ISET

ახალი წელი ახლოვდება და ქართულ ოჯახები უკვე ემზადებიან წლის დამაგვირგვინებელი დღესასწაულისთვის. ამ სამზადისს არც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ჩამორჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და ჩვენს მკითხველს ხაჭაპურის ინდექსის სპეციალურ, „ახალი წლის სუფრის ინდექსს“ ვთავაზობთ. ინდექსი აჩვენებს, რა უჯდებათ 5-6-სულიან ქართულ ოჯახებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრადიციული საახალწლო სუფრის კერძების მომზადება. ჩვენს სუფრაში შედის ისეთი ტრადიციული კერძები, როგორიცაა ხაჭაპური, მწვადი, საცივი, კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, ფხალეული, კიტრი-პომიდვრის სალათი, გოზინაყი და ხილი.

აღმოჩნდა, რომ 2018 წლის დეკემბერში ახალი წლის სუფრის მომზადება ოჯახს საშუალოდ 149.9 ლარი დაუჯდება, რაც 2017 წლის დეკემბერთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2017 წელთან შედარებით, ახალი წლის სუფრა 2018 წელს შედარებით იაფია საქართველოს ყველა რეგიონში. იგივეს თქმა შეგვიძლია ახალი წლის სუფრის მთავარ ინგრედიენტზე - კაკალზე. წლის ამ დროს 1 კგ. ნიგვზის ფასი საშუალოდ 21.4 ლარი იყო, რაც 15%-ით ნაკლებია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, როდესაც 1 კგ. ნიგოზი საშუალოდ 25.3 ლარი ღირდა.

ინდექსის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი გურიაში (135.4 ლარი), ყველაზე მაღალი კი იმერეთშია (159.5 ლარი).

ცხრილი 1. ქართული საახალწლო სუფრის ღირებულება (ლარში)

 

 რეგიონი 2017 2018 % ცვლილება
აჭარა 166.1 153.4 -7.6%
გურია 144.1 135.4 -6.0%
იმერეთი 170.1 159.5 -6.2%
კახეთი 154.3 145.3 -5.8%
ქვემო ქართლი 163.1 151.1 -7.3%
მცხეთა მთიანეთი 168.7 155.1 -8.1%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 162.8 154.7 -4.9%
სამცხე-ჯავახეთი 160.4 151.2 -5.8%
სამეგრელო-ზემო სვანეთი 159.6 145.8 -8.7%
შიდა ქართლი 166.8 142.3 -14.7%

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ AGRIndex-ისთვის მომზადებული მონაცემები.

როგორც ცხრილიდან ვხედავთ, წინა წელთან შედარებით, საახალწლო სუფრის ფასი საქართველოს ყველა რეგიონში დაეცა. ყველაზე დიდი განსხვავება გვაქვს შიდა ქართლში, სადაც ახალი წლის სუფრა 2017 წელთან შედარებით 15%-ით იაფია.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და ხაჭაპურის ინდექსის გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

Our Partners