ჩაის პირველი ბუჩქი დასავლეთ საქართველოში 1847 წელს გაჩნდა, მას შემდეგ ჩაის წარმოება საქართველოს ისტორიაში თამაშობს მნიშვნელოვან, თუმცა ბევრისთვის უცნობ როლს. დასავლეთ საქართველოს რეგიონების – გურიის, სამეგრელოს, აჭარის, იმერეთისა და აფხაზეთის – ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი იდეალურია ჩაის წარმოებისთვის. როგორც იქნა, ეს ფაქტი ბიზნესმენებმაც აღიარეს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ლაო ძინ ძაო, გამოცდილი მეჩაიე, ჩინეთიდან 1893 წელს ჩამოვიდა, რათა საქართველოში ჩაი მოეყვანა. 1900 წლისთვის მას უკვე მოჰყავდა მსოფლიო დონის ჩაი, რომელმაც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამ გამოფენაზე ჩაის მწარმოებელი ყველა ქვეყანა მონაწილეობდა (გარდა ჩინეთისა). ამ წარმატების შემდეგ ჩაის ისტორია საქართველოში არაერთგვაროვანი იყო. ხარისხის ნაცვლად ამოსავალი გახდა ჭარბი წარმოება და ექსპლოატაცია, ბოლოს კი პრაქტიკულად მიტოვებულ იქნა. თუმცა საქართველოს პერსპექტივა, კვლავ აწარმოოს 1900-იან წლებში წარმოებული ჩაის მსგავსი ჩაი, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც უნდა გვახსოვდეს, როდესაც საქართველოში ჩაის პოტენციალზე ვსაუბრობთ.
ქართული ჩაის ინდუსტრია საბჭოთა პერიოდში და დღეს
ადრეულ 1920-იან წლებში საქართველოს ახალმა, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსმა ქვეყნის მთავრობას უბიძგა, საკუთარ თავზე აეღო ჩაის ინდუსტრიის განვითარება და ექსპლოატაცია. წარმოებული ჩაის მოცულობა გაიზარდა და 1900-იანი წლების შუა პერიოდში საქართველო ჩაის წამყვანი მწარმოებელი გახდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. საბჭოთა კავშირში მოხმარებული ჩაის 95%-ს სწორედ საქართველო აწარმოებდა (ნახუცრიშვილი, 215). თუმცა წარმოების მოცულობა გაიზარდა ხარისხის კომპრომისის ხარჯზე, რაც ძვირი საფასური იყო. 1890-იან წლებში დაწყებული ხელით კრეფის მეთოდოლოგია შეცვალა მასობრივმა მექანიკურმა კრეფამ. დაკრეფილი ჩაის მოცულობამ 1985 წელს 152,000 ტონას მიაღია, რაც კოლოსალური მოცულობაა დღეს წარმოებულ 1,800 ტონასთან შედარებით (ჰოლი 61, საქსტატის მონაცემები, 2014).
საბჭოთა კავშირის დაცემიდან დღემდე საქართველოს ჩაის სექტორი ფაქტობრივად განადგურდა, როგორც პოლიტიკური, ისე პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზების გამო. საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, მთავრობა უკვე ვეღარ ასრულებდა სამეთვალყურეო და ორგანიზაციულ როლს ჩაის წარმოებაში. ის ქართული ჩაის ინდუსტრიას ვერც ახალი ბაზრების ათვისებაში ვეღარ ეხმარებოდა. 1993-1995 წლების ომმა აფხაზეთში, რომელიც ჩაის მოსავლის მთავარი ცენტრი იყო ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ასევე განაპირობა წარმოების დონის დაცემა. ბევრი მიტოვებული ჩაის საწარმო გაიძარცვა, რომელთა კაპიტალი გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ (ძირითადად, ჯართის სახით).
გაჭიანურებული მოსავლის აღების გამო ჩაის პლანტაციები გაველურდა. მათი ხელახლა დამუშავება ძვირი ჯდება, დაახლოებით 7-8 ათასი ლარია საჭირო ერთი ჰექტარისთვის. ადგილობრივ ფერმერთა მწირი შემოსავლები (საშუალოდ დაახლოებით 495 ლარი თვეში (საქსტატი, 2013 წელი) არ არის საკმარისი სარეაბილიტაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად. ფერმერთა გაურკვეველი და მცირე შემოსავლები და კერძო ბანკების საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი არის ძირითადი საკრედიტო ბარიერი ფერმერებისთვის. აღსანიშნავია, რომ ბანკები ჩაის პლანტაციებსა და გადამამუშავებელ მოწყობილობას არ იღებენ როგორც უზრუნველყოფას, მცირე ფერმერთა დიდ ნაწილს კი არ სურს საკუთარი ქონების რისკის ფასად სესხის აღება.
აღნიშნული ფინანსური შეზღუდვებისა და გაველურებული პლანტაციების რეაბილიტაციისთვის საჭირო რესურსების სიმცირის გამო, მოსავლის აღებისთვის გამოსადეგი მიწის მოცულობა სულ უფრო მცირდება. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის, თენგიზ სვანიძის განცხადებით, 2013 წელს დაახლოებით 20,000 ჰექტარი მიწა ჯერ კიდევ ვარგისი იყო მოსავლის ასაღებად. 2015 წლის მაისში ეს რაოდენობა დაახლოებით 10,000 ჰექტრამდე შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1980-იან წლებში ჩაის პლანტაციები 67 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, ადვილი მისახვედრია, რა მასშტაბის შემცირებაზეა საუბარი. ქაოსმა გამოიწვია სექტორის პრაქტიკული მიტოვება, რის გამოც უმთავრესი გამოწვევა დღეს არის შემორჩენილი ცოდნისა და კაპიტალის ხელუხლებლად შენარჩუნება.
ჩაის წარმოების სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობა
დასავლეთ საქართველოს ბევრ სოფელში ჩაის კრეფა ცხოვრების წესი იყო. მან შექმნა არაერთი სოციალური სტრუქტურა, რომელზეც მოგვიანებით ქალაქები აშენდა (მაგალითად, წალენჯიხა სამეგრელოში). ჩაის წარმოება არის ხელოვნება, რომელიც მოითხოვს ინტენსიურ შრომას, 1980-იან წლებში დაახლოებით 180,000 ადამიანი იყო ჩართული ჩაის ღირებულებათა ჯაჭვში. ჩაის წარმოების მოშლამ გამანადგურებელი გავლენა მოახდინა მეჩაიეთა თემებზე. შედეგად, ბევრი ოჯახი გაღარიბდა. მათ შორის ყველაზე შეძლებულები გადადიან თურქეთში, ძირითადად თურქეთის ჩაის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე.
ქართული ჩაის ინდუსტრიის სახელოვანი წარსული გვაფიქრებინებს, რომ ჩაის სექტორის გაცოცხლებამ შეიძლება უდიდესი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მოუტანოს დასავლეთ საქართველოს სოფლებს. ის შეიძლება გადამწყვეტი გახდეს სოფლის სიღარიბის დაძლევაში, მისცემს რა ოჯახებს სტაბილურ სამუშაოსა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს. ჩაის წარმოების ხელოვნება და მეცნიერება გადაეცემა თაობიდან თაობას და ხელუხლებად შეინარჩუნებს საქართველოს სოციალურ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.
ჩაის სექტორის გაცოცხლება, ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს აგრარული წარმოების დივერსიფიცირებას და დაიცავს ფერმერებს ალტერნატიული კულტურების (მაგალითად, თხილისა და მოცვის) ფასების რყევებისგან. ასევე. წაახალისებს ბიომრავალფეროვნებასა და საკვების უსაფრთხოებას. ეს სერიოზული საკითხია, თუ გავითვალისწინებთ, რომ გურიასა და სამეგრელოში უკვე შეიმჩნევა ჩაის პლანტაციების გაჩეხვისა და მის ნაცვლად თხილის დარგვის ტენდენცია. ვინაიდან აქ თხილისთვის (რომლის საერთაშორისო ფასები ძალიან მაღალია) გამორჩეულად კარგი პირობებია, არსებობს რისკი, რომ ყველა კვერცხს ერთ კალათში ჩავყრით.
ჩაის შეუძლია აიტანოს შედარებით მკაცრი კლიმატური პირობები, რაც დამატებითი სარგებელია, რაც უმცირებს ფერმერს ცუდი მოსავლის რისკს. უფრო მეტიც, მაღალი ხარისხის ჩაი, რისი წარმოებაც საქართველოშია შესაძლებელი, კონკურენტული შეიძლება გახდეს მსოფლიო ბაზრებზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კერძო მეწარმეთა მტკიცებით, ქართულმა ჩაიმ შეიძლება დაიკავოს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის ბაზრის ნიშა, რომელზეც დიდი მოთხოვნაა განვითარებულ ბაზრებზე.
ქართული ჩაის ჯერ კიდევ ვერგააზრებული პოტენციალი
საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. გრილი კლიმატი ღამით და ზამთრის თვეებში დაავადებებისგან იცავს ჩაის, ეს ამცირებს პესტიციდების აუცილებლობას. დღესდღეისობით ქართული ჩაი არის ეკოლოგიურად სუფთა, თუნდაც იმიტომ, რომ ქართველი ფერმერები იშვიათად იყენებენ (მათთვის ძვირ და ძნელად ხელმისაწვდომ) ჰერბიციდებს.
გრილი კლიმატი და მჟავე ნიადაგი უზრუნველჰყოფს ქართული ჩაის უნიკალურ ქიმიურ შემადგენლობას, იგი განსაკუთრებით კარგია მწვანე ჩაისთვის. ამ პირობების გამო, ჩაის ფოთოლი უფრო ნელა იზრდება, რის გამოც ჩაი კარგავს მწარე გემოს. საქართველო უკვე აწარმოებს მაღალი ხარისხის ჩაის, რომელიც ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, გერმანია, მაგრამ წარმოების ამჟამინდელი მოცულობა არ არის საკმარისი დიდი მოცულობის ექსპორტისთვის.
დაუჯერებელია, რომ დღეს საქართველო არის ჩაის წმინდა იმპორტიორი ქვეყანა, ინდუსტრიის ისტორიისა და პოტენციალის მიუხედავად. ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით, ქვეყანაში ექსპორტზე 357 ტონით მეტი ჩაის იმპორტი ხდება (2014 წელი). 2014 წელს (უარყოფითი) წმინდა ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.
იმპორტი | მოცულობა | ექსპორტი | მოცულობა |
თურქეთი | 554 | მონღოლეთი | 435 |
ირანი | 514 | თურქეთი | 315 |
შრილანკა | 462 | გერმანია | 291 |
აზერბაიჯანი | 436 | რუსეთის ფედერაცია | 233 |
არაბთა გაერთიანებული საემირო | 135 | ყაზახეთი | 229 |
სხვა ქვეყნები | 169 | სხვა ქვეყნები | 410 |
ჯამი | 2,270 | ჯამი | 1,913 |
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, (2015 წ.). *წინასწარი მონაცემები 2014 წლისთვის.
ზემოთ მოცემული სავაჭრო ციფრებიდან კარგად ჩანს, რომ ქართული ჩაის მწარმოებლებმა ვერ მოახერხეს საკუთარი შიდა ბაზრის ათვისება. რატომ უნდა აწარმოებდეს საქართველო ჩაის იმპორტს, როდესაც ადგილობრივი წარმოების პოტენციალმა შეიძლება სრულად დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა?
ბევრ კითხვას პასუხს სცემს ISET-ის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ჩატარებული ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი. აღმოჩნდა, რომ სექტორის უმთავრესი პრობლემა არის მწარმოებელთა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვა მოთამაშეთა შორის შესაბამისი კავშირის სიმცირე. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ჰყავს დაახლოებით 15,000 მცირე მეჩაიე, რომლებიც ამუშავებენ 1 ჰექტარზე ნაკლებ მიწას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერმერები წარმოადგენენ ქვეყნის ჩაის მწარმოებელთა უმრავლესობას, ისინი დგანან უდიდესი პრობლემის წინაშე, როდესაც საქმე ეხება „დახარისხებას, შეფუთვასა და ბრენდინგს“. შედეგად, მათ უმრავლესობას არ შეუძლია საკუთარი ნაწარმის მეზობელ სოფლებს გარეთ გატანა. მყიდველებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების არქონა კიდევ უფრო ამცირებს ღირებულებათა ჯაჭვს, მცირე ფერმერებს არ აქვთ მოტივაცია, ინვესტიცია ჩადონ საკუთარი პროდუქტის ხარისხში, უფრო მეტიც, ეძებენ შესაძლებლობას გადავიდნენ სხვა კულტურებზე (მაგალითად, თხილზე).
წინსვლა
როგორც ჩანს, ჩაის გამოცოცხლების ორი გზა არსებობს. ის მცირე ფერმერები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და შეძლებენ, საკუთარი პროდუქცია მიუსადაგონ უკვე არსებული ქართული ჩაის ბრენდების (მაგალითად, გურიელის) მოთხოვნებს, შეიძლება ჩაერთონ ამ ბრენდების მიწოდების ქსელში. თუმცა ეს გულისხმობს, რომ ფერმერებს მოუწევთ საკუთარი პროდუქციის ხარისხზე გამუდმებული ზრუნვა.
მეორე გზა, რომელსაც ამჟამად ENPARD-ის პროექტი უჭერს მხარს, არის ფერმერთა კოოპერატივების შექმნა, რომელიც გააერთიანებს უნიკალური ჩაის სახეობების დახარისხების, დმაუშავების, დაფასოებისა და ბრენდინგის ძალებს. დანარჩენი ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში თანამედროვე აგრარული კოოპერატივები საბჭოთა ხანის კოლექტიური ფერმებისგან სრულიად განსხვავებული და შედარებით ახალი მოვლენაა. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფერმერები ფეხს ითრევენ ფორმალურ კოოპერატივეში გაწევრიანებისგან, არის ამ იდეის საბჭოთა კავშირის დროინდელი იძულებითი კოლექტივიზაციის გამოცდილებასთან (მცდარი) ასოციაცია.
2015 წლის ივლისის დასაწყისში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ქუთაისში მოწყობილი ჩაის ფორუმი მსგავსი ასოციაციის მსხვრევის საშუალებაა. აღმოჩნდა, რომ ფერმერთა უმრავლესობას ესმის კოოპერატივის უპირატესობა. ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ქეარ კონსორციუმი (რომლის წევრიც არის ISET) ამჟამად ეხმარება ჩაის ორ კოოპერატივს. სხვა წინადადებები განიხილება მომდევნო თვეებში. მათი უმრავლესობა არის მიკროსაწარმოები, რომლებიც სპეციალიზდებიან მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებაში. ENPARD-ის მიერ გაცემული გრანტი ბრუნდება უკან ფონდში, რომელიც დააფინანსებს დამატებით კოოპერატივებს. ეს იძლევა ფერმერთა კოოპერატივების გაფართოების საშუალებას. უკვე დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია 27 ჩაის კოოპერატივი (მათ შორის, ერთი მეორე დონის კოოპერატივი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე წარმოებაზე ორიენტირებულ კოოპერატივს), კოოპერატივთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება.
დღეს საქართველო დგას მთავარ გზაჯვარედინზე, რამდენადაც საქმე ეხება ჩაის ინდუსტრიის მომავალს. თუ გაველურებული პლანტაციები სისტემატურად არ განახლდა და შესაფერისი მიწოდების კავშირები არ ჩამოყალიბდა, მცირე ჩაის ფერმერები გადავლენ სხვა კულტურებზე და ჩაის სექტორი საბოლოოდ განადგურდება. მთავრობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩაის სექტორის მომავლის გადაწყვეტაში. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახლახანს ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ჩაის ინდუსტრიის სტრატეგია, მაგრამ ჯერჯერობით არავითარი კონკრეტული გეგმა არ არსებობს პროფესიული განხილვისა და საჯარო დისკუსიისთვის.
თუ გავითვალისწინებთ, როგორ უყვართ და პატივს სცემენ ჩაის კრეფის ხელოვნებას დასავლეთ საქართველოში, დასანანი იქნება, რომ ეს სექტორი განადგურდეს. ეს არ არის სენტიმენტალური განცხადება. ამ ინდუსტრიის გაცოცხლებით მიღებული სარგებელი ეკონომიკური თვალსაზრისითაც ნათელია.
Comments