ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

2013 წელს საქართველოში კულტივირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაორმაგდა

2005 წლის შემდეგ საქართველოში დამუშავებული მიწების ფართობმა პირველად მიაღწია ასეთ მაღალ მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის 1 მაისის მონაცემებით, წელს საქართველოში 400 000 ჰა მიწის კულტივირება მოხდა, რაც 100%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს. ფაქტიურად, ბოლო ათწლეულების მანძილზე კულტივირებული მიწის ფართობის ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

მთლიანად საქართველოში დაახლოებით 800 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ე.ი. კულტივაციისათვის გამოსადეგი) მიწაა.

ცხრილი: საქართველოში კულტივირებული სასოფლო-სამეურნეო მიწა (ჰა), 1990-2013

დღესდღეობით მონაცემები რეგიონულ ჭრილში არ მოიპოვება. თუმცა იმის გამო, რომ ეს ზრდა ძირითადად სამთავრობო ჩარევის შედეგი იყო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხვნისა და ვაუჩერების პროგრამა კი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით თანაბარი იყო. თუმცა რამდენიმე ყურადსაღებ ფაქტორს რეგიონებს შორის განსხვავების გამოწვევაც შეეძლო.

  • ყველაზე ღარიბ რეგიონებში (სადაც არაკულტივირებული მიწის რაოდენობა ყველაზე მაღალია, მაგ. კახეთი) ზრდა უდაოდ უფრო მაღალი იქნება იმ რეგიონებთან შედარებით, სადაც კულტივირებული მიწის წილი მთლიანი მიწის რაოდენობასთან შედარებით საშუალოზე მაღალი იყო.
  • ისეთ ადგილებში, სადაც უმეტესწილად მრავალწლიანი კულტურები ხარობს (როგორიცაა, გორის რაიონის ხეხილიანი ბაღები) კულტივაციის ზრდის მაჩვენებელი იქნება ნაკლები, რადგან სწორედ არამრავალწლიანი კულტურების წარმოების გაფართოება ხდება.
  • სახელმწიფო ძალისხმევის მიუხედავად, მეჩხრად დასახლებულ რეგიონებში (როგორიცაა, რაჭა) ზრდა იქნება ნაკლები ელემენტარულად სამუშაო ძალის ნაკლებობის გამო.

ისტორიული ფონი

80-იან წლებში საქართველომ მიწის დამუშავების საკითხში ისტორიულ მაქსიმუმს, 700 000 კულტივირებულ ჰექტარს მიაღწია. შემდეგ, 1990-1995 წლებში კონფლიქტებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, სოფლის მეურნეობამ სრული კრახი განიცადა. შეწყდა 250 000 ჰექტარი მიწის კულტივირება.

1990-2004 წლებში ამ სექტორის ნელი, მაგრამ მდგრადი განვითარება დაიწყო. ნათესი ფართობი 150 000 ჰექტრით გაიზარდა.

2004-2012 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორმა მეორედ განიცადა კრახი, მაგრამ არა ომის ან ეკონომიკური კრიზისის გამო, არამედ მთავრობის მიერ გატარებული პირველადი წარმოების უგულებელყოფის პოლიტიკის შედეგად. ქვეყანამ დაახლოებით 400 000 ჰა დამუშავებული მიწა დაკარგა, რაც პერიოდის დასაწყისში არსებული კულტივირებული ფართობის 2/3 იყო.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners