2021 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ყოველწლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორისათვის – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობასა და თევზჭერაში 2020 წელს მშპ-მა 8.4% შეადგინა, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წელს (7.2%), მაგრამ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ შეადგენს მშპ-ს საშუალოდ 7-8%). ნომინალურად, სოფლის მეურნეობის მშპ წლის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რეალურად, ცვლილებამ სულ 4% შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს მარცვლეულის წარმოება გაიზარდა 11%-ით, ბოსტნეულის – 8%-ით, ნესვის – 5%-ით, ერთწლოვანი ბალახების – 4%-ით. რაც შეეხება მზესუმზირის,ლობიოსა და მრავალწლოვანი ბალახებისგან წარმოებას, ეს მაჩვენებლები შემცირდა, შესაბამისად, 27%, 12% და 10%-ით.
ციტრუსის გარდა, ყველა მრავალწლოვანი კულტურის წარმოება ყოველწლიურად გაიზარდა 8-94% -ით 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით. ყველაზე დიდი ზრდა 94% დაფიქსირდა თესლოვანი ხილის (ვაშლი, მსხალი, კომში) შემთხვევაში, ციტრუსის წარმოება კი 11%-ით შემცირდა. რაც შეეხება მეცხოველეობას, მატყლის წარმოება გაიზარდა 6%-ით, კვერცხისა და რძის წარმოება კი 2% და 1%-ით გაიზარდა, ხორცის წარმოება კი უცვლელი დარჩა.
2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 18.3 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 451.6 მლნ ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 2.5%-ს) მიიღებს. სამინისტრო მისთვის გამოყოფილი თანხიდან 10 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 2.2%-ს) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე, 389.6 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 86.3%-ს) სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დაახლოებით 51.9 მლნ ლარს (11%) კი გარემოს დაცვაზე დახარჯავს.
2020 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ბიუჯეტი დაახლოებით 6.3%-ით შემცირდება. შემცირების მიუხედავად, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს ახალი დაარსებული მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. 2020 წელთან შედარებით, ამ სააგენტოს ბიუჯეტი 85.8%, საქართველოს მელიორაციის ბიუჯეტი კი 19.8%-ით გაიზრდება. ბიუჯეტი შემცირდება ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის 37.7%-ით, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის – 15.2%-ით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის – 11%-ით, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოსთვის – 2.4%-ით. 2020 წელთან შედარებით, სამინისტრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთობლივ პროგრამაზე 9.9%-ით ნაკლებ თანხას დახარჯავს.
COVID-19-მა არაერთი ქვეყანა დააყენა სასურსათო უსაფრთხოების რისკის წინაშე, განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავსი, იმპორტზე დამოკიდებული განვითარებადი ქვეყნები. საქართველოს არაერთმა სავაჭრო პარტნიორმა დააწესა შეზღუდვები ვაჭრობაზე, რამაც გაართულა რიგი ბურღულეული და ბოსტნეული პროდუქტების მიწოდება, რაც სურსათის ფასების ზრდის რისკს ქმნის. მართალია, ჯერჯერობით ადრეა პანდემიით გამოწვეული სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებზე საუბარი, თუმცა ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო ხორბლის წმინდა იმპორტიორია და მთავრობამ უკვე დაასუბსიდირა ხორბლის იმპორტი. მეტიც, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, საქართველო და აშშ შეთანხმდნენ 30 ათასი ტონა ამერიკული ხორბლის იმპორტზე საქართველოში. 14 ათასი ტონა უკვე შემოვიდა, დანარჩენი კი წლის ბოლომდე შემოვა. იმპორტის ბაზრების დივერსიფიცირება უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა 30 ათასი ტონა საქართველოს ხორბლის მთლიანი იმპორტის საკმაოდ მცირე ნაწილია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ახლახან გამოაქვეყნა 2020 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. გამოცემის თანახმად, მეორე კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 4.7%-ით გაიზარდა, სოფლის მეურნეობის წილმა კი ქვეყნის მშპ-ის 10.2% შეადგინა. 2020 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც სოფლის მეურნეობაში და თითქმის ექვსჯერ აღემატა 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს. თუმცა სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შედარებით დაბალი იყო ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით; სოფლის მეურნეობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 3% შეადგინა.
2020 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2019“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციის მიხედვით, 2019 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 7.2% იყო, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2018 წლის მაჩვენებელს (7.8%), თუმცა თანხვედრაშია ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციასთან (საშულოდ, მშპ-ის 7-8%). ნომინალურად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 4%-ით გაიზარდა. რეალურად კი, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი 2019 წლის მშპ-ში 7.4% იყო, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე (7.9%) დაბალი იყო. სექტორების გამოშვებას რაც შეეხება, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, რეალური გამოშვება 4%-ით შემცირდა. თუმცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის წილი შინამეურნეობების მთლიან შემოსავლებში 2018 წლიდან არ შეცვლილა და 5.5%-ს შეადგენდა, რაც თვეში, საშუალოდ, 60.3 ლარს უდრის.