ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

პოლიტიკური გადაბრალების თამაში: როგორ დავაღწიოთ კაცთა მოდგმის ამ გამანადგურებელ სენს თავი?

წარმოიდგინეთ ორ ადამიანს შორის გამართული დიალოგი, რომელთაგან ერთი, სერგე, კომპანიის პრეზიდენტია, მეორე, ლარი, აღმასრულებელი დირექტორი:

სერგე: იცი, ლარი, კომპანიის საფონდო ბირჟის მონაცემები ძალიან კარგად გამოიყურება დღეს. Wall Street Journal ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის დამსახურებაა, რომელსაც კომპანია სწორი მიმართულებით მიჰყავს!

ლარი: კარგი, რა, სერგე, ყველამ ვიცით, რომ აქ ყველა გადაწყვეტილებას პრეზიდენტი არ იღებს. და, სხვათა შორის, მონაცემები ბევრად უკეთესი იქნებოდა, შენს დიზაინის გუნდს ის ვარდისფერი სათვალეები რომ არ გაეკეთებინა.

სერგე: ოჰო, გამოდის, იმდენად მნიშვნელოვანი ხარ, რომ ყველაფერი შენი დამსახურებაა. მაშინ ვინ არის მაგ სათვალეებზე პასუხისმგებელი? ეგ შენი ზედამხედველობის დროს მოხდა და არა ჩემი. და, სხვათა შორის, გახსოვს 2008 წელს უგლის ფასი 10 პროცენტით რომ დაეცა?

ლარი: ჰეი, სერგე, მოიცა, ეგ 2008 წელს იყო, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, ყველა კომპანიის ფასი დაეცა.

სერგე: მაგაზე თავს ნუ იმართლებ, ლარი. მაშინ მე რომ ვყოფილიყავი დირექტორი, მსოფლიო ფინანსური კრიზისი საერთოდ არ მოხდებოდა...

ამგვარი დიალოგის მოწმე რომ გამხდარიყავით, დაფიქრდებოდით უგლის მომავალზე? დიახ, მგონი, ყველა დაფიქრდებოდა. სწორედ ამიტომაა, რომ წარმატებული კომპანიების საბჭოს სხდომებზე ასეთ დიალოგებს ვერ მოისმენთ.

თუმცა აიღეთ ორი დაპირისპირებული ქართული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ასეთი დიალოგის წარმოდგენა აღარ გაგიჭირდებათ.

რა თქმა უნდა, გადაბრალების თამაში უნიკალური ქართული ფენომენი არ არის. პოლიტიკოსები ამგვარ ტაქტიკას სხვაგანაც მიმართავენ. მართლაც, გადაბრალების თამაში არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, უცნაური და აუხსნელი რიტუალი.


გადაბრალების თამაში, როგორც რიტუალი

ძველად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კრიზისის შემდეგ, ადამიანები ყოველთვის ეძებდნენ ვიღაცას, ვისაც დააკისრებდნენ პასუხისმგებლობას მომხდარზე. უძველეს საზოგადოებებს ჰყავდათ განტევების ვაცი (ცხოველი ან ადამიანი), რომელთაც მსხვერპლად სწირავდნენ თავს დატეხილი უბედურების შემდეგ. ადამიანებს სწამდათ, რომ მსხვერპლი განწმენდდა საზოგადოებას და ეხმარებოდა მას ღმერთების სასჯელისგან თავის არიდებაში.

განტევების ვაცად ხშირად იყენებდნენ გასამართლებულ დამნაშავეებს ან ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს, რომელთაც ქალაქში ჩამოატარებდნენ და შემდეგ სიკვდილით სჯიდნენ.

სიტყვა „განტევების ვაცი“ გვხდება ლევიტელთა წიგნში. „იომ-ქიფურის“ („განკითხვის დღე“) დროს ებრაელები იყენებდნენ ორ თხას, რომელიც მათ ცოდვებს განასახიერებდა. ერთი გამოიყენებოდა ღვთის სადიდებლად, მეორე კი აზაზელის, ბოროტი სულის, დასამშვიდებლად. მღვდელს ებრაელთა ცოდვები აზაზელისთვის განკუთვნილ თხაზე გადაჰქონდა და, თხისდა სამწუხაროდ, უდაბნოში უშვებდა.

გადაბრალება პოპულარული იყო ანტიკურ საბერძნეთშიც. ძლევამოსილი მმართველები ხშირად სიკვდილით სჯიდნენ ცუდი ამბის მომტანთ, იმის იმედით, რომ შიკრიკის სიკვდილი როგორღაც გააბათილებდა ცუდ ამბავს. ამ დროების არტეფაქტის სახით დღემდეა შემორჩენილი ანდაზა „არ მოკლა შიკრიკი“.

დღეს ითვლება, რომ განტევების ვაცი ანთროპოლოგიური ატავიზმია და ნიშნავს გამანადგურებელ, უსარგებლო პრაქტიკას. ცხადია, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად სხვისკენ თითის გაშვერას ალმაცერად უყურებენ ბიზნეს-წრეებში.

მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ დაძლიეს ცდუნება, სხვას დააკისრონ პასუხისმგებლობა რთულ სიტუაციებში. გადაბრალების თამაშის კულტურა  აგრძელებს არსებობას თანამედროვე პოლიტიკაში, სადაც ადამიანები პასუხისმგებელნი არიან ქვეყნების მართვაზე.


გადაბრალების თამაში თანამედროვე პოლიტიკაში

პოლიტიკური პარტიები მთელ მსოფლიოში გამუდმებით ცდილობენ, მოიზიდონ მხარდამჭერები და რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩნენ ხელისუფლებაში. ამ თამაშს ორი მარტივი წესი აქვს:

1) ყოველთვის დააბრალე პოლიტიკურ ოპონენტს. ასე მოიქეცი ყოველთვის, როდესაც რაღაც არ არის წესრიგში ეკონომიკასა თუ საზოგადოებაში, ან ყველაფერი წესრიგშია (ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ ყველაფერი შეიძლება უკეთ იყოს)

2) ყოველთვის წინასწარ მოიშორე პასუხისმგებლობა, რათა, შეცდომის შემთხვევაში, წინასწარ აიცილო მოსალოდნელი ბრალდებები. უმარტივესი გზაა სარისკო რეფორმების (თუნდაც საჭირო იყოს) თავიდან არიდება ან ასეთ რეფორმებთან დაკავშირებული მოლოდინების შემცირება ცუდი საწყისი პირობების (ეროვნული ვალის მაღალი დონე, ცარიელი ხაზინა) გამო, რაზეც პასუხისმგებლობა შენს წინამორბედს ეკისრება.

პირველმა ნაწილმა შეიძლება უამრავი ფორმა მიიღოს. მაგალითად, ცნობილია, რომ ზოგადად მოქალაქეები აკვირდებიან კონკრეტული რეფორმების შედეგებს, მაგრამ მათ ცოტა რამ იციან ფარდის მიღმა გადაწყვეტილების მიღებისა თუ მისი განხორციელების პროცესზე. ამიტომ სამთავრობო კოალიციაში, რომელშიც რამდენიმე პარტია შედის, მმართველმა წევრებმა შეიძლება დაბლოკონ ესა თუ ის რეფორმა, თუნდაც მხარს უჭერდნენ მას, საჯაროდ კი რეფორმის წარუმატებლობაში სხვა პარტიები დაადანაშაულონ. ამგვარი თამაშის ერთადერთი მიზანი არის მეტოქე პარტიის საჯარო რეპუტაციის შელახვა. საუბარიც ზედმეტია, რომ „გადაბრალების“ თამაში სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის რეპუტაციასა თუ ეკონომიკაზე.

მეორე ნაწილი, „დანაშაულის თავიდან აცილების“ პრაქტიკა, ალბათ, კიდევ უფრო დესტრუქციულია, ვიდრე „გადაბრალება“. ის საფუძველს უყრის ორგანიზაციულ სტრუქტურას, სადაც არავინ არაფერზე არ არის პასუხიმგებელი.


გადაბრალების თამაში საქართველოში და მისი შედეგები

ქართულ პოლიტიკაში გადაბრალების პრაქტიკის თანამედროვე თუ ისტორიული მაგალითების პოვნა არც თუ ისე ძნელია.

მაგალითად, როდესაც 1921 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, მარცხის რეალური მიზეზების პოვნის ნაცვლად, პოლიტიკოსები ერთმანეთისკენ იშვერდნენ თითს.

თანამედროვე ეპოქაში, 2003 წლის (ვარდების რევოლუციის) შემდეგ, ახალი მთავრობები ყოველი წარუმატებლობისას პრობლემების მოგვარების გზის პოვნას ძველი მთავრობების დადანაშაულებას ამჯობინებდნენ.

ჩვენ ყველანი ვართ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე სიტყვიერი დაპირისპირებების მოწმენი. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ადანაშაულებენ ქართული ოცნების კოალიციას სახელმწიფო ბიუჯეტის არასწორი მართვის, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპისა თუ ლარის გაუფასურების გამო. ქართული ოცნების კოალიციის ლიდერები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანმა მმართველობამ იმდენად დააზარალა ქართული ეკონომიკა, რომ რთულია სასურველი ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა. ისინი, არც ეროვნული ბანკის მმართველებს ინდობენ (რომელთაც თანამდებობა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაიკავეს), როდესაც საუბარია 2014-2015 წლების ლარის გაუფასურებაზე.

გარე დამკვირვებელს ყველა ეს უთანხმოება შეიძლება ბავშვობად მოეჩვენოს, მაგრამ ის სერიოზულ ეკონომიკურ გავლენას ახდენს ქვეყანაზე. მაგალითად, „ლარის გაუფასურების გადაბრალების თამაში“ გახდა საფუძველი კანონმდებლობისა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოართვა. ამ კანონმდებლობამ ბევრი უსიამოვნება მოუტანა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და, გარკვეულწილად, გავლენა მოახდინა კერძო უცხოელი ინვესტორების გადაწყვეტილებაზე.


პრობლემის გადაჭრა: დავაბრუნოთ განტევების ვაცი?

როგორც ჩანს, პოლიტიკური თამაშის მთავარი სტრატეგია არის ოპონენტის განტევების ვაცად ქცევა. სამწუხაროდ, ამ სტრატეგიას სოციალურად არაეფექტურ შედეგებამდე მივყავართ და ნაცვლად იმისა, რომ პრობლემები მოაგვარონ, პოლიტიკოსები აფრთხობენ ინვესტორებს.

შესაძლოა, უძველესი საზოგადოებები სულაც არ იყვნენ უგუნურნი, როდესაც საზოგადოების ცოდვებზე პასუხისმგებლობას უმწეო ვაცს აკისრებდნენ, იმის ნაცვლად, რომ ჩართულიყვნენ ორმხრივი ბრალდებებისა და ერთმანეთისკენ „თითისშვერის“  მავნებლურ პრაქტიკაში?

რას იტყვით ასეთ გამოსავალზე: უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ შემდეგში, როდესაც მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი არ იქნება საკმარისად კარგი, ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების პარლამენტარები იკრიბებიან და უშვებენ ვაცს ბუნებაში. რა თქმა უნდა, ცხოველთა უფლებების დამცველებიც იქნებიან მოწვეულნი, რათა, საფრთხის შემთხვევაში, უმალვე იხსნან უცოდველი ცხოველი.

ვინაიდან არჩევნები ახლოვდება და პარტიზანული პოლიტიკა კიდევ უფრო აუტანელი ხდება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმედი გვქონდეს, რომ პოლიტიკოსები ლევიტელთა წიგნის უძველეს სიბრძნეს ყურად იღებენ. პირდაპირ თუ არა, მორალურად მაინც.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners