განათლების სპეციალისტი და მწერალი თეა ლობჟანიძე ავჭალის არასრულწლოვანთა ციხეში მუშაობს. ის არის განათლებისა და მენეჯმენტის გუნდის წევრი, რომელიც აერთიანებს ბავშვების ფორმალური და არაფორმალური განათლებით დაინტერესებულ პროფესიონალებს. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრის, ლაშა ლანჩავასთვის მიცემულ ინტერვიუში, თეა ლობჟანიძე ყვება საქართველოს რისკის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების წინაშე არსებული რეალობისა და საკუთარი ხედვის შესახებ, თუ რა უნდა ქნას ქვეყანამ ამ ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ლაშა ლანჩავა: ქალბატონო თეა, გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ გამონახეთ დრო და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ჩვენ გვჯერა, რომ არასრულწლოვან დამნაშავეთა რეაბილიტაცია და მათი მომავალი ადაპტაცია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა.
თეა ლობჟანიძე: გმადლობთ. მართლაც, ესენი არიან არასრულწლოვანი პატიმრები, 14-17 წლის მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ ჩაკეტილ, დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებულ სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავუმარტივოთ რეაბილიტაცია და საზოგადოებაში დაბრუნება.
ლაშა ლანჩავა: მოდით, თავიდან დავიწყოთ. რამ გადაგაწყვეტინათ ამ ერთი შეხედვით სარისკო და ამავდროულად რთული საქმიანობის დაწყება?
თეა ლობჟანიძე: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი პროექტებზე არასრულწლოვანთა რესოციალიზაციის შესახებ. მაინტერესებდა, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და მოვიფიქრე იდეა ფასეულობითი განათლების შესახებ. ფასეულობითი განათლება ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა პატივისცემა, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, მშვიდობა, სიყვარული, ტოლერანტობა, ერთიანობა, ბედნიერება, თავმდაბლობა. ეს ის ღირებულებებია, რაც გვაძლიერებს და გვეხმარება სოციალურ მოგზაურობისას ორიენტირებაში. რა თქმა უნდა, მე ნათლად ვხედავდი დაკავების ცენტრში მუშაობის რისკს. მეშინოდა, რომ ეს ბიჭები, რომელთაც პატიმრის აზროვნება აქვთ და რომელთაც კრიმინალი აირჩიეს ცხოვრების წესად, დამცინებდნენ, თუ მათთან პატივისცემაზე, სიყვარულსა და ბედნიერებაზე დავიწყებდი ლაპარაკს. მეგონა, რომ სესიებზე არავინ არ მოვიდოდა (პროგრამაში მონაწილეობა მთლიანად ნებაყოფლობითი იყო). ეს ძალიან რთული იყო.
ლაშა ლანჩავა: მოგვიყევით ციხეში მუშაობის პირველ გამოცდილებაზე. არასრულწლოვანი დამნაშავეების ისტორიისა და ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი სოციალური კაპიტალი მთლიანად ამოწურულია. ალბათ, თქვენთვის ძალიან ძნელი იყო ყინულის გალღვობა და მათი ნდობის მოპოვება.
თეა ლობჟანიძე: დიახ და არა. როდესაც პირველად შევედი ოთახში, მათ აინტერესებდათ, ვინ ვიყავი ან რატომ ვიყავი იქ. პირველი ორი შეხვედრა ეთმობოდა მათი ნდობის მოპოვებასა და მათ დარწმუნებას, რომ მათთან საჯაშუშოდ არ ვიყავი მისული. მახსოვს, როგორ ვილაპარაკე ნდობაზე პირველ შეხვედრაზე. ვთხოვე, ფურცელზე დაეწერათ სახელები და ერთი თვისება, რაც, მათი აზრით, სხვებს მოეწონებოდათ მათში. არავის არაფრის დაწერა არ უნდოდა. თქვეს, რომ დადებითი თვისებები არ ჰქონდათ, რომ არავინ სცემს მათ პატივს და არავის არ მოსწონს, რომ „ცუდი ბიჭები“ არიან.
მე შევაწყვეტინე მათ. შენ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა გაქვს, ვუთხარი პირველ რიგში მჯდომ ბიჭს. ის მართლაც კარგად ხუმრობდა პირველი ნახევარი საათის განმავლობაში და ვუთხარი, რომ ამის გამო ძალიან მომწონდა. ასე თანდათანობით მოვიპოვე მათი ნდობა და მათაც დაიწყეს გახსნა. მართლაც, ეს მათთვის თვითაღმოჩენის მომენტი იყო, გაიგეს, რომ აქვთ თვისებები, რის გამოც შეიძლება მოეწონოთ, რომ მათში ჯერ კიდევ არის სინათლის სხივი.
მას შემდეგ ეს გახდა ჩემი წარმატების ფორმულა. ოთახში შევდივარ სრული ნდობითა და პატივისცემით, რაც უკან მიბრუნდება. მე ვახვედრებ, რომ მაინტერესებს არა მათი წარსული, არამედ თავად ისინი, როგორც ადამიანები. როდესაც ოთახში შემოდიან, წარსულის ყველა მოგონებას გარეთ ტოვებენ და იწყებენ საინტერესო ამბების მოყოლას, თამაშობენ საგანმანათლებლო თამაშებს, დებატობენ. აკეთებენ ყველაფერს, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებენ ციხეში. მთელი საკლასო ოთახი ბედნიერებითა და პოზიტიური ენერგიით ივსება, საიდანაც ხმაურისა და სიცილის ხმები ისმის. ერთხელ დაცვაც კი შემოვიდა, რომ შეემოწმებინა, ყველაფერი ნამდვილად წესრიგში იყო თუ არა.
ლაშა ლანჩავა: როგორია ჯგუფის სოციალური წყობა? ზრუნავენ ერთმანეთზე? თანამშრომლობენ, ერთმანეთთან?
თეა ლობჟანიძე: მახსოვს, თამაშობდნენ თამაშს, რომელიც გულისხმობდა საკლასო ოთახში სკამებზე გადახტომას. როდესაც ეს თამაში საჯარო სკოლაში ჩავატარე, სრულმა ქაოსმა დაისადგურა. კლასი უმართავი გახდა: სტუდენტები სკამებს ერთმანეთს ესროდნენ. თავიდან ამ თამაშის ავჭალაში გამოყენებისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, გამერისკა. ჩემდა გასაოცრად, ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს, თუ რომელიმე წაიბორძიკებდა ან დაეცემოდა. არც ერთი სკამი არ ამოყირავებულა. მათ თამაში ძალიან ორგანიზებულად და მხიარულად დაამთავრეს. მეც მათთან ერთად ვითამაშე და უაღრესად ფრთხილები იყვნენ, რომ არ დავეშავებინე არც მე და არც მათი მეგობრები.
ლაშა ლანჩავა: ყველაზე ხშირად რა თემებსა და სიტუაციებს აწყდებით თქვენი სტუდენტების შემთხვევაში? არსებობს რამე სოციალური ან ეკონომიკური მოცემულობები, როდესაც საქმე საქართველოს რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს ეხება?
თეა ლობჟანიძე: მთავრი რისკ-ფაქტორები, რაც ახალგაზრდებს დანაშაულისკენ უბიძგებს, არის სიღარიბე და ოჯახური ძალადობა. ეს ბავშვები საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენებიდან მოდიან. ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა, რომ გარაჟში ცხოვრობდა, მის ოჯახს არ ჰქონდა საკვები და ის დღეში რამდენჯერმე იყო მშობლების ძალადობის მსხვერპლი. ორმა ბავშვმა ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტში სწავლა უნდოდა. თუმცა, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, დედამისს საერთოდ არ აინტერესებდა მისი წარმატება. ძალიან იშვიათია, რომ საშუალო ფენის ოჯახის ბავშვი რეაბილიტაციის ცენტრში მოხვდეს.
ლაშა ლანჩავა: რაც შეეხება მათ მომავალს, რა სურთ, რომ აკეთონ ციხიდან გასვლის შემდეგ?
თეა ლობჟანიძე: ეს ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან. ალბათ, რახან ადრეულ ასაკშივე მოუხდათ ძალიან ბევრი გაჭირვების გამოვლა, ისინი იძულებული არიან, შეიმუშაონ ბრძოლის სტრატეგიები, რათა გზა გაიკვლიონ უაღრესად რთულ სოციალურ გარემოში. ისინი ძალიან კარგები არიან ლოგიკურ აზროვნებაში. პროგრამის ერთი ნაწილი ითვალისწინებდა ლოგიკურ სავარჯიშოებზე მუშაობას, ისინი ბევრად უფრო რთულ პრობლემებს ხსნიდნენ მათივე ასაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით.
მათ უყვართ ხატვა და, როგორც წესი, ძალიან შემოქმედებითები არიან. მაგალითად, მახსოვს, როგორ აირჩიეს ბაბუაწვერა მშვიდობის სიმბოლოდ. როდესაც მიზეზი ვკითხე, ამიხსნეს, რომ ის დაკავშირებულია სუნთქვასა და სიცოცხლესთან. როდესაც სულს შეუბერავ, მისი თესლი ყველა მიმართულებით იფანტება, მშვიდობასავით. ნამდვილად ბრწყინვალე იდეა იყო!
ამ ბავშვებში უზარმაზარი შემეცნებითი და არტისტული პოტენციალია. საჭიროა მხოლოდ ამ პოტენციალის სწორი მიმართულებით წარმართვა.
ლაშა ლანჩავა: რა ცვლილებებს ხედავთ ამ ბავშვების ქცევაში პროგრამის დაწყებამდე და მის შემდეგ?
თეა ლობჟანიძე: პირველ რიგში, უფრო სოციალურები ხდებიან. თავდაპირველად მორცხვები არიან და ლაპარაკს ერიდებიან, მოგვიანებით უკვე აქტიურად მონაწილეობენ დისკუსიებში. ასევე, ვხედავ, რომ საკუთარ მეს უღრმავდებიან და სულ უფრო მეტად აფასებენ სოციალურ ღირებულებათა მნიშვნელობას. კურსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა არის დისციპლინისა და მოთმინებისადმი პატივისცემის ზრდა.
ლაშა ლანჩავა: ამ ბავშვებთან ურთიერთობისა და მათგან მოსმენილი ამბების საფუძველზე, როგორ ფიქრობთ, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ან სულ მცირე, უზრუნველვყოთ, რომ არასრულწლოვანი დამნაშავეები წარმატებით დაუბრუნდნენ საზოგადოებას?
თეა ლობჟანიძე: ძალიან მტკივნეული სანახავია, რომ ეს ლამაზი, ახალგაზრდა ბიჭები საკნებში არიან გამოკეტილი, განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც ყველაზე მეტად სწყურიათ თავისუფლება და გართობა. როგორც უკვე გითხარით, ბევრი მათგანი მოდის საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენიდან. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი კვლავ ციხეში ბრუნდებიან. ხშირად სწორედ ციხეა ის ადგილი, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ და შინ გრძნობენ.
მჯერა, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, მეტი შეგვიძლია. უმთავრესი სოციალური რეინტეგრაციის საკითხი არის დასაქმება. მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა შესთავაზონ არასრულწლოვან დამნაშავეებს რეალური დასაქმების შანსი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. შეიძლება, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ უმუშევრობის ფონზე ხელახლა დანაშაულის ჩადენისა და ციხეში დაბრუნების შანსი დიდია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ბავშვების უზარმაზარი პოტენციალი იკარგება.
გარდა ამისა, უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს არსებული კანონმდებლობა. მგონია, რომ განაჩენის გამოტანისას სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ამ ბავშვების ასაკი და სოციალური მდგომარეობა. ასევე, არასწორად არის შეფასებული ციხეში დაბრუნების რისკი.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ზოგადად ნაკლებად განსაჯოს არასრუწლოვანი დამნაშავეები. მათ თავადაც ეშინიათ, რომ საზოგადოება დაუნდობელი იქნება მათ მიმართ. თუმცა, როდესაც გარეთ მყოფ საზოგადოებას ისინი ძალიან საშიში ჰგონია, მათი რწმენა ქვეცნობიერად განსაზღვრავს კიდეც მათ ქცევას. ასეთი რწმენა კვებავს უნდობლობის მოჯადოებულ წრეს, რომელიც ამ ყოფილ პატიმრებს უბიძგებს, გაემიჯნონ ცხოვრებას.
ამ ბავშვებთან მუშაობა უაღრესად საინტერესო იყო, როგორც პროფესიულად, ისე ემოციურად. იმისთვის, რომ მათ შანსი ჰქონდეთ, საზოგადოებამ უკეთ უნდა იცოდეს იმ სამწუხარო გარემოებების შესახებ, რომელშიც ისინი იზრდებიან. ხალხმა უკეთ უნდა გაიგოს მათი საჭიროებები, მათი ნიჭი და მისწრაფებები. ცოტა გაგებითა და დახმარებით მათ შეუძლიათ, გახდნენ საზოგადოების ღირსეული წევრები და მიიღონ ენერგია შრომისა და ოცნებების ასრულებისთვის.
ლაშა ლანჩავა: რომ შევაჯამოთ, არასრულწლოვან დამნაშავეთა ციხეში მუშაობის განმავლობაში რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი თქვენთვის?
თეა ლობჟანიძე: ალბათ, ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო წელს, როდესაც შევხვდი ჩემს ყოფილ სტუდენტს. თბილად მომესალმა და ძალიან თავაზიანი იყო. როგორც გავიგე, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. წარმატების საოცარი ამბავია!
ლაშა ლანჩავა: ძალიან დიდი მადლობა, თეა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველები დააფასებენ თქვენს თავდადებას. კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?
თეა ლობჟანიძე: მინდოდა ეს ბავშვები ისეთივე ჩვეულებრივი, უდანაშაულო, მომხიბვლელები და საყვარლები წარმომეჩინა, როგორებიც არიან. მათ აქვთ ყველა ის თვისება, რაც კარგ ადამიანსა და კარგ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ის, როგორ ვექცევით მათ და რამდენად ვიღებთ, როგორც ღირსეულ პიროვნებებს. პატივისცემა და სოციალური ჩართულობა არის ის, რაც მათ ჰაერივით სჭირდება.
Comments