ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

რა გავლენას ახდენს რელიგია საქართველოს ეკონომიკაზე?

WIN/Gallup-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველთა 93% თავს რელიგიურად მიიჩნევს. მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანას, ტაილანდს, აქვს უფრო მაღალი მაჩვენებელი, სადაც ეს რიცხვი 94%-ს აღწევს. საქართველოს მსგავსი მაჩვენებელი გვხვდება მხოლოდ სომხეთში, ბანგლადეშსა და მაროკოში. მსოფლიოს სხვა ქვეყნები შედარებით ნაკლებად არიან მოცულნი რელიგიით. მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა მხოლოდ 63% თვლის თავს მორწმუნედ, ზოგიერთ ქვეყანაში ეს რიცხვი ბევრად ნაკლებია, მაგალითად ჩინეთში მოსახლეობის მხოლოდ 7% მიიჩნევს თავს მორწმუნედ, იაპონიაში – 13%.

საქართველო ამ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, ამიტომ მინდა შევეხო ასეთი მტკიცე რწმენის ეკონომიკურ შედეგებს. შეიძლება მკითხველთა ნაწილმა ჩათვალოს, რომ ეკონომიკისა და რელიგიურობის დაკავშირება უაზრობაა, მაგრამ კვლევის ამ მიმართულებას დიდი ხნის ტრადიცია აქვს და ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენაც უკავშირდება. ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო რწმენის სისტემის იმ თავისებურებებზე, რაც აკადემიური კვლევის ამ მიმართულების თანახმად, ხელს უწყობს ან უშლის ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას. მკითხველს, რომელიც ჩემზე უკეთ იცნობს ქართულ მართლმადიდებლობას, შეუძლია საკუთარი დასკვნები გამოიტანოს.


საიქიო თუ სააქაო

რელიგიები განსხვავდება ერთმანეთისგან საიქიოსადმი დამოკიდებულებით. ალბათ, ყველაზე უკიდურესი შემთხვევებია იუდაიზმი და ისლამი. ცნობილი ამერიკელი რაბინის, ნეილ გილმანის აზრით, დიდი ხნის განმავლობაში იუდაიზმი არც კი იცნობდა საიქიოს ცნებას: „პირველად ფიზიკური აღდგომა გვხვდება დანიელთან, რომელიც ბიბლიური პერიოდის ბოლოს ჩნდება. მანამდე სიკვდილი არის სიკვდილი. კვდები და მორჩა. ებრაულ წერილებში სული, როგორც არსი, არსად გვხვდება. სუნთქვა არის ის, რაც აცოცხლებს სხეულს, სიკვდილი კი არის ნაპერწკლის გაქრობა“ (ფრაზა ნეილ გილმანის საუბრიდან რობერტ კუნთან, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ვებ-გვერდზე closertotruth.com). გილმანი განაგრძობს, რომ საიქიოს იდეა იუდაიზმში შემოდის მაკაბელთა ომების დროს, როდესაც გაჩნდა მოწამეთა საჭიროება. ძალიან ძნელი იყო მებრძოლთა შთაგონება, მსხვერპლად გაეღოთ საკუთარი სიცოცხლე სელევკიდების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ სანაცვლად არ მიიღებდნენ ჯილდოს. ასეთ სიტუაციაში „შემოდის დანიელი, რომელიც ამბობს, რომ სიკვდილი არ არის დასასრული, რომ ის, ვინც ღვთის, თორასა და ისრაელისთვის თავს გასწირავს, ცხონდება“.

თანამედროვე ეპოქაში საიქიო საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ებრაელ მორწმუნეებში. თუ ცუდსა და კარგს შედეგები მოჰყვება, ამას სააქაოშივე უნდა ველოდოთ. 2003 წელს, როდესაც ტერორისტული თავდასხმისას ავტობუსი აფეთქდა იერუსალიმის ულტრაორთოდოქსულ უბანში, შმუელ ჰა-ნავიში, რომელმაც დასავლეთის კედელთან ლოცვიდან მომავალი 20 ადამიანი შეიწირა, ულტრაორთოდოქსი საზოგადოების წარმომადგენლებმა ეს ცოდვების სასჯელად მიიჩნიეს. როგორც ულტრაორთოდოქსი ებრაელი, სახელად ჰეხკელ როზენბომი, ხსნიდა: „თავდასხმა მოხდა „შუა“, 3-კვირიანი არდადაგებების პერიოდში, რომელსაც ულტრაორთოდოქსი საზოგადოება იღებს ზაფხულში. ამ პერიოდში ისინი თავს უფლებას აძლევენ, წავიდნენ ზღვაზე, სადაც ქალთა და კაცთა განცალკევებით ბანაობის კანონი არ არის დაცული. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მიანიშნებს ისრაელის მოსახლეობას, რომ აპ პერიოდშიც კი ადამიანი უნდა კითხულობდეს თორას. ყოველთვის იკითხე თორა“ (ციტირებულია მაარივში გამოქვეყნებული ხაიმ ლევინსონის სტატია).

მეორე უკიდურესობა არის ისლამი, სადაც სააქაო ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა „გამოცდა“, რომელშიც მორწმუნეები და ცოდვილები განირჩევიან და, თუ ადამიანი ჩააბარებს გამოცდას, ეძლევა საშვი სამოთხეში. ეს სამყარო სხვა არაფერია, თუ არა „დუნია“, თავისთავად უმნიშვნელო და მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი მარადიული ცხოვრების დასაწყებად. რისკი მაღალია: მარადიული სამოთხე თუ მარადიული ჯოჯოხეთი (ამიტომ თვითმკვლელი ტერორისტების მოძიება მუსლიმებში განსაკუთრებით ადვილია, რადგან ერთი სასიკვდილო საქციელით მარადიული ცხოვრების მოპოვების მოტივაცია მაღალია). მაგრამ რა ხდება ეკონომიკასთან მიმართებაში?

რაც მეტად არის ადამიანი ორიენტირებული საიქიოზე, მით ნაკლებად აინტერესებს სიმდიდრის დაგროვება სააქაოში, რაც მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს იდეა, რომელიც მაქს ვებერს უკავშირდება, ასევე ასახავს კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის განსხვავებას. როგორც ბოიერმა განმარტა ვებერის იდეა ჟურნალ ფორბსში: „საიქიოს ნაცვლად სააქაოზე ორიენტირება ნიშნავს შემოსავლების მეტი წყაროს შექმნას. [...] შედეგი არის კარგად განათლებული, მაღალკვალიფიციური, გულმოდგინე სამუშაო ძალა და კაპიტალის დიდი ნაკადი. ამის გარეშე თანამედროვე კაპიტალიზმი ვერ აღზევდებოდა ამ სახით“.

სად დგას ქართული მართლმადიდებლობა სააქაოსა და საიქიოს ამ მარადიულ ჭიდილში? როგორც ირკვევა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს მისი პატრიარქი, ფრიად დაინტერესებულია ამქვეყნიური საქმეებით. ამ მიმართულებით ყველაზე უჩვეულო გამოცდილება მივიღე სამი წლის წინ, როდესას USAID-ის სახელით, დავწერე კვლევა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ფისკალურ შედეგებზე, რომელიც მაშინდელ დღის წესრიგში იყო. მე შევხვდი მინისტრის მოადგილეებსა და სხვა საჯარო ექსპერტებს, რათა კვლევის შედეგები გამეცნო, და საკითხის ტექნიკურობის მიუხედავად, რეფორმამ ბევრი დაპირისპირება გამოიწვია. გაოცებული დავრჩი, როდესაც კვლევის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში, პატრიარქმა თავადაც გააკეთა განცხადება: „ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს ამ რეფორმას და ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს არ მოხდეს“ (ციტირებულია eurasianet.org). ჩემთვის მისი ძლიერი პოლიტიკური ჩარევა ნიშნავს, რომ ქართული ეკლესია მეტისმეტად მოცულია სააქაოთი და ბევრს არ ფიქრობს საიქიოზე.


პირდაპირი და არაპირდაპირი პასუხისმგებლობა

რელიგიას ძლიერი გავლენა აქვს საზოგადოებაში კორუფციის დონეზეც. ეს უკვე დადასტურდა ქრისტიანი პროტესტანტებისა და სხვა რელიგიური ჯგუფების შედარების შედეგად. კვლევების უმრავლესობაში, პროტესტანტები სხვა ჯგუფებთან შედარებით იმდენად ნაკლებად კოუმპირებულები არიან, რომ კორუფციის კვლევები მას „პროტესტანტის ეფექტს“ უწოდებენ (იხ. შადაბი: „რელიგიის გავლენა კორუფციაზე“, Journal of Business Inquiry, 2013 წ.). მეცნიერებმა, რომელთაც ეს შედეგები მიიღეს, განმარტავენ, რომ პროტესტანტიზმში თითოეული მორწმუნე ანგარიშვალდებულია უფლის წინაშე ყოველგვარი შუამავლების (მღვდლების, წმინდანების, პაპების) გარეშე. პროტესტანტურ თეოლოგიაში, სასულიერო პირებს არ აქვთ პრივილეგირებული წვდომა ღმერთთან და კათოლიციზმის წმინდანებისგან განსხვავებით, ვერ მოახდენენ გავლენას ღმერთის გადაწყვეტილებაზე, სამოთხეში მოხვდება ადამიანი თუ ჯოჯოხეთში.

მეორეს მხრივ, კათოლიციზმში ადამიანი არის იერარქიული წყობის ნაწილი, რომელშიც, რამდენადაც საქმე ხსნას ეხება, ის არ არის უშუალოდ ანგარიშვალდებულია უფლის წინაშე, მასა და ღმერთს შორის შუამავალი არის მღვდელი (რომელიც, ითავსებს აღმსარებლის ფუნქციას). რა თქმა უნდა, მღვდელი ნაკლებად ავტორიტეტულია, ვიდრე ღმერთი, მას შეიძლება საკუთარი მორალურო ნაკლოვანებები ჰქონდეს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისგან კორუმპირებული საქმიანობის დამალვაც ბევრად მარტივი იქნება (უბრალოდ არ ეტყვი და მორჩა).

ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, ქართული ეკლესია კათოლიციზმისკენ უფრო იხრება, ვიდრე პროტესტანტიზმისკენ. მღვდელთა მთელი იერარქია დგას მორწმუნესა და ღმერთს შორის.

ძვირადღირებული ცხოვრების წესი

რელიგიას კიდევ ერთი ეკონომიკური მხარე აქვს. კერძოდ, რელიგიური საქმიანობის აღსრულებას შეიძლება ბევრი რესურსი სჭირდებოდეს. ამის მოწმე გავხდი ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩემს ორ მორწმუნე ებრაელ მეგობარს თბილისს ვათვალიერებინებდი. იმ ერთ დღეში დავრწმუნდი, თუ რამდენ რესურსს ხარჯავენ ჰალახაზე, ებრაელთა ტრადიციულ კანონზე. არაკოშერული საკვების მიღების თავიდან ასაცილებლად მათ ჩამოიტანეს საკუთარი სალაშქრო ღუმელი, რათა მოამზადონ კოშერის საკვები სასტუმროს ოთახში. შაბათობით არ აქვთ უფლება, დახარჯონ ფული, რის გამოც მათი ტურისტული პროგრამა შეფერხებულია. დაბოლოს, ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, მივაღწიეთ ვეგეტარიანულ რესტორანს ძველ თბილისში, მაგრამ ჩემი მეგობრები არ იყვნენ დარწმუნებული, რომ იქ ჭამას შეძლებდნენ, რადგან არ ჰქონდათ გარანტია, რომ თეფშებზე მანამდე ხორცი არ იდო, ან მზარეულმა ვეგეტარიანული კერძების მომზადებამდე ხორცი არ მოამზადა. მათ დაურეკეს რაბინს ისრაელში და ხანგრძლივი სჯა-ბაასის შემდეგ, გადაწყვიტეს რომ რესტორანში ჭამა მეტისმეტად სარისკო იყო. ამიტომ მოგვიწია, კიდევ მეტი გზა გაგვევლო კოშერულ რესტორნამდე სინაგოგის მახლობლად. ანალოგიურად, მორწმუნე მუსლიმებსაც ძვირი უჯდებათ საკუთარი ცხოვრების სტილი – დღეში ხუთჯერ ლოცვა, დილით ადრე ადგომა (თუნდაც გვიან დაიძინონ), მარხვა რამაზანის დროს და ა.შ.

ქრისტიანული რელიგია, მეორეს მხრივ, არ მოითხოვს ამდენ დროსა და რესურსებს მორწმუნეთაგან. მართლმადიდებლობაში, მორწმუნე შაბათ-კვირას 2-3 საათით მიდის ეკლესიაში. ეს არ არის მეტისმეტად ძვირადღირებული და მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ეკონომიკურ აქტივობებზე.

ახლა შევაჯამოთ. რობერტ ბარო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, რომელიც ინტენსიურად მუშაობდა რელიგიასა და ეკონომიკას შორის არსებულ კავშირზე, საკითხს, ძირითადად, ემპირიული კუთხით უყურებს. მის მიერ 2003 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „რელიგია და ეკონომიკური ზრდა ქვეყნებში“ (American Sociological Review-ში გამოქვეყნებული ამ სტატიის თანაავტორი არის მისი მეუღლე, რეიჩელ მაკკლერი) ის ასკვნის, რომ „რელიგიური რწმენა დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, მაგრამ ეკლესიაში სიარული უარყოფითად აისახება მასზე“. ის ამტკიცებს, რომ არსებობს ერთგვარი შებრუნებული U მრუდი. 59 ქვეყნის შედეგების თანახმად, საშუალოდ, რელიგიურობის გავლენა ზრდაზე დადებითია, თუმცა, თუ ადამიანები ჭარბად იღებენ მსხვერპლად რესურსებს რელიგიური საქმიანობისთვის, ეკონომიკური ხარჯები აღემატება სარგებელს.

რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ რელიგიის სარგებელზე ქართული ეკონომიკისთვის, მართლმადიდებლური რელიგიური ცხოვრების წესის ხარჯები მეტისმეტად მაღალი არ არის. ამიტომ, ბანგლადეშისა და მაროკოსგან განსხვავებით, მორწმუნეთა მაღალი მაჩვენებელი საქართველოში არ იძლევა ეკონომიკური შეშფოთების საფუძველს.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 29 დეკემბერი 2024

Captcha Image

Our Partners