ქართულ მედიაში ხშირად წააწყდებით ნეპოტიზმის შესახებ ამბებს და ამ ამბების მთავარი მოქმედი გმირების სასაცილო განმარტებებს. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს წაუყენეს ნეპოტიზმის ბრალდებები, მან უპასუხა: „თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?“
როდესაც ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ცოლის 23 წლის ძმა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „მას დიდი ხანია იცნობს და სხვა ალტერნატივას არც განიხილავდა, რადგან იცოდა ახალგაზრდული საქმეებისა და სპორტისადმი მისი აქტიური დამოკიდებულება“.
აჭარაში, ხულოს რაიონის გამგებელმა, რომელმაც თავის ქალიშვილს მუშაობა დააწყებინა, მარტივად განმარტა: „დიახ, ის ჩემი ქალიშვილია, მაგრამ არა ჩემი ოჯახის წევრი, რადგან გათხოვილია [...] და ახლა სხვა ოჯახის წევრია“.
ნეპოტიზმის არსებობს ეჭვი სერიოზულად გაამყარა ქართული ოცნების პარლამენტის წევრმა, გოგი თოფაძემ, რომელმაც ყოველგვარი რეკორდი მოხსნა: „საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ იმაზე აჟიტირება, ვიღაცამ ვიღაცა მოიყვანა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ვიღაცის ნათესავი, არ ნიშნავს, რომ ნეპოტიზმია. ...საქართველო პატარა ქვეყანაა. ყველას ჰყავს ნათესავი, მეზობელი, მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გამოსწორებულია და ჩვენი მთავრობა კარგად მუშაობს“.
გოგი თოფაძის განცხადება ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული. საქართველო მართლაც პატარა ქვეყანაა და, როგორც ჩანს, ნეპოტისტური დანიშვნები მკაცრი და მერიტოკრატიული შერჩევის პროცესების შედეგია. თუმცა ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ საჯარო სექტორში არსებული ნეპოტიზმი მხოლოდ „მეგობრის დახმარებად“ მივიღოთ, რადგან ეს ქვეყნის განვითარებისთვის დამღუპველი შეიძლება იყოს:
(1) თუ ადამიანი თანამდებობაზე ნეპოტიზმის საფუძველზე ინიშნება, დიდი შანსია, მას არ ჰქონდეს სათანადო კომპეტენცია, რითიც ამცირებს მთავრობის ეფექტურობას. საქართველოში საჯარო სექტორის ყველა დონეზე შეხვდებით არაკომპეტენტურ საჯარო მოხელეებს, რასაც კარგად ხსნის ნეპოტიზმი.
(2) პირველი პუნქტიდან გამომდინარე, ქართველ ახალგაზრდებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ კარიერული წინსვლისთვის სულაც არ არის საჭირო კვალიფიკაცია და დაუღალავი შრომა. თუ წარმატება, უპირველესად, დამოკიდებულია კავშირებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარების სტიმული ქრება. განათლების სექტორის გაუმჯობესების ყველა მცდელობა ამაო იქნება, თუ, საბოლოოდ, ყველაზე კვალიფიცირებული ადამიანები ვერ დაიწყებენ მუშაობას.
(3) ნეპოტიზმი ხელს უწყობს ორგანიზაციისთვის არასასურველი დამოკიდებულებებისა და ძალაუფლების გადანაწილების ჩამოყალიბებას. ადამიანები მოერიდებიან კოლეგების შეცდომებზე საუბარს, თუ პირადად იქნებიან დავალებული ამ ადამიანებისგან. კიდევ უფრო უარესი, თუ მოქალაქეს უთანხმოება აქვს საჯარო მოხელესთან, მსგავსმა დამოკიდებულებამ სხვა მოხელეების მიერ სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასება შეიძლება შეუძლებელი გახადოს. ასევე, რთულია იმ კოლეგებისგან საეჭვო თხოვნების შესრულებაზე უარის თქმა, რომელთანაც პირადი კავშირი გაქვს (მაგ.: გამონაკლისის დაშვება).
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ნეპოტიზმით
როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, საქართველოში ნეპოტიზმთან დაკავშირებული ცნობიერება დაბალია. ნეპოტიზმი „სტანდარტული“ კორუფციისგან სრულიად განსხვავებული მოვლენაა, რომელიც, ჩვენი გამოცდილებით, ქართველებს სასტიკად სძულთ. საინტერესოა, რომ სტანდარტული კორუფციისადმი ანტიპათიისა და ნეპოტიზმისადმი ტოლერანტობის თავისებური კომბინაცია შეიძლება სათავეს საქართველოს უახლესი რეფორმებიდან იღებდეს.
2003 წელს, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 124-ე ადგილზე იყო, მაშინ, როდესაც 2014 წელს 50-ზე გადაინაცვლა. ინდექსში ადგილის ასეთ მკვეთრ გაუმჯობესებას დამკვირვებელთა უმრავლესობა ქვეყანაში „წვრილმანი კორუფციის“ (მაგ.: პოლიციის თანამშრომლებისა და წვრილმანი საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის მიცემა) აღმოფხვრას მიაწერს, თუმცა პოლიტიკური ან „მსხვილი“ კორუფცია არ შემცირებულა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ უამრავი საჯარო მოხელე დაითხოვეს, რითიც მოიშალა ქრთამის აღების ნათესაური კავშირები. თუმცა ამ გარდაქმნის მიღწევა ახალი კორუფციული სქემების გარეშე შეუძლებელი იყო: ახალი მაღალი თანამდებობის პირები ინიშნებოდნენ პირადი ნდობის საფუძველზე, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დასახული მიზნების შესრულება. ვინაიდან სანდოდ მხოლოდ პირადი მეგობრები ან ნათესავები ითვლებოდნენ, დაიწყო ნეპოტისტური დანიშვნების ახალი ტალღა.
მარტივად რომ ვთქვათ, ენმ ებრძოდა კორუფციას ნეპოტიზმით, მაგრამ რამდენად გონივრული სტრატეგია იყო ეს გრძელვადიან პერსპექტივაში?
როგორც ჩანს, ნეპოტისტურ კავშირებით მოქმედება შეიცავდა ენმ-ის დიდების კვარცხლბეკიდან ვარდნისა და პოლიტიკური მარცხის მარცვალს. 2007 წელს მმართველ პარტიასთან ასოცირებულმა ადამიანებმა შექმნეს ძალაუფლების დახურული წრე, რომელშიც ისინი ერთმანეთში ინაწილებდნენ საქართველოს ეკონომიკური რესურსების უდიდეს ნაწილს („მსხვილი კორუფცია“). ამ კავშირებს მიღმა დარჩენილ ადამიანებთან კავშირის გაწყვეტით მმართველი ჯგუფი სულ უფრო და უფრო იზოლირებული იყო. ის ვერ აცნობიერებდა, რომ მისი მმართველობისადმი საზოგადოების მხარდაჭერა სულ უფრო მცირდებოდა, რის გამოც ის ქართულმა ოცნებამ ჩაანაცვლა.
საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნეპოტიზმს ყურადღება მიექცეს. მაგრამ როგორ?
სისტემური ერთიანობა
ნეპოტიზმი, კორუფციის სხვა ფორმების მსგავსად, სისტემური პრობლემაა და მას საერთო არაფერი არ აქვს ადამიანის პირად მორალთან. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე არ გვაქვს საბერძნეთის მსგავს კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანასთან, სადაც ადამიანები „თაღლითობენ“ და „ცუდად იქცევიან“. როდესაც კორუფციული პრაქტიკა ნორმა ხდება, ადამიანებს პატიოსნება ძვირი უჯდებათ. ასეთი არასასურველი წონასწორობიდან გამოსასვლელად მთავრობამ უნდა დააწესოს სტიმული, რათა გადაწონოს ადამიანთა ბუნებრივად ეგოისტური ქცევები. ჩვეულებრივი კორუფციის შემთხვევაში ენმ-ის პოლიტიკა ძალიან ეფექტური იყო, რის შედეგადაც ქრთამის აღება ძალიან სარისკო და საშიში გახდა. მსგავსი ზომები შეიძლება გამოვიყენოთ ნეპოტიზმის წინააღმდეგაც.
პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ და საჯარო კომპანიებმა უნდა დაიწყონ დაქირავების პროცესის ფორმალიზება და „ბრმა ტექნოლოგიური პროცედურების გამოყენება. აშშ-ის მთავრობას აქვს დასაქმების ვებგვერდი (USAjobs.gov), სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი პროფილის შექმნა და ბაზაში საკუთარი უნარ-ჩვევების შესახებ ინფორმაციის განთავსება. იმ კანდიდატების რეზიუმეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ტექნიკურ მოთხოვნებს, ავტომატურად ეგზავნება დამქირავებელ მენეჯერებს. სწორედ ამ ვებგვერდით იშოვა ამ სტატიის ამერიკელმა თანაავტორმა, ჩარლზმა სამსახური თავდაცვის დეპარტამენტში ანალიტიკოსის პოზიციაზე ისე, რომ პენტაგონში არავის არ იცნობდა. მსგავსი სისტემა შეიძლება მოეწყოს ისე, რომ დამსაქმებელმა არ იცოდეს განმცხადებლის ვინაობა.
მეორეც, არავის არ უნდა შეეძლოს სამსახურის დაწყება პოლიტიკოსისა თუ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელის დახმარებით.
მესამეც, აპლიკაციის განხილვის პროცესი უნდა ავალდებულებდეს კანდიდატებს იმ ნათესავებისა და პირადი ნაცნობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც უკვე მუშაობენ მთავრობაში. ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციას (მაგ.: საერთაშორისო მონეტარულ ფონდს) მსგავსი ნათესაური კავშირი შეიძლება გახდეს დაბრკოლება. თუმცა მსგავსი რამის შემოღება საქართველოში შეიძლება მეტისმეტი იყოს, რადგან, როგორც გოგი თოფაძემ თქვა, საქართველო პატარა ქვეყანაა, ქვეყნის მთავრობა კი მეტისმეტად მნიშვნელოვანი დამსაქმებელი მსგავსი მკაცრი წესების შემოსაღებად. თუმცა შეიძლება შეიქმნას დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც განიხილავს კანდიდატის მსგავს კავშირებს. ობიექტური, მერიტოკრატიული კრიტერიუმების საფუძველზე, ასეთ კომიტეტს შეუძლია შეაფასოს, რამდენად იქონია გავლენა პირადმა კავშირებმა დასაქმებაზე. აშშ-ის მთავრობას, ევროკავშირსა და მსოფლიო ბანკს აქვთ დასაქმების ძალიან საინტერესო მოდელი, რომლის გამოყენებაც შეიძლება დაქირავების პროცესის გარდაქმნისას.
დაბოლოს, ნეპოტიზმის სხვა ფორმების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც არ უკავშირდება დაქირავების პროცესს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და, ზოგადად, ხალხმა უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი გამჭვირვალობის შესახებ კამპანიებით, ნეპოტისტური პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებითა და პასუხისმგებელი პირების გადაყენებით.
ფართოდ გავრცელებული ნეპოტიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა საქართველოს ეკონომიკური პროგრესისთვის და მისი ევრო-ატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციისთვის. მართლაც, ევროკავშირთან ახლახანს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხების პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის საჭიროა, რომ ნეპოტიზმის პრობლემა გადაიჭრას საზოგადოების ყველა დონეზე. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს იმის აღიარება, რომ ნეპოტიზმი, მართლაც, არის პრობლემა.
Comments