ნინო კაკულია სამტრედიაში დაიბადა 1991 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 2004 წელს, როდესაც ნინო და დამოუკიდებელი საქართველო მე-13 დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ქვეყნის მთავრობამ დაიწყო დიდი ხნის დაგვიანებული რეფორმების სერია, რომელთაგან ერთ-ერთი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემაში ფესვგადგმული კორუფციის აღმოფხვრას ეხებოდა.
ეს რეფორმა უდაოდ შესანიშნავი და დროული იყო ნინოსთვის, სამტრედიის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ამბიციური მოსწავლისთვის. მანამდე, საჯარო უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის ნინოს, უფრო სწორად კი მის ოჯახს, მოუწევდა ქრთამის გადახდა დარაჯებისთვის, იგივე „აკადემიკოსებისთვის“, რომლებიც უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების კომისიის წევრები იყვნენ. 2005 წლის შემდეგ დარაჯებს უკვე აღარ შეეძლოთ ქრთამის აღება, რადგან აკადემიური სამოთხის გასაღები გადაეცა უფრო მაღლა მდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (NAEC).
|
ამიერიდან ერთადერთი, რაზეც ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მიღება იყო დამოკიდებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და ზოგადი უნარ-ჩვევების სამ სტანდარტიზებულ ტესტში მიღებული შედეგები. არავითარი კორუფცია, არავითარი „კავშირები“ და არავითარი ნეპოტიზმი.
გაუთვალისწინებელი შედეგები
მთავრობის სწრაფ ქმედებებთან ერთად, შეეჩერებინა ლიცენზია დიპლომის მჭრელი თითქმის 200 უმაღლესი „კანტორისთვის“, ნაეკმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენა კორუფციას უმაღლესი განათლების სისტემაში. თუმცა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სტანდარტიზებული ტესტების შემოღებამ საჯარო სკოლა უსარგებლო იდეად აქცია. კერძო რეპეტიტორობა, რაც პირდაპირ არის მიმართული ამ ტესტების წარმატებით ჩაბარებაზე, გახდა უმთავრესი საქმიანობა სამტრედიაში. როგორც ნინო იხსენებს, სკოლაში დასწრების დონე მკვეთრად დაეცა, რადგან მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც სულ სხვა მიმართულებით (კერძო რეპეტიტორობის ბაზრისკენ) იყურებოდნენ.
|
სტანდარტიზებული ტესტის მინიმალური ზღვრის გადალახვა პრობლემა არ იყო ნინოსა და მათემატიკის ნიჭით დაჯილდოებული სხვა სამტრედიელი ბავშვებისთვის. სირთულეს წარმოადგენდა თანატოლებზე უკეთესი შედეგების მიღება, რაც აუცილებელი იყო თბილისის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში (მეზობელი ქუთაისის უნივერსიტეტების ნაცვლად) ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მიღებისთვის.
მთელი ოჯახის ფინანსური მხარდაჭერით, ნინომ კერძო მასწავლებელთან დაიწყო სიარული. ყველაფერი კარგად მიდიოდა და უკვე მე-10 კლასის ბოლოს ნინო დარწმუნებული იყო, რომ მზად იყო გამოცდებისთვის. მეტიც, ვინაიდან საქართველო აპირებდა მე-12 კლასის შემოღებას საჯარო სკოლებში, ნინომ გადაწყვიტა, დაეზოგა ერთი წელი და სამტრედიის რუსულენოვან სკოლაში გადავიდა, რომელსაც აღნიშნული რეფორმა ჯერ არ ეხებოდა. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ხერხისთვის მხოლოდ ნინოს არ მიუმართავს. მის კლასში 70-ზე მეტი ბავშვი იყო ფოთიდან, ქუთაისიდან და, რა თქმა უნდა, სამტრედიიდან. ზოგჯერ, როდესაც გაკვეთილებს ყველა ესწრებოდა, დასაჯდომი ადგილიც კი არ იყო.
ნინოს სამტრედიის რუსულენოვან სკოლაში გატარებული პერიოდი ძალიან ტკბილად ახსენდება. ის და მისი კლასელები ძალიან დამეგობრდნენ. 5-10 კაციანი ჯგუფები ერთსა და იმავე რეპეტიტორთან დადიოდნენ და გამუდმებით ეჩეხებოდნენ ერთმანეთს სამტრედიის ქუჩებში, როდესაც ერთი „კლასიდან“ (უფრო სწორად, რეპეტიტორის სახლიდან) მეორეში მიდიოდნენ.
სამტრედიაში კერძო რეპეტიტორობა კონკურენტული ინდუსტრია გახდა. საუკეთესოები ბაზარზე, როგორიც იყო ნინოს მათემატიკის მასწავლებელი, მურმან კაშია, თავს უფლებას აძლევდნენ, სტუდენტები თავად შეერჩიათ. მურმანი მისთვის ჩვეული ბოხი ხმითა და ქარიზმით გახდა ნინოსა და მისი კლასელების კერპი. მის ჯგუფში მოსახვედრად ჭკუა და მოტივაცია იყო საჭირო.
სამტრედიის წარჩინებულმა მოსწავლეებმა რუსული სკოლის დამთავრება, სადაც იშვიათად დადიოდნენ, 2008 წლის გაზაფხულზე ადგილობრივ კულტურის სახლში აღნიშნეს. მურმან კაშიას ხუთივე მოსწავლემ, და ბევრმა სხვამაც, მიიღო სახელმწიფო გრანტი, რითიც თავი დააღწიეს სამტრედიის ნაკლებადპრივილეგირებულ ბავშვობას.
გაქცეული თუ არა?
უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე მერიტოკრატული სისტემის შექმნაში მიღწეული წარმატება, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა საუნივერსიტეტო განათლების სისტემა ბევრად უფრო გამძლე აღმოჩნდა ცვლილებების მიმართ, როდესაც საქმე ხარისხს ეხება.
ნინოს მიერ თსუ-ის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე გატარებულ ოთხ წელს (2008-2012 წწ.) სამოთხეს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ნინოს უჭირს, გაიხსენოს, თუ ისწავლა იქ რამე, გარდა მათემატიკისა (რომელსაც საკმაოდ კარგად ასწავლიდნენ) და მარტივი მაკრო თუ მიკროეკონომიკისა. ბიზნესის ლექციების უმეტესობას მხოლოდ ერთი თავი ეთმობოდა (ხანდახან მხოლოდ ერთი გვერდი). კორუმპირებული კომისიის წევრები კი გაქრნენ, მაგრამ თავად უნივერსიტეტის კედლებში ბევრი არაფერი შეცვლილა.
ნინომ ეკონომიკის სწავლა უკვე ISET-ის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა. ISET-ის სასწავლო პროგრამის ინტენსივობა და მის მიერ ჩადებული შრომა ახსენებს სამტრედიის რუსულ სკოლაში გატარებულ ერთ წელს. ბევრი ჯგუფელი – ნინო მოსიაშვილი, ნათია და ია კაციები – მისი ცხოვრების მეგობრები გახდნენ.
განათლების მიღება დარჩა ნინოს აუხდენელი ოცნება. არა ISET-ში მიღებული ეკონომიკის ტექნიკური ცოდნა, ან თსუ-ის გამოცდებისთვის დაზუთხული ბიზნესისა თუ ბუღალტერიის ჟარგონები, ან მისი სამტრედიელი კერპის, მურმან კაშიასგან ნასწავლი ამოცანების ამოხსნის უნარი, არამედ განათლება ფართო გაგებით, რომელსაც ბავშვები დანარჩენ მსოფლიოში იღებენ სკოლასა თუ უნივერსიტეტში. განათლება, რომელიც მოაქვს კითხვასა და დისკუსიას. განათლება, რომელიც ეხმარება ადამიანს ეთიკური დილემის გადაჭრისას, სხვათა შეხედულებებისა და ღირებულებების შეფასებისას, საკუთარი პოზიციის დაცვისას თუ ცხოვრების მიზნის პოვნისას.
ნინოს სწრაფვა განათლებისადმი მაშინ დავაფასე, როდესაც ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მითხრა, რომ ისტორიის სწავლა უნდა. ისტორია? – ვკითხე დაეჭვებულმა. „დიახ, ისტორია,“ გამიმეორა. არ აუხსნია, მაგრამ მგონია, რომ მივხვდი.
ჩამორჩენა მიუღებელია
მიიღებს თუ არა ნინო ისტორიის ხარისხს, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან აქამდე მოსვლა უკვე წარმატებაა. უნივერსიტეტის განათლება (ნუ ავურევთ განათლებაში) რჩება სოციალური მობილობის ძირითად წყაროდ საქართველოს სოფლის ახალგაზრდობისთვის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სოფლის სკოლების ქრონიკულ პრობლემებს, კერძო რეპეტიტორების დაქირავებისთვის საჭირო ფინანსების სიმწირეს, უნივერსიტეტის სწავლის გადასახადსა თუ თბილისში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გასაკვირი არ არის, რომ ცოტა თუ ახერხებს საქართველოს კორუფციისგან თავისუფალი უნივერსიტეტების მისაღები გამოცდების სისტემის უპირატესობით სარგებლობას.
მათ, ვინც სკოლას თავს ანებებს ან სწავლის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს, ბევრი ალტერნატივა არ აქვთ. პატარა გამოკითხვა, რომელიც ნინომ თავის სამტრედიელ თანაკლასელებში ჩაატარა, ბევრ რამეზე მეტყველებს. 2/3-ზე მეტი რჩება სამტრედიაში ან მეზობელ ქუთაისში. აბსოლუტურ უმრავლესობას აკლია პროფესიული კვალიფიკაცია. გოგოების ნაწილი თავშესაფარს გათხოვებაში პოულობს. სხვები მაღაზიაში ასისტენტებად ან სილამაზის სალონებში სტილისტებად მუშაობენ. მათ შორის ყველაზე ამბიციურები იწყებენ მუშაობას დაცვის სამსახურში, რეინჯერებად, პოლიციაში ან სამხედრო სამსახურში (ან იმედი აქვთ, რომ იმუშავებენ). დანარჩენები კი არაფერს არ აკეთებენ.
* * *
ერთიანი ეროვნული გამოცდები არის ვარდების რევოლუციის სიმბოლო. „მარტივი და გამჭვირვალე“ გამოცდები წარმოადგენს ყველაფერს კარგს, რაც დაკავშირებულია საქართველოს პირველი თაობის რეფორმებთან. რეფორმებთან, რომელთაც ქვეყანა მოდერნიზაციის რელსებზე დააყენა. თუმცა, მიუხედავად საჭიროებისა, ეს რეფორმები არ არის საკმარისი ოცნების საქართველომდე მისასვლელად. სტანდარტიზებული ტესტები ეხმარება კორუფციის აღმოფხვრას, თუმცა ექსკლუზიურად მასზე დამოკიდებულება ვნებს განათლების სისტემის სხვა სფეროებს. კერძოდ, როგორც სამტრედიის მაგალითზე დავინახეთ, ისინი ამცირებს სკოლის როლს და სტუდენტებს უკლავს სკოლაში სიარულის მოტივაციას. სამტრედიის ამ მაგალითმა უნდა აიძულოს ქვეყანა, გასცდეს „მარტივ და გამჭვირვალე“ ზომებს და მეტი ინვესტიცია ჩადოს საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების ხარისხში.
Comments