ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორსახოვნება

ცოტა ხნის წინ ქართული მედია განგაშით იუწყებოდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების შესახებ. ეს ეკონომიკური მონაცემებითაც დასტურდება. გრაფიკზე ნაჩვენებია 2005 - 2013 წლებისათვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლის პირველ ნახევარში. ცხადია, რომ წლების განმავლობაში საინვესტიციო აქტივობები ძალიან ცვალებადი იყო. მონაცემები ასახავს ყველა პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენას, მათ შორის 2008 წლის ომსა და ფინანსურ კრიზისსაც. ამასთან 2009 წლიდან შეინიშნება პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების  ნელი, მაგრამ თანაბარი და მტკიცე ზრდის ტენდენცია.

როგორც ვხედავთ, ეს ტენდენცია წელს შეიცვალა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013 წლის პირველ ორ კვარტალში 2012 წელთან შედარებით შემცირდა.


რატომ არის  პირდაპირი უცხოური ინვესტიცები მნიშვნელოვანი?

ორმა თურქმა ეკონომისტმა, ფარუქ გუერსოიმ და ჰუესინ ქალიონჩუმ გამოიკვლიეს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას შორის კავშირი. (“Foreign Direct investment and Growth Relationship in Georgia”, International Journal of Economics and Financial Issues 2, 2012). მათი კვლევა ეყრდნობა 1997-2010 წლების მონაცემებს.  ამ თემაზე სხვა კვლევების მსგავსად,  მათაც მიიღეს რომ ჩვენს ქვეყანაშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება და მშპ-ს ზრდა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

მრავალფეროვანია იმის მიზეზები, თუ რატომაა მშპ-ს ზრდასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის მჭიდრო კავშირი. ეკონომისტების, პრაკაშ ლუნგანისა და ასაფ რაზინის სტატიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტებია განხილული(“How Beneficial Is Foreign Direct Investment for Developing Countries?”, Finance and Development 38, 2001). 1) პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ტექნოლოგიების შემოდინების საშუალებაა. კერძოდ, საწარმოო ფაქტორების გამრავალფეროვნების და განახლების გზით. ამგვარი შედეგის მიღწევა შეუძლებელია ფინანსური ინვესტირებით ან  ვაჭრობით; 2) პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ზრდის კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე; 3) პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მიმღებები ხშირად უზრუნველყოფენ თანამშრომლების გადამზადებას ახალი საქმის ასათვისებლად, რასაც წვლილი შეაქვს ქვეყნის ადამიანური კაპიტალის ზრდაში; 4)პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდით გამოწვეული მოგების ზრდა იწვევს ქვეყანაში საგადასახადო შემოსავლების ზრდას.

მიუხედავად იმისა რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ზოგადი შთაბეჭდილება დადებითია,  სტატიის  ავტორები აღნიშავენ: „მიუხედავად ბოლოდროინდელ კვლევებში  წარმოდეგენილი დასაბუთებისა, სხვა ნაშრომები ხაზს უსვამენ, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა სიფრთხილე და კრიტიკული დამოკიდებულება უნდა გამოიჩინონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სარგებლიანობის შეფასებისას.“ რატომ შეიძლება იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პრობლემური?


არის კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის სასურველი?

განვიხილოთ ჰიპოთეტური მაგალითი. ვთქვათ რუსი ინვესტორი 50 მილიონ ლარად ყიდულობს ქართული კომპანიის აქციების 60%-ს. ეს ოპერაცია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს გაზრდის 50 მილიონით. ამის მერე მან ამ ქართულ საწარმოს ასესხა 20 მილიონი ლარი 10%-იანი საპროცენტო განაკვეთით 1 წლის ვადით. ეს ოპერაცია კიდევ გაზრდის საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს 22 მილიონით (უკან დასაბრუნებელი ვალის ჯამური რაოდენობა). ახლა დავუშვათ, რომ რაიმე პრობლემის გამო კომპანია ვერ ახერხებს დროულად ვალის დაფარვას, რის გამოც მას აჯარიმებენ საპროცენტო განაკვეთის გაორმაგებით 20%-მდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიას 2 მილიონი ლარი ექნება დამატებით გადასახდელი. ეს დაჯარიმება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს გაზრდის კიდევ 2 მილიონით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან არანაირი დადებითი ეკონომიკური მოვლენა არ დგას. ამ მაგალითიდან გამომდინარე ცხადია, რომ პირდაპირი ინვესტიციების მხოლოდ მაჩვენებლების მიხედვით მსჯელობამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგანაც ამ მაჩვენებლის ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ეკონომიკური ქმედებით, რომელსაც სასარგებლოს ან მომგებიანს ვერ ვუწოდებთ. მოდით, განვავრცოთ მაგალითი. დავუშათ, რომ რომელიმე ქართველმა ბიზნესმენმა, უკმაყოფილომ ინვესტორის დამოკიდებულებით კომპანიისა და დასაქმებულების მიმართ, გამოისყიდა  კომპანიის  აქციების 60%.  ეს ოპერაცია უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლს შეამცირებს 50 მილიონით, მიუხედავად იმისა, რომ იგი არც კომპანიისთვის და არც ქვეყნისთვის საზიანო არ ყოფილა.

ცხადია, ყველა ინვესტიცია ერთნაირად სასარგებლო და მომგებიანი არაა. უფრო მეტიც, არსებობს ისეთი ინვესტიციები რომლებიც ქვეყნისთვის საზიანოა. მაგალითად, თუ ის აზიანებს გარემოს ან ექსპლუატაციას უწევს ადგილობრივ მუშახელს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაჩვენებილი არ ითვალისწინებს ინვესტიციის ბუნებას და აქედან გამომდინარე, ყველანაირ ინვესტიციას ერთნაირად აღრიცხავს.


როგორ უნდა მოიქცნენ პოლიტიკოსები?

მთავრობის როლი მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეკონომიკური გავლენის შეფასებაში მდგომარეობს. სასარგებლო ინვესტიციები უნდა წახალისდეს, ხოლო საეჭვოზე — უარი ითქვას. როგორც ჩანს, ახლო წარსულში ინვესტიციების მიმართ ასეთი დამოკიდებულებას არ ყოფილა.

მაგალითითვის გამოდგება ავსტრიული დელიკატესების კომპანია „შირნჰოფერი“,  რომელიც საქართველოში არამხოლოდ თავისი პროდუქციის გაყიდვას, არამედ საწარმოს დაარსებასაც აპირებდა. შირნჰოფერი გეგმავდა მცხეთაში ქარხნის აშენებას, რომელიც დაასაქმებდა 600-მდე ადამიანს. გარდა ამისა, კომპანია გეგმავდა ფერმერებისთვის გასაზრდელად მიებარებინა სპეციალური ჯიშის ხბოები. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობდა ლაბორატორია, რომელიც ჩამორთმეული პროდუქციის ხარისხს შემოაწმებდა, ფინანსურმა  პოლიციამ შირნჰოფერის პროდუქციის კონფისკაცია სწორედ დაბალი ხარისხის ბრალდებით მოახდინა. ასეთი ხელოვნური დაბრკოლებების გამო „შირნჰოფერმა“ გადაიფიქრა საქართველოში  ინვესტირება, ქარხანა ყაზახეთში ააშენა, საქართველოში კი მისი საქმიანობა თბილისში  ერთი მაღაზიით შემოიფარგლა.

მეორე მაგალითია ქალაქი ზესტაფონი. ათეულობით წლებია, რაც ზესტაფონში უზარმაზარი ფეროშენადნობთა ქარხანაა, რომლის პროდუქციას საქართველოს ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ქარხანა წინა საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა და დღეს მას უცხოელი ინვესტორი მართავს.  კომპანიის მუშაობის თაობაზე ბევრი საჩივარი ისმის. ადგილობრივი მუშახელის ხელფასი დაბალია. პრობლემებია ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებითაც. საქართველოში კიბოთი დაავადებულთა ყველაზე მაღალი სტატისტიკა ზესტაფონში ფიქსირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ არც სამრეწველო ინფრასტრუქტურა ვითარდება დიდად და დაახლოებით ისეთივეა, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს. გასაკვირი არაა, რომ ზესტაფონის მოსახლეობა უკმაყოფილოა უცხოელი ინვესტორით. სულ ცოტა ხნის წინ მათ ეს უკმაყოფილება ორკვირიანი  საპროტესტო აქციებითა და დემონსტრაციებით გამოხატეს. კარგია, რომ ინვესტორი ამუშავებს ქარხანას, ასე თუ ისე ასაქმებს ხალხს და სახელმწიფოს უხდის გადასახადს, თუმცაღა იგივეს გააკეთებდა ნებისმიერი სხვა ინვესტორი, იქნებოდა ის ადგილობრივი თუ უცხოელი. ამ შემთხვევაში მთავრობამ ვერ უზრუნველყო ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც გააუმჯობესებდა ტექნოლოგიას,  განაახლებდა ინფრასტრუქტურას და ა.შ.

უკანასკნელ წლებში საქართველომ ხარისხიანი უცხოური პირდაპირი ინვესტიციის მოზიდვაც მოახერხა.  მაგალითად „ბრიტიშ პეტროლეუმის“ (British Petroleum (BP)მილსადენი, რომელიც ძალიან მომგებიანია ქვეყნისათვის.  კომპანიამ სამი მილსადენი გაიყვანა, რომლებმაც გაზარდა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ამასთანავე, ქვეყანა იღებს მნიშვნელოვან საზღაურს ნავთობის და გაზის გატარებისთვის. ის, რომ BP ასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ტკბილეულის წარმოების იტალიური გიგანტის „ფერეროს“  აქტივობა საქართველოში არის კონსტრუქციული ინვესტირების კიდევ ერთი მაგალითი.  „ფერეროს“ დასაქმებული ჰყავს 150-მდე ადამიანი და გარდა ამისა, სეზონურად ასაქმებს კიდევ ასობით მუშას. ასევე, კომპანიის წარმომადგენლებმა სამეგრელოში ჩაატარეს ტრენინგები და ადგილობრივ ფერმერებს შეასწავლეს კულტივაციის მოწინავე ტექნოლოგიები.

დასკვნის სახით ვიტყვით, რომ მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდით ან შემცირებით ეკონომიკურ განვითარებაზე მსჯელობის ნაცვლად უმჯობესი იქნება, თუ პოლიტიკოსები უფრო ღრმად გაანალიზებენ ამ ინვესტიციების ბუნებას. ეს ის შემთხვევაა, როცა მარტო რიცხვითი მაჩვნებელებით მსჯელობა არც ისე გონივრულია.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners