XIX საუკუნის შუა ხანებში საქართველო ბევრად უფრო დანაწევრებული და უთანასწორო იყო, ვიდრე დღეს. ეს იყო საზოგადოება, რომელიც აერთიანებდა გაუნათლებელი გლეხების უზარმაზარ მასას (ძირითადად ყმები, რომლებიც ამუშავედნენ საკუთარი ბატონისა თუ ეკლესიის კუთვნილ მიწებს), ქალაქის მოსახლეობის ნაწილს (რომლის დიდი ნაწილი არ იყო ეთნიკური ქართველი, განსაკუთრებით თბილისში) და პროპორციულად შედარებით მრავალრიცხოვან დიდგვაროვანთა კლასს (5%-მდე), რომელიც ორგანიზებული იყო ხისტი იერარქიული სისტემის მიხედვით და განაგებდა ქვეყნის მიწების დიდ ნაწილს.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს ეროვნული აღორძინების დაწყება იმდენად იყო ქვეყნის ავტონომიის მოპოვება რუსეთის იმპერიის უღელქვეშ, რამდენადაც ეს იყო 1) ტრადიციული ფეოდალური წყობის რღვევა ქართველ საზოგადოებაში, 2) ქართული ენის რეფორმა (სალიტერატურო ქართული დაუახლოვდა სასაუბრო ქართულს) და 3) „ბნელი გლეხთა მასების“ განათლება.
მოდით, ვისაუბროთ ერთ ენაზე
ნიშანდობლივია, რომ ეროვნულ მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ არა რევოლუციონერები, არამედ განათლებული ადამიანები, რომლებიც გაერთიანდნენ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. 1879 წელს ცნობილი ქართველების, დავით ყიფიანის (პირველი თავმჯდომარე) და ილია ჭავჭავაძის (რომელმაც ყიფიანი შეცვალა 1885 წელს) მიერ დაარსებული ამ ორგანიზაციის მიზანი იყო „ქართველ გლეხებს შორის კულტურის აღორძინების ხელშეწყობა“. იმპერიის მესვეურთა მიერ ნებადართულ ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული იყვნენ ქართველი ინტელექტუალები, მათ შორის, ცნობილი განმანათლებელი და „დედაენის“ ავტორი, იაკობ გოგებაშვილი.
მათი თანამედროვე რუსული ნაროდნიკული მოძრაობის მსგავსად, ქართული ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელები რომანტიკულად უყურებდნენ ქართველ გლეხობას და ცდილობდნენ, ერთის მხრივ, განათლება მიეცათ მათთვის და, მეორეს მხრივ, ქართული არისტოკრატია და განათლებული ფენები დაეახლოვებინათ საკუთარ ხალხთან. ამ მხრივ მრავლისმეტყველია ეროვნული მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწისა და „სულიკოს“ ავტორის, აკაკი წერეთლის ამბავი. 1840 წელს, შეძლებულ ოჯახში დაბადებული და იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის ნათესავი აკაკი აღსაზრდელად გლეხს მიაბარეს სოფელ სავანეში. სწორედ ეს პერიოდია აღწერილი მის ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „ჩემი თავგადასავალი“: „ძიძაობა“ და ყმაწვილის სოფელში გაბარება ისტორიული ჩვეულება იყო ჩვენს ქვეყანაში: მეფეები და მთავრები ერისთავებს აბარებდნენ და აზრდევინებდნენ თავის შვილებს, ერისთავები და დიდებულები – აზნაურებს და აზნაურები კი გლეხებს: უფრო ხშირად თავადებიც გლეხებს აზრდევინებდნენ. ნუ გგონიათ, რომ მაშინდელი მშობლები უგულო ყოფილიყონ და შვილები დღევანდელ დედებზე ნაკლებ ჰყვარებოდეთ! აქ სულ სხვა მიზეზები და საფუძველი იყო: ეს გაზრდილ-გამზრდელობა აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა წოდებას, გარდა ნათელ-მირონობისა, თითქმის სისხლ-ხორცობა არ მიაჩნდათ ისე მტკიცე კავშირად, როგორც გამზრდელ-გაზრდილობა. არა თუ ძიძის შვილები და მათი ახლო მონათესავენი, მათი შორეული მოყვრებიც კი მზად იყვნენ ყოველ შემთხვევაში თავი დაედვათ გაზრდილის გულისათვის, და გაზრდილიც მარად ექომაგებოდა ამ ხალხს, და მისი ბრალია, რომ ამ უკანასკნელ საუკუნემდე ჩვენს ქვეყანაში უფრო კაცური და კეთილი განწყობილება იყო მაღალ და დაბალ წოდებას შუა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, რომ ამ გონივრულ ჩვეულების მიზეზი იყო ჩემი სოფელში გაბარებაც. და კურთხეულიმც იყოს ეს ჩვეულება!.. არ შემიძლია, არ გამოვტყდე, რომ, თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ვიზრდებოდი“.
აკაკის აქცენტი საერთო აღზრდისა და განათლების დამაკავშირებელ ფუნქციაზე ეხმაურება ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიურ ნააზრევს, რომელსაც მიაჩნდა, რომ ენის სწავლება და განათლება უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ერების ჩამოყალიბებაში. თავის ნაშრომში „მოსაზრებები პოლონეთის მთავრობაზე“ (1772 წ.) რუსო წერს: „განათლება არის ის, რამაც ეროვნული ნიშანი უნდა დააჩნიოს ადამიანთა გონებას და მისცეს მიმართულება მათ აზროვნებასა და გემოვნებას, რაც მათ პატრიოტებად აყალიბებს... ეროვნული განათლება არის თავისუფალ ადამიანთა პრივილეგია, რომლებიც იზიარებენ საერთო ინტერესებს და აერთიანებთ კანონი“.
ამ ფილოსოფიული ნააზრევის ფონზე, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ (და დავაფასოთ) აკაკისა და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სხვა წევრების როლი თანამედროვე ქართული ეროვნული თვითშეგნების ფორმირებაში. ამავე ნააზრევს ეხმიანება ის, რომ ჩვენ უნდა ვაფასებდეთ საქართველოს თანამედროვე საჯარო განათლების წარმატებასა თუ მარცხს.
სხვადასხვა სკოლებში სიარული და სხვადასხვა ენაზე საუბარი
1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკის სრული განადგურების გამო ქვეყნის განათლების სისტემა ქაოსმა მოიცვა. მასწავლებელთა თვეობით გაყინული ხელფასების, გათბობის არქონისა და მხოლოდ შემთხვევითი ელექტრომომარაგების ფონზე სისტემა მხოლოდ სახელად განაგრძობდა არსებობას, ის ვეღარ ასრულებდა თავის სასიცოცხლო ფუნქციებს. ბაზარმა ამას ვაკესა და თბილისის სხვა, შედარებით მდიდარ უბნებში კერძო სკოლების აღმოცენებით უპასუხა. 2012 წლისთვის თბილისში 122 კერძო სკოლა იყო (საერთო რაოდენობის 41%), რომელიც ემსახურებოდა 29,000 მოსწავლეს ქალაქის შეძლებული ოჯახებიდან (თბილისის სასკოლო მოსახლეობის 17%).
2012 წელს კერძო სკოლებში განათლებამიღებული მოსწავლეების რაოდენობით (60%) თბილისი პირველ ადგილზე იყო. ქუთაისი და ბათუმი, რომელთაც ჰყავს საკმაო რაოდენობის კერძო სკოლაში განათლებამიღებული მოსწავლეები, ბევრად ჩამორჩებიან მას.
ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, ქართველი ახალგაზრდების დაახლოებით 9%-ს, რომელიც ქვეყნის მომავალი ელიტაა, აქვს კერძო სკოლაში სწავლის პრივილეგია. ბევრი ამ დაწესებულებათაგან მართლაც შესანიშნავი სკოლაა, მოსწავლეებს სთავაზობენ საუკეთესო ინფრასტრუქტურას, შესანიშნავად ასწავლიან ინგლისურსა და სხვა უცხო ენებს, მათემატიკას, საბუნებისმეტყველო საგნებს, ისტორიასა და გეოგრაფიას, ხელოვნებასა და მუსიკას. როგორც წესი, კლასები ძალიან პატარაა, 2 მასწავლებელი 20-25 მოსწავლეზე. ტრადიციულ „სწავლებასთან“ ერთად, კერძო სკოლები ხშირად ყურადღებას უთმობენ ე.წ. „რბილ“ უნარ-ჩვევებს – გუნდურ მუშაობას, საჯარო მეტყველებასა და დისკუსიას. მოკლედ, აქ ყველაფერია, რასაც ბედნიერი ქართული ოჯახი ისურვებს საკუთარი შვილებისთვის.
მაღალი ხარისხის კერძო სკოლები შესანიშნავი ალტერნატივაა ჩამორჩენილი საჯარო სკოლებისთვის. ისინი პრობლემაზე მეტად, ამ პრობლემის გადაწყვეტაა. თუმცა საქართველოს მოსახლეობის 91% მოკლებულია სიცოცხლისუნარიან სასკოლო ალტერნატივას, რის გამოც ქვეყნის ეროვნული მშენებლობის პროექტი შეიძლება ვერ შესრულდეს. არა გარე აგრესიის გამო, არამედ სოციალურ ფენებს შორის გათიშულობის გამო, რომელთა წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა სკოლებში და საუბრობენ სხვადასხვა ენაზე.
Comments