ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ქართველი ფერმერი: უმოქმედო მიწის მფლობელიდან მოქმედ მეურნემდე

გრაფიკში #1 წარმოდგენილია ქართველ ფერმერთა მიერ საკუთარი პროდუქციის გაყიდვით მიღებული შემოსავლების განაწილება. აღნიშნული მონაცემები მივიღეთ 3,000 სოფლად მცხოვრები ფერმერის გამოკითხვის შედეგად (ჩვენი კვლევის მოტივაციისა და მეთოდოლოგიის გასაგებად, გთხოვთ, იხილოთ ჩვენ მიერ წინა კვირაში გამოქვეყნებული სტატიის პირველი ნაწილი „სულელი ფერმერი დიდ კარტოფილს ვერ მოიყვანს“).

მაღალი მრუდი გრაფაზე ნიშნავს,  რომ შემოსავლების ამ სპექტრში ბევრი ფერმერია. დაბალი მრუდი კი, პირიქით, ფერმერთა სიმცირეზე მიანიშნებს. სასოფლო-სამეურნეო ექსტენციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვაა, რა განასხვავებს დაბალშემოსავლიანთა (0-3,000 ლარი წელიწადში) ჯგუფში მოხვედრილ ფერმერებს ღერძის მარჯვენა მხარეს მოხვედრილთაგან? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ ქართულ სოფლის მეურნეობაში? სტატიის ამ ნაწილში წარმოდგენილი იქნება პასუხები ამ კითხვებზე.

მნიშვნელოვანია, სქემის განმარტებისას გვახსოვდეს, რომ გრაფა გულისხმობს მხოლოდ მონეტარულ შემოსავლებს. ის არ ასახავს არამატერიალურ შემოსავალს, როგორიცაა პირადი მოხმარებისთვის მოყვანილი პომიდორი, კარტოფილი, ყველი და სხვ. პროდუქტები. ამით აიხსნება ის, რომ არსებობენ ფერმერები, რომლებიც არ იტყობინებიან მათ მიერ გაყიდული პროდუქტებისგან მიღებული შემოსავლების შესახებ. ისინი თავად მოიხმარენ ამ პროდუქტებს და შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი შემოსავალი სხვა სფეროდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არც ერთი ასეთი ფერმა არ არის აგრარული კომპანია, მაგრამ ყველა მათგანი არის მცირე მეურნეობა ან საშუალო ზომის ფერმა. რეგისტრირებული კომპანიების გამოკითხვა ცალკე ჩატარდა, ამიტომ არ არის ჩვენ მიერ აქ წარმოდგენილი ანალიზის ნაწილი.


ფერმის მართვა გადამწყვეტია

თუ ღერძის მარცხენა მხარეს მოხვედრილ ერთ ფერმერს შევადარებთ მარჯვენა მხარეს მოხვედრილ ფერმერს, პირველი, თვალშისაცემი განსხვავება იქნება ფერმის მართვის შესახებ ცოდნა.

ფერმის მართვის ცოდნა და შესაბამისი უნარ-ჩვევები არამარტო ზრდის პროდუქტიულობას, არამედ გავლენას ახდენს პროდუქტების გასაყიდ ფასზე. ეს კორელაცია არ ეხება ისეთ ძირითად პროდუქტს, როგორიცაა, მაგალითად, ხორბალი, რადგან მწარმოებელთა უმრავლესობა ფასების მიმღებია, მაგრამ ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა პომიდორი, ტროპიკული ხილი, თხილი.

სამეწარმეო ცოდნის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ ყველა უნარი, გარდა ერთისა, გავლენას ახდენს ერთი კონკრეტული პროდუქტის მოსავლიანობაზე 1 ჰექტარზე (მაგ.: ნიადაგის ანალიზის უნარი გავლენას ახდენს ხორბლისა და სიმინდის მოსავალზე, მაგრამ არა პომიდვრის მოსავალზე). ერთადერთი ცოდნის სფერო/უნარი, რომელიც გავლენას ახდენს ნებისმიერი პროდუქტიდან მიღებულ შემოსავლებზე, არის „ვაჭრობა“.

ჰორიზონტალური ღერძის მარცხენა მხარეს მოხვედრილი ფერმერების ღერძის მარჯვენა მხარეს გადაყვანისთვის ერთადერთი გამოსავალია, დავარწმუნოთ ფერმერები, გაყიდონ მოყვანილი პროდუქტები. ვინც ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, უნდა დატოვოს სოფლის მეურნეობა. შემდეგი ნაბიჯია ბაზრის გაზრდა. განვითარების ამ მოდელის მიხედვით, ქართველ ფერმერთა მეწარმოების ეტაპები შემდეგია: (1) წარმოება მხოლოდ თვითმოხმარებისთვის (თვითკმარი მეურნეობა), (2) წარმოება ადგილობრივი (სოფლის) ბაზრებისა და გზისპირა ვაჭრობისთვის, (3) წარმოება შუამავალი ვაჭრებისთვის, შესაძლოა, კონტრაქტის საფუძველზე (4) ჩართვა საერთაშორისო ბაზრებში. თუმცა, ვინაიდან სახნავი მიწები მწირია ყველა ქვეყანაში, რაღაც ეტაპის შემდეგ ფერმერებს აღარ შეეძლებათ წარმოების გაზრდა ან მასშტაბის ეკონომიის გამოყენება, თუ სხვები არ გადასცემენ მათ თავიანთ მიწებს. ამიტომ საჭიროა უმოქმედო მიწის მფლობელების ტრანსფორმაცია მოქმედ ფერმერებად.

ზემოთ ნახსენები ოთხი ეტაპი წარმოადგენს ერთგვარ ორიენტაციას სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის დღის წესრიგისა და, ზოგადად, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ფერმერებმა, რომელთაც ამჟამად მხოლოდ თვითმოხმარებისთვის მოჰყავთ პროდუქტები, უნდა ისწავლონ, როგორ აწარმოონ ადგილობრივი ბაზრებისთვის. მაგალითად, თვითმოხმარებისთვის საჭირო მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ნაცვლად, ისინი უნდა სპეციალიზდნენ იმ პროდუქტების წარმოებაში, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს მათ. ანალოგიურად, ისინი, ვინც უკვე ყიდის საკუთარ პროდუქციას ადგილობრივ ბაზრებზე, უნდა გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და გახდნენ შუამავალი ვაჭრების ან კოოპერატივების პარტნიორები. ეს მოითხოვს მაღალი ხარისხის მოსავლის აღების დაგეგმვისა და დროულად მიწოდებისა და, რაღა თქმა უნდა, ხელშეკრულების წაკითხვისა და გაგების უნარს. მეტიც, მათ უნდა შეეძლოთ ანგარიში, რაც საშუალებას მისცემს, პროდუქციას დაადონ ის ფასი, რაც აანაზღაურებს მათ მიერ უკვე გაწეულ ხარჯებს. როგორც კი ფერმერები დაიწყებენ წარმოებას შუამავალი ვაჭრებისთვის, შემდეგი ნაბიჯია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა.


გაუშვით ქართველი ფერმერები საერთაშორისო ასპარეზზე

ჩვენი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ: ადგილობრივი ბაზრებისთვის წარმოებული პროდუქციის შემთხვევაში (რომელიც ხშირად თავისუფალია უცხოური კონკურენციის წნეხისგან), ფერმერებს, როგორც წესი, არ ესმით, რაში მოიკოჭლებენ და ხშირად არიან დანინგ-კრუგერის ეფექტის მსხვერპლნი (იხ. წინა კვირაში გამოქვეყნებული სტატიის პირველი ნაწილი). მსოფლიო ბაზრის ფასები კარგი გაკვეთილი იქნება ქართველი ფერმერებისთვის, დაინახონ საკუთარი ნაკლოვანებები. ისინი უფრო რეალისტურად შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და აღარ გვექნება საქმე დანინგ-კრუგერის ეფექტთან. ამიტომ ქართული სოფლის მეურნეობის წინ წაწევის კიდევ ერთი გზა არის ქართველი ფერმერების რეგიონულ თუ მსოფლიო ბაზრებში ჩართვის ხელშეწყობა. ეს კიდევ ერთხელ აიძულებს ქართველ ფერმერებს, გაიგონ საკუთარი ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრა არის გაზრდილი პროდუქტიულობის წინაპირობა.

მთავრობის პოლიტიკამ უნდა წაახალისოს განვითარების ის მოდელი, რომელშიც ქართველი ფერმერები კონკურენციას გაუწევენ თავიანთ საერთაშორისო მეტოქეებს. შეიძლება ეს მეტისმეტად ამბიციურად მოგვეჩვენოს, მაგრამ მთავარია, დავინახოთ, რომ მსოფლიო ბაზართან ინტეგრირებისკენ გადადგმული ნაბიჯები არის თანმიმდევრული. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი სულაც არ არის, რომ ქართველი ფერმერები კონკურენციას გაუწევენ საფრანგეთსა და აშშ-ს. საერთაშორისო ბაზრისკენ სვლა შეიძლება დავფიწყოთ მეზობელი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთისა და თურქეთიდან.

აგრარული ცოდნის სისტემის (განათლება და ექსტენცია) როლი ინტერნალიზაციის პროცესში ცენტრალურია, რადგან ის გულისხმობს ქართველი ფერმერებისთვის მართვისთვის საჭირო ცოდნის მიცემას, რაც საშუალებას მისცემს მათ, იურთიერთონ ექსპორტიორ კომპანიებთან, დააკმაყოფილონ ბიუროკრატიული მოთხოვნები, დაითვალონ საჭირო მარჟა და გაიგონ უცხოურ ბაზრებზე გაბატონ პრეფერენციები თუ პირობები. ეს ყველაფერი ქართველ ფერმერებს მეწარმეებად აქცევს, რაც მოითხოვს უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეიძლება გახდეს ექსტენციების დღის წესრიგის ნაწილი.

რადგან განვითარების ამ მოდელისთვის საჭირო წინასწარი სამუშაოების უმრავლესობა დამოკიდებულია მენეჯერულ უნარ-ჩვევებზე, განათლების რეფორმამ და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციების აქტივობებმა თავიდანვე უნდა გაამახვილოს ყურადღება ამ სფეროზე. მოგვიანებით, ფერმერთა გარკვეული ჯგუფებისთვის შეიძლება დაემატოს სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო უნარ-ჩვევები.

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Guest - Soso on პარასკევი, 15 აპრილი 2016 00:27

ძალიან საინტერესო სტატიებს გვაწვდით,რისთვისაც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ,მაგრამ გთხოვთ უფრო პროდუქტიული გახადოთ თქვენი შრომა და მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ხოლმე აგრო სფეროს ტენდეციებსა და თქვენს ხედვებზე ამ დარგში.ასევე იმ მახასიათებლებსა და განმაპირობებელ ფაქტორებებზე უფრო მეტი რომ გვესაუბროთ,რომლებიც ჩვენ, მომავალ მეწარმეებმა, უნდა გავითვალისწინოთ.მადლობთ წინასწარ!!!

ძალიან საინტერესო სტატიებს გვაწვდით,რისთვისაც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ,მაგრამ გთხოვთ უფრო პროდუქტიული გახადოთ თქვენი შრომა და მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ხოლმე აგრო სფეროს ტენდეციებსა და თქვენს ხედვებზე ამ დარგში.ასევე იმ მახასიათებლებსა და განმაპირობებელ ფაქტორებებზე უფრო მეტი რომ გვესაუბროთ,რომლებიც ჩვენ, მომავალ მეწარმეებმა, უნდა გავითვალისწინოთ.მადლობთ წინასწარ!!!
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 23 ნოემბერი 2024

Captcha Image

Our Partners