ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სასტიკი რევოლუცია

 

როდესაც 2007 წელს ISET-ის დირექტორის თანამდებობა შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. იქამდე საქართველოზე მხოლოდ დადებითი შეფასებები თუ წამეკითხა. სასიამოვნო საცხოვრებელი, სტუმართმოყვარე, ლამაზი, კორუფციისგან თავისუფალი და ა.შ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამაიმედებლად ჟღერდა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ მოსკოვში ყოფნის ბოლო დღეებში (სადაც 1993-2007 წლებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი) ჩემი ახალთახალი BMW-ის მარკის მოტოციკლი დღისით მზისით მომპარა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა (აი, ასე!), რომელმაც იცოდა, რომ დღედღეზე ქვეყანას ვტოვებდი და ალბათ იფიქრა, მოტოციკლი საქართველოს საშინელ გზებზე არ გამოადგებაო (არადა მთის მოტოციკლი იყო, თუმცა ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა, საკუთარი დაუსჯელობა იყო).

პირველმა შეხებამ ქართულ პატრულთან გაამართლა ჩემი (ძალიან მაღალი) მოლოდინი. პატრულის თანამშრომელი ინგლისურად ლაპარაკობდა, თავაზიანი, პროფესიონალი და დაუზარელი იყო. კარგადაც კი გამოიყურებოდა თავის ამერიკული სტილის უნიფორმაში!

უნდა აღვნიშნო, რომ პოსტ-საბჭოთა ბიუროკრატიის შესახებ ჩემი ცოდნისგან განსხვავებით „პროფესიონალი, თავაზიანი და დაუზარელი“ თანაბრად მიესადაგებოდა თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელთანაც შეხება მქონდა საქართველოში, იქნებოდა ეს სასაზღვრო პოლიცია, საბაჟო თუ განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

დაუჯერებელიც კი იყო, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო. და მართლაც, შუა ივნისში, პირველად დავრჩი „სისტემით“ იმედგაცრუებული, როდესაც სახლში მოულოდნელად გაითიშა დენი. როგორც გაირკვა, გადახდა ერთი დღით დაგვაგვიანდა, რაც საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა ენერგო-კომპანიისთვის, რომ მრიცხველი გამოერთო. და ეს მოხდა ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, პარასკევს, 30 გრადუს სიცხეში, როდესაც კომპანიას არც საშუალება (და არც სურვილი) არ ჰქონდა, ელექტროენერგიის მიწოდება აღედგინა სამუშაო კვირის დაწყებამდე.

ცხადია, ამგვარ სისასტიკეში სამხიარულო არაფერი არ იყო. ამან, როგორც ეკონომისტი, ძალიან დამაბნია: დენის გამორთვა ხომ „უკანასკნელი იარაღი“ უნდა იყოს გულმავიწყ კლიენტთან ურთიერთობისას, რომელსაც მანამდე არასდროს დაუგვიანებია გადახდა. ვფიქრობდი, ენერგო-კომპანიას შეუძლია ისარგებლოს კიდეც ამ სიტუაციიათ, დაგვიანებულ კლიენტს კვლავ მიჰყიდოს ელექტროენერგია, ყოველ დაგვიანებულ დღეზე კი დააკისროს  ჯარიმა. ამგვარი „ატომური“ გამორთვით კი კლიენტს სხვა გზა აღარ რჩება, გარდა დაგვიანებული გადასახადის გადახდისა. შეიძლება მოგვიანებით, თუმცა სრულად.


სისასტიკე, ახსნილი და გამართლებული

სანამ გადახდის დღის გამორჩენის შიში რჩებოდა სტრესის წყაროდ, ჩემი საქართველოს სასტიკი აღსრულების სისტემით გამოწვეული გაოცება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ვნახე პოლ დევლინის „ძალაუფლების მოგზაურობა“, აუცილებლად სანახავი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს როგორ ცდილობს და ვერ ახერხებს ამერიკული კომპანია ელექტროენერგიის კრიზისის მოგვარებას თბილისში.

კომპანიამ ქალაქის გაკოტრებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სისტემა 2000 წელს შეიძინა და 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ახალ აღჭურვილობაში იმის იმედით, რომ ელექტროენერგიის მიწოდების მოწესრიგებას შეძლებდა, რომელიც იქამდე ხშირი გათიშვის გამო დაქცეული იყო. კომპანიის ბიზნეს-გეგმა, რომელიც, შესაძლოა, ნორმალურ ვითარებაში წარმატებული ყოფილიყო, ჩაიშალა ერთი მარტივი მიზეზის გამო: ქართველი მომხმარებლები არ იყვნენ მიჩვეული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას, მათ მოპარვა ერჩიათ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღსრულება უკიდურესად ძვირი და პოლიტიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა იმ გარემოში, სადაც მოქალაქეები წლების განმავლობაში თავს აჩვენებდნენ, თითქოს საჯარო მომსახურებათა საფასურს იხდიდა, ქართული სახელმწიფო კი თავს აჩვენებდა, თითქოს ამგვარ მომსახურებას აწვდიდა მათ.

დამატებითი საკითხავი დამეხმარა, გამეგო, რომ 2003 წლამდე საქართველო მოქცეული იყო თვალთმაქცობის მოჯადოებულ წრეში, რომელმაც მოიცვა მოქალაქე-სახელმწიფოს ურთიერთობის ყველა სფერო. ფორმალურად არსებული „სახელმწიფო“ თავს აჩვენებდა, თითქოს უზრუნველყოფდა სამართალსა და წესრიგს, ინფრასტრუქტურასა და კომუნალ მომსახურებებს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და ხანდაზმნულობის შემწეობას. არც ქართველი „მოქალაქეები“ არ ჩამორჩებოდნენ ჯანდაცვასა და სოციალური დაზღვევაზე გადასახადებისგან თავის არიდებითა და „საჯარო მოხელეების“ მოქრთამვით „ზრუნვით“.

სინამდვილეში ყველა, ვინც საქართველოში ცხოვრობდა და ცდილოდა, ბიზნესი ეკეთებინა აქ, იძულებული იყო, დაყრდნობოდა მხოლოდ საკუთარ თავს, არაფორმალურ სოციალურ კავშირებსა და... კანონიერ ქურდებს. ხალხი არ იხდიდა გადასახადებს და არც ელოდა სანაცვლოდ არავითარ სამთავრობო მომსახურებას. მათ ისწავლეს საკუთარი საჭიროებების უზრუნველყოფა, მათ შორის საკუთარი სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოების, ხელშეკრულების აღსრულების, გათბობისა თუ ელექტროენერგიის უზრუნველყოფა.

ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლისთვის საჭირო იყო მხოლოდ სასტიკი რევოლუცია. სასტიკი რევოლუცია როგორც საჯარო საქმეებში, ისე ადამიანთა ცნობიერებაში.


„წარმატებისგან თავბრუდახვეული“?

ქართველმა რევოლუციონერებმა, რომელთაც საერთო ხედვა აერთიანებდათ, კარგად იცოდნენ, რომ მათ მიერ 2003 წელს მოპოვებული სახალხო ნდობის მანდატი სამუდამოდ არ გაგრძელდებოდა. მათ კრიმინალური დაჯგუფებების დამარცხებისა და საჯარო ინსტიტუციებისადმი ნდობის აღდგენისთვის გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯებით ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს.

პირველი, კანონიერი ქურდების, ყაჩაღების, წვრილმანი კრიმინალებისა და ნარკოტიკების გამსაღებელთა დასჯის მიზნით მათ შექმნეს ეფექტური რეპრესიების მანქანა, რომელმაც დანაშაული საქართველოს საზღვრებს მიღმა განდევნა, ქვეყნის პატიმართა რაოდენობა კი მსოფლიო რეკორდულ მაჩვენებლამდე აიყვანა (ერთ სულ მოსახლეზე). ამ ამოცანის შესასრულებლად სისხლის სამართლის სისტემა იმგვარად გარდაიქმნა, რომ დაემტკიცებინა დანაშაული და არა უდანაშაულობა. სისტემა უმოწყალოდ იმეტებდა მის მსხვერპლთ ხანგრძლივი წინასწარი გამოძიებისთვის, ოსტატურად იყენებდა წინასწარი შეთანხმების მექანიზმსა და დამყოლ სასამართლოებს, რათა ბრალდებულთაგან აღიარება და ფული მიეღო.

მეორე, მათ ქართულ სახელმწიფოს ჩამოაშორეს ყველა წარმოსახვითი ფუნქცია, რომელსაც ის ვითომ ასრულებდა. მასობრივი დათხოვნები გამოიყენეს სახელმწიფო ბიუროკრატიის შესამცირებლად და გასაახლებლად (მათ შორის, ძალიან ცნობილი მთელი საგზაო პოლიცია), საკუთარი „აღსრულების“ ფარგლებში დაანაწევრეს გადასახადები, კანონები და მთელი სააგენტოები.

მესამე, მათ შექმნეს კორუფციისგან თავისუფალი საჯარო მმართველობის სისტემა, შეამცირეს და გაამარტივეს ბიუროკრატია მარტივი, ავტომატური რუტინის დონემდე, რამაც ძალიან ცოტა სივრცე დატოვა კეთილგონიერებისა და საღი აზრისთვის. კორუფციისგან დაჭაობებული ხანისგან განსხვავებით, საქართველოს საჯარო ინსტიტუციებისთვის (სამწუხაროდ, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვისაც) უმთავრესი გამოწვევა გახდა ისეთი ადამიანების პოვნა, ვისაც ენდომებოდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. იმის ფონზე, რომ რეპრესიების სისტემა სრული სვლით მიიწევდა წინ, ხელმოწერის დასმა გახდა ქართული ბიუროკრატიის კოშმარი.

„ნულოვანი ტოლერანტობის“ სასტიკი სტრატეგია და თავისუფლებისა და წესიერებისადმი დაუნდობელი სწრაფვა იყო ვარდები რევოლუციის წარმატების მთავარი ფაქტორი, რამაც სულ რამდენიმე წელიწადში ქვეყანა დანაშაულისა და კორუფციის მოჯადოებული წრიდან გამოიყვანა. ეს დიადი წარმატება იყო! ახალგაზრდა ქართველმა თაობამ, თუნდაც ISET-ის სტუდენტობამ, არ იცის როგორ მისცეს ან აიღოს ქრთამი; მათი უფროსი და-ძმები ან მშობლები უკვე მიეჩვივნენ გადასახადების დროულად და სრულად გადახდას. არც ერთი ქართველი არ ჩააგდებს გადახდის დღეს. ქართული საბანკო სისტემის პრობლემური სესხების წილიც კი უკიდურესად დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საოჯახო წარმოებები (და ბიზნესები) დიდ სიძნელეებს განცდიან ლარის გაუფასურების ფონზე. და, რაღა თქმა უნდა, მომღიმარი და პროფესიონალი საპატრულო პოლიცია და ქუჩის დონის ბიუროკრატები, რომლებიც გახდნენ საქართველოს ახალი სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.


სისტემისგან სისასტიკის ჩამოცილება

წარმატებისა და გლობალური დიდებისგან თავბრუდახვეულმა ქართველმა რევოლუციონერებმა ვერ გააცნობიერეს, ყოველ შემთხვევაში დროულად, რომ მათ მიერ შექმნილი სასტიკი სისტემა ეტაპობრივად უნდა დაეშალათ და გზა ახალი, უფრო „ნორმალური“ ინსტიტუციური წყობისთვის დაეთმოთ. ამას შედეგად მოჰყვა 2012 წლის მტკივნეული პოლიტიკური მარცხი, საჯარო დამცირება და იძულებითი ემგირაცია (და ახალი პოლიტიკური კარიერა!) ერთთათვის, ციხე კი მეორეთათვის.

სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ ჩადენილი სამართლებრივი დარღვევების წინააღმდეგ აგორებული ცნობილი პროტესტის ტალღის დახმარებით ხელისუფლებაში მოსულმა ქართული ოცნების კოალიციამ სწრაფად იმოქმედა, რათა გადაეტვირთა საქართველოს სასტიკი მართლმსაჯულების სისტემა. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო მასობრივი ამნისტია, რომელიც მიზნად ისახავდა პატიმართა რაოდენობის „ნორმალურ“ დონემდე შემცირებას, პროკურატურას შეუზღუდეს წინასწარი პატიმრობისა და წინასწარი შეთანხმების მექანიზმის გამოყენების უფლება (ამგვარად აღადგინეს „უდანაშუალობის პრეზუმფციის პრინციპი); დაბოლოს, მიანიჭეს დიდი დამოუკიდებლობა სასამართლო სისტემას.

თუმცა ქართველ პოლიტიკოსებს კარგად არ ესმით, რომ ქვეყნის საჯარო მმართველობის სისტემა და მისი „სულიც“ საჭიროებს სასწრაფო გარდაქმნას. დღემდე სისტემის „შერბილების“ ყველა შეთავაზება, რაც გულისხმობს საღი აზროვნებისთვის მეტი სივრცის შექმნასა და შეცდომების პატიებას, კორუფციის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და გადაუხდელობის კულტურისთვის კარის გაღების შიშით უარყოფილ იქნა.

მაგრამ რამდენად გამართლებულია მსგავსი შიში დღევანდელ სიტუაციაში?

2003 წლიდან დღემდე განვლილი დიდი და შეუქცევადი კულტურული ცვილებების გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია, შეარბილოს ბევრი რეგულაცია და კანონი, რომელიც სასტიკი რევოლუციისთვის საჭირო იყო. მაგალითად, საკუთარი გადასახადების მოწესრიგების მიზნით მომხმარებლებისთვის რამდენიმე კვირის მიცემა (პარალელურად ჯარიმისა და საპროცენტო განაკვეთის დაწესება!) არ დაამკვიდრებს გადაუხდელობის კულტურას, რადგან ახალი კანონები ყველამ იცის და სრულდება. უფრო მეტიც, მსგავსი „ნორმალიზაცია“ მხოლოდ დაეხმარება ქართულ კომუნალურ კომპანიებს (და ყველაზე მეტად მათ კლიენტებს). ასევე, თუ ბიუროკრატებს უფლებას მივცემთ, მხელდველობაში მიიღონ ხარისხი და მიმწოდებელთა რეპუტაცია საჯარო ტენდერების ჩატარებისას, ისინი ბევრად უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ეს კი სრულებითაც არ ნიშნავს, რომ საქმე გვექნება ფავორიტიზმსა თუ საჯარო ფონდის გაფლანგვასთან.

ბედის ირონიით, როდესაც ქართულ საჯარო შესყიდვების სისტემაში არსებული ზედმეტი სიმკაცრე (ტენდერის ჩატარების ძალიან დაბალი ბარიერი,  ფასის კონკურენტუნარიანობაზე დამოკიდებულება) გავაკრიტიკე კახა ბენდუქიძესთან, ქართული რეფორმების მთავარ შემოქმედთან, მან მისთვის დამახასიათებელი იუმორით მიპასუხა: „ჩვენი კანონები იმისთვის შეიქმნა, რომ საჯარო ინსტიტუტებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისთვის შეუძლებელი გამხდარიყო მუშაობა. ყველაფერი კერძო უნდა გახდეს“.

არ ვიცი, ხუმრობდა თუ არა კახა, მაგრამ ზედმეტად მკაცრი საჯარო მმართველობის წესები წყევლაა არა მხოლოდ საჯარო სექტორისთვის, არამედ ქართული ბიზნესებისა და საოჯახო მეურნეობებსთვისაც. დღეისთვის ქართველი ბიზნეს-საზოგადოების უმთავრესი პრობლემა არის ქართული შემოსავლების სამსახურის მიერ ქართული ბიზნესების აუდიტის ფორმა. შეცდომების შიშის გამო (რომელსაც არავინ პატიობს) საგადასახადო პოლიციას აუდიტის დასასრულებლად თვეები სჭრიდება, რითიც ეფექტურად ხდება ბიზნესის პარალიზება. ნებისმიერ აღმოჩენას მოყვება მაქსიმალურ შესაძლო ჯარიმა. „შეხედე,“ – როგორც წესი, ამბობს საგადასახადო აუდიტის სპეციალისტი, – „ვიცი, რომ არ გმართებს ამდენი გადასახადი, მაგრამ ასე უნდა მოვიქცე. ჩვენ ძალიან კარგი საგადასახადო არბიტრაჟის სისტემა გვაქვს. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ მანამდე თქვენი საბანკო ანგარიშების გაყინვა მომიწევს“.

საჯარო ინსტიტუტების იძულება, იყიდონ ყველაზე იაფი მომსახურება (მიუხედავად ხარისხისა), საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტროენერგიის გამორთვა, ბიზნესების იძულება, გაიარონ ხანგრძლივი საგადასახადო არბიტრაჟის პროცესი (ამასობაში კი მათი ანგარიშების გაყინვა) ძალიან ძვირადღირებული და არაეფექტური გზაა საჯარო მმართველობისთვის. საქართველოს ბევრად მეტი შეუძლია. რაც მთავარია, სასტიკი რევოლუციის წყალობით, მას შეუძლია საკუთარ თავს ამის უფლება მისცეს!

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners