საქსტატის 2018 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ეს იგივე ზრდის ტემპია, რაც 2017 წელს დაფიქსირდა. 2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა, რის შედეგადაც სექტორში გამოშვება 3.5%-ით შემცირდა. 2017 წლისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას 2018 წელს დადებითი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მოკრძალებული იყო და 0.7% შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში შემცირებას განაგრძობს და 2018 წელს 7.7% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი 8.0% იყო.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა. არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა ხელს უშლის მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას. იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543,139 ფიზიკურმა პირმა დაარეგისტრირა 130,943 ჰა მიწა; 1,431 იურიდიულმა პირმა დაარეგისტრირა 1,793 ჰა, ხოლო საჯარო საკუთრებაში მოექცა 34,131 საჯარო დაწესებულების 169,241 ჰა მიწა. 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებულ იქნა 1,212,173 ჰა მიწა, ხოლო შემდგომ დამატებით 301,976 ჰა. დღეისთვის მთლიანი რეგისტრირებული მიწის ფართობი შეადგენს 1,514,149 ჰა, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების 45%-ია, ხოლო დანარჩენი 55% არ არის რეგისტრირებული. 2016 წლის შემდეგ რეგიონებში ყველაზე დიდი ფართობის რეგისტრირება მოხდა კახეთში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობის ნაკვეთების რეგიტრაცია მოხდა იმერეთში.
2018 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეკორდი დაამყარა, როდესაც 200 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე (86 მლნ. ბოთლი). საქართველოსთვის რეკორდული იყო აგრო ექსპორტის მთლიანი ღირებულებაც, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აგრო პროდუქციის იმპორტიც გაიზარდა და მანაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შედეგად, სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) დარჩა თითქმის უცვლელი -394 მლნ. აშშ დოლარის დონეზე. მიუხედავად ამისა, წლის ჭრილში ექპორტი გაიზარდა 23.2%-ით (181 მლნ. აშშ დოლარით), მაშინ როდესაც იმპორტი მხოლოდ 15.5%-ის გაიზარდა (179 მლნ. აშშ დოლარით). დამატებით 181 მლნ. აშშ დოლარში, მხოლოდ 26 მლნ. აშშ დოლარი მოდიოდა ღვინის ექსპორტზე, ხოლო უდიდესი ნაწილი კი - თამბაქოსა და სიგარეტის რე-ექსპორტზე. თამბაქოსა და სიგარეტის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა გასულ წელს და საქართველოს აგრო-სასურსათო პროდუქტებში ღვინის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა (160 მლნ. აშშ დოლარით).
2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ “რძისა და რძის ნაწარმის’’ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს „რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“. 2017 წლის 1 ივლისიდან რეგლამენტში შესული ცვლილებების თანახმად, აკრძალულია რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტზე ტერმინი „ყველის“ დარქმევა. დარეგულირდა კარაქის საკითხიც. რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია ეტიკეტზე, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში ტერმინი „კარაქის“ გამოყენება, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. ტექნიკური რეგლამენტის მიღება უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მისი აღსრულება საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით რთულია ყველის წარმოებაში რძის ფხვინილის გამოყენების კონტროლი, ვინაიდან ყველიც და რძეც ძირითადად არარეგისტრირებული საოჯახო მეურნეობების მიერ იწარმოება.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოსმენებს გადის პარლამენტში და წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიარდი ლარი იქნება. აქედან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე მოდის 332 მილიონი ლარი (მთელი ბიუჯეტის 2.4%), ხოლო უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო დაახლოებით 285 მილიონ ლარს დახარჯავს, დანარჩენი 47 მლნ. ლარი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება.
2018 წელთან შედარებით, 2019 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიუჯეტი მთლიანობაში 22%-ით იზრდება. რაც შეეხება მიმართულებებს, ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით გარდა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა, რომელთა ბიუჯეტებიც წინა წელთან შედარებით მცირდება.