ასეთი გზით მივიღეთ, უკეთეს შემთხვევაში, შედეგს არ გამოიღებს, ხშირ შემთხვევაში კი, შესაძლოა, მათ დამატებითი ზიანი მიაყენონ ჩვენს ჯანმრთელობას. ეს პრობლემა სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავდება სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად. აბდელმონეიმ ავადმა (Abdelmoneim Awad) და მისმა კოლეგებმა (Journal of Pharmacy and Pharmaceutical Sciences 8(2):326-331, 2005) ჩაატარეს კვლევა სუდანში არსებული სიტუაციაზე და დაადგინეს, რომ თვითმკურნალობის ძირითად მიზეზი პაციენტთა ფინანსური პრობლემებია. მდიდრებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ექიმთან კონსულტაციით, მაშინ როდესაც ღარიბები თვითმკურნალობის შედეგად მიყენებული ზიანის წინაშე დაუცველები რჩებიან.

თუ საქართველოში არსებულ სიტუაციას შევხედავთ, ქვეყნისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს წამლების გადაჭარბებული მოხმარება (როგორც ჩანს ახალბედა ექიმები ხშირად მოქმედებენ პრინციპით „რაც მეტი, მით უკეთესი“). მხოლოდ 2013 წელს, საქართველოში წლიური სამედიცინო დანახარჯების 48%-ს მედიკამენტების ხარჯები შეადგენდა, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში, აღნიშნული მაჩვენებელი 25%-ს არ აჭარბებს (იხილეთ ცხრილი, რომელიც აღწერს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებს). როდესაც ხალხს არ შეუძლია იყიდოს წამლები რეცეპტის გარეშე, მათი მოხმარება იზღუდება იმ რაოდენობით, რასაც მას ექიმი გამოწერს; შესაბამისად სავარაუდოა, რომ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოხმარება საგრძნობლად შემცირდეს.

კანონის მხარდამჭერდა ბოლო არგუმენტს წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკა. მართლაც, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მსგავსი ტიპის რეფორმა დიდი ხნის წინ გატარდა.

აღნიშნული არგუმენტების მიუხედავად, არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს კანონი აუცილებლად  შეუწყობს ხელს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას.


ვინ ზრუნავს ხალხის ჯანმრთელობაზე?

პირველი, რასაც  ჯანდაცვის ეკონომიკაში ვსწავლობთ, არის ის ერთხმად აღიარებული პრინციპი, რომ პრიორიტეტი არის პაციენტების ჯანმრთელობაა, თუმცა სინამდვილეში, მთავარი მოტივი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა. ამ მხრივ, არც ექიმები წაროადგენენ გამონაკლისს. ამასთან, ახალი კანონის შედეგად, ჯანდაცვის სისტემაში ექიმების როლი კიდევ უფრო იზრდება. თუ აქამდე ხალხს ჰქონდა არჩევანი, მიემართათ ექიმის კონსულტაციისათვის მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლიდნენ მათი აზრისა და რჩევის მიღებას, ახლა უბრალოდ ყველა იძულებულია, გაიაროს კონსულტაცია ყოველთვის, როდესაც წამალი დასჭირდება.

სწორედ ექიმების გაზრდილმა როლმა დასავლეთში გამოიწვია ის, რომ ფარმაცევტული ფირმები უამრავ ფულსა და დროს ხარჯავენ, რათა გავლენა მოახდინონ მათ საქმიანობაზე. 2012 წელს, საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიებმა  24 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს საკუთარი პროდუქციის ექიმებისთვის რეკლამირებაში (წყარო: Cegedim Strategic Data). უფრო კონკრეტულად, როგორ ფუნქციონირებს მსგავსი ტიპის მარკეტინგი?

ევროპასა და ამერიკაში ექიმები, რომლებიც „გულუხვად“ გამოუწერენ კონკრეტულ მედიკამენტს მათ პაციენტებს, მიწვეულები არიან სხვადასხვა „კონფერენციებზე“, ისეთ ძვირადღირებულ ადგილებში, როგორიცაა ჰავაი და სხვა მრავალი; სადაც ისისნი ატარებენ 5 დღეს 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, ხოლო ყველა დანახარჯს კი, საკუთარ თავზე იღებენ კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიები, რომლებმაც დიდი მოგება ნახეს აღნიშნული ექიმების „გულუხვობის“ შედეგად. პირველი ორი დღე ექიმები ისმენენ გამოსვლებს რომელიმე ახალი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ, ხოლო მთელი დანარჩენი დრო  მათ განკარგულებაში რჩება. მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ, თავად მიიღონ მონაწილეობა და გააკეთონ პრეზენტაცია აღნიშნულ კონფერენციაზე, რა თქმა უნდა, დამატებითი ფინანსური კომპენსაციით. გარდა ამისა, ფარმაცევტული სექტორი უხვად აფინანსებს სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, დაწყებული კალამით და დამთავრებული ახალი, ძვირადღირებული ავეჯითა და დეკორაციებით - პაციენტების მისაღები და მოსაცდელი ოთახებისათვის. დელოიტის განცხადებით, ამერიკის ექიმების 35 % იღებს საჩუქრებს ფარმაცევტული ინდუსტრიიდან, ხოლო 16% იღებს ანაზღაურებას სხვადასხვა გამოსვლებისათვის და „კონსულტაციებისათვის“. ეს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა დასავლურ ქვეყნებში არსებული სხვადასხვა რეგულაციების მიუხედავად (მაგალითად ამერიკაში Sunshine Act ავალდებულებს ფარმაცევტულ ფირმებს მოახსენონ ექიმებისათვის ყველა მათი ტრანსფერის შესახებ).

ასეთი სახის „მარკეტინგი“ (უფრო ზუსტად კი,  მექრთამეობა) განსკუთრებით რთული გასაკონტროლებელია - ვერცერთმა ქვეყანამ შეძლო ეპოვნა გზა აღნიშნული პრობლემის ეფექტურად მოსაგვარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს არ აქვთ საშუალება პირდაპირ გადაამოწმონ, რა რაოდენობით წამალს გამოუწერს პაციენტებს კონკრეტული ექიმი (თუმცა შეიძლება ამის არალეგალური გზები მოიძებნოს, მაგალითად, ექიმებმა გადაიღონ საკუთარი რეცეპტების ქსეროასლი რათა დაარწმუნონ ფარმაცევტული ფირმები), კორუფციის მექანიზმი მაინც წარმატებით მოქმედებს, როგორც ეს მრავალი ექსპერიმენტის შედეგად დადასტურდა. ექიმი, რომელიც მიწვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული სახის „კონფერენციაზე“, შინაგან ვალდებულებას გრძნობს რომ სამაგიერო გადაუხადოს გულუხვ დონორს.

აღნიშნული პრობლემა საკმაოდ მწვავე შეიძლება გახდეს საქართველოსათვის, სადაც ექიმებს განსაკუთებით დაბალი ხელფასი აქვთ და შესაბამისად, ფარმაცევტული ინდუსტრიიდან მიღებული საჩუქრები, მათთვის მეტად ღირებული იქნება.

ის ფაქტი, რომ სამედიცინო დანახარჯების 48%ს საქართველოში მედიკამენტების ხარჯები შეადგენდა, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში 25%ზე დაბალია, აუცილებლად არ ნიშნავს  იმას, რომ ქართველების მიერ მედიკამენტების გადამეტებული გამოყენება ხდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები ჯანდაცვის სექტორში. ამ უკანასკნელის ფასები განვითარებად ქვეყნებში იმდენად ზრდის საერთო ჯანდაცვის ხარჯებს, რომ მედიკამენტების წილი მინიმალური ხდება. მაგალითისათვის, რადიაციული თერაპიისა და  ტომოგრაფიის დანადგარების საათობრივი ტარიფი შესაძლოა რამდენიმე ათას დოლარს შეადგენდეს, მსგავსი ტექნოლოგიები კი, როგორც წესი, ქართველი პაციენტებისათვის ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის. ჯანდაცვის სექტორისათვის, რომელიც ასეთ ტექნოლოგიებს ვერ იყენებს, ერთადერთ გამოსავლად რჩება მედიკამენტების ინტენსიური გამოყენება, რაც მათ წილს საერთო დანახარჯებში მნიშვნელოვნად ზრდის და შეიძლება, ეს ეკონომიკურად ოპტიმალურიც იყოს (მედიკამენტები როგორც წესი ბევრად უფრო იაფია).


ეფექტურობის პრობლემა

დღეიდან, ყველა უმნიშვნელო პრობლემის შემთხვევაშიც კი, ისეთები როგორიცაა გაციება ან თავის ტკივილი, აუცილებელი ხდება ექიმის კონსულტაცია. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ექიმები ხშირად არ არიან ხელმისაწვდომები როცა მათი მომსახურება სასწრაფოდ გჭირდება. ჯანმრთელობის დაზღვევის აგენტი, რომელსაც პირველად უნდა დაურეკო ექიმთან კონსულტაციის დასანიშნად, ხშირად გპასუხობთ, რომ ექიმი დაკავებულია და მასთან შეხვედრის დანიშვნა მხოლოდ რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისათვის.

აღნიშნული პრობლემა ასევე ეხება სასწრაფო დახმარების სამსახურსაც. წარმოიდგინეთ, რომ უეცრად აგტკივდათ კბილი ღამის სამ საათზე. რა თქმა უნდა, ექიმი ამ დროს ხელმისაწვდომი არ არის და ასევე, თქვენ აღარ შეგიძლიათ ჩახვიდეთ უახლოეს 24 საათიან მაღაზიაში და იყიდოთ ტკივილგამაყუჩებელი, რადგან არ გაქვთ რეცეპტი. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი რჩება სასწრაფოს გამოძახება (ან საავადმყოფოში წასვლა თუ გაქვთ მანქანა). სასწრაფო დახმარების სისტემას საქართველოში მანამდეც საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა, ხოლო კანონის შედეგად გაზრდილი გამოძახებების რაოდენობა  მათ განსაკუთრებით გაამწვავებს. აქამდე, სასწრაფო დახმარების სამსახური მოქმედებდა გამოძახებების დროის მიხედვით, რაც იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფოს გამოძახებით კბილის ტკივილისათვის შესაძლოა სერვისს ვართმევდით ვიღაცას, ვისთვისაც ეს შესაძლოა სიკვდილის-სიცოცხლის საკითხი ყოფილიყო. ახალი კანონის ძალაში შესვლასთან ერთად, სასწრაფოები გადავიდნენ გამოძახებების პრიორიტეტის სისტემაზე, შესაბამისად, არც ისე რთული წარმოსადგენია გამოძახებებში თქვენი კბილის ტკივილის პრიორიტეტი. შედეგად, სასწრაფო დახმარების მანქანა სავარაუდოდ, იმაზე გვიან მოვა, ვიდრე თქვენი ოჯახის ექიმი ისევ ხელმისაწვდომი იქნება. ცხადია, სადღეღამისო აფთიაქში წამლის ყიდვა ბევრად უფრო მოსახერხებელი, ადვილი და ეფექტური იქნებოდა.

რომ შევაჯამოთ, ახალი კანონის შედეგად მოსალოდნელია, რომ ჯანდაცვის გარკვეული ასპექტები გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე უკეთესი კონტროლის შედეგად, თუმცა ეს დადებითი ეფექტი შეიძლება გადაწონილი იქნას რიგი ზემოთაღნიშნული სისუსტეებით. შემცირებულმა ეფექტურობამ, საბოლოოდ, შეიძლება გამოიწვიოს მრავალი პრობლემა პაციენტებისათვის, მათ შორის - გაზრდილი დანახარჯებიც. როგორც არ უნდა შევხედოთ, ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი  უნდა იყოს პაციენტები და შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, მათთვის მაქსიმალური თავისუფლების მიცემა არჩევანის გაკეთების დროს, ხოლო ახალი კანონი, მათ ავტონომიურობას კიდევ უფრო ზღუდავს.

ჯანდაცვის სექტორს რიგ დასავლურ ქვეყნებში მრავალი პრობლემა გააჩნია - არაეფექტურობა, კორუფცია და არასწორი სტიმულები. ყველაფერი ეს კი ჯანმრთელობის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას იწვევს, მაშინ, როცა თავად სერვისი საშუალოზე დაბალი შეიძლება იყოს. საქართველო ცდილობს ფეხი აუწყოს საერთაშორისო პრაქტიკას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს პრაქტიკა ყოველთვის არ არის ისეთი წარმატებული, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners