ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ქართული ჩრდილოვანი ეკონომიკა – მისი წარსული და მემკვიდრეობა

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირს საკმაოდ დიდი ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკა ჰქონდა. საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო ძალიან მკაცრი ფორმალური სისტემა მაღალი დონის ბიუროკრატიითა და არაეფექტური დაგეგმარებით. ეს ბევრ პრობლემას ქმნიდა როგორც წარმოებაში, ისე მოხმარებაში. საბჭოთა მომხმარებელი განიცდიდა გამუდმებულ იმედგაცრუებასა და უკმაყოფილებას, რაც გამოწვეული იყო მისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების დაუსრულებელი ძიებით, რიგში დგომით, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ მიიღებდა მისთვის სასურველ საქონელს, საკმაოდ მაღალი რისკით, რომ მოუწევდა, დაკმაყოფილებულიყო უფრო დაბალი ხარისხის პროდუქციით ან საერთოდაც ვერ შეეძინა იგი (კორნაი, 1992 წ.). არც წარმოების თვალსაზრისით არ იყო სახარბიელო მდგომარეობა, მწარმოებლები გამუდმებით იდგნენ წარმოების საშუალებათა დაგვიანებით მიწოდების პრობლემის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ იძულებულნი იყვნენ, შეესრულებინათ გეგმის მოთხოვნები. შედეგად, აწარმოებდნენ მცირე ნაირსახეობის დაბალხარისხიან პროდუქციას, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ბაზრის მოთხოვნებს.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ გარემოებებმა მოამზადა ნაყოფიერი ნიადაგი ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის. რისი მოპოვებაც ოფიციალურად შეუძლებელი იყო, არაფორმალურად გახდა შესაძლებელი. არსებობდნენ „ვაჭრები“, რომლებიც აწარმოებდნენ პროდუქციას სახელმწიფო სექტორის პარალელურად და ვაჭრობდნენ „დეფიციტური“ საქონლით. „სპეკულიანტები“ მოიპოვებდნენ „დეფიციტურ“ საქონელს კავშირების მეშვეობით და შემდეგ მათ უფრო მაღალ ფასებად ყიდიდნენ. ბევრი სპეციალისტი იყო ჩართული კერძო პროფესიულ და ტექნიკურ მომსახურებაში ოფიციალური სამსახურის პარალელურად (ხშირად სამუშაო საათებშიც). ქრთამი, საქონლის გაცვლა და ურთიერთობებზე დამყარებული დახმარებები ყვაოდა.

დაგეგმილი ეკონომიკის პრობლემების მოგვარების არაფორმალური სტრატეგიები წარმოდგენილი იყო საბჭოთა ყველა  რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა საქართველო განსაკუთრებული შემთხვევა იყო თავისი არაფორმალურობის ძალიან მაღალი დონით. სხვადასხვა ანგარიშების თანახმად, საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველოს ჰქონდა ყველაზე დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც ძალიან დინამიური იყო და ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები სახელმწიფო სექტორში. დათვლილია, რომ საქართველოს არაფორმალური სექტორი ქვეყნის ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის 25%-ს შეადგენდა (ვაილსი, 1981 წ.). დღეს თუ ასაკოვან ქართველს ჰკითხავთ საბჭოთა კავშირში ცხოვრებაზე, მსგავს პასუხს მოისმენთ: „კომუნისტების დროს ჩვენ (ქართველები) ბევრად უკეთ ვცხოვრობდით, ვიდრე სხვები (სხვა რესპუბლიკების ხალხები)!“

რა განაპირობებდა საქართველოს „ლიდერობას“ არაფორმალურ სექტორში? საბჭოთა დიქტატურის მიერ შექმნილი სისტემა მეტ-ნაკლებად ჰომოგენური იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ალბათ, რესპუბლიკებს შორის მცირე განსხვავება იყო, მაგრამ, ცხადია, არც იმდენად დიდი, რომ ავხსნათ არაფორმალურობის ჭარბი დონე საქართველოში. ქართველების ამ „გადახრითი“ ქცევის უკან მდგომ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება, კულტურა ყოფილიყო.

ეკონომიკური ლიტერატურის თანახმად, ერის ძირითად კულტურულ ფასეულობებსა და მის არაფორმალურ ეკონომიკას შორი მჭიდრო კავშირი არსებობს. საქართველო, როგორც ძალიან ტრადიციული ქვეყანა, კარგი შემთხვევაა იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეს კავშირი. მარსმა და ალტმანმა (1983 წ.) ანთროპოლოგიური კუთხით შეისწავლეს საბჭოთა საქართველოს კულტურული საფუძვლისა და მისი მეორადი, არაფორმალური ეკონომიკის კავშირი და ძალიან საინტერესო შედეგები მიიღეს. საბჭოთა საქართველოს არაფორმალურობის მაღალი დონის გაგების მიზნით, ავტორებმა შეკრიბეს და გააანალიზეს ინფორმაცია 5000 ქართველი ებრაელისგან, რომელიც 1980-იან წლებში საბჭოთა საქართველოდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. საბჭოთა საქართველოში მცხოვრები ებრაელებიც იგივე კულტურული ნორმებით ცხოვრობდნენ და იმავე სოციო-ეკონომიკურ ჩვევებს ინარჩუნებდნენ, რასაც ქართველები. ამ კვლევის შედეგები შეიძლება მოერგოს ნებისმიერ ქართველს. ავტორების აზრით, ქართველი საზოგადოების უმთავრესი ფასეულობები – ღირსება და ნდობა – წარმოადგენს მყარ საფუძველს არაფორმალური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.

ღირსება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ოჯახის/კლანის საქმეა. ღირსების ცნება არ არის მუდმივი, ადამიანმა შეიძლება დაკარგოს და ხელახლა მოიპოვოს იგი. ამიტომ ოჯახის ყველა წევრი ისე უნდა მოიქცეს, რომ ოჯახის ღირსება არ შეილახოს. ქალები შედარებით პასიურ როლს თამაშობენ ღირსების მოპოვებაში, მათ, ძირითადად, უნდა შეინარჩუნონ იგი ოჯახს გარეთ სექსუალური მოკრძალებით.

მამაკაცები ღირსებას საქმითა და დომინანტობით მოიპოვებენ. სწორედ ამიტომ უწევთ ქართველ მამაკაცებს გამუდმებით ამტკიცონ საკუთარი ღირსება თავიანთ წრეში, რათა განაახლონ თავიანთი ურთიერთობები. ისინი ყოველთვის უნდა იყვნენ „ავანსცენაზე“, ჩაერთონ დემონსტრაციულ სანახაობებში, გაამარიაჟონ საკუთარი ადგილი იერარქიაში. ამისი მიღწევის ერთ-ერთი გზა არის „სუფრების“ ხშირი გაშლა, მეგობრებთან ერთად რესტორნებში სიარული და დალევაში შეჯიბრება.

ღირსების საფუძველი არის ნდობა. კაცს, რომელსაც ვერ ენდობი, ღირსება არ გააჩნია. მაგრამ რატომ კეთდება ამხელა აქცენტი ნდობაზე? ნდობა უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც იცი, რომ ვერ დაეყრდნობი ფორმალურ წესებს საკუთარი ინტერესებისა და კეთილდღეობის დაცვისას. ნდობა ფუნდამენტური მოთხოვნაა ჩრდილოვან ეკონომიკის მუშაობისთვისაც: უნდა ენდობოდე ადამიანს, რომ მასთან ერთად აკრძალული საქმიანობა დაიწყო. უფრო მეტიც, ნდობა ქმნის კავშირებს – რაც მეტად გენდობიან, მით ფართოა შენი კავშირები. რაც უფრო ფართოა კავშირები, მით უფრო დიდია შენი რესურსების ბაზა.

ქართველებს მათი ფართოდგავრცელებული ღირსების გრძნობისა და ნდობის გამო ჰქონდათ ზუსტად ის, რაც საჭირო იყო ჩრდილოვანი ეკონომიკის შესაძლელობებით სარგებლობისთვის საბჭოთა პერიოდში. მათ იცოდნენ, რომ ყოველთვის შეეძლოთ დაყრდნობოდნენ მეგობრებსა და ოჯახს გაჭირვების დროს, ამიტომ მათთვის მარტივი იყო მეტი რისკის გაწევა გამბედაობის, ღირსების, ნდობისა და წარმატებისადმი მათი დამოკიდებულების გამო.

ამგვარად, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა იმართებოდა არა ტრადიციული ან ინდივიდუალისტური დასავლური მიდგომით, არამედ ნოყიერი კულტურული ნიადაგით, რომელსაც ქმნის საერთო ფასეულობები, ოჯახური კავშირები და ადამიანური ურთიერთობები. სწორედ ამ თვისებების და არა ფორმალური წესების გამო იყო, რომ ქართული ჩრდილოვანი ეკონომიკა ყვაოდა საბჭოთა კავშირში.

ეს ხსნის ასაკოვანი ქართველების დამოკიდებულებას „ძველი დროისადმი“, როდესაც მართლაც გამბედაობის, ღირსების, კავშირებისა და სოლიდარობისადმი (განსაკუთრებით ხელისუფლების წინააღმდეგ) დამოკიდებულება საშუალებას აძლევდა ადამიანებს, უკეთ გამკლავებოდნენ სოციო-ეკონომიკური სისტემის ნაკლოვანებებს. მაგრამ რამდენად დადებითი როლი ითამაშა ამ აზროვნებამ გარდამავალ პერიოდში? და რამდენად ეხმარება ის ქართველებს ახლა?

ქართული ჩრდილოვანი ეკონომიკა წარმოუდგენლად გაიზარდა 1990-იან წლებში. IMF-ის მონაცემებით, 1994-1995 წლებში საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკა შეადგენდა ქვეყნის მშპ-ის 63%-ს (შნაიდერი, 2000 წ.). თუმცა თითქმის ყველა ქართველი დაგიდასტურებთ, რომ იმ დროს ყველაფერი ძალიან ცუდად იყო. კორუფცია ყვაოდა, სახელმწიფო კი უძლური იყო, ჯეროვნად შეესრულებინა საკუთარი ფუნქციები. მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, რომ მსგავს სავალალო სიტუაციაში ადამიანები ეყრდნობიან თავიანთ არაოფიციალურ კავშირებს, ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ გადარჩენისთვის ბრძოლაში არაფორმალური კავშირები უფრო ასუსტებდა საზოგადოებას ამ ისედაც მანკიერ ციკლში. 1990-იან წლებში საქართველომ განიცადა მშპ-ის ყველაზე დიდი ვარდნა საბჭოთა რესპუბლიკებს შორის (80%-ით მეტი). ეს იყო ვარდნა, რომლისგანაც ქვეყანა მხოლოდ ახლა გამოდის. საქართველოს ეკონომიკური აღორძინება ძირითადად 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო, რომელსაც მოჰყვა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შთამბეჭდავი შემცირება, რომლის პარალელურად მიმდინარეობდა შთამბეჭდავი რეფორმების „სეზონი“. მაგრამ რამდენად საკმარისია ახალი კანონმდებლობა ქცევების, ფასეულობებისა და ფსიქოლოგიური ჩვევების აღმოსაფხვრელად, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ღრმად იდგამდა ფესვებს ადამიანთა ცნობიერებაში?

მნიშვნელოვანი ანეკდოტური მტკიცებულება მოწმობს, რომ ძალიან ბევრი „ძირეული“ ფასეულობა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდას უწყობდა ხელს, ჯერ კიდევ აქ არის და მუშაობს. თუ ასეა, მაშინ არ უნდა ველოდეთ ამ ძალების მოკლევადიან პერსპექტივაში აღმოფხვრას ზედაპირული ინსტიტუციური რეფორმებით. უფრო ეფექტური პოლიტიკის გატარებისთვის უკეთ უნდა გავიგოთ, რა როლს თამაშობს არაფორმალურობა ქართულ ეკონომიკაში და რა გავლენა მოახდინა მიმდინარე ცვლილებებმა (თუ საერთოდ მოახდინა) ქართულ კულტურულ ფასეულობებზე. ჩვენს მომავალ სტატიაში შევეცდებით, შევისწავლოთ ეს საკითხი და შემოგთავაზოთ მისი სხვა საინტერესო მხარეები.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners