ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სექტემბრის ელექტროენერგიის ბაზრის მონაცემები და საქართველოს ენერგო უსაფრთხოება

აგვისტოს თვის ელექტოენერგიის დეფიციტის შემდეგ, საქართველოში ენერგიის წარმოება კვლავ შემცირდა. 2019 წლის სექტემბერში, 2018 წლის სექტემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება 3%-ით, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 19%-ით არის შემცირებული.

კერძოდ, საქართველოს ელექტროსადგურებმა სექტემბერში 821 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მაშინ, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარება 972 მლნ. კვტ.სთ. იყო. აგვისტოსთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება 12%-ით შემცირდა, მიუხედავად სექტემბრის თვეში ელექტროენერგიის მოხმარების არსებითად შემცირებისა (კონდიცირების მოთხოვნისა და ტურისტული ნაკადის შემცირების გამო)1, ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს მაინც მოუწია უცხოური ბაზრებიდან ელექტროენერგიის იმპორტი. ამავე წლის სექტემბერში იმპორტირებული ელექტროენერგიის მთლიანი რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 56%-ით, 2018 წლის სექტემბერთან შედარებით კი 33%-ით გაიზარდა.

საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარ მომწოდებლებად კვლავ აზერბაიჯანი და რუსეთი რჩებიან. 2017 წლამდე რუსეთი ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი იყო, 2017 წლიდან აზერბაიჯანი დაწინაურდა და 2017-2018 წლების განმავლობაში იმპორტირებული ელექტროენერგიის 61% და 81% მომწოდებელი გახდა. ამ პერიოდში რუსეთის წილმა მხოლოდ 30% და 40% შეადგინა (იხ. 1-ლი ცხრილი).

ცხრილი 1. საქართველოს იმპორტი (მლნ. კვტ.სთ.)

მე-2 ცხრილს თუ შევხედავთ, ნათელია, რომ იგივე ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდა. საქართველოში განხორციელებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილის იმპორტირება აზერბაიჯანიდან მოხდა. თუმცა 2018 წლის მსგავსად, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან განხორციელებულმა იმპორტმა აზერბაიჯანისას გადაუსწრო. აღნიშნულ თვეში ელექტროენერგიის 67% რუსეთიდან იმპორტირდა, დარჩენილი 33%-ის კი – აზერბაიჯანიდან. როგორც ჩანს, რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის საბაზრო წილი შემცირების მიუხედავად (2018 წლის სექტემბერთან შედარებით, მინუს 30 პროცენტული პუნქტი), სექტემბრის თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი კვლავ რუსეთზეა დამოკიდებული.

გრაფიკი 2. საქართველოს იმპორტი წლის განმავლობაში (მლნ. კვტ.სთ.)

რუსეთის ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის ოფიციალური ვებ-გვერდის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ სექტემბრის თვეში რუსეთში ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 2% და 3%-ით გაიზარდა. უფრო მეტიც, დადებითი სხვაობა წარმოებასა და მოხმარებას შორის 17%-ით შემცირდა. ეს ფაქტი გასული წლის შემდეგ რუსული ექსპორტისთვის ხელმისაწვდომი რესურსების რაოდენობის შემცირებაზე მიუთითებს, რაც რუსეთის ენერგეტიკული ბაზრის გამკაცრებამ გამოიწვია.

აზერბაიჯანის შემთხვევაშიც გამოვლინდა სექტემბრის თვის განმავლობაში ბაზრის გამკაცრების გარკვეულ ნიშნები. ამავე წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა თურქეთში 33 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა, მაშინ როცა შარშან, იმავე თვეში აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი საერთოდ არ მომხდარა.

ფართო გაგებით, თურქეთის მოთხოვნის გაზრდამ და რუსეთში სათადარიგო შესაძლებლობების შემცირებამ, ამგვარი ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის გამკაცრება გამოიწვიოს, რაც შეიძლება ელექტროენერგიის იმპორტის ფასების პოტენციური ზრდისა და ელექტროენერგიის დაბალი ხელმისაწვდომობის მიზეზი გახდეს.

ზემოთ აღნიშნული მიზეზისგან დამოუკიდებლადაც, იმპორტის ფასები კვლავ განაგრძობს ზრდას. როგორც მე-3 გრაფიკიდან ჩანს, 2019 წლის სექტემბერში საქართველოსთვის ელექტროენერგიის იმპორტის ფასები წინა წლის სექტემბერთან შედარებით 70%-ით, ხოლო 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 24%-ით გაიზარდა (15.18-დან 18,76 თეთრამდე / კვტ.სთ-ში).

გრაფიკი 4. იმპორტის ფასი სექტემბერში (თეთრი/კვტ.)

გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტის ფასებზე გავლენას ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული ვალუტაც (აშშ დოლარი) ახდენს, მნიშვნელოვანია, გადავხედოთ ვალუტის ცვლილებებსაც2. 2018 წლის სექტემბერთან შედარებით, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 14%-ით3 შემცირდა. ამავე დროს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიხედვით4, იმავე პერიოდში რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებაში 4%-ით გამყარდა. შესაბამისად, ვალუტის მერყეობა ის ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც შესაძლოა იმპორტის ფასის ზრდას პოტენციურად ხელი შეუწყო. ამავდროულად, აშშ დოლარის ღირებულების ზრდის პირობებშიც კი, ელექტროენერგიის იმპორტის  პიკური ფასის მნიშვნელოვანი წილი (დაახლოებით ორი მესამედი) აუხსნელი რჩება. ეს ფაქტი განამტკიცებს აზრს, რომ იმპორტის გაზრდილ ფასზე გაცვლითი კურსის მერყეობის გარდა შესაძლოა სხვა ფაქტორებმაც მოახდინა გავლენა (მაგ. რეგიონული ელექტროენერგიის ბაზრის გამკაცრება).

მაშინ, როცა წარმოება ელექტროენერგიის გაზრდილ მოთხოვნასთან გამკლავებას ცდილობს, გამკაცრებული რეგიონული ბაზრის წარმოქმნამ შესაძლოა უახლოეს მომავალში საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას, როგორც ელექტროენერგიის ფიზიკური, ისე ფინანსური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. წარმოდგენილი ფაქტები ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაზრდელად პროაქტიული ზომების მიღებისკენ მოგვიწოდებს. ეს ზომები შეიძლება იყოს: ელექტროენერგიის წარმოების დივერსიფიცირებულ წყაროებში ინვესტირების მხარდაჭერა, ენერგორესურსების შექმნის შესაძლებლობების განვითარება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პოპულარიზება. ეს შეიძლება რეგიონის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ელექტროენერგიის პოტენციურ მომწოდებელთა რაოდენობის გაზრდის მცდელობასაც გულისხმობდეს.


1 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურისტების ვიზიტების რაოდენობა სექტემბრის თვეში თითქმის 28%-ით შემცირდა. ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საშუალო ტემპერატურა 2019 წლის სექტემბერში, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, 19%-ით შემცირდა.
2 მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა გაცვლითი კურსის შეთანხმება 2%-იან ზღვარზე დაასტაბილურა, მათი ვალუტის მერყეობა საგრძნობლად შემცირდა.
3 ყოველთვიური გაცვლითი კურსის შედარება სებ-ის მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა.
4 ყოველთვიური გაცვლითი კურსის გამოთვლა მოხდა ყოველდღიური კურსის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, რაც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებს ეყრდნობა.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners