ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც არ არის რეგისტრირებული (და შესაბამისად, დაბეგრილი), როგორც წესი, ჩრდილოვან ან იატაკქვეშა ეკონომიკას უწოდებენ. ქართულ ეკონომიკაში თუ გვაქვს ასეთი ჩრდილოვანი კუთხეები? ვაი, რომ არა მხოლოდ კუთხეები!
შნაიდერის, ბუენისა და მონტენეგროს („ჩრდილოვანი ეკონომიკები მთელ მსოფლიოში – ახალი შეფასებები მსოფლიოს 162 ქვეყნიდან 1999-2007 წლებში“, Policy Research Working Paper 5356, მსოფლიო ბანკი, 2010 წელი) თანახმად, 2007 წლის შეფასებებით, გარდამავალ ეტაპზე მყოფ გამოკითხულ 21 ქვეყანას შორის, საქართველოს აქვს უმსხვილესი ჩრდილოვანი ეკონომიკა (როგორც მშპ-ის წილი). საქართველოში ყველა ეკონომიკური საქმიანობის 62.1 პროცენტი არალეგალურად ხდებოდა. მე-20 ადგილზეა უკრაინა (46.8%), მე-19 – მოლდავეთი (44.3%), მე-18 – რუსეთი (40.6%).
151 ქვეყნის გლობალურ რეიტინგებშიც კი საქართველო მხოლოდ ზიმბაბვესა (62.7%) და ბოლივიას (63.5%) ჩამორჩება. სიის სათავეში არიან შვეიცარია (8.1%) და აშშ (8.4%), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organization for Economic Cooperation and Development – OECD) ქვეყნებს შორის (იგულისხმება 25 მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფი) საშუალო მაჩვენებელი 16.6 პროცენტია. შნაიდერის, ბუენისა და მონტენეგროს აზრით, ეს ციფრები, როგორც წესი, რეალურად არ ასახავს ისეთ კრიმინალურ საქმიანობას, როგორიცაა ნარკოტიკებითა და პროსტიტუციით ვაჭრობა. ის ძირითადად გულისხმობს გადასახადების თავიდან აცილების შემთხვევებს.
საქართველოში უდიდესი ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობა დამაბნეველია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყანაში უმნიშვნელო ნივთის შეძენისასაც კი ქვითარს გაძლევენ (რაც არ ხდება, მაგალითად, საბერძნეთში). უფრო მეტიც, საქართველომ დაიმსახურა უამრავი ქება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, განსაკუთრებით 2005 წელს დაწყებული გადასახადების მართვის რეფორმებისთვის (იხ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო სექტორში: ქართული რეფორმების ჩანაწერები“, მსოფლიო ბანკი, 2012 წელი). 2003 და 2007 წლების შემდეგ საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა არა საკმარისად. ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2003 წელი – 65.9%, 2004 წელი – 65.5%, 2005 წელი – 65.1%, 2006 წელი – 63.1%, 2007 წელი – 62.1%. 1999 წელს, როდესაც შევარდნაძის მმართველობის პიკი იყო, ეს მაჩვენებელი 68.3% იყო, რაც მხოლოდ 6 პროცენტით აღემატება 2007 წლის მაჩვენებელს. სამწუხაროდ, შემდეგი წლების მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა 2007 წლამდეც ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა, მიუხედავად 2003 წელს მთავრობის მიერ დაწყებული კორუფციის აღმოფხვრის მიზნით გაწეული გრძელვადიანი სადამსჯელო ღონისძიებებისა. აშკარაა, რომ კლასიკური კორუფცია ეფექტურად შემცირდა, თუმცა ჩრდილოვანი ეკონომიკა ნამდვილად არ იყო ამ პროცესის ნაწილი.
გადასახადების გადაუხდელობის ციცაბო ფერდობი
კირხლერი, ჰოლცლი და ვალი („“Enforced versus Voluntary Tax Compliance: The ‘Slippery Slope’Framework”, Journal of Economic Psychology 29, 2008 წელი) საუბრობენ საგადასახადო ვალდებულების შესრულების ორ წყაროზე: იძულებითსა და ნებაყოფლობითზე. იძულებითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება გულისხმობს, რომ გადასახადებისგან თავის ამრიდებელს ეშინია, რომ გამოიჭერენ და დასჯიან. ნებაყოფლობითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება კი ასახავს მოქალაქეთა დამოკიდებულებას, რომ მთავრობა ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს, რაც უნდა დაფინანსდეს გადასახადებიდან.
როგორც მულბახერი და კირხელი ამტკიცებენ („Tax Compliance by Trust and Power of Authorities”, International Economic Journal 24, 2010 წელი), ცალ-ცალკე არც ძალაუფლებას და არც ნდობას არ შეუძლია საუკეთესო შედეგის მოტანა. საჭიროა ნდობისა და ძალაუფლების დაბალანსებული ერთობა: თუ საგადასახადო ორგანოებს აქვს სრული ძალაუფლება, მაგრამ მთავრობა მოკლებულია ნდობას, ეკონომიკა დაეშვება ჩრდილოვანი ეკონომიკის ციცაბო ფერდობზე. იგივე ხდება, თუ მთავრობა გამჭვირვალე, სამართლიანი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონეა, მაგრამ შემოსავლების სამსახური უფუნქციოა. ქვემოთ მოცემული დიაგრამა კარგად წარმოაჩენს ამ მონაცემებს.
არგუმენტი, რომ ნებაყოფლობითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება გადამწყვეტია, ერთი შეხედვით თითქოს „არაეკონომიკურია“, ვინაიდან იგი ეფუძნება არა გარეგან, არამედ შინაგან სტიმულს. ის არის დანაშაულის ეკონომიკაში გავრცელებული პოპულარული აზროვნების ნაწილი და შეიძლება მიესადაგოს თითქმის ყველა სახის დანაშაულს. ყველაზე ეფექტური პოლიციაც კი ვერ აღკვეთს დანაშაულებრივ სიტუაციებს, თუ დასჯადი დანაშაულის ალბათობა დაბალია. მაგალითად, თუ დამნაშავე დაუცველ მსხვერპლს თავს დაესხმება განმარტოებულ ადგილას. ყველა ფიქრობს, რომ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობენ, გააჩნიათ გარკვეული წესიერება. მაგრამ, თუ ეკონომიკური აგენტები ითაღლითებენ და მოატყუებენ ერთმანეთს ყველა შესაძლო შემთხვევაში, გამოძიების ხარჯები ელვის სისწრაფით გაიზრდება, ეკონომიკური საქმიანობა კი ძლიერ დაზარალდება.
ნებაყოფლობითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება არსებითია
კავკასიის კვლევის რესურს-ცენტრის (Caucasus Research Resource Center – CRRC) კავკასიის ბარომეტრის თანახმად, იმ ქართველების რაოდენობა, რომლებიც სრულად ენდობიან „აღმასრულებელ ხელისუფლებას (პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს)“, ბოლო ათწლეულის განმავლობაში 30-40 პროცენტს შორის მერყეობს. შედარებისთვის: საგადასახადო ორგანოებისადმი ნდობა ავსტრიაში იყო 89%, ჩეხეთის რესპუბლიკაში – 90%, ხოლო დიდ ბრიტანეთში – 91%. ეს მაშინ, როდესაც ჩრდილოვანი ეკონომიკის საშუალო მაჩვენებელი ამ ქვეყნებში 16 პროცენტი იყო (მულბახერი, კირხელი და შვარცენბერგერი: „Voluntary versus enforced tax compliance: empirical evidence for the ‘slippery slope’ framework”, European Journal of Law and Economics 32, 2011 წელი). შედეგად, ფუნდამენტური რეფორმების მიუხედავად, პოსტ-საბჭოთა არეულობისა და შევარდნაძის პერიოდში დაკარგული ნდობის დონე ჯერ კიდევ არ აღდგენილა.
საქართველოსთვის სირთულე ისაა, რომ საყოველთაოდ მიღებული ეკონომიკური სწავლების თანახმად, ბევრი პრობლემა უკვე მოგვარდა თითქმის იდეალური გზით. ამიტომ პრობლემის მიდგომის თვალსაჩინო გზა უკვე აღარ არსებობს. ქართული საგადასახადო 20% არის მარტივი და გამჭვირვალე. საჯარო ხარჯები, როგორც მშპ-ის წილი, შეადგენს 31.8 %-ს, რაც ფრიად მოკრძალებული რიცხვია აშშ-ის 41.6%, დიდი ბრიტანეთის 48.5%, საფრანგეთის 56.1%-სა და დანიის 57.6%-თან შედარებით (მონაცემები აღებულია მემკვიდრეობის ფონდის ეკონომიკური თავისუფლების 2014 წლის ინდექსიდან). ქვეყნებს უმრავლესობაში სპეციალური ინტერეს-ჯგუფები ხელს ურევენ მთავრობის ჯიბეში, აფინანსებენ რა ყოველგვარ საქმიანობას, რომელთა საზოგადო სარგებელი ფრიად საეჭვოა. მაგალითად, აშშ-ის სამთავრობო დანახარჯების 3.3-პროცენტიანი მაჩვენებელი (560 მილიარდი აშშ დოლარი) მოდის სამხედრო ხარჯებზე, რისი დიდი ნაწილიც ამერიკული იარაღის მწარმოებელთა ჯიბეში მიდის. სხვა ქვეყნების მთავრობებთან შედარებით, ქართული საჯარო სექტორი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მომჭირნედ და თავშეკავებულად.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცეების გაუმჯობესება არ შეიძლება. უდიდესი პრობლემაა ფართოდ გავრცელებული ნეპოტიზმი. ხალხს აღმაშფოთებლად მიაჩნია, თუ მათი გადასახადებით, რომლის გადასახდელადაც ბევრს შრომობენ, მთავრობის წევრთა ნათესავებს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფენ. მთავრობის ძალიან ბევრი წარმომადგენლის სნობური მანქანები კი, რომელთაც ხანდახან პოლიციის ესკორტიც კი მიაცილებს, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკოსები საკუთარ ოფისებს პირადი სარგებლის მისაღებად იყენებენ. ლეგიტიმურობის მოპოვებისთვის (და საგადასახადო მორალის გაუმჯობესებისთვის) ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიბაძონ ევროპელი კოლეგების მაგალითებს: ამსტერდამში 17-მილიონიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სადაც მშპ თითქმის 800 მილიარდია, საკუთარ ოფისში ველოსიპედით დადის, ბერლინში კი მინისტრები მეტროთი დადიან. ისლამური ტერორიზმის საფრთხემ და პირადი დაცვის საჭიროებამ ეს ბევრად გაართულა გამოჩენილი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ პარლამენტის რიგითი წევრები ჯერ კიდევ დადიან როგორც სხვა რიგითი მოქალაქეები და ხშირად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. საქართველოში, მეორეს მხრივ, საშუალო დონის მოსამსახურეები თვლიან, რომ განსაკუთრებულ პრივილეგიებს იმსახურებენ თბილისის ქუჩებში. ასეთი ქცევა ზრდის ქვეყნის მოქალაქეთა რწმენას, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადები არამიზნობრივად იხარჯება.
გარკვეული დონის გამჭვირვალობა საქართველოში მიღწეულია. Transparency International, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის ელ-პლატფორმა „ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა მსოფლიოში“, 2010 წლიდან ინახავს საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული ტენდერების მონაცემებს, რაც იძლევა დაწვრილებითი ანალიზის საშუალებას, თუ სად და რაში იხარჯება გადასახადების გადამხდელთა ფული (იხ. www.tendermonitor.ge).
თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ნელა ხდება. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ე.წ. „სოციალური კაპიტალის“ შესახებ დისკუსიების ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ინსტიტუციებისადმი ერთხელ დაკარგული ნდობის აღდგენას დიდი დრო სჭირდება. შევარდნაძის კლეპტოკრატიამ ქართველების საკუთარი მთავრობისადმი დამოკიდებულება გააფუჭა და მისი აღდგენა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლებელია.
მოსახლეობის საგადასახადო მორალის გაუმჯობესებისთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, რაც დაკავშირებულია ტალერისა და სანშტაინის ქცევითი ეკონომიკის უახლეს აღმოჩენებსა და ჯიკების შესახებ მახვილგონივრულ იდეებთან. ეს თემა უკვე Georgia Today-ის შემდეგ გამოშვებაში იქნება განხილული.
Comments
საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის ციფრები საიდან გაქვთ აღებული? ასეთ სისულელეებს რომ წერთ წყარო მაინც მიუთითეთ, სად მიაგენით. გარდა ამისა სად იპოვეთ ტერმინი "იატაკქვეშა"?! საბჭოთა წიგნების შემდეგ იატაკქვეშა არსად შემხვედრია. რა ციცაბო ფერდობზეა საუბარი? აქაც ცოტა დავიბენი. მთლიანობაში არ არის ცუდი სტატია, მაგრამ მონაცემთა წყაროებს მიაქციეთ ყურადღება.
ლევან, თუ სტატიას ყურადღებით წაიკითხავთ შეგიძლიათ ნახოთ რომ წყარო მითითებულია: "შნაიდერის, ბუენისა და მონტენეგროს („ჩრდილოვანი ეკონომიკები მთელ მსოფლიოში – ახალი შეფასებები მსოფლიოს 162 ქვეყნიდან 1999-2007 წლებში“, Policy Research Working Paper 5356, მსოფლიო ბანკი, 2010 წელი)... ან უფრო ზუსტად Schneider, Buehn, and Montenegro, “Shadow Economies All over the World – New Estimates for 162 Countries from 1999 to 2007”, Policy Research Working Paper 5356, The World Bank 2010.
თუ მიგაჩნიათ რომ ეს კვლევა სისულელეა, მაშინ დაგვისაბუთეთ თქვენი აზრი რატომ ფიქრობთ ასე.
რაც შეეხება სემანტიკას: შეგიძლიათ არტიკლი წაიკითხოთ ორიგინალში რომელიც ინგლისურ ენაზეა დაწერილი http://www.iset-pi.ge/index.php/en/publications/iset-economist-blog2/entry/georgia-s-underground-economy და რომელიც თარგმანის დროს წარმოქმნილი გარკვეულ ლინგვისტური უხერხულობებისგან სრულიად თავისუფალია.
გავეცანი ამ ნაშრომსაც, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებ რომ ირლანდიაში, მაგალითად, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 16 პროცენტია, ხოლო შვედეთში 19 პროცენტი. ამ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი იმხელა მასშტაბებს აღწევს, რომ მისი 19 პროცენტი კოლოსალური თანხაა. არადა გარწმუნებთ, შვედეთში ისეთი მოწესრიგებული ადმინისტრაციული და სტატისტიკური მონაცემთა წყაროები აქვთ, რომ დაუკვირვებადი ეკონომიკა (რომელიც ჩრდილოვანსაც მოიცავს და არაფორმალურსაც) 3 პროცენტს არ აჭარბებს.
ეს სტატია არ მოდის შესაბამისობაში ევროპის ქვეყნების ოფიციალურ სტატისტიკასთან. ავტორებს აქვთ ამბიცია რაღაც რევოლუციური გამოგონებისა და ცდილობენ ამტკიცონ ის, რასაც რეალობაში საეჭვოა რომ ადგილი ქონდეს. არავითარი კონკრეტული განმარტება იმისა, თუ როგორ დათვალეს არ არის (გარდა კომპიუტერული მოდელისა, რომელმაც ხუთ წუთში შეიძლება ორასი ქვეყნის მონაცემი მოგვცეს, მაგრამ რამდენად სწორი იქნება ეს მეორე საკითხია) მოცემული.
უპატივცემულობაში თუ არ ჩამომართმევთ, ვფიქრობ რომ ცოტა იდეალური წარმოდგენა გაქვთ ირლანდიაში ან თუნდაც შვედეთში არსებული სიტუაციის მიმართ.
საყოველთაოდ ცნობილია რომ ირლანდია წარმოადგენს ე.წ. 'Tax Haven'-ს სადაც დარეგისტრირებული ისეთი მულტინაციონალური კორპორაციები როგორიცაა Google, Amazon, Starbucks, Apple... მილიარდობით დოლარის ოდენობის გადასახადებს არიდებენ თავს. ამის შესახებ დაწერილი უამრავი სტატიებიდან შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი http://www.forbes.com/sites/taxanalysts/2013/11/06/if-ireland-is-not-a-tax-haven-what-is-it/ და http://www.bloomberg.com/bw/magazine/content/10_44/b4201043146825.htm
რაც შეეხება შვედეთს და დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებს. ეხლახანს ვესწრებოდი ევროპის კომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას სადაც საგადასახადო კულტურის ამაღლებაზე იყო საუბარი. შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები ავსტრიიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან სადაც გადასახადებისგან თავის არიდება ჯერ კიდევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, არ არის ცხადი თუ შვედეთი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი.
თქვენ როგორც აღნიშნავთ შვედეთში ძალზედ მოწესრიგებულია საგადასახადო სისტემა. თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული ეს არ არის საკმარისი საუკეთესო შედეგის მისაღწევად (რაც სგადასახადო ნაკისრ ვალდებულებების მაქსიმალურ შესრულებაას გულისხომობს). საგადასახადო სისტემის ეფექტური ფუნქციონირების გარდა, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნდობას საგადასახადო ავტორიტეტის და ზოგადად ხელისუფლების მიმართ. თუ ეს ბალანსი დარღვეულია, მაშინ ეკონომიკური აგენტები როგორც წესი გადასახადებისგან თავის არიდებას ამჯობინებენ.
თქვენ ამბობთ რომ შვედეთში დაუკვირვებადი ეკონომიკა არ აჭარბებს 3%. შეგიძლიათ წყარო მიუთითოთ?
გარდა ამისა, შნაიდერი, რომლის ნაშრომიც ამ სტატიის მთავარი წყაროა მსოფლიო მასშტაბის ავტორიტეტია ჩრდილოვან ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებში. და იმისდა მიუხედავად ვეთანხმებით თუ არა მის მიერ მოყვანილ აბსოლიტურ პრცენტებს ერთი რამ ცხადია - ფარდობითად საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში მთლიან შიდა პროდუქტში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის მიხედვით.
ასევე შეგიძლიათ იგივე სახის ონფორმაცია იხილოთ პრესტიჟული გამოცემა Bloomberg ის ვებ გვერდზე სადაც საქართველო 'ამაყად' იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს ქვეყნებს შორის ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის მიხედვით http://www.bloomberg.com/ss/10/07/0729_worlds_biggest_shadow_economy/2.htm.
http://www.unece.org/fileadmin/DAM/stats/publications/NOE2008.pdf
ამ სახელმძღვანელოს შექმნაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღეს იმ ადამიანებმა, ვინც უშუალოდ ითვლის მთლიან შიდა პროდუქტს და წლების მანძილზე აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას. თუ ამ თემას გინდათ გაყვეთ და უფრო სიღრმისეულად გაანალიზოთ, მაშინ გირჩევთ ამ სახელმძღვანელოსაც გაეცნოთ.
ცხადია რომ არსებობს კონკურენტული ჩრდილოვანი/დაუკვირვებადი ეკონომიკის ზომის დათვლის მეთოდოლოგიები.
არ ხდება შეთანხმება იმაზეც კი არის თუ არა ურთიერთცალსახა შესაბამისობა ჩრდილოვან, დაუკვირვებად, პარალელურ და ა.შ. ეკონომიკას შორის.
თუმცა ერთი რამ ცხადია, გამოყენებული მეთოდოლოგიისგან დამოუკიდებლად, საქართველოში აღურიცხავი ეკონომიკის წილს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს მსოფლიოში.
შემდეგი ნაშრომი (http://www.econ.boun.edu.tr/public_html/RePEc/pdf/201205.pdf) იყენებს შნაიდერისგან განსხვავებულ მეთოდოლოგიას, თუმცა ამ კვლევის მიხედვითაც საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 60% ის ფარგლებშია და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თქვენს მიერ მოყვანილ კვლევაშიც, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა აღრიცხულ ქვეყნებს შორის.
მე მგონი მივხვდი რაშია სხვაობა. შნაიდერთან ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორი დათვლილია მხოლოდ სამეწარმეო სექტორისთვის და არ არის ჩართული სხვა ინსტიტუციური სექტორები: მთავრობა, შინამეურნეობები, არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ მარტო საწარმოებში დავთვლით დაუკვირვებადის წილი მართლაც ბევრად მაღალი იქნება, რადგან მთავრობის მიერ შექმნილ მშპ-ში დაუკვირვებადი ნაწილი 0-ის ტოლია. ბოლო წლებში ჩვენთან დაუკვირვებადი ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად შემცირდა. თუმცა ალბათ მაინც ერთერთი ყველაზე მაღალი იქნება თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ.
2011 წლიდან შემოსავლების სამსახურმა გააძლიერე არარეგისტრირებული ბიზნესის გამოვლენა და კონტროლი. საინტერესოა მას შემდეგ როგორია ჩრდილოვანი ეკონომიკის პროცენტული მდგომარეობა ქვეყანაში?
კარგი სტატიაა მთლიანობაში მომეწონა, განსაკუთრებით დასკვნითი ნაწილი
სამწუხაროდ, 2007 წლის შემდეგ მონაცემები არ არსებობს (უკეთეს შემთხვევაში 2009 წლის შემდეგ http://www.econ.boun.edu.tr/public_html/RePEc/pdf/201205.pdf) თუმცა ისევ ღირს აღინიშნოს რომ შემოსავლების სამსახურის გააქტიურება არ არის საკმარისი საგადასახადო ვალდებულებების მაქსიმალური დონით შესრულების მისაღწევად. ეფექტური შედეგის მისაღწევად ასევე საჭიროა ამაღლებულ იქნას ნდობის ფაქტორი საგადასახადო ავტორიტეტისა და ხელისუფლების მიმართ.
ეს რომ ასეა ამაზე მეტყველებს ის ფაქტი რომ მაშინ როდესაც (2003-2007 წლებში), თითქმის უფუნქციო საგადასახადო სისტემამ აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა და კორუფციის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები იქნა გატარებული, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. მიზეზი იყო ის რომ, ამავე პრეიოდში ნდობა ხელისუფლების მიმართ არ აღემატებოდა 30-40%-ს.
http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/nad/krebuli.2013.pdf
აქ არის ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები ბოლო წლების მიხედვით. აქ მთელი ეკონომიკის მიხედვითაა დათვლილი და არა ცალკე სამეწარმეო სექტორის მიხედვით. მარტო საწარმოებში წილი მეტი იქნება.