ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

გაქვთ კითხვები დაგეგმილ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით? ესეც პასუხები

ბოლო თვეებში არაერთი კითხვა დაგვისვეს დაგეგმილ საპენსიო რეფორმაზე. აი, ჩვენი პასუხები.

ვისთვის არის სავალდებულო სისტემაში ჩართვა? ვის შეუძლია მონაწილეობა/ფონდში თანხის შეტანა?

დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ვინც იღებს წყაროსთან დაბეგრილ შემოსავალს, რადგან მათთვის  საშემოსავლო გადასახადს იხდის დამსაქმებელი. მათ, ვინც 40 წლისაა ან მეტის, ფონდში ჩართვიდან 3 თვის შემდეგ, შეეძლებათ, დატოვონ საპენსიო ფონდი. თუმცა ფონდიდან გასვლის ეს „ფანჯარა“ მათთვის დაიხურება ფონდში გაწევრიანებიდან 5 თვის შემდეგ. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თავად იხდიან საშემოსავლო გადასახადს. სხვა შემთხვევაში სისტემაში ჩართვა შეუძლებელია, თუნდაც ადამიანს ჰქონდეს ამის სურვილი. ასეთი შეიძლება იყოს ეკონომიკურად არააქტიური პირი, დაუსაქმებელი პირი, მუშა, რომელიც არაოფიციალურად იღებს ხელფასს (რომელზეც დამსაქმებელი არ იხდის გადასახადებს), და თვითდასაქმებული, რომელიც არ იხდის გადასახადებს.

მე ვარ დასაქმებული. რამდენით შემიმცირდება ხელფასი? მეშინია, რომ დამსაქმებელი თავის წილს ჩემი ხელფასიდან გადაიხდის.

კანონი უკრძალავს დამსაქმებელს საპენსიო ანგარიშზე საკუთარი წილის შეტანის მიზნით დასაქმებულის მიმდინარე ხელფასის შემცირებას. შედეგადდავუშვათ, რომ დამსაქმებელი ამ მიზნით არ შეგიმცირებთ ხელფასს. მაგალითად, თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1000 ლარი, ამჟამად იღებთ 800 ლარს, დაბეგვრის შემდეგ. რეფორმის გატარების შემდეგ, თქვენი დაუბეგრავი შემოსავლიდან 20 ლარი გადაირიცხება საპენსიო ფონდში. თქვენი დამსაქმებელი და მთავრობაც გადარიცხავენ 20-20 ლარს. თქვენი გადასახადები (20%) დაანგარიშდება დარჩენილი 980 ლარიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ თვის ბოლოს 800 ლარის ნაცვლად თქვენ აიღებთ 784 ლარს. შესაბამისად, დაბეგრილ ხელფასზე დაგაკლდებათ მხოლოდ 16 ლარი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის რეალური ხარჯი, რადგან საპენსიო ფონდში არსებული თანხა მაინც თქვენ გეკუთვნით. რეალურად, თუ გაითვალისწინებთ საპენსიო ფონდში ჩარიცხულ 60 ლარს, თქვენი მთლიანი წმინდა შრომითი შემოსავალი გაიზრდება და 800-ის ნაცვლად 844 ლარი იქნება.

თუმცა, რაც დრო გავა (როცა ახალ ხელშეკრულებას გააფორმებთ ან სხვა სამსახურში გადახვალთ), დამსაქმებელმა შეიძლება ხელფასის შეთავაზებისას გაითვალისწინოს  ხარჯების თავისი წილი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხელფასი შეიძლება იმაზე ნელა გაიზარდოს, ვიდრე რეფორმის არარსებობის შემთხვევაში გაიზრდებოდა. საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება იმ ძალაუფლებაზე, რომელსაც ფლობთ თქვენი და დამსაქმებლის მოლაპარაკებისას. ყველაზე ცუდ შემთხვევაში (როცა დამსაქმებელი დაუბეგრავ ხელფასს ისე გიმცირებთ, რომ საპენსიო რეფორმამდელ მდგომარეობაში დარჩეს), ყოველთვიური ხელფასი უფრო მეტად შემცირდება. თუ მანამდე დაბეგვრის შემდეგ 800 ლარს იღებდით, რეფორმის შემდეგ, ხელზე ასაღები შემოსავალი იქნება 772 ლარი. თუმცა ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდში უკვე 59 ლარი გექნებათ (მთლიანი 831 ლარისთვის).

რამდენით შემიმცირდება ყოველთვიური შემოსავალი ფონდში ჩართვის შემდეგ, თუ თვითდასაქმებული ვარ?

დავუშვათ, თქვენი ყოველთვიური დაუბეგრავი შემოსავალი არის 1000 ლარი, ამჟამად იღებთ 800 ლარს, გადასახადების დაბეგვრის შემდეგ. რეფორმის გატარების შემდეგ, 1000 ლარიდან 40 ლარი გადაირიცხება საპენსიო ფონდში (რომელსაც მთავრობა დაამატებს თავის წილ 20 ლარს). თქვენი გადასახადები (20%) დაანგარიშდება დარჩენილი 960 ლარიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხელზე 800 ლარის ნაცვლად აიღებთ 768 ლარს. თუმცა ამჯერად საპენსიო ფონდში 60 ლარი გაქვთ მთლიანი 828 ლარისთვის.

რა იქნება ჩემი ყოველთვიური დაგროვებითი პენსია პენსიაზე გასვლის დროისთვის?

ყოველთვიური დაგროვებითი პენსიის ღირებულება თქვენი პენსიაზე გასვლის დროისთვის დამოკიდებული იქნება უამრავ ფაქტორზე: როგორ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებენ აქტივების მენეჯერები, როგორ მუშაობს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და ბირჟები შიდა თუ საერთაშორისო ბაზრებზე, რამდენი წელი რიცხავდით თანხას საპენსიო ფონდში, რამდენი გაქვთ ყოველთვიური შემოსავალი, როგორია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა პენსიაზე გასვლის დროისთვის, რამდენი იქნება სახელმწიფო პენსია ამ დროისთვის. თუ გინდათ, დაახლოებით იცოდეთ, რა იქნება საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის ყოველთვიური რაოდენობა (დღევანდელი ლარით), მაშინ ნახეთ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული საპენსიო კალკულატორი, რომელიც პასუხს გასცემს ამ კითხვას.

როცა დაითვლით, დაახლოებით რა თანხას უნდა ელოდეთ ყოველთვიურად პენსიაზე გასვლის შემდეგ, მიღებულ თანხას დაამატეთ მიმდინარე სახელმწიფო პენსიის ღირებულება (180 ლარი) და გეცოდინებათ, საშუალოდ რა პენსია გექნებათ.

როცა საპენსიო ასაკს მივაღწევ, საპენსიო ფონდში დაგროვილ თანხასთან ერთად, სახელმწიფო გადამიხდის თუ არა ფიქსირებულ სახელმწიფო პენსიას?

კანონპროექტში არ არის მითითებული, რომ მთავრობა შეწყვეტს ფიქსირებული სახელმწიფო პენსიის გადახდას მათთვის, ვინც მიიღებს პენსიას საპენსიო ფონდიდან.

თანხა, რომელსაც საპენსიო ფონდში გადავრიცხავ, იქნება თუ არა ინფლაციის მიხედვით ინდექსირებული?

ფონდში ინვესტირებული თანხების უკუგება დამოკიდებული იქნება ფონდის მენეჯერების მიერ ნაყიდი აქტივების მუშაობასა და მათთვის გადახდილ მართვის ხარჯებზე. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ნორმალურ საბაზრო პირობებში ინვესტიციის უკუგება გადააჭარბებს ინფლაციის მაჩვენებელს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფოსა და დამსაქმებლის კონტრიბუციას (ვინაიდან მათი ხარჯები თქვენზე არ გადმოდის), რომელიც თქვენთვის უკვე მოგებაა.

შეიძლება იმედი მქონდეს, რომ მინიმუმ ფონდში ჩემ მიერ გადარიცხულ თანხას მაინც მივიღებ?

ამ ეტაპზე კანონპროექტში არ არის არანაირი ინფორმაცია იმაზე, კაპიტალის დაცვის რა საინვესტიციო სტრატეგია შემუშავდება ან მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს თუ არა ამ რისკს. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, ინვესტირებული კაპიტალის დაკარგვის რისკი შედარებით დაბალია.

არსებობს რამე გარანტია, რომ მთავრობა არ მიითვისებს ჩემს პენსიას, როგორც ეს მოხდა საბჭოთა საპენსიო ანგარიშების შემთხვევაში?

ასეთი გარანტია ვერასდროს ვერ იარსებებს. მოქმედი მთავრობა იმას აკეთებს, რაც შეუძლია, რომ რაც შეიძლება გაართულოს თანხის მითვისება. ის ამისთვის ქმნის ცალკე ფონდს, რომელსაც არ განკარგავს მთავრობა და რომელშიც თითოეულ მონაწილეს ექნება ინდივიდუალური ანგარიში. ვინაიდან ეს ინდივიდუალური ანგარიშია, ის თქვენი პირადი საკუთრება ხდება. ცხადია, მაინც არსებობს (მცირე) რისკი, რომ მომავალი მთავრობა შეცვლის საპენსიო ფონდების შესახებ კანონს, შეამცირებს სარგებელს ან თვითნებურად მიითვისებს ფონდის აქტივებს. თუმცა ამისთვის მთავრობა ძალიან ძლიერი უნდა იყოს და ჰქონდეს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. რაც უფრო წარმატებულია რეფორმა და მეტია ადამიანი, ვისაც მნიშვნელოვანი თანხა აქვს საპენსიო ფონდში, მით ნაკლებია მოვლენათა მსგავსი განვითარების რისკი.

რა ემართება ჩემს საპენსიო ანგარიშზე არსებულ თანხას პენსიაზე გასვლამდე ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში?

თუ ადამიანი საპენსიო ასაკის მიღწევამდე გარდაიცვლება, თანხა გადაეცემათ მის მემკვიდრეებს. ასე ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ პირი ინდივიდუალური ანგარიშის კაპიტალის სრულად გახარჯვამდე გარდაიცვლება.

რამდენად დიდი იქნება მთავრობის ხარჯი?

პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ყოველთვიური დაუბეგრავი შემოსავალი 2000 ლარამდე და 2001-5000 ლარის ფარგლებში.

ნომინალური მნიშვნელობით, მთავრობა იხდის დასაქმებულის ან თვითდასაქმებული პირის მიერ მისაღები 2000 ლარამდე დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ს. რეალურად, საპენსიო ფონდში შესატანი კონტრიბუციის არადაბეგვრადი ბუნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენა ბევრად დიდი იქნება. ამ დებულებასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოსავლების შემცირება გამოიწვევს იმას, რომ მთავრობა დაკარგავს დამატებით 0.8%-ს, რის შედეგადაც მთლიანი საბიუჯეტო ტვირთი 2.8%-ს შეადგენს.

2000 ლარს ზემოთ (2001-5000 ლარი) შემოსავლის თითოეულ ლარზე სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთი 1.8%-ს აღწევს (რადგან დასაქმებულიცა და დამსაქმებელიც გააგრძელებენ 2%-ის გადახდასა და 0.4% საგადასახადო კრედიტის მიღებას, მაშინ, როდესაც მთავრობის პირდაპირი კონტრიბუცია 1%-მდე შემცირდება).

მთავრობის ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება საჯარო დამსაქმებლების შემთხვევაში, რადგან მას მოუწევს როგორც თავისი, ისე დამსაქმებლის წილის გადახდა. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის ხარჯი 2000 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში ყოველთვიური დაუბეგრავი ხელფასისთვის 4.4%-მდე გაიზრდება, 2001-5000 ლარისთვის კი – 3.4%-მდე.

საერთო ჯამში, ეს რეფორმა ნამდვილად გაზრდის მთავრობის ხარჯებს მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, რადგან საგადასახადო შემოსავლები შემცირდება, საპენსიო ფონდში გადასახდელი თანხა კი გაიზრდება.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners