დადი კრავიცის მსგავსად, არც ქართველებს არ უნდათ თავიანთ მიწის ნაკვეთთან განშორება, რამდენადაც მცირე და არაპროდუქტიულიც არ უნდა იყოს იგი. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, საქართველოს სოფლის მეურნეობაში, უკვე დიდი ხანია, არავითარი სტრუქტურული ცვლილება არ ხდება, რის გამოც სექტორის პროდუქტიულობა დაბალია, რაც საზოგადოების ყველაზე ღარიბ ფენებს შემოსავლების გარეშე ტოვებს. დღეისთვის სოფლის მეურნეობაში დასაქმების (უფრო მართებული იქნებოდა, არასაკმარისი დასაქმების) მაჩვენებელი შემაძრწუნებელია: სექტორში დასაქმებულია მთლიანი სამუშაო ძალის 45%.
როგორც აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია, „სოფლის მეურნეობაში ჩარჩენილი მეტისმეტად ბევრი ქართველი“ იყო სააკაშვილის მთავრობის მოდერნიზაციის იდეოლოგიის უმთავრესი პოსტულატი. ამიტომ იმისთვის, რომ საქართველო დასწეოდა დასავლეთს, ქვეყანას მოუწია მიწის კონსოლიდაციისა (მცირე, 1 ჰექტარზე ნაკლები მიწის ნაკვეთების ადგილზე მსხვილი კერძო ფერმების შექმნა, რაც წარმოადგენს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო საკუთრების ძირითად ფორმას) და ურბანიზაციის პროცესის გავლა. შედეგად მივიღეთ ლაზიკის მსგავსი ახალი ქალაქების შენების იდეა და სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის აქტიური უგულებელყოფა (რათა მცირე მიწის მფლობელები ჩამოეშორებინათ სოფლის მეურნეობისთვის). როდესაც, ბოლოს და ბოლოს, 2010-2012 წელს მთავრობამ დაიწყო სოფლის მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების დარიგება, ეს წმინდა პოლიტიკური მიზნებით გაკეთდა.
ქართულ სოფლის მეურნეობას აქვს პოტენციალი, იყოს უფრო ეფექტური, როგორც ერთ სულ მუშაზე, ისე ერთ ჰექტარზე. თუმცა ეფექტურ სოფლის მეურნეობას, რაც საქართველოში შეიძლება განვითარდეს, სულაც არ სჭირდება „მიწის კონსოლიდაცია“. ქართველ მცირე მიწის მფლობელებს არ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ მსოფლიოს, ვთქვათ, სოიოსა და სიმინდის წარმოებაში, სადაც მასშტაბს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არც უნდა ცდილობდნენ ამას. საქართველოს შეიძლება ჰქონდეს უპირატესობა ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაში, როგორიცაა ბრენდული ალკოჰოლი, აბრეშუმი, თაფლი, ყველი, ელიტური ჩაი, ან ორგანული ვაშლი, ციტრუსი და თხილი, სადაც წარმოების ხარჯები არ არის დამოკიდებული მასშტაბებზე.
თუმცა წარმატების მისაღწევად ქართველ გლეხებს მოუწევთ, გახდნენ უკეთესები ფერმერები. მათ უნდა ჰქონდეთ უკეთესი ორგანიზაცია, გამოიყენონ მასშტაბის ეკონომიკა ფინანსებზე, წარმოების საშუალებებსა და მომსახურებებზე, ერთობლივ გადამუშავებასა და მარკეტინგზე წვდომის მისაღებას. დიახ, ისინი უნდა გახდნენ პროფესიონალი ფერმერები.
საქართველოს სჭირდება დინამიური მიწის ბაზარი!
საქართველოსთვის (და გლეხებისთვის) სამწუხაროდ, საქართველოს სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს პროფესიონალობამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავისა თუ სხვების დახმარება. და მაინც, ისინი ვერ ელევიან თავიანთ მცირე მიწის ნაკვეთებს, მიწისადმი სენტიმენტალური დამოკიდებულებისა თუ მომგებიანი ურბანული დასაქმების შესაძლებლობათა სიმწირის გამო.
დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას სასწრაფოდ სჭირდება ახალ სისხლი – უცხოეთში განათლებამიღებული პროფესიონალები თუ ბაია აბულაძისა და მისი მეგობრების მსგავსი ახალგაზრდა ენთუზიასტები. ერთის მხრივ, საჭიროა მიწის გარკვეულ დონეზე კონსოლიდაცია და ეტაპობრივი გადასვლა ინდუსტრიული ფერმერობის მეთოდებზე (როგორც ხდება, მაგალითად, კახეთში). მეორეს მხრივ, საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს საოჯახო ფერმების განვითარებას. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება ეფექტური საბაზრო მექანიზმების გარეშე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მიწა სოფლის მეურნეობაში ჩარჩენილთაგან პროფესიონალების ხელში გადავიდეს.
ამიტომ მილიონდოლარიანი კითხვა შემდეგია: რა შეიძლება გაკეთდეს ქართული მიწის ბაზრის გამოსაცოცხლებლად?
უცხოური ჩარევა? სააკაშვილის მთავრობამ 2010-2012 წლებში სცადა პრობლემის ძალიან ორიგინალური, მიშასეული გზით მოგვარება. იდეის მთელი არსი გულისხმობდა ფასების გაზრდას მიწაზე დახარბებული უცხოელებისთვის მიწის ბაზრის გახსნით (ზოგიერთს თბილისში ჩამოსვლისთანავე საქართველოს მოქალაქეობაც კი მიანიჭეს). მათ ეგონათ, რომ ქართველი იძულებით ფერმერები მაშინვე გაყიდდნენ მიწას, როგორც კი ფასები გაიზრდებოდა.
თავიდან ეს თითქოს კარგი იდეა იყო. მიშას მოწვევას მალევე გამოეხმაურენ სამხრეთ აფრიკელი ბურები, ეგვიპტელები, პენჯაბი და ირანელი ინვესტორები. მთავრობა სწრაფად მობილიზდა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ნაწილი მიჰყიდა უცხოელ ფერმერებს. დამატებითი მიწის ხელში ჩაგდება შესაძლებელი იყო მეორად ბაზარზე, ქართველი შუამავლების დახმარებით, რომლებიც მაშინვე გამოჩნდნენ ასპარეზზე, როგორც კი ხელსაყრელი შესაძლებლობები გამოჩნდა.
თუმცა ამ სტრატეგიამ მაშინვე გამოიწვია უკურეაქცია, როგორც კი უცხოელმა ფერმერებმა იმ სასაძოვრე მიწების შემოღობვა და დამუშავება დაიწყეს, რომელთაც ადგილობრივები საკუთარი პირუტყვისთვის იყენებდნენ. გაყიდვისა და ქალაქში წასვლის ნაცვლად, სოფლის მოსახლეობამ დაიწყო შემოღობილ საკუთრებაზე იერიშის მიტანა. ამას მოჰყვა უსიამოვნო ინციდენტების სერია და შეტაკებები მიწის ახალ მფლობელებსა და პოლიციასთან. 2013 წლის ივნისში საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ეს თავი დამთავრდა სამარცხვინო მორატორიუმით, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას უზღუდავდა.
მიწის რეგისტრაცია? საქართველოს მიწის ბაზრის სისუსტის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზი არის მიწების არასრული რეგისტაცია. საქართველოს ელექტრონულ კადასტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ მცირე ნაწილია ჯეროვნად დარეგისტრირებული. ამ ხარვეზის გამოსწორება შეიძლება თავისთავად კარგი იდეა იყოს (რათა დავიცვათ საკუთრების უფლება). თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ახლახანს წარმოადგინა ახალი, ფრიად რევოლუციური იდეა, რომელიც მიწის მფლობელებს ავალდებულებს, ერთ წლის ვადაში დაარეგისტრირონ მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მათი მიწების დეიურე ნაციონალიზაცია.
სამინისტროს ზრახვებში ეჭვი არავის არ ეპარება, მაგრამ ასეთი ამბიციური ვადა ბევრ პრობლემას აჩენს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცესი გულისხმობს შესწავლის ძვირადღირებულ პროცესს, რისი საშუალებაც ფერმერებს შეიძლება არ ჰქონდეთ. და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმას რომ თავი დავანებოთ, თუ რამდენად შეძლებს მთავრობა დავების მოგვარებას (მაგ.: არასწორი საზღვრები, ყალბი დოკუმენტები), იუსტიციის სამინისტრომ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თავად საკუთრების უფლება, რომელსაც, წესით, თვითონ უნდა იცავდეს.
რამდენად რეალურია, რომ მიწების რეგისტრაციის დასრულება მოუტანს ქართული მიწის ბაზარს მისთვის საჭირო იმპულსს? აშკარაა, რომ ბევრი გლეხი თავს არ იწუხებს მიწის რეგისტრაციით, რადგან არ არის დაინტერესებული მისი გაყიდვით. რატომ უნდა გაყო თავი ბიუროკრატიულ ხათაბალაში და გადაიხადო მაღალი გადასახადები, თუ მყიდველი არ გყავს? თუ ასეა, გამოდის, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა უსარგებლოა. ბევრი ფერმერი გააგრძელებს საკუთარი მიწის ნაკვეთზე ჯდომას, დარეგისტრირებული ექნება თუ არა.
მიწის გადასახადი? ცხადია, გადასახადი, თუ საკმარისად მაღალი იქნება, ბევრად სწრაფად აიძულებს ქართველი გლეხების უმრავლესობას, დათმოს მიწა. თუმცა ასეთი სტრატეგიის გახმოვანებაც კი პოლიტიკური ჰარაკირის ტოლფასი იქნებოდა ქვეყანაში, სადაც სოფლის ამომრჩეველს აქვს გადამწყვეტი ხმა. მეტიც, რას უზამს საქართველო ათასობით მშიერ და გაბრაზებულ გლეხს??? ქვეყნის კერძო სექტორი ვერ შეძლებს ყველას სამუშაოთი უზრუნველყოფას (ტაქსისტები უკვე თავზესაყრელად გვყავს). ამდენი ადამიანისთვის სოციალური დახმარების მიცემა კი იმაზე ბევრად უარესია, ვიდრე მათთვის ცხოვრების ტრადიციული წესის, მიწის ნაკვეთისა და ღირსების შენარჩუნება.
დაბოლოს, რას იტყვით სასოფლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე?
ქართველი გლეხების მიწაზე ასეთ მიჯაჭვულობას თავისი მიზეზი აქვს. ერთის მხრივ, მიწის ქონა არავითარ ხარჯს არ მოითხოვს. სასოფლო-სამეურნეო მიწა არ იბეგრება. სარწყავი ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ინვესტიციას საჭიროებს, თითქმის უსასყიდლოდ მიეწოდებათ (წყლის მოხმარება არ აღირიცხება. მეტიც, გლეხები ხშირად იპარავენ წყალს ღია არხებიდან და ქართული მელიორაციის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც კი, ირიგაციისთვის მიზერულ ფასს იხდიან). დაბოლოს, სასოფლო-სამეურნეო მიწის ქონის ალტერნატიული დანახარჯი ძალიან დაბალია. მიწის ფასი იმდენად დაბალია, რომ ფერმერი ვერ შეძლებს აღებული ფულით მეზობელ ქალაქში გადასვლასა და იქ ახალი ბიზნესის დაწყებას.
ამავე დროს, მიწის ნაკვეთზე უარის თქმის ალტერნატიული დანახარჯი ფერმერებისთვის მეტისმეტად მაღალია. უპირველეს ყოვლისა, მიწის მცირე ნაკვეთი არის შესაძლო შიმშილისგან თავის დაცვის საშუალება. მეორეც, სოფლად მცხოვრები საოჯახო მეურნეობები ხშირად სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური დახმარების პროგრამებით, სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებით (ვაუჩერები, შეღავათები ფასებზე, უფასო დაზღვევა) და დონორების მიერ დაფინანსებული შეღავათების პროგრამებით. აღარაფერს ვამბობთ სოფლად ცხოვრების ხარისხსა და თავისუფლებაზე, რაც მიწას მოაქვს.
გასაკვირი სულაც არ არის, რომ თითქმის არავითარი ხარჯი და უამრავი სარგებელი ქართველ ფერმერებს მიწას აჯაჭვებს.
ჩიხი? ასეც ვერ ვიტყვით, თუ დროთა განმავლობაში გამოვიყენებთ ორმაგ მიდგომას. ერთის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ღირებულება უნდა გაიზარდოს. ეს შესაძლებელია, თუ სოფლის ინფრასტრუქტურასა (მათ შორის სოფელში მისასვლელ გზებში, სამელიორაციო და სარწყავ სისტემებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მიწის პროდუქტიულობას) და კეთილმოწყობაში (სკოლები, ჯანდაცვა, კულტურა) სისტემატურად ჩაიდება საჯარო ინვესტიციები.
მეორეს მხრივ, გლეხებს ეტაპობრივად უნდა გაუუქმდეთ სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიები, რაც მოუსპობს მათ სოფლის მეურნეობაში დარჩენის საშუალებას. სარწყავი ტარიფების შემოღება შეიძლება კარგი დასაწყისი იყოს. თანამედროვე სარწყავი სისტემებით მომარაგებული მიწის შენახვა უფრო ძვირი უნდა ჯდებოდეს, მიუხედავად იმისა, იყენებს თუ არა მას ფერმერი.
შედეგი იქნება ბაზარზე ორიენტირებული თვითსელექცია უფრო პროფესიონალი, კომერციული საოჯახო ფერმერობისა და ურბანული მიგრაციისკენ. მონდომებული ფერმერები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა გადავიდნენ უფრო პროდუქტიული მოსავლის და/ან კულტივაციის მეთოდების გამოყენებაზე. იძულებით ფერმერები კი გაყიდიან თავიანთ მიწის ნაკვეთებს (რომელსაც მეტი კომერციული ღირებულება ექნება) და სხვა სექტორებში გადავლენ.
სტატიის ავტორი არის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტი.
Comments