ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ვინ თქვა „ჯერ შრომა, მერე ხტომაო?“ ბედნიერება და წარმატება (პირადი და ქვეყნის) თავსებადია

მსოფლიო ბედნიერების 2017 წლის ანგარიშში, ადამიანების ბედნიერების მიხედვით საქართველოს 125-ე ადგილი უჭირავს 155 ქვეყანას შორის. 0-10 ქულიან ბედნიერების შკალაზე, საქართველომ მხოლოდ 4.29 ქულა მიიღო. ქვემოთ მოცემული სურათი აჩვენებს როგორც საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების რეიტინგსა და ქულებს, ისე მსოფლიოს ყველაზე კარგი და ცუდი შედეგების მქონე ქვეყნებს. ბედნიერების რეიტინგში საუკეთესო ხუთი ქვეყანაა: ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია და ფინეთი. თუმცა ისინი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ მათ შორის განსხვავებები სტატისტიკურად უმნიშვნელოა და თავისუფლად შეგვიძლია „საუკეთესო შედეგების მქონე კლასტერში“ გავაერთიანოთ. რაც შეეხება საქართველოს, ის ყველა მეზობელ ქვეყანას ჩამორჩება ამ რეიტინგში.

გრაფიკი 1. შერჩეული ქვეყნების ბედნიერების რეიტინგი

დღეს ეკონომიკის პარადიგმის ცვლილების ცენტრში სწორედ ბედნიერებაა. სულ უფრო ძლიერდება მოსაზრება, რომ სოციალური პროგრესის ჯეროვანი საზომი სწორედ ბედნიერებაა და ის უნდა იყოს საჯარო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ახლახანს სიტყვით გამოსვლისას „მშპ-ის ტირანიის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ბედნიერებას, თუ გვსურს, კაცობრიობა განვითარდეს და ეს განვითარება იყოს მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი“. ზოგიერთი სკეპტიკოსი თვლის, რომ ბედნიერება არ არის სოციალური პროგრესის კარგი საზომი და მასზე ფიქრით დიდად არ უნდა შევიწუხოთ თავი, ნაცვლად ამისა კი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ ტრადიციულ საზომებზე, როგორებიცაა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ეკონომიკური ზრდა, ადამიანური კაპიტალი და ა.შ. იმისათვის, რომ ამ მოსაზრებას დავუპირისპირდეთ და ხაზი გავუსვათ ბედნიერების, როგორც სოციალური პროგრესის საზომის, მართებულებას, გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ ძალზე საინტერესო მიგნებები ეკონომიკური ლიტერატურიდან. დღეს ვისაუბრებთ ეკონომიკური ცვლადების, კერძოდ, შრომის ბაზართან დაკავშირებული ცვლადების, როლზე. მომავალში კი ვაპირებთ, შევეხოთ სხვა ცვლადებსაც, როგორებიცაა სოციალური ფაქტორები, განათლება, ოჯახური ცხოვრება, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა.


მაშ ასე, რა როლს ასრულებს ბედნიერება შრომის ბაზარზე?

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის სახელმძღვანელო სუბიექტური კეთილდღეობის გაზომვის შესახებ (2013 წ.) ასე განმარტავს ბედნიერებას: „ადამიანის მიერ ცხოვრებით სუბიექტური ტკბობა“ და ამბობს, რომ მისი გაზომვა შესაძლებელია ადამიანების მიერ ბედნიერების სუბიექტური აღქმის მეშვეობით. ადამიანების უმრავლესობა კვირაში ხუთ დღეს, დღეში კი მინიმუმ 8 საათს ატარებს სამსახურში, ამიტომ არსებითია იმის გაგება, თუ როგორ გავლენას ახდენს სამუშაო გარემო ადამიანების კეთილდღეობაზე და როგორ მოქმედებს ის შრომის ნაყოფიერებაზე. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში მონაცემები ამ ჭრილშია გაანალიზებული. კვლევის ძირითადი შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ:

i) მთელ მსოფლიოში დასაქმება ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია – დასაქმებული ადამიანები გაცილებით მაღალ შეფასებას აძლევენ თავიანთ ცხოვრების ხარისხს, ვიდრე უმუშევრები. სამსახურის ქონის მნიშვნელობა სცდება მასზე მიმაგრებულ ხელფასს და ძალიან ფასეულია დასაქმების ისეთ არამატერიალურ ასპექტები, როგორებიცაა სოციალური სტატუსი და სოციალური ურთიერთობები.

ii) სიმეტრიულად, ცხოვრებით უკმაყოფილება უმუშევრობასთან ასოცირდება. როგორც მონაცემები გვიჩვენებს, უმუშევრობის მაღალი დონის ეფექტი შორს ვრცელდება და აკნინებს იმ ადამიანების ცხოვრებით კმაყოფილებასაც, ვინც დასაქმებულია.

iii) ბედნიერებას განსაზღვრავს სამსახურის ტიპიც, დაბალი კვალიფიკაციის სამუშაო ბედნიერების უფრო ნაკლებ ხარისხთან ასოცირდება. ასევე, დაბალია სუბიექტური კეთილდღეობა ყველა შრომატევად სექტორში, მშენებლობაში, წარმოებაში, ტრანსპორტში, ფერმერობაში, მეთევზეობასა და მეტყევეობაში.

iv) სამსახურთან დაკავშირებული მახასიათებლების ანალიზი აჩვენებს, რომ კარგად ანაზღაურებადი სამსახურები, როგორც წესი, ბედნიერების მაღალ ხარისხთან ასოცირდება, თუმცა მთლიანობაში სხვა ფაქტორებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბედნიერებაში. კერძოდ, ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, სამუშაოს მრავალფეროვნება, ახლის სწავლის საჭიროება, პირადი ავტონომიის ხარისხი. ბედნიერების მაღალ ხარისხს განაპირობებს სამუშაოს უსაფრთოება და კარგი სოციალური გარემოც.

კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ პირადი ბედნიერების დონე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ეკონომიკაზე მთლიანობაში, რასაც შრომის ბაზრის უახლესი კვლევებიც ადასტურებს. ქვემოთ მოყვანილია ამის რამდენიმე მიზეზი:

i) ბედნიერი თანამშრომლები ბევრად პროდუქტიულები არიან. კომპანიების შედეგებზე დადებითად აისახება თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა – ამას ადასტურებს როგორც ექსპერიმენტული ლაბორატორიული კვლევები, ისე მტკიცებულებები რეალური ცხოვრებიდან. ნაყოფიერებას ზრდის როგორც ბედნიერების ხარისხის დროებითი ზრდა, ისე ბედნიერების ხარისხის გრძელვადიანი ცვლილება. სულ უფრო მეტი კომპანია უთმობს მეტ ყურადღებას საკუთარი თანამშრომლების ბედნიერებას. Google ამის ძალიან კარგი მაგალითია. კომპანიის უნიკალური კულტურა თანამშრომლების ბედნიერებაზეა ორიენტირებული (პროტო, ე. 2016 წ.).

ii) ბედნიერი თანამშრომლები მეტად შემოქმედებითები არიან და მათი ინოვაციური პოტენციალიც უფრო დიდია. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ კარგი განწყობა ადამიანებს უბიძგებს, მეტად შემოქმედებითი საქმეები აკეთონ (პროტო, ე. 2016 წ.; აისენი, ა. მ., და ჯ. რივი, 2005 წ.; ა.შ.).

ზოგიერთი ეკონომისტი გარდამავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, არასახარბიელო შედეგებს ბედნიერების კუთხით „ბედნიერების ნაპრალს“ უწოდებს. „ბედნიერების ნაპრალში“ მეცნიერები გულისხმობენ გარდამავალი და არაგარდამავალი ეკონომიკების მოსახლეობების ბედნიერების საშუალო ხარისხებს შორის განსხვავებას (სადაც კონტროლდება სხვა მაჩვენებლები, მაგალითად, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე). მეცნიერები თვლიან, რომ გარდამავალი პროცესი, რაც ამ ქვეყნების მოსახლეობამ გაიარა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ძალზე მტკივნეული იყო. დროთა განმავლობაში ეს ნაპრალი თითქოს მცირდება, მაგრამ უფრო ნელი ტემპით, ვიდრე ხდება ეკონომიკის ცვლილება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შემოსავლების ზრდა ჯერ კიდევ ვერ აკომპენსირებს იმ დანაკარგებს, რაც გარდამავალმა პერიოდმა მოიტანა. გარდამავალ ქვეყნებში ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას მეტი გავლენა აქვს ცხოვრებით კმაყოფილებაზე, ვიდრე ეკონომიკურ ზრდას. ეს არგუმენტები ნაწილობრივ ხსნის, თუ რატომ უჭირავს საქართველოს 125-ე ადგილი მსოფლიოს ბედნიერების რეიტინგში. ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ტრასნფორმაცია განსაკუთრებით მტკივნეული იყო საქართველოსთვის, ქვეყანამ მძიმე პოლიტიკური ცვლილებები, სამოქალაქო ომები, სამხედრო გადატრიალება და სულ ახლახანს, 2008 წელს, რუსეთთან ომი გადაიტანა. ამ პოლიტიკური ქარტეხილების და ეკონომიკური ტრანსფორმაციის შოკური თერაპიის შედეგად საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად შემცირდა გარდამავალ წლებში, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნების ეკონომიკები.

საქართველოში სამუშაო ადგილზე ბედნიერების და სამუშაოთი კმაყოფილების მნიშვნელობის აღქმა განსხვავებულია, ვიდრე იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ვყოფილვარ. საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც უკვე დიდი ხანია უმუშევრობა ორციფრიან მაჩვენებელს აღწევს (რომ არაფერი ვთქვათ კვალიფიკაციის შეუსაბამოდ დასაქმებაზე), ისინი, ვისაც „ნამდვილი“ სრულგანაკვეთიანი სამუშაო აქვს, დღე და ღამე მუშაობენ, როგორც წესი, კვირაში 40 საათზე მეტს. ზეგანაკვეთური მუშაობის პრობლემაზე წინა ბლოგში ვისაუბრეთ. გარდა ამისა, მხოლოდ რამდენიმე კომპანია აძლევს თანამშრომლებს მოქნილობას და ზრუნავს ბედნიერი სამუშაო გარემოს შექმნაზე. ეს კი ართულებს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვას. ზოგჯერ პროფესიულ წრეებში ბედნიერებაზე საუბარიც კი ირონიას იწვევს და მოსაუბრეს ზარმაც ადამიანად აღიქვამენ. თანამედროვე ქართველმა საზოგადოებამ ხელახლა უნდა ისწავლოს, რომ ბედნიერება და მუშაობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის;  ნორმალურია, რომ სამსახური ბედნიერებას განიჭებდეს, მეტიც, რომ ეს აუმჯობესებს ნაყოფიერებას და შემოქმედებითობას.

დასკვნის სახით, მინდა ერთი ფრიად სინტერესო ფაქტი გაგიზიაროთ და გავიხსენო გასულ წელს მეგობართან (რომელიც ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გამოთვლითი ბიოფიზიკის დოქტორია) ვიზიტი ლონდონში. ერთ დღეს ჩემი მეგობრის სამუშაო დღის დასრულების შემდეგ აღმოვჩნდით ბედნიერების მოძრაობის (Happiness Movement) შეკრებაზე, სადაც საუკეთესო პროფესიონალები სხვადასხვა დარგიდან იკრიბებიან ცვლილებების და უფრო ბედნიერი საზოგადოების ჩამოყალიბების სურვილით. ამ შეხვედრებზე წამყვანი ფსიქოლოგები, განათლების სპეციალისტები, ეკონომისტები, სოციალური ინოვაციის სპეციალისტები დამსწრეებს უზიარებენ უახლეს მეცნიერულ კვლევებს ბედნიერებაზე და ამგვარად უწყობენ ხელს უფრო ბედნიერი და მზრუნველი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ვიჯექი და მათი გამოსვლების მოსმენის ნაცვლად აუდიტორიას ვუცქერდი გაოცებული. გარწმუნებთ (მეგობართანაც გადავამოწმე), რომ აუდიტორია სავსე იყო წარმატებული პროფესიონალებით, რომლებიც სამუშაოს შემდეგ შეიკრიბენ, რომ ეფიქრათ და ნაბიჯები გადაედგათ ბედნიერების მოსაპოვებლად და გასავრცელებლად. ამან განმაცვიფრა და მჯერა, რომ მისაბაძი მაგალითია.

დღეს განხილული ბედნიერების კვლევებიდან მიღებული გაკვეთილი ის არის, რომ პოსტ-გარდამავალმა საზოგადოებებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ სამუშაო ადგილზე ბედნიერებას. ამით დავიწროვდება „ბედნიერების ნაპრალი“ და, ამავდროულად, სტიმულირდება (გარკვეულ დონემდე) ეკონომიკური ზრდა, რაც დააჩქარებს ეკონომიკური შერწყმის პროცესს.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners