ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საქართველოს რევოლუციები და ეკონომიკური განვითარება: 2004 წლიდან დღემდე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველმა ერმა გამოიარა ინვესტიციების გადინებისა და მრეწველობის მოშლის მტკივნეული პროცესი. დაიხურა სამრეწველო ქარხნები, საზღვარგარეთ გაიყიდა ჯართი, მუშახელი კი თვითკმარ სოფლის მეურნეობაში ჩაება. ქვეყნის ზომიერი კლიმატისა და ნაყოფიერი ნიადაგის წყალობით, შიმშილობა არასდროს გამხდარა ქვეყნისთვის პრობლემა, თუმცა უთანასწორობა და მისგან გამოწვეული პოლიტიკური წნეხი სწრაფად აღწევდა კატასტროფულ მასშტაბებს, რაც გზას უხსნიდა ძალადობას და საფრთხის ქვეშ აყენებდა პოლიტიკურ წესრიგს და აფერხებდა ეკონომიკურ ზრდას.

*     *     *

საქართველოს ვარდების რევოლუციის შემოქმედთ, რომელთაც აერთიანებდათ იმის ცოდნა, რომ ხალხის მიერ მათთვის გადაცემულ მანდატს უსასრულოდ ვერ შეინარჩუნებდნენ, კრიმინალური დაჯგუფებების განადგურებისა და საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენის მიზნით გადადგმული უპრეცენდენტო რეფორმებით უკვე დაიმკვიდრეს ადგილი ისტორიაში.

მათ გაასამართლეს კანონიერი ქურდები, ყაჩაღები, წვრილმანი კრიმინალები და ნარკომოვაჭრეები, განდევნეს კრიმინალი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, პატიმართა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია (ერთ სულ მოსახლეზე). ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემა მთლიანად გარდაიქმნა, რათა მსგავსი შედეგების მიღწევა შესაძლებელი გამხდარიყო. ამოსავალი გახდა დანაშაულის დამტკიცება და არა უდანაშაულობის. ეჭვმიტანილებს უსჯიდნენ დაუსრულებელ წინასწარ პატიმრობას, საპროცესო შეთანხმების მექანიზმსა და დამყოლ სასამართლოებს ოსტატურად იყენებდნენ აღიარებისა თუ თანხის მიღებისთვის.

მათ ქართულ სახელმწიფოს შემოაცალეს ყველა ის წარმოსახვითი ფუნქცია, რასაც იგი ვითომ ასრულებდა. მასობრივი დათხოვნებით შეამცირეს და განაახლეს სახელმწიფო ბიუროკრატია (ყველასთვის ცნობილია დათხოვნები მაშინდელ საგზაო პოლიციაში), შეამცირეს გადასახადები, რეგულაციები და მთელი რიგი სააგენტოები მათი „აღსრულების“ მიზნით.

მათ შექმნეს კორუფციისგან დაცული საჯარო ადმინისტრირების სისტემა, სადაც ბიუროკრატები იქცნენ რობოტებად, რომლებიც ავტომატურად ასრულებენ რუტინულ სამუშაოს ყოველგვარი მოქმედების თავისუფლებისა და განსჯის გარეშე. გაჩაღებული სამართლებრივმა რეპრესიებმა დოკუმენტზე ხელმოწერა ნამდვილ ბიუროკრატიულ კოშმარად აქცია.

ვარდების რევოლუციის წარმატების მთავარი მიზეზი იყო „ნულოვანი ტოლერანტობის“ სტრატეგია დანაშაულთან, კორუფციასთან, გადასახადებისგან თავის არიდებასა და გადაუხდელობასთან ბრძოლაში. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო უკვე აღარ იყო წარუმატებელი სახელმწიფო. ეს იყო წარმოუდგენელი წარმატება! ახალმა თაობამ უკვე აღარ იცის, როგორ გადაიხადოს ქრთამი, უფროსი და-ძმებისა და მშობლების თაობა უკვე მიეჩვია გადასახადების დროულად გადახდას. ვინ გაბედავს კომუნალური გადასახადების არგადახდას. პრობლემური სესხების წილიც კი ქართულ საბანკო სექტორში უკიდურესად დაბალია მიუხედავად იმ  სირთულეებისა, რასაც მოსახლეობა (და ბიზნესი) განიცდის ლარის გაუფასურების ფონზე. რა თქმა უნდა, აღარაფერს ვამბობთ პატრულის თავაზიან და პროფესიონალ თანამშრომლებსა და ქუჩის ბიუროკრატების, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო გახდნენ.

*     *     *

ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი აღმოჩნდეს, რომ ვარდების რევოლუციის რეფორმებმა ცოტა რამ გააკეთა სოციალური განსხვავების შესამცირებლად. 2007-2011 წლებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა რიცხვი 43%-ით გაიზარდა. არანაკლებ საგანგაშო იყო უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკაც, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში (20-24 წლის ასაკში). როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, 2014 წლისთვის საქართველომ ვერ მოახერხა სამუშაო ასაკის მოსახლეობის უმრავლესობის დასაქმება ეკონომიკის ფორმალურ სექტორში.

2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების კოალიციამ მოულოდნელად გაიმარჯვა არჩევნებში, რასაც წინ უძღოდა პოპულარული საპროტესტო აქციების ტალღა. აღნიშნული გამოსვლები მიმართული იყო სააკაშვილის მთავრობის მიერ ჩადენილი სამართლებრივი დარღვევებისა და მთავრობის ნების არარსებობის წინააღმდეგ, გამკლავებოდა ეკონომიკურ უთანასწორობას. მსოფლიო პოპულარობით თავბრუდახვეული ვარდების რევოლუციის შემოქმედნი თავიანთივე წარმატების მსხვერპლნი გახდნენ. მათ ვერ გააცნობიერეს (ყოველ შემთხვევაში, დროულად), რომ მათ მიერ შექმნილი სასტიკი სისტემა ეტაპობრივად უნდა დაეშალათ და გზა დაეთმოთ უფრო ჰუმანური და ინკლუზიური ინსტიტუციებისთვის. შედეგი იყო მტკივნეული პოლიტიკური მარცხი 2012 წლის ოქტომბერში და საჯარო სირცხვილი, ემიგრაცია (და ახალი პოლიტიკური კარიერა!) ერთი ნაწილისთვის და ციხე მეორესთვის.

ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დღის წესრიგის სამი მთავარი ელემენტი იყო საქართველოს სასტიკი მართლმსაჯულების სისტემის გარდაქმნა, სოციალური განსხვავების შემცირება და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა. და ეს ყველაფერი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის პარალელურად.

დღის წესრიგის პირველი ელემენტის შესრულება მთავრობამ დაიწყო მართლმსაჯულების სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმით. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსხვილმასშტაბიანი ამნესტიის შესახებ, რისი მიზანიც იყო პატიმართა რაოდენობის „ნორმამდე“ დაყვანა. მათ პროკურატურას შეუზღუდეს წინასწარი პატიმრობის პერიოდისა და საპროცესო შეთანხმებების გამოყენების მექანიზმები (ამგვარად აღადგინეს „უდანაშაულობის პრეზუმფციის“ პრინციპი) და მიანიჭეს დამოუკიდებლობა მოსამართლეებს.

ახალმა ქართულმა მთავრობამ სცადა, შეესრულებინა საკუთარი წინასაარჩევნო დაპირება და ეკონომიკური ზრდის სარგებელი ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაზეც გაევრცელებინა, რომელიც 2012 წლამდე საქართველოს თანამედროვე ეკონომიკიდან გარიყული იყო. ქართული ოცნების მთავრობის მიერ მმართველობის პირველი სამი წლის განმავლობაში გატარებული უმთავრესი „ინკლუზიურობის“ ღონისძიებები იყო უფასო ჯანდაცვა, უფასო წვდომა საჯარო სკოლების პროგრამებზე, გაზრდილი პენსიები და სოციალური შემწეობები და მთელი რიგი სუბსიდიები სოფლის მოსახელობისთვის (ძირითადად თვითკმარი ფერმერებისთვის).

ახალმა მთავრობამ გადადგა ენერგიული ნაბიჯები, რათა წინ წასულიო ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. მთავრობამ პოლიტიკის მთელ რიგ სექტორებში დააჩქარა ჰარმონიზაციის პროცესი, იქნებოდა ეს მიგრაციის, სავიზო, შრომის ბაზრის, სატელევიზიო რეკლამების შესახებ რეგულაციებისა თუ ალკოჰოლსა და თამბაქოზე დაწესებული აქციზის გადასახადის შემოღება. რეკორდულ დროში დასრულდა ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარკებები, რომელსაც 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი. 2015 წლის ოქტომბერში ევროპის პარლამენტმა და ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან 25-მა დაამტკიცა აღნიშნული შეთანხმება.

2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე სრული წვდომის სანაცვლოდ, საქართველოს ავალდებულებს, გაატაროს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმები. 2016 წლის 9 მარტს, მას შემდეგ, რაც „საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა“, ევროკომისიამ წარმოადგინა შეთავაზება „ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცეში“.

ამ ყველაფრის პარალელურად ივანიშვილის მთავრობა წარმატებას აღწევდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში. 2013 წლის ივნისში არაფორმალური კარასინი-აბაშიძის დიალოგმა შედეგად მოიტანა ის, რომ რუსეთის ბაზარი კვლავ გაიხსნა ქართული ღვინისთვის, მინერალური წყლებისა და „დაბალი ფიტოსანიტარული რისკების მქონე პროდუქტებისთვის“ (როგორიცაა ჩაი, დაფნა, ჩირი, თხილი, ციტრუსი, ყურძენი, ვაშლი, ატამი და სხვ.). ევროკავშირთან კონკურენციის მიზნით, 2014 წლის მაისში რუსეთმა მოხსნა შეზღუდვები „მაღალი რისკების“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, რითიც წაახალისა უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების ახალი ტალღა საქართველოს წარმოებისა და გადამუშავების სექტორში. 2015 წელს, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, 925,000 რუსი ტურისტი შემოვიდა საქართველოში (14%-ით გაიზარდა 2014 წელთან შედარებით). მილიონზე მეტ ტურისტს ველოდებით 2016 წელს.


ბაზრის შეფასება

„რევოლუციური სამართლიანობიდან“ კანონის უზენაესობამდე. ქართველ საზოგადოებასა და პოლიტიკაში ცოტა თუ კამათობს სტანდარტული კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის საჭიროებაზე. რასაც ბოლომდე ვერ ვაფასებთ, ის არის, რომ ვარდების რევოლუციის დანატოვარი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა უნდა შერბილდეს იმ უზარმაზარი და შეუქცევადი კულტურული ცვლილებების წყალობით, რაც ქვეყანამ 2003 წლიდან დღემდე გამოიარა!

მაგალითად, თუ მომხმარებლებს ქვითრების გადახდისთვის რამდენიმე კვირას მივცემთ (სანაცვლოდ კი დავუწესებთ ჯარიმას ყოველ დაგვიანებულ დღეზე), ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანა გადაუხდელობის კულტურის დამკვიდრების რისკის წინაშეა, თუ ახალ რეგულაციებს ჯეროვნად და სწორად მივაწვდით საზოგადოებას. ანალოგიურად, ბიზნესებისთვის მაქსიმალური ჯარიმის დაწესება და მათი საბანკო ანგარიშების გაყინვა გადასახადებისგან თავის არიდების ნებისმიერ შემთხვევაში ცალსახად კონტრ-პროდუქტიულია დღევანდელ რეალობაში.

შეიძლება გარკვეული მოქმედების თავისუფლების მივცეთ საგადასახადო აუდიტორებს ვადაგადაცილებულ გადამხდელებთან ურთიერთობისას, რამაც შეიძლება მარგინალურად გაზარდოს კორუფციის რისკები და შეამციროს გადასახადების აკრეფა (მოკლევადიან პერიოდში), თუმცა ამგვარი გადაწყვეტილების სარგებელი (გაუმჯობესებული ბიზნეს გარემო, ინვესტიციები, ბიზნეს-საქმიანობა და, ბოლოს, საგადასახადო შემოსავლები) აშკარად გადაწონის ამგვარ რისკებს.

ზრდა და თანასწორობა. საბოლოო ჯამში, თითოეულმა საზოგადოებამ თავად უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორია რესურსების სამართლიანი განაწილება და რა რაოდენობის ეკონომიკური ეფექტიანობა უნდა დაკარგოს ამის მისაღწევად. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ღარიბების უზრუნველყოფა მინიმალური შემოსავლითა და სოციალური მომსახურებებით, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, ამცირებს კერძო სექტორისთვის საჭირო რესურსების რაოდენობას. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი კომპრომისია.

დღემდე ქართული ოცნების მთავრობა ნაჩქარევად ცდილობდა ინკლუზიურობის მიღწევას, რამაც განაპირობა მნიშვნელოვანი საჯარო რესურსების განიავება. ღარიბი ფენის მდგომარეობა კი მცირედით თუ გაუმჯობესდა. ანალოგიური პრობლემაა ისიც, ფისკალური თვალსაზრისით, რამდენად შესაძლებელია ხელგაშლილი სოციალური დანახარჯების შენარჩუნება, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო ინფრასტრუქტურაში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება და ბიზნესებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირება.

ევროპასა და ევრაზიას შორის. ევროპასთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელება და ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთის მიერ მართულ ევრაზიის კავშირთან საშიში იქნება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და დიპლომატიურად. ევროკავშირი არ დაიშურებს ტექნიკურ თუ ფინანსურ მხარდაჭერას, რაც აანაზღაურებს ჰარმონიზაციის ხარჯების ნაწილს. ამავდროულად, საქართველომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყოველი დიპლომატიური ინსტრუმენტი, რათა შეამციროს რუსეთის შურისძიების რისკი კონკურენტ სავაჭრო ბლოკში გაწევრიანების გამო. საქართველოს ევროპასთან დაახლოებისთვის ბევრი მიზეზი აქვს, როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლაში. თუმცა ევროპასთან ღრმა (და ყოვლისმომცველი) თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ჩაღრმავება ეროვნული ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეიძლება ბუმერანგივით დაგვიბრუნდეს უკან. თუ ასოცირების შეთანხმების/DCFTA-ის შეთანხმებების ფასი გადააჭარბებს სარგებელს, ევრაზია შეიძლება რევანშით დაბრუნდეს. როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners